თბილისი ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩაერთვება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 აპრილი 2016

13 აპრილს ღია მმართველობის პარტნიორობამ (Open Government Partnership, OGP) გამოაქვეყნა ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამის გამარჯვებულთა სია. თბილისი 45 აპლიკანტიდან შერჩეულ 15 ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მოხვდა.


საპილოტე პროგრამაში მისაღებად ღია მმართველობის პარტნიორობა ეძებდა ისეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომელთა მოსახლეობა მინიმუმ 250,000-ია და რომლებიც იზიარებენ OGP-ის პრინციპებს, აქვთ ღია მმართველობის ისტორია, მზად არიან გაატარონ რეფორმები სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით და გაუზიარონ გამოცდილება სხვა მუნიციპალიტეტებს.


პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მერიამ OGP-ს წერილით მიმართა, რომელშიც გამოხატა მზაობა და პოლიტიკური ნება, რომ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას.


თბილისის მერის წერილში აღნიშნულია, რომ მერია განსაკუთრებით დაინტერესებულია ისეთი პროექტებით, როგორიც არის: ღია მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება და თანამონაწილეობითი პოლიტიკის განვითარება.


ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის სპეციალური გუნდი დაეხმარება თბილისის მერიას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად და საჯარო კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავოს და განახორციელოს OGP-ის სამოქმედო გეგმა.


სამოქმედო გეგმა დაფუძნებული იქნება OGP-ის 4 პრინციპზე:


1. მმართველობის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
2. საჯარო პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა;
3. მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და;
4. ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარება.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მუშაობს OGP-ის საკითხებზე და ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას ამ საერთაშორისო ინიციატივაში. საპილოტე პროგრამის გამოცხადებისთანავე, IDFI-იმ რეკომენდაცია გაუწია თბილისის მერიას მიეღო მასში მონაწილეობა და გამოიკვლია OGP-ის წევრი ქვეყნების თვითმმართველი ერთეულების გამოცდილება.


კვლევის შედეგად IDFI-მ გამოავლინა ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ღიაობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა:


1) მონაწილეობითი ბიუჯეტირება;
2) ელექტრონული პლატფორმების შექმნა;
3) მონაცემების პროაქტიულად და ადვილად დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება;
4) თვითმმართველი ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
5) თვითმმართველი ერთეულების ორგანოების თანამშრომელთა და დაინტერესებულ მოქალაქეთა ტრენინგი, გზამკვლევის შემუშავება.

 

IDFI აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს თბილისის მერიასთან და ჩაერთოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

 

ასევე, 14 აპრილს ღია მმართველობის პარტნიორობამ ინტერნეტ კონფერენცია გამართა თემაზე ,,OGP-ის ადგილობრივი თვითმმართველობების საპილოტე პროგრამა“. მომხსენებლები იყვნენ მარკ რობინსონი, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენელი და ნათანიელ ჰელერი, რესურსების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი.


ვებ-კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საპილოტე პროგრამის გამარჯვებულებმა ნათლად ჩამოაყალიბეს კონკრეტული მიზნები და გამოხატეს OGP-ში მონაწილეობის მზაობა.


OGP აღიარებს, რომ ურბანიზაციის პირობებში სულ უფრო იზრდება ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობების საჭიროება. გაზრდილი გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა აუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებას, რაც ძალიან მნივშენლოვანია, რადგან ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების მიწოდება არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი საკითხი.


ვებ-კონფერენციის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აუცილებელია, თბილისის მერიამ სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობისა და რეკომენდაციების საფუძველზე. ასევე, მერიამ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების მეშვეობით უნდა ჩართოს მოქალაქეები. მარკ რობინსონმა და ნათანიელ ჰელერმა ხორვატიის მაგალითი მოიყვანეს, სადაც კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა კანონით არის დადგენილი, ხოლო კონსულტაციების შედეგები გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილია.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წელს შექმნილი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 69 სახელმწიფოს აერთიანებს. პარტნიორობის მიზანია ხელი შეუწყოს წევრი ქვეყნების მმართველობის ღიაობას, ანგარიშვალდებულებას, სამოქალაქო ჩართულობასა და ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ განვითარებას. საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა.


ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამის გამოცხადება OGP-ის მცდელობაა, გაზარდოს დაფარვის არეალი ინიციატივის წევრ ქვეყნებში და ცენტრალური მთავრობებისა და პარლამენტების გარდა მოიცვას ადგილობრივი თვითმმართველობებიც.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024