საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ოქტომბერი 2023
სტატია მომზადებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტის - „ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში”- ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებული ანალიტიკური სტატიების კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. ნაშრომის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ის/IMS-ის შეხედულებებს.



სტატიის ავტორი:  ლალი ყურაშვილი

ძირითადი მიგნებები

 

- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევარი მოქალაქეების რიცხვი 18%-ს შეადგენს, რაც წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით არის შემცირებული.

- გასული წლის მონაცემებით, 15-24 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 85%-ია, ხოლო 25-29 წლის სეგმენტის 22%-ს შეადგენს. ჯამურად კი, 81 ათასი ახალგაზრდაა ქვეყანაში ორივე ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით.

- 15-29 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს - 2022 წლის მიხედვით, 31%-ს შეადგენს. ამავე სეგმენტში, უმუშევარობის მაღალი დონე ფიქსირდება ქალებში - 35%, კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩენებელი 27%-ია.

- 2022 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაკანსიების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დამსაქმებლები შრომის ბაზარზე აწყდებიან რამდენიმე სახის პრობლემას, მათთვის სასურველი კადრების სიმცირეს, მათი უნარების, კვალიფიკაციის, გამოცდილების ნაკლებობას, კანდიდატისთვის მიუღებელ სამუშაო გრაფიკს/გარემოსა და მაღალი სახელფასო განაკვეთის მოთხოვნას.

- 2022 წლის მონაცემების თანახმად, უმუშევრობის ყველაზე მაღალი, 27%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება დაწყებითი / საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებში, ხოლო ყველაზე დაბალი - 13% მოდის უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებზე.

- სრული ზოგადი განათლებისა და პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდების უმუშევრობის წილი შრომის ბაზარზე 22% და 14%-ია.

- შრომის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნაა დამხარე სპეციალისტებზე, კვალიფიციურ სპეციალისტებზე, ხელოსნებზე, მენეჯერებსა და პროფესიონალებზე. თუმცა, თავად სამუშაოს მაძიებელთა მიერ დასახელებული პროფესიებია: სერვისის / გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე-კონსულტანტი, მიმტანი, ბარმენი, მზარეული, დიასახლისი, დამლაგებელ-დიასახლისი, დასუფთავების თანამშრომელი, დაცვის თანამშრომელი, მუშა, საწყობის დამხმარე თანამშრომელი, შემფუთავ / დამფასოებელი და ჩამსხმელი ოპერატორი.

- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კვლევიდან ვლინდება, რომ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge - ზე დარეგისტრირდა 1,821 ათასი უმუშევარი ახალგაზრდა. აქედან, დამსაქმებელთან გაიგზავნა 617 ახალგაზრდა, კარიერის დაგეგმვის კონსულტაცია გაეწია 1,147 სამუშაოს მაძიებელს, ხოლო ინდივიდუალური კონსულტაციით ისარგებლა 1,019-მა.

-742-მა ახალგაზრდამ ისარგებლა გადამზადების პროგრამით, საკვანძო კომპეტენციის განვითარების ტრენინგ კურსი გაიარა 211-მა, ხოლო, სტაჟირება გაიარა 68 ახალგაზრდამ.


შესავალი

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით (ILO), მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 2022 წლის მდგომაროებით დაახლოებით 14%-ია. ეს კი ნიშნავს 69 მილიონ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდას, რომლებიც ვერ საქმდებიან. ორგანიზაციის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლიდან 2023 წლამდე 1 მილიონით გაიზრდება, ხოლო 2024 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნდება.

ბავშვთა მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით კი, არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც გარკვეულწილად განაპირობებს და ხელს უწყობს ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონის არსებობას. ეს მიზეზებია: ფინანსური კრიზისი მსოფლიოში ან ქვეყნების შიდა ეკონომიკური კრიზისი, ახალგაზრდების უნარების შეუსაბამობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან (გარკვეული უნარების არ ცოდნა ან მაღალკვალიფიციურობა, რაც ასევე, დაბრკოლებას ქმნის ახალგაზრდების ნაწილისთვის), პროფესიული და ცხოვრებისეული უნარების ნაკლებობა, საბანკო პროდუქტებზე წვდომის სირთულე (მოიზარებიან ის ახალგაზრდები, რომელთაც სურთ საკუთარი საქმის წამოწყება, თუმცა, საბანკო სექტორი მათზე ნაკლებად გასცემს სესხს) და ბოლოს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე წვდომის ნაკლებობა, რაც ძირითადად დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის.

აღნიშნული პროგნოზის, მაჩვენებლებისა და მიზეზების გათვალისწინებით, საინტერესოა, რა მდგომარეობაა სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ამ მიმართულებით საქართველოს შრომის ბაზარზე.

საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ახალგაზრდები მნიშვნელოვანი ძალაა ეკონომიკური გაძლიერებისა და სტაბილურობისთვის. ამიტომ, აუცილებელია, რომ მათი წილი შრომის ბაზარზე აღემატებოდეს სხვა ასაკობრივი ჯგუფების დასაქმების მაჩვენებელს. შესაბამისად, საჭიროა, რომ ქვეყანაში არსებობდეს მათთვის შესაბამისი გარემო, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ უმუშევარი ახალგაზრდების მაღალ მაჩვენებელს უარყოფითი გავლენა აქვს ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე, ხოლო მეორე მხრივ, მათ პიროვნებასა და კარიერულ წინსვლაზე. საბოლოდ კი, ეს ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხზეც ახდენს ნეგატიურ გავლენას და ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის ინერტულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე, სტატიის მიზანია აჩვენოს, რამდენად ღიაა ქართული შრომის ბაზარი ახალგაზრდებისთვის და შეინიშნება თუ არა პროგრესი მათი დასაქმების მიმართულებით.

უმუშევრობის დონე საქართველოში


სანამ განვიხილავთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით, საინტერესოა, ზოგადად, რა ნიშნულზეა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით ირკვევა, 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, 18%-ს შეადგენს უმუშევარი მოქალაქეების რაოდენობა, რაც დაახლოებით 279 ათასი კაცია. აღნიშნული შედეგი კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით არის შემცირებული.

ფაქტია ისიც, რომ უმუშევრობის დონე წლიდან წლამდე არაერთგვაროვანია - ზოგჯერ კლების, ზოგჯერ კი მატების ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ქვეყანაში უმუშევრობის ყველაზე მაღალი, 27%-იანი მაჩვენებელი 2010 და 2011 წლებში ფიქსირდება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია 2008–2009 წლების მსოფლიო ფინანსურ კრიზისითა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომით. ამის მიუხედავად, საყურადღებოა ის გარემოება, რომ უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანი კლება არც 2010 და 2011 წლების შემდგომ პერიოდებში ფიქსირდება.
 

უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში

 
მოსახლეობის ასაკებად დაყოფისას, ახალგაზრდებად მოიაზრებიან 15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი. შესაბამისად, ჩვენი ყურადღებაც ამ ასაკის მქონე უმუშევარ ახალგაზრდებზეა გამახვილებული.
 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის განვითარების პროცესში, ახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯაჭვის საჭირო და აუცილებელ რგოლს. შესაბამისად, მათი მონაწილეობა ეკონომიკის წარმოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთია, თუ რა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, და მეორეა, თუ როგორია რეალობა. რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემების თანახმად, 15-24 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 85%-ია, ხოლო 25-29 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 22%-ს შეადგენს, რაც ჯამურად 81 ათას უმუშევარ ახალგაზრდას უდრის. ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მიმართებით, რადგან 268 ათასი უმუშევრიდან - 187 ათასი კაცი, სწორედ სხვა ასაკობრივ კატეგორიაზე ნაწილდება. უმუშევარი ახალგაზრდების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება წინა წლებშიც. მაგალითად, 2021 წელს 316 ათასი უმუშევარი კაციდან 98 ათასი, სწორედ 15-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდებზე ნაწილდებოდა. ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად განპირობებულია კოვიდ პანდემიის შედეგად, თუმცა, თუ წინა წლების სტატისტიკასაც გავითვალისწინებთ, უმუშევრობის მაღალი დონე მხოლოდ პანდემიით გამოწვეული არ უნდა იყოს.


ასევე, მნიშვნელოვანია ცალკე გამოვყოთ იმ ახალგაზრდების უმუშევრობის დონე, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს (იგივე NEET). 2022 წლის მონაცემებით, 15-29 წლის NEET ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 31%-ია, რაც 2020 და 2021 წლებთან მიმართებით 4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი წილი ქალებზე მოდის - 34%, ხოლო მამაკაცების უმუშევრობის დონე 27%-ს შეადგენს. მსგავსი ტენდენცია ვლინდება წინა წლების შემთხვევაშიც.


 


აქედან გამომდინარე, საინტერესოა, თუ რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ახალგაზრდა სეგმენტის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი?
 

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის განმაპირობებელ ფაქტორებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებოს. თუმცა, 2022 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ვაკანსიების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადად დამსაქმებლები კანდიდატის შერჩევის პროცესში აწყდებიან შემდეგი სახის პრობლემებს: აპლიკანტთა სიმცირე მათ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე, აპლიკანტის კვალიფიკაციის / გამოცდილების ნაკლებობა, შესაბამისი უნარების ნაკლებობა, კანდიდატებისთვის არასასურველი სამუშაო გრაფიკი / გარემო და მაღალი სახელფასო განაკვეთი.
 

ამასთან, იკვეთება, რომ აპლიკანტთა რაოდენობის სიმცირე ყველაზე მეტად ფიქსირდება არაკვალიფიციური მუშაკების შემთხვევაში, კვალიფიკაციის / გამოცდილების ნაკლებობა კი, უფიქსირდებათ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებსა და პროფესიონალებს, შესაბამისი უნარების ნაკლებობა ყველაზე მეტად გამოხატული აქვთ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებს, ტექნიკოსებს/დამხმარე სპეციალისტებს, პროფესიონალებსა და მენეჯერებს. რაც შეეხება არასასურველ სამუშაო გრაფიკს/გარემოს, აღნიშნული, ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებში საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მცირედით არის გამოხატული. და ბოლოს, მაღალი ხელფასის მოლოდინი შედარებით მეტად უფიქსირდებათ არაკვალიფიციურ მუშაკებს, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებსა და პროფესიონალებს.
 

უმუშევრობის მაჩვენებელი მიღებული განათლების მიხედვით


როგორც უკვე ითქვა, ახალგაზრდებში უმუშევრობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია კადრების დაბალკვალიფიციურობა / უნარ-ჩვევების შეუსაბამობა შრომის ბაზართან. განათლება-მიღებული ახალგაზრდები შეგვიძლია დავყოთ ოთხ სეგმენტად: დაწყებითი / საბაზო, სრული ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მქონედ. საქსტატის 2022 წლის მონაცემთა ბაზის შედეგად, პირველ ადგილს 27%-ით იკავებენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ დაწყებითი / საბაზო განათლება. მათ მოსდევენ სრული ზოგადი განათლების მქონე ახალგაზრდები 22%-ით, ხოლო შედარებით მცირეა პროფესიული და უმაღლეს განათლება-მიღებულ ახალგაზრდების უმუშევრობის დონე - 14% და 13%-იანი მაჩვენებლებით. გარდა ამისა, ოთხივე საფეხურის შემთხვევაში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია კაცებში (19%), ვიდრე ქალებში (15%). მსგავსი სურათია 2020 და 2021 წლებშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება თითოეული სეგმენტისთვის სირთულეს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი, დაწყებითი / საბაზო და სრული ზოგადი განათლების მქონე ახალგაზრდებისთვის. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რომელი პროფესიის ადამიანებზეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე?


მოთხოვნადი პროფესიები შრომის ბაზარზე

 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ჩაატარა ვაკანსიების მონიტორინგი შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დასადგენად. კვლევა, რომელიც საქართველოს 10 რეგიონში განხორციელდა და მონაწილეობა მიიღო 223 ორგანიზაციამ (აქედან, 90.6% კერძო საკუთრება, 4.9% საჯარო და 4.5% სხვა) იკვეთება, რომ შრომის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა არის შემდეგი პროფესიის ადამიანებზე: ტექნიკოსები/დამხმარე სპეციალისტები, ოფისის დამხმარე პერსონალი, გაყიდვების სფეროში დასაქმებული პირები, სოფლის/სატყეო/თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკები, ხელოსნები/მონათესავე სფეროების მუშები, დანადგარების ოპერატორები/ამწყობები, არაკვალიფიციური მუშაკები, მენეჯერები და პროფესიონალები. ამასთან, მხოლოდ მენეჯერებისა და პროფესიონალების შემთხვევაში ვლინდება, რომ აუცილებელია ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, დანარჩენი პროფესიების შემთხვევაში კი, მთავარია კანდიდატს ჰქონდეს პროფესიული ან საშუალო განათლება.

რაც შეეხებათ თავად სამუშაოს მაძიებელი ადამიანების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ პროფესიებს, რომლებიც შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge-ზე არიან დარეგისტრირებულნი შემდეგია:
სერვის კონსულტანტი, მიმტანი, გაყიდვების კონსულტანტი, ბარმენი, დაცვის თანამშრომელი, მზარეული, მოლარე-კონსულტანტი, დამლაგებელ დიასახლისი, დამხმარე თანამშრომელი, დასუფთავების თანამშრომელი, დიასახლისი, მუშა, საწყობის დამხმარე თანამშრომელი, შემფუთავ / დამფასოებელი და ჩამსხმელი ოპერატორი.
 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საინტერესოა რა კეთდება ქვეყანაში იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე ახალგაზრდების დასაქმება ნაკლებად მტკივნეული იყოს?
 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

 

2019 წელს შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის იანვრიდან. სააგენტოს მიზანია საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და სოციალურად დაუცველი პირების შრომის ბაზარზე აქტიური დასაქმება.

2022 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევიდან ირკვევა, რომ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული 5,978 ათასი კაციდან, 1,821 ათას კაცს, სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო საიტზე დარეგისტრირებული ახალგაზრდებიდან დამსაქმებლების მიერ წარდგენილ 10,017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე გაიგზავნა 617 ახალგაზრდა.
სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საკონსულტაციო მომსახურებასაც, რომლის ფარგლებშიც კარიერის დაგეგმვის კონსულტაცია გაეწია 1,147 სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდას, ხოლო ინდივიდუალური კონსულტაციით ისარგებლა 1,019-მა.

რაც შეეხება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება / გადამზადებისა და სტაჟირების საკითხს (რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ერთ-ერთი პრეროგატივაა), აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღო 742-მა ახალგაზრდამ 72 მოთხოვნად პროფესიაში გადამზადების მიზნით, ხოლო სტაჟირება გაიარა 68 ახალგაზრდამ. ასევე, ვლინდება, რომ საკვანძო კომპეტენციის განვითარების ტრენინგ კურსი გაიარა 211-მა ახალგაზრდამ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, უცნობია რამდენმა მათგანმა შეძლო დასაქმება.


დასკვნა

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა სეგმენტის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნისთვის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. ამის თქმის საფუძველს კი, არსებული მონაცემები იძლევა.

ფაქტია, რომ არსებული პრობლემა მრავალწახნაგოვანია, რომლის მოგვარებასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რადგან ქართული შრომის ბაზარი ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული გარემოება კი, ორივე მხარის მაღალ ჩართულობას საჭიროებს.

ნათელია, რომ მოთხოვნა მიწოდებას შორის არსებობს მკვეთრი აცდენა. ერთი, რომ დამსაქმებლები დასაქმებით დაინტერესებულ პირებს არ სთავაზობენ კონკურენტულ ანაზღაურებას და მათთვის შესაბამის პირობებს - იქნება ეს სამუშაო გრაფიკი თუ გარემო. ხოლო, მეორეა, რომ თავად დასაქმების მსურველები ვერ აკმაყოფილებენ შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილ ცოდნასა და საჭირო უნარ-ჩვევებს.

გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელიც ყველანაირ პირობას შექმნის იმისათვის, რომ დასაქმების უფრო მეტი შანსი გაჩნდეს ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ვინაიდან, ვხედავთ, მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდეს.
 
 
------

გამოყენებული წყაროები


International Labour Organization (ILO), (2023). World Employment and Social Outlook. Pg 38-39. Available at: Link https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---dgreports/---inst/documents/publication/wcms_865332.pdf


Peace Child International, (2015). Youth Unemployment Causes and Solutions. Available at: Link https://peacechild.org/youth-unemployment-causes-and-solutions/


სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (2022). ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://moh.gov.ge/uploads/files/2022/shroma/angarishi/2022-wliuri-angarishi.pdf?fbclid=IwAR02oUvMzHMuKKVrObwimlYOPjT46MJEIaal1QtHk2DhIAHkuZvCxFa6DxI


სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (2022). შრომის ბაზარზე ვაკანსიების მონიტორინგი. ხელმისაწვდომია: https://moh.gov.ge/uploads/files/2022/shroma/angarishi/2022-vakansiebis-monitoringi.pdf?fbclid=IwAR3rQjhhxJbjQKqEWOeb6gHx1pZy7sGCQpgUDMAtWwnCwYnQPeVIeDPhevA


დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (2022). ანგარიშის დანართი. ხელმისაწვდომია: https://moh.gov.ge/uploads/files/2022/shroma/angarishi/2022---diagramebi.pdf?fbclid=IwAR0llCcw7eR9OUVdSMbTfpZ5v8cgmyBJfdPah6RLKsvJtHRmAvbjIOHAmlo


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2023). უმუშევრობის დონე საქართველოში. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2022). უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2022). NEET ახალგაზრდები. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2022). უმუშევრობის დონე განათლების მიღწეული დონის მიხედვით. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024