Covid 19-ის გავლენა საარჩევნო პროცესებზე მსოფლიოში

სიახლეები | აქტუალური თემები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 11 ივნისი 2020

დემოკრატიულ ქვეყნებში, არჩევნების გადავადებას ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი შედეგები მოსდევს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ განვითარებადი სახელმწიფოები არიან, სადაც მსგავსი მასშტაბის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თან სდევს კრიზისული სიტუაციის გამწვავების პოტენციალი. მეორე მხრივ, პანდემიის პირობებში საარჩევნო პროცესს თან ახლავს ვირუსის გავრცელების მომატებული რისკები, რაც გამოწვეულია საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობით, გრძელი რიგებით, მოსახლეობის მომატებული გადაადგილებით, და ინდივიდებს შორის მომატებული კონტაქტით. ასევე, აღსანიშნავია, რომ თუკი დაფიქსირდება ამომრჩეველთა განსაკუთრებულად დაბალი აქტივობა, შესაძლებელია საბოლოო შედეგების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს რისკი მოსალოდნელია, ვინაიდან ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და სხვა რისკ-ჯგუფები მოერიდებიან საარჩევნო უბნებს. პანდემიასთან დაკავშირებული რისკების საფუძველზე, ამ ეტაპზე უკვე 60-მდე ქვეყანაში გადაიდო საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ადგილობრივი დონის არჩევნები. თუმცა, ცალკეულ ქვეყნებში, საფრთხის მიუხედავად, არჩევნები მაინც ჩატარდა. ამ სტატიაში განვიხილავთ ორივე ტიპის მაგალითებს და მათ ფონზე წარმოვადგენთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ ანალიზს.

 

გადადებული არჩევნები

 

არჩევნების გადავადებას სამი ძირითადი საფრთხე უკავშირდება:

 

- მანდატი: არჩეულ თანამდებობის პირებს და პარლამენტარებს უწევთ უფლებამოსილების ვადის გადაცილება, რაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.


- დემოკრატიული უფლებები: მრავალ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ავტორიტარული ტენდენციების მქონე პოლიტიკოსებისთვის შესაძლოა იქცეს ძალაუფლების შესანარჩუნებელ იარაღად. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი, რომელსაც მისივე პარტიის უმრავლესობით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა უვადოდ მიანიჭა საგანგებო უფლებამოსილებების ვრცელი ნუსხა.


- პრეცედენტი: არჩევნების გადავადება სახელმწიფოებისთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა ბოროტად იქნეს გამოყენებული ძალაუფლების არალეგიტიმურად შენარჩუნების მიზნით.

 

10 მაისს დაგეგმილი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო. ეს უნდა ყოფილიყო ევროპის ფარგლებში პანდემიის გამოცხადების დღიდან პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველ პარტიას ჰქონდა მცდელობა საფოსტო კენჭისყრით გაეგრძელებინა არჩევნების ჩატარება, მაგრამ მათ წინააღმდეგობა მიიღეს ოპოზიციური პარტიებისგან. მათი თქმით, ვერ მოხერხდებოდა საფოსტო კენჭისყრის სისტემის დროულად გამართვა და დანერგვა დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. მმართველი პარტიის კანონპროექტი მიიღო პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ, თუმცა ჩავარდა სენატში, სადაც ხმათა უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს ეკუთვნით. პოლონეთის მთავრობა ალტერნატიულ გამოსავლად ასევე განიხილავდა მოქმედი პრეზიდენტისთვის ვადის 2 წლით გაგრძელებას, თუმცა ეს კანონპროექტიც ჩავარდა. Human Right Watch-ის შეფასებით, „პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და უსაფრთხო. პოტენციურად ხარვეზოვანი სისტემის ნაჩქარევად დანერგვა ან მოქმედი პრეზიდენტისთვის ვადის 2 წლით გახანგრძლივება ოპტიმალური გამოსავალი არ არის.“

 

ჩრდილოეთ კედონიამ უვადოდ გადადო 12 აპრილს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული პრეზიდენტის ინიცირებულ სხდომაზე, რომელსაც საპარლამენტო პარტიების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მაშინ როცა მაკედონიაში ჯერ მხოლოდ 20-მდე დაინფიცირებული ფიქსირდებოდა.

 

ასევე, 21 აპრილს საპარლამენტო არჩევნების 24 ივნისამდე გადადება გადაწყვიტა სერბეთის ხელისუფლებამ. ოპოზიციის ნაწილი აქტიურად აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, სერბეთის პრეზიდენტი (და მმართველი პარტიის თავმჯდომარე) კრიზისულ მდგომარეობას იყენებს პოლიტიკური თვითრეკლამისა და საარჩევნო კამპანიის შენიღბულად გასაგრძელებლად. პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველ ყველა ეფექტურ ღონისძიებას საკუთარ სახელს უკავშირებს და აქტიურად აშუქებს მიკერძოებული სამაუწყებლო კომპანიების მეშვეობით. მაშინ როცა, საგანგებო მდგომარეობის გამო ყველა სხვა პარტიამ შეაჩერა საარჩევნო კამპანია. მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი 44%-იდან 61%-მდე გაიზარდა, თუმცა სწრაფად უბრუნდება პირვანდელ ნიშნულს. ანალიტიკოსების თანახმად, არჩევნების თარიღით მანიპულირება მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს არაკეთილსინდისიერად ისარგებლოს ხანმოკლე და ხელოვნური უპირატესობით.

 

შეერთებულ შტატებში პანდემიის გავრცელება დემოკრატთა შიდაპარტიული არჩევნებს დაემთხვა. შედეგად, პრაიმერი გადაიდო 16 შტატში, მათ შორის ნიუ ჯერსი, კენტუკი, ჯორჯია და ლუიზიანა. მიუხედავად ამისა, ამერიკელი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გადადება ფაქტიურად შეუძლებელია არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს  ფარგლებში. თანაც, ამის ისტორიული პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა: არჩევნები ჩატარებულა სამოქალაქო ომის, ესპანური გრიპის, და პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი.

 

ადგილობრივი არჩევნები 1 წლით გადაიდო დიდ ბრიტანეთშიც. ლიბერალ-დემოკრტების პარტია შეეწინააღმდეგა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ადგილობრივი არჩევნების გადადება სწორი მიდგომაა, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ერთი წლით გადადება, როცა საარჩევნო კომისიის რჩევა შემოდგომამდე გადავადებას მოიაზრებდა“.

 

პანდემიის პირობებში ჩატარებული არჩევნები

 

სამხრეთ კორეამ პანდემიის პიკი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე გადალახა, საყოველთაო კარანტინი არ გამოცხადებულა და 11,000-მდე ინფიცირებულიდან 10,000 უკვე გამოჯანმრთელებულია. მიუხედავად ამისა, კორეის მთავრობამ მრავალი სათადარიგო ზომა მიიღო მაქსიმალურად უსაფრთხო საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. არჩევნების დღეს ხალხმრავლობის თავიდან არიდების მიზნით, 11 მილიონმა მოქალაქემ (რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 26.7%) ხმა ფოსტის ან  წინასწარი წესის მეშვეობით დააფიქსირა. მოხდა საარჩევნო უბნების პერსონალის გადამზადება და მათ დაევალათ ობიექტების რეგულარული დეზინფექცია. პერსონალი ასევე აღიჭურვა დისტანციური თერმომეტრებით, 37.5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხევაში, ხდებოდა მოქალაქის მიმართვა სპეციალურად იზოლირებული საარჩევნო ჯიხურებისკენ. ამ დამატებითი ზომების აღსრულების მიზნით, საარჩევნო უბნები დაკომპლექტდა 20,000 დამატებითი თანამშრომლით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, დაფიქსირდა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი. რეგისტრირებული ამომრჩევლების 66.7% პროცენტმა დააფიქსირა ხმა, რაც 1992 წლის არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (ქნესეთის) არჩევნები ისრაელშიც ჩატარდა. 2019 წლის 9 აპრილს არჩეულმა შემადგენლობამ ვერ მოახერხა მთავრობის წევრების დამტკიცება, რამაც გამოიწვია ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. არჩევნები დაინიშნა 2 მარტს, როცა ისრაელში ჯერ კიდევ მხოლოდ 10 ინფიცირებული იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, პროცესმა შედარებით მარტივად ჩაიარა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული, იზოლაციაში მყოფი 5,500-მდე მოქალაქისთვის გამოიყო სპეციალური კაბინები, სადაც დანარჩენ მოსახლეობასთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებით, მიეცათ ხმის დაფიქსირების შესაძლებლობა.

 

საფრანგეთში მოქმედებს ადგილობრივი არჩევნების ორტურიანი სისტემა. პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა. ყველა საარჩევნო უბანი მომარაგდა სადეზინფექციო ხსნარითა და საწმენდი საშუალებებით. ამომრჩევლებს დაევალათ საკუთარი კალმების მოტანა და რიგებში ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა. თუმცა, უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, წინა არჩევნებთან შედარებით, თითქმის 20%-ით შემცირებული აქტივობა დაფიქსირდა. მეორე ტური 22 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პირველი ტურის წარუმატებლობის და მომატებული რისკის საფუძველზე, 21 ივნისისთვის გადაიდო.

 

მსგავსი სიტუაცია განვითარდა იაპონიის ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას. აპრილის ბოლოს, 15 პრეფექტურაში ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩევლების მხოლოდ  34.1% გამოცხადდა, რის საფუძველზეც ოპოზიციამ მოითხოვა ოსაკაში და სხვა დანარჩენ პრეფექტურებში არჩევნების გადავადება. მიუხედავად არსებული საგანგებო მდგომარეობისა, მმართველი პარტია და პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე არჩევნებს დემოკრატიულ აუცილებლობად მიიჩნევენ და არ ემხრობიან გადადებას. საარჩევნო უბნებზე ხორციელდება ჯიხურებისა და კალმების ხშირი დეზინფექცია, ამომრჩევლები ვალდებულნი არიან მოირგონ ხელთათმანები.

 

2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 

 

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება, სადაც 120 მანდატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით გადანაწილდება. ეს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.  არჩევნები უნდა გაიმართოს ოქტომბრის თვეში, თუმცა გასათვალისწინებელია პანდემიის მიერ გამოწვეული შესაძლო დაბრკოლებები. მაგალითად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან 6 თვის თავზე. 22 მაისს ქვეყანაში მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა. თუ მოხერხდა პანდემიის გავრცელების პრევენცია, არჩევნების ოქტომბერში ჩატარება ფორმალურად შესაძლებელია. თუმცა, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის საფრთხე კვლავაც არსებობს.

 

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დროულად დაიწყოს დისკუსია და მუშაობა საარჩევნო პროცესის ყველა შესაძლო სცენარის მიმართ ადაპტირებაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა რამდენიმე კონკრეტული საკითხი:


-  წინა საარჩევნო კამპანიის ფორმატი: პანდემიის პირობებში პრობლემატურია ამომრჩევლებთან ფიზიკურად შეხვედრის ღონისძიებები და მასიური შეკრებები. მათი გარკვეულწილად ჩანაცვლება შესაძლებელია სოციალური მედიით და სხვა დისტანციური საშუალებებით. ამ შემთხვევაში სასურველია, პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობდეს ერთგვაროვანი დამოკიდებულება, პირობებზე წინასწარი შეთანხმება, რათა პარტიებს მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები.


საარჩევნო უბნებზე მისაღები უსაფრთხოების ზომები: 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 1,825,054-მა ამომრჩეველმა (51.94%) და მისი ორგანიზება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 36 მილიონი ლარი დაუჯდა. წელს ეს თანხა დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად გარკვეული დამატებითი ზომების მიღება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული იყო 45,000-მდე თანამშრომლით, წელს საჭირო იქნება თითოეული მათგანის გადამზადება (მათთვის უსაფრთხოების წესების გაცნობა), სადეზინფექციო და სანიტარული აღჭურვილობის შეძენა, სპეციალურად იზოლირებული კაბინების მოწყობა, და სხვა დამატებითი ზომების დანერგვა.


- კენჭისყრის ალტერნატიული მეთოდები: ზემოთ მოცემული საერთაშორისო მაგალითებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს ტრადიციული საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების საჭიროება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ახალი მექანიზმების დასანერგად საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით მეტი დრო აქვს, ვიდრე ამ სტატიაში განხილულ სხვა ქვეყნებს ჰქონდათ. მაგალითად, პოლონეთის შემთხვევაში საფოსტო არჩევნები კვლავ განიხილება ძირითად ალტერნატივად. ასევე, რელევანტურია ელექტრონული არჩევნების პერსპექტივაც, თუ გავითვალისწინებთ რომ საჭირო IT ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში უკვე დანერგილია და ფუნქციონირებს. კერძოდ, საუბარია ელექტრონულ ID ბარათზე, რომლის იდენტური ტექნოლოგია 2005 წლიდან გამოიყენება ესტონეთში ინტერნეტ არჩევნების ჩასატარებლად. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, გასათვალისწინებელია კიბერუსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებით საყურადღებოა უახლოეს წარსულში გახმაურებული პერსონალური მონაცემების გაჟონვის ინციდენტი. 2020 წლის მარტში, ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა 4,9 მილიონი საქართველოს მოქალაქის პირადი მონაცემები. დეტალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სია 2011 წლის მდგომარეობას ასახავს და შეიცავს როგორც გარდაცვლილი მოქალაქეების, ასევე არასრულწლოვნების მონაცემებს. ცესკოს განცხადებით, გაჟონვა არ მომხდარა მათი ოფიციალური მონაცემთა ბაზიდან, რომელიც მხოლოდ 3,5 მილიონ მოქალაქეს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ცხადია რომ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს მრავალი აქტიური ამომრჩევლის პირად ნომერს, მისამართს, სახელს, გვარს და მამის სახელს, რაც შესაძლოა არაკეთილსინდისიერად იქნეს გამოყენებული არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.


განსახორციელებლად ყველაზე მარტივი ალბათ წინასწარი კენჭისყრის მეთოდია, რომლის წარმატებაც სამხრეთ კორეაში ვიხილეთ. ამომრჩეველთა ერთმა მეოთხედმა წინასწარ დააფიქსირა ხმა, რის შედეგადაც მოხერხდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობის შემსუბუქება. ამ მეთოდის დასანერგად საჭირო იქნება საარჩევნო უბნების გახსნა დამატებით რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც უთუოდ გაზრდის დაკავშირებულ ხარჯებს.

 

დასკვნა 

 

არჩევნების გადავადება შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი ყოფილიყო იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნების თარიღი ყველაზე კრიზისულ პერიოდებს დაემთხვა და ხელისუფლებას მოულოდნელად მოუწია პანდემიის გამოწვევებთან გამკლავება. როგორც სამხრეთ კორეის მაგალითიდან ვიხილეთ, სწორი დაგეგმვისა და შესაბამისი ინვესტიციების შედეგად, სრულიად შესაძლებელია პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება. რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რათა მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მოხდეს შესაძლო დარღვევების გამოვლენა და აღმოფხვრა.

 

ოქტომბერში თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, რომლის დაძლევა დაკავშირებულია ინოვაციური მეთოდების დანერგვასთან, დამატებით ხარჯებთან და ძალისხმევასთან. ანგარიშგასაწევია დროის ფაქტორიც - არჩევნებამდე დაახლოებით ხუთი თვეა დარჩენილი. ხელისუფლებამ დროულად უნდა დაიწყოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება გახადოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024