სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფო დაფინანსება

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 22 დეკემბერი 2023

ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უდიდესი გავლენა აქვს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და მასზე ხელმისაწვდომობა, თავის მხრივ, მოიცავს ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რისთვისაც ეფექტური (გამართული) სადაზღვეო სისტემის არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების ძირითადი წყარო ქვეყნების მიხედვით შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს და დამოკიდებული იყოს ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურაზე, მთავრობის პოლიტიკასა ან ეკონომიკურ ლანდშაფტზე. ზოგიერთ ქვეყანაში, დაფინანსების ძირითადი რესურსი შეიძლება იყოს სახელმწიფო დაფინანსება, ზოგან კი შესაძლოა კერძო ჯანმრთელობის დაზღვევამ ან “ჯიბიდან გადახდებმა” უფრო დიდი როლი ითამაშოს.

 

გარკვეული კვლევების თანახმად[1], სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების სიდიდე სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

 

2006 წლიდან, საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სექტორში რამდენიმე რეფორმა განახორციელა, მათ შორის არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი იყო ქვეყნის ყველა იმ მოქალაქის დაზღვევა, რომელიც არ სარგებლობდა იმ პერიოდისთვის არსებული სახელმწიფო დაზღვევით და არ ჰქონდა კერძო დაზღვევა.

 

2014 წელს, ყველა სხვა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა გაუქმდა და მათი მონაწილეებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ არსებითად გაზარდა ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება და ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები შექმნა. 

 

2022 წლის ნოემბრიდან, ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელი - DRG. აღნიშნული მოდელი ფართოდ არის გავრცელებული და სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების მნიშვნელოვან ცვლილებას გულისხმობს. მისი საშუალებით მკურნალობის ფაქტიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, პაციენტის ასაკზე, დიაგნოზზე, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობასა და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ავტომატურად, დგინდება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მოქალაქეების მკურნალობისთვის გადასახდელი თანხა.

  

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი 

 

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული განმარტებით, DRG მოდელის საშუალებით, ავტომატურად გამოითვლება ის „სამართლიანი ფასი“, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის[2], თუმცა  ქვეყანაში არსებულმა არაერთმა კლინიკამ უარი განაცხადა ამ მოდელით დაფინანსებულ სქემაში მონაწილეობაზე. მათი პოზიციით, ახალი სატარიფო სქემა ხარისხიანი მომსახურების შესაძლებლობას არ იძლევა და სხვადასხვა სერვისი და ამ სერვისების მიღებისთვის დადგენილი ტარიფები შესაბამისობაში არ არის, განსაკურებით ისეთი მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების სახეების შემთხვევაში, როგორიც არის მაგ. ონკოლოგიური, კარდიოლოგიური ან/და ორთოპედიული შემთხვევები.

 

თუ დავაკვირდებით, DRG მოდელის ამოქმედების შემდგომ პერიოდში, დაფინანსების სტატისტიკას, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებული თანხების ჯამური მოცულობა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით,  34%-ით (154 მლნ ლარით) გაიზარდა, თუმცა ერთი შემთხვევის დაფინანსება, პირიქით, 4.4%-ით (27 ლარით) შემცირდა[3].

 

 

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილია 1.3 მლრდ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.6%-ით აღემატება. N1 ცხრილში  მოცემულია 2020-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც  განაწილებული იყო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე (27 03). აღნიშნულ პროგრამაშია გათვალისწინებული მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამა, საიდანაც ხდება სამედიცინო დაწესებულებებისთვის მოთხოვნილი თანხების ანაზღაურება DRG მოდელზე დაყრდნობით.

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი თანხები, წინა წლებთან შედარებით, 2022 და 2023 წლებში საშუალოდ 18%-ით შემცირდა, თუმცა ამის მიზეზი იყო Covid-19-ის მართვაზე გამოყოფილი თანხების შემცირება, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვაზე ხარჯი ამ პერიოდშიც გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოების მიერ მოთხოვნილი თანხის ჯამური მოცულობა ყოველთვის აჭარბებს ანაზღაურებულ თანხის ჯამურ მოცულობას. თუ შევხედავთ 2018-2023 I-II კვარტლის მონაცემებს, სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული თანხები, მოთხოვნილი თანხის საშუალოდ 98.6%-ს შეადგენს და აღნიშნული მონაცემი,ძირითადად, ყოველ წელს მსგავსია.

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როგორც მოთხოვნილი, ასევე ანაზღაურებული თანხების შემთხვევში, ყველაზე ნაკლები მოცულობები დაფიქსირდა 2020 და 2021 წლებში. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს პანდემიის პერიოდში მოსახლეობის მხრიდან გეგმიურ სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა.

 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე N1 ჩანს 2018-2023 I-II კვარტლის პერიოდში, საქართველოში არსებული საავადმყოფოების მიერ სახელმწიფოსგან მოთხოვნილი და შესაბამისად, დაფინანსებული თანხების მოცულობები:

 

  

 

რეგიონების მიხედვით მოთხოვნილი და შესაბამისად ანაზღაურებული თანხების სტრუქტურა, 2023 წლის პირველ ნახევარში, შემდეგია:

 

 

გრაფიკებიდან N2 და N3 ჩანს, რომ როგორც მოთხოვნილი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებული თანხების მიხედვით, ქვეყნის რეგიონებიდან ყველაზე მსხვილი რეგიონია თბილისი, იგი სრული მოცულობების ნახევარზე მეტ -  56-57%-იან წილს იკავებს, ეს ფაქტი ქვეყანაში საავადმყოფოების განაწილებიდან გამომდინარეობს. შემდეგი მსხვილი რეგიონებია იმერეთი და აჭარა, დაახლოებით 16% და 9% წილებით, შესაბამისად.

 

სამედიცინო მომსახურების მიმღები პირების და შემთხვევების რაოდენობა

 

2018-2022 წლებში, ყოველწლიურად საშუალოდ 1.2 მლნ-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი ადამიანის შემთხვევაში საშუალოდ 1.14-ჯერ  იზრდებოდა ყოველწლიურად და შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა (1.4 მლნ შემთხვევა) 2019 წელს  დაფიქსირდა, მაშინ როდესაც Covid-19 პანდეემიის დროს მხოლოდ 1.1  მლნ შემთხვევა იყო.

 

2023 წლის პირველ ნახევარში, 493,398-მა პირმა მიიღო სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება ჯამში 567,221 შემთხვევაზე.

 

 

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში - 39.7%, შემდეგ მოდის იმერეთი (15.5%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (12.3%). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემთხვევების ანაზღაურების მიხედვით თბილისზე მოდის 57.3%. აღნიშნული მიუთითებს სამედიცინო შემთხვევების უფრო რთული ფორმები და შესაბამისად უფრო ძვირადღირებული სამედიცინო დახმარების მიღება თბილისში ხდება, რადგან ძირითადად აქ არის მრავალპროფილური კლინიკები განთავსებული და სხვა რეგიონების მოსახლეობაც აქ იღებს შესაბამის მომსახურებას.  საინტერესოა სამეგრელოს მაგალითიც, რომელიც შემთხვევების რაოდენობის მიხედვით რეგიონებიდან მესამე ადგილზეა, თუმცა ანაზღაურების მხრივ აღნიშნულ რეგიონზე საშუალოდ მხოლოდ 3.8% მოდის.

 

 

საინტერესო ინდიკატორია, თუ რა თანხის ანაზღაურება ხდება საშუალოდ თითოეულ შემთხვევაზე რეგიონების მიხედვით. ამ კუთხით, თბილისი სხვა რეგიონებს თითქმის 2-ჯერ აჭარბებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, სხვა რეგიონებთან შედარებით,  უფრო მრავალფეროვან და ძვირადღირებულ მომსახურებაზე, ასევე, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალია აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებშიც. აღსანიშნავია რომ, 5 წლის მანძილზე 6.4%-ით გაიზარდა თითოეულ შემთხვევაზე ანაზღაურებული თანხის მოცულობა ქვემო ქართლში, ხოლო 5.1%-ით - აჭარაში. 

 

თბილისის შემთხვევაში, 2018-2022 წლებში, აღნიშნული მაჩვენებელი მეტნაკლებად სტაბილურია და 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2023 წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 3.8%-ით შემცირდა. თუ შევადარებთ 2018-2022 წლების მონაცემებს, ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთის რაიონში (-6.4%), თუმცა 2023 წლის პირველ ნახევარში ერთ სამედიცინო შემთხვევაზე საშუალო ანაზღაურებული თანხა 42.5%-ით არის გაზრდილი, კვლავ 2018 წლის მონაცემს - 736 ლარს უტოლდება და რეგიონებიდან, როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე N7 ჩანს, თბილისის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

 

 

 

სამედიცინო მომსახურების მიმღებ პირთაგან ნახევარზე მეტი (53.7%) საჭიროებდა გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას, 24.4% - გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, 9.6% - გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებას, 4.6% - ქიმიოთერაპიას და ჰორმონოთერაპიას და 7.7% სხვა დანარჩენ მომსახურებებს. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე N8 მოცემულია 2023 წლის პირველი ორი კვარტლის სტრუქტურა, რომელიც ბოლო 5 წლის შესაბამისი სტრუქტურის მსგავსია.

 

 

როგორც ჯამური სამედიცინო შემთხვევების ანალიზიდან გამოჩნდა, პანდემიის პერიოდში, 2020 და 2021 წლებში, შემთხვევების რაოდენობამ  299,379 და  84,755-ით შემცირდა, რაშიც ყველაზე მსხვილი 84% და 51% წილები გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების (გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონალური სამედიცინო შემთხვევები) კლებას   ჰქონდა.

 

2020 წლამდე აღნიშნული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა პანდემიის დროს კლება შესაძლოა, ერთი მხრივ, წინა წლებში კლინიკების მიერ შემთხვევების სპეციალურად დამძიმებაზე მიუთითებდეს და მეორე მხრივ, პაციენტებში კოვიდის დიაგნოზის პარალელურად, ისეთი ავადობის მიმდინარეობაზე, რაც გადაუდებელ ამბულატორიულ ან სტაციონალურ მომსახურებას საჭიროებდა.

 

რაც შეეხება ანაზღაურებული თანხების სტრუქტურას სამედიცინო სახეების ჭრილში. გრაფიკიდან N9 ვხედავთ, რომ ამ პერიოდში, ყველაზე მსხვილი წილი აქვთ გადაუდებელი სტაციონალური  (63.3%) და გეგმური ქირურგიული მომსახურებების (18.9%) დაფინანსებებს.

 

 

 

ასევე საინტერესო ინდიკატორია, ერთი პაციენტისთვის დაფინანსებული თანხის საშუალო მოცულობა სამედიცინო მომსახურების სახეობის მიხედვით. ამ მხრივ, ყველაზე ძვირადღირებული მომსახურებაა კარდიოქირურგია (2,226 ლარი), ხოლო  შემდეგ არის სხივური თერაპია (1,975 ლარი), მაღალი რისკის ორსულთა და მშობიარეთა სტაციონარული მომსახურება (1,874 ლარი), გადაუდებელი სტაციონალური (1,710 ლარი) და გეგმიური ქირურგიული მომსახურებები (1,235 ლარი), ყველაზე ნაკლები ხარჯი კი გადაუდებელ ამბულატორიულ შემთხვევებზე მოდის (95 ლარი).

 

სამედიცინო დაწესებულებები თბილისსა და რეგიონებში

 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე N10 მოცემულია საავადმყოფოების რაოდენობა რეგიონებში, სადაც სახელმწიფოს მიერ სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურება ხდებოდა. 2023 წლის პირველ ორ კვარტალში, ქვეყნის 310 საავადმყოფო დაფინანსდა და აქედან, ქ. თბილისში განთავსებული კლინიკებიდან - 126. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 2020-2021 წლებში, ისევ Covid-19 პანდემიის მიზეზით, რადგან ამ პერიოდში მოქმედი კლინიკების ნაწილი გადასული იყო მხოლოდ კოვიდის შემთხვევების მიღება/მკურნალობაზე.

 

 

ბოლო 5 წლის განმავლობაში, თანხების ანაზღაურების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების პირველი ათეული ყოველწლიურად მსგავსია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში N2 ჩანს, 2023 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პირველი ათეული, აღნიშნულ პერიოდში ამ კლინიკებში განთავსებული პირების და შემთხვევების რაოდენობები.

 

 

როგორც ვხედავთ დაფინანსების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებების პირველი ათეულიდან, შვიდი მათგანი დედაქალაქშია განთავსებული, ორი - აჭარის, ხოლო ერთი - იმერეთის რეგიონში.

 

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პირველ ათეულში „ევექსის“ ქსელის მხოლოდ ერთი კლინიკა ხვდება, თუმცა „ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, ექვს რეგიონში 34 კლინიკას აერთიანებს და მათი დაფინანსების ჯამურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ პირველ ადგილს იკავებს - 36.7 მლნ ლარით. 

 

აღნიშნული კლინიკებისთვის ანაზღაურებული თანხები ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ  სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსებისთვის გაცემული თანხების საშუალოდ 11%-ს შეადგენს და ყველაზე დიდი მოცულობის თანხით ევექსის კლინიკები დაფინანსდნენ 2019 წელს (110.8 მლნ. ლარი).

 

 

ასევე, ქვეყნის მასშტაბით, მეორე ფართო ქსელია ჯეო ჰოსპიტალსი, რომელიც 25 სამედიცინო დაწესებულებისგან შედგება და 2023 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით, ევექსის შემდეგ, ანაზღაურებული თანხების მიხედვით მეორე ადგილს იკავებს  (16.6 მლნ ლარი).

 

ძირითადი მიგნებები

 

       - 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე (27 03) გამოყოფილი თანხა 17.6%-ით იყო შემცირებული და 1,574 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა ეს სხვაობა გამოწვეული იყო Covid-19-ის მართვის ქვეპროგრამაზე (27 03 03 10) გამოყოფილი თანხის შემცირებით.

 

      -  აღნიშნულ პერიოდში, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის ქვეპროგრამისთვის (27 03 01) განსაზღვრული თანხა 14%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 980 მლნ ლარს უტოლდებოდა.

 

       - 2023 წლის პირველ ნახევარში, სამედიცინო მომსახურება მიღო 493 496-მა პაციენტმა, ხოლო აღნიშნული მომსახურებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სულ დაიხარჯა 325.5 მლნ ლარი.

 

      -  ყველაზე მეტი პაციენტი სამედიცინო დაწესეულების მომსახურებას და სახელმწიფო დაფინანსებას იყენებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისთვის (54%), თუმცა  

         თანხობრივ ჭრილში მსგავსი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურება ჯამური დაფინანსების მხოლოდ 7.4%-ს შეადგენს.

 

      - ყველაზე დიდი მოცულობის თანხით ხდება გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ანაზღაურება (60%).

 

      -  მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ ქვეყანაში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება, ძირითადად, მხოლოდ ქ. თბილისშია შესაძლებელი (ჯამური შემთხვევების 40%).

 

      - 2023 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პირველი ათეულიდან 7 თბილისშია წარმოდგენილი.

 

      -  ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების DRG მოდელზე გადასვლის შემდეგ შემცირდა საშუალოდ ერთ სამედიცინო შემთხვევაზე გაცემული დაფინანსება (-4.4%).

 

      - 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი ხარჯი 5.6%-ით იზრდება და 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

 

 

***

 

[1]  Health Economics and Financing by Thomas E. Getzen (2012, Hardcover)

[2] DRG სისტემის დანერგვა საქართველოში

[3] https://nha.moh.gov.ge/ge/c/statics

 

 ------------

 

              

ანალიზი მომზადდა პროექტის - „ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა" - ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ის ასევე დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024