მკვლელობების სტატისტიკა საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 27 ნოემბერი 2014

2014 წლის 25 სექტემბერს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ გაცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2003-2014 წლების რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მოთხოვნილი იყო სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი შემდეგი ქმედებებისთვის: განზრახ მკვლელობა (მუხლი 108), განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 109), განზრახ მკვლელობის მცდელობა (მუხლი 19,108) და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა (19,109).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ 12 ნოემბერს მოგვაწოდა. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მონაცემები სამწუხაროდ მოწოდებულ იქნა არასრულყოფილი სახით. კერძოდ ჩვენთვის გადმოცემული დოკუმენტი რატომღაც შეიცავდა მხოლოდ 2013 და 2014 წლების პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) სტატისტიკური მონაცემებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დანაშულის სტატისტიკა, რომელიც მოიცავს 2014 ისევე, როგორც 2013 წლის 10 თვის პერიოდს. 

შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარი რჩება თუ რა მიზეზით მოგვეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია 2013 წლის მხოლოდ პირველი რვა თვის მიხედვით, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა 2014 წლის დასასრულს და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს დამუშავებული უნდა ჰქონდეს გასული წლის სტატისტიკა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილად ვერ ასახავს ქვეყანაში არსებულ სურათს 2013 წელთან მიმართებაში.


ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩვენი 2014 წლის 12 სექტემბრის წერილის პასუხად, რომლითაც ვითხოვდით ანალოგიურ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, უწყებამ გვაცნობა, რომ შეუძლებელი იყო მონაცემების მოწოდება 2012–2014 წლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ "საქსტატში" ეს ინფორმაცია არ ინახებოდა. ვფიქრობთ, პრობლემურია ის გარემოება, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ მოეპოვება ან/და შსს–სგან არ მიეწოდა დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მონაცემებზე არსებობს ძალზე მაღალი საჯარო ინტერესი.

 

  • მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მაჩვენებლები საქართველოში 2006-2014 წლები

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა მკვლელობის შემთხვევების მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულის 249 შემთხვევა დარეგისტრირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა და 2011 წელს მხოლოდ 90 მკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. 2012 წელს კვლავ შეინიშნება აღნიშნული დანაშაულის მატების ტენდენცია, როდესაც 2011 წელთან შედარებით 13 შემთხვევით იმატა. სამწუხაროდ შეუძლებელია მოცემული ტენდენციის უტყუარი შეფასება 2013–2014 წლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული წლების პირველი 10 თვის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული მონაცემებით შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული მკვლელობების შესახებ. მაგალითად, 2013 წლის 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია დაახლოებით იმავე ოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მკვლელობების რიცხვი გაიზრდებოდა. განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2014 წელს დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით.

განსხვავებული სურათი შეინიშნება მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზეა ასახული 2007 წლიდან 2010 წლამდე შეინიშნება მკვლელობის მცდელობების შემთხვევების კლებადი ტენდენცია. 2010 წლიდან 2012 წლამდე ის კვლავ ეტაპობრივად იმატებდა. რაც შეეხება 2013 და 2014 წლებს 10 თვის მონაცემებით შეიძლება დავსკვნათ, რომ აღნიშნული ხასიათის დანაშაულის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

დარეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეფასდეს დანაშაულის გახსნის ტენდენცია მოცემული წლებისთვის. კერძოდ, როგორც ამას მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, მკვლელობის შემთხვევათა გახსნის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები 2013 და 2014 წლების საწყისი 10 თვის განმავლობაში ფიქსირდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებიდან დგინდება, რომ თბილისში რეგისტრირებული მკვლელობის, ისევე როგორც მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი არის საგრძნობლად მაღალი ყველა სხვა რეგიონში არსებულ დანაშაულის მაჩვენებელთან შედარებით. 2006-2014 წლებში თბილისში სულ ფიქსირდება 436 მკვლელობის და 1121 მკვლელობის მცდელობის შემთხვევა. (აღნიშნულ მონაცემებში 2013 და 2014 წლის მონაცემები შესულია მხოლოდ 8 თვის მდგომარეობით).

 

 დეტალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემები იხილეთ ქვემოთ:

 

/public/upload/goga/miastatistic.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024