საბჭოთა რეპრესიები ქართველი სტუდენტების მეხსიერებაში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 22 ივლისი 2021

22 ივლისს, რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გთავაზობთ საბჭოთა რეპრესიების შესახებ ქართველი სტუდენტების მიერ შეგროვებულ და მოთხრობილ ისტორიებს, რომლებიც უშუალოდ მათ ოჯახებს გადახდათ. ისტორიები ამ სახით საუკეთესოდ წარმოაჩენს, თუ როგორაა დალექილი საბჭოთა ტერორი და რეპრესიები ქართველი ახალგაზრდების მეხსიერებაში, რომლებიც არც საბჭოთა ტერორს და,  თავისთავად, არც საბჭოთა კავშირს თავად არ მოსწრებიან. ქვემოთ წარმოდგენილი სამი ისტორია სტუდენტებმა შეაგროვეს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და ნაცნობებთან ინტერვიუების შედეგად, თუმცა სამივე მათგანი დაწერილია თავად სტუდენტების პერსპექტივიდან.

 

 

შუშანა არჯევანიძისა და იოკიმე ფოფხაძის ისტორია - „ის, რაც სტალინის დროიდან მახსოვს“

ავტორი: ელენე სვიანიძე

 

ჩემი დიდი ბებიის თანდასწრებით სტალინზე რაიმე ცუდი რომ გეთქვათ, აუცილებლად გეტყოდათ: გაჩუმდი, ბებია, გაიგებს ვინმეო. არადა, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობდით, მისი შიში რეჟიმისადმი კი მაინც მყარად იდგა და არც სადმე წასვლას აპირებდა.

 

ბავშვობაში მიჭირდა გამეგო, ჯერ ერთი,  ვინ იყო სტალინი, რომელზეც ბაბუაც მიყვებოდა ხოლმე და ძილისპირულ ზღაპრებშიც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, და მეორე - რატომ აშინებდა დიდ ბებიას მისი სახელის გაგონება. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, არც მე მომწონდა ჩემი ზღაპრების გმირი.

 

ცოტა რომ წამოვიზარდე, სტალინის შესახებაც მეტი გავიგე და ისიც ამოვხსენი, თუ რატომ ეშინოდა შუშანკა არჯევანიძეს, უკვე 50 წელზე მეტი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის.

 

სტალინი, ან უფრო ფართოდ - საბჭოთა კავშირი, ჩვენი ოჯახის მეხსიერებაში ყველაზე დიდ უსამართლობად არის შემორჩენილი, რადგან მისი რეპრესიული ხელი ჩვენც მოგვწვდა. დახვრეტილი დიდი ბაბუის ისტორიას ვისმენდი ბავშვობიდან და სხვადასხვა გარემოში - ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისა და შორეული ნაცნობებისგან. ვიცოდი ფრაგმენტები, მონაკვეთები, ყურმოკრული დეტალები და, რაღა დაგიმალოთ, მომწონდა კიდეც ისტორია, რომლის მიხედვით, ჩემი ოჯახის წევრი რეჟიმს უპირისპირდებოდა.  სულ ცოტა ხნის წინ შევძელი, მთელი ისტორია აღმედგინა, გამეგო, ვინ იყო ის კაცი, მომღიმარი რომ იხედებოდა ფოტოალბომებიდან და ისიც მომესმინა, თუ რატომ დახვრიტეს.

 

 

იოკიმე ფოფხაძე პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ

 

როგორც აღმოჩნდა, ულვაშებიანი კაცი ფოტოებიდან, იოკიმე ფოფხაძე, ჩემი დიდი ბაბუა, ხარაგაულის რაიკომის მდივნობის შემდეგ ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროების უფროსად დაუნიშნავთ. სოციალისტური სისტემისთვის იშვიათი გულმოდგინებით მუშაობდა და, შეიძლება ითქვას, ამ გულმოდგინებამ დაღუპა კიდეც.

 

ჩემთან, სოფელში, იპოვით იოკიმეს წერილს, რომელშიც ის ადგილმრეწვის უფროსს, ვინმე პატარიძეს უჩივის საქმის გაკეთებაში ხელის შეშლის გამო. ზემოთ ხსენებული ამხანაგი პატარიძე კი, ცხადია, ადგა და НКВД-ს (Наро́дный комиссариа́т вну́тренних дел) გამოუძახა,  უფრო მარტივად რომ ვთქვათ , „ანონიმკა“ დაწერა და მიიტანა.

 

თუ უფრო კარგად მოვძებნით, ისევ ჩემთან, სოფელში, ამ „ანონიმკის“ საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის ოქმსაც მივაგნებთ, სადაც ამოღებულ ნივთებში იარაღების კოლექციას, აკრძალულ ლიტერატურას და 3 მეტრ საპალტოე ტყავსაც ვიხილავთ. იმ პერიოდში იოკიმე ფოფხაძის ოჯახი ზესტაფონში, კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობდა, მანქანა ემსახურებოდა, თბილისში ბინაც ელოდა... მე თუ მკითხავთ, მისი დაკავების მიზეზი ის 3 მეტრი საპალტოე ტყავი სულაც არ იყო.

 

იოკიმეს, კარგი შემოსავლის გარდა, ჰყავდა ფართო სანაცნობო წრეც, მათ შორის - სერგო ორჯონიკიძის ოჯახი. ჩხრეკისას ამოღებული იარაღების კოლექციაშიც მოიძებნებოდა პაპუნა ორჯონიკიძის[1] მიერ ნასახსოვრები თოფი წარწერით - „იოკიმე რაჭველს ორჯონიკიძისგან“. თუ გავიხსენებთ, რომ ამ პერიოდში პაპუნა ორჯონიკიძე დაიჭირეს, სერგომ თავი მოიკლა და მთელი ოჯახი იდევნებოდა, არც იოკიმეს დაპატიმრება იქნება გასაკვირი. ამრიგად, ორჯონიკიძეებთან მეგობრობის, პატარიძის ანონიმკის და, ვინ იცის, კიდევ რა მიზეზით, იოკიმე რაჭველი ციხეში ჩასვეს.

 

მისი მეუღლე, შუშანა კი სახკომში გაიქცა ამბის გასაგებად. იქაურმა უფროსმა ქალი შეათვალიერა, შეაქო და უხეში პასუხის გამო გაუბრაზდა კიდეც.

 

ამ ამბებს თვითონ შუშანკა ბებო ჰყვებოდა ხოლმე, დაფეთებული, ჩუმად,  რადგან სახკომის უფროსის გაბრაზების შემდეგ, ის გააფრთხილეს, რომ უნდა გაქცეულიყო. და გაიქცა ღამით, უმცროს ქალიშვილთან ერთად, უფროს შვილებს დეპეშა გაუგზავნა, რომ ჩამოსულიყვნენ და ხარაგაულში, მამამისის სახლში წავიდა.

 

სიბნელე იმიტომ არ უყვარდა, რომ ორი თვე სარდაფში გაატარა სამ შვილთან ერთად. ქალს, რომელსაც საკუთარი ჩანთის რევოლვერი ჰქონდა, ფრანგულად ლაპარაკობდა და აკრძალულ ლიტერატურასაც ინახავდა სახლში, მოუწია ხარაგაულში გადასახლება, სარდაფში დამალვა და სახკომის უფროსისგან მისი დაკავების ბრძანების ლოდინი.

 

მაგრამ შუშანა ორჯონიკიძისთვის არავის მიუკითხავს. ორ თვეში თვითონ მივიდა სახკომში ქმრის მოსაკითხად, რომელიც ციხეში აღმოჩნდა და ოჯახისთვის წერილებს წერდა.

 

ოჯახს რამდენჯერმე შეატყობინეს იოკიმეს ჯერ - ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაყვანის ამბავი. სახკომში მისულ შუშანას წერილები აღარ ხვდებოდა.

 

კიდევ ორი თვე დასჭირდათ იმის სათქმელად, რომ იოკიმე ფოფხაძე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, მაგრამ მის ცხედარს ოჯახს ვერ გადასცემდნენ.

 

ამ ისტორიის აღდგენისას გადავწყვიტე, იმაზე უფრო ფართო ძებნა გამომეცხადებინა იოკიმე ფოფხაძეზე, ვიდრე ოჯახის წევრების მონაყოლის მოსმენა იყო და მივაგენი მონაცემთა ბაზას, სადაც აღრიცხულნი არიან საბჭოთა კავშირის პერიოდში დახვრეტილები. იოკიმეს სახელიც მალევე მოიძებნა და ისიც აშკარა გახდა, რომ პნევმონიით არ დაღუპულა.[2]

 

მიჭირს დადგენა, რომელი ამბობს სიმართლეს - ეს მონაცემები თუ ოჯახი. ბაზაში შეყვანილ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, იოკიმე 1935 წელს დაუჭერიათ, თანაც მემარჯვენეების ორგანიზაციის წევრობის გამო და დაუხვრეტიათ 3 წლის შემდეგ, 1938 წლის 12 მაისს, მაგრამ მისი მეუღლე მთელი ამ ისტორიის მოყოლისას  დროში ასე გაწელილ პროცესზე არაფერს ამბობდა, არც იოკიმეს მემარჯვენეებთან ურთიერთობის შესახებ იცოდა რამე. თუმცა, სტალინის გარდაცვალებისა და რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ბევრ ადამიანს ამ ტიპის ბრალდებებს უბრალოდ უწერდნენ საბრალდებო ოქმებში, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა „სტალინური სიები საქართველოდან“[3]. ასე რომ, არც იოკიმე ფოფხაძის მაგალითია გამონაკლისი.

 

ამ ამბის გაგების შემდეგ, აღარ მიკვირს შუშანკას შიში, არც მისი სიჩუმე, როცა ვინმე ისევ სთხოვდა მეუღლის გახსენებას, ეშინოდა და ჰქონდა კიდეც მიზეზი.

 

მხოლოდ ჩემი ოჯახის ისტორიითაც ვხვდები, რომ საბჭოთა რეჟიმის ერთი რეპრესირებულის ტრაგედია აღემატება ერთი ადამიანის ტრაგედიას, მის უკან დგას მთელი ოჯახის ტკივილი, ასე  რთულად რომ ქრება მეხსიერებიდან.

 

დღეს აღარც შუშანაა ცოცხალი და აღარც მისი შვილები, მაგრამ რეპრესირებული დიდი ბაბუის ამბავი არავის მოგვშორებია,  მეხსიერებაშიც კი ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს თავად განვიცადე იმ პერიოდის მთელი უბედურება.  შესაბამისად,  კითხვას, თუ რატომ არ მიყვარს საბჭოთა კავშირი, ჩემთვის ძალიან მკაფიო  პასუხი აქვს...

 

 

გალაქტიონ მსხილაძის ისტორია

ავტორი: ჯონი დიასამიძე

 

საბჭოთა რეპრესიებზე საქართველოში ვის არ სმენია, შავ ლაქად გასდევს ეს ეპოქა ჩვენს ისტორიასაც და დღევანდელობასაც. ალბათ, მაშინდელ საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი (რა თქმა უნდა, ბოლშევიკური ელიტის წევრ უმცირესობას თუ არ ჩავთვლით), საბჭოთა სისტემიდან რეპრესიის თუ არა, რაიმე უსამართლობის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო. ბებიაჩემი რომ საბჭოთა კავშირს იხსენებდა, მიუხედავად ,,კაი ცხოვრების“ ნოსტალგიისა, მაინც ჰქონდა პროტესტი იმ სისტემის მიმართ, რომელმაც ოჯახის წევრი წაართვა. ვგულისხმობ მისი ბიძის ისტორიას, რომელიც 19 წლის ასაკში, ბებიაჩემის დაბადებამდე, დახვრიტეს. დღეს ბებია ცოცხალი აღარაა, მაგრამ მის ნაცვლად მე მოვყვები ამ ტრაგედიის შესახებ.

 

ერთ დღეს მეგობარმა, რომელიც ჩემი შორეული ნათესავიცაა, მითხრა, იცოდი, ჩვენი საერთო წინაპარი რომ 37-ში დახვრიტესო? რაღაც გეშლება-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ამომიტივტივდა გონებაში ბავშვობაში ბებიას მიერ მოთხრობილი ამბავი დახვრეტილი ბიძის შესახებ. არც მახსოვდა ეს ისტორია - რატომღაც სახლში იშვიათად საუბრობდნენ ამაზე. არ ვიცი, გახსენება უმძიმდათ, თუ საერთოდ მივიწყებული ჰქონდათ. იმავე დღეს გამოვკითხე ბებია, მოვაყოლე ყველა დეტალი ბიძამისის შესახებ. მისი მოსმენისას მივხვდი, ხშირად რატომ არ იგონებდა ამ ამბავს: ძალიან უჭირდა ამ ტრავმის გახსენება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბიძას არ იცნობდა, მან ძალიან კარგად იცოდა დედამისის განცდები, რომელიც სისტემის მიერ დახვრეტილ ძმას მთელი ცხოვრება გლოვობდა.

 

ბებიას ბიძას გალაქტიონი ერქვა, დიდი გალაკტიონის თანაქალაქელი იყო - ორივე ვანში დაიბადა. ბებიას ახსოვდა, რომ 1937-ში, დახვრეტისას, 19 წლის იყო, ანუ დაახლოებით 1918 წელს  უნდა დაბადებულიყო. მათი ოჯახი ვანის ერთ-ერთ უბანში, გაღმავანში ცხოვრობდა. ბებიას გადმოცემის თანახმად,  ბიძამისი მენშევიკებთან დაახლოებულა. სახლიდან წასული  ქუთაისსა და ვანში საქმიანობდა. ბებია დედის მონათხრობიდან იხსენებდა, რომ გალაქტიონი ტყეში იმალებოდა თანამოაზრეებთან ერთად და ბოლშევიკებთან არაერთი შეხლა-შემოხლა ჰქონიათო. მახსოვს ბებიას ფრაზა - რას ერჩოდა საკუთარ თავს, არ ვიციო. ამაში კარგად ჩანს, რამდენად ძლიერი იყო სისტემის მარწუხები და რა უაზროდ მიიჩნეოდა მის წინააღმდეგ ბრძოლა, თითქოს ბიძამისის ბედი გადაწყვეტილი იყო იმ მომენტიდან, როგორც კი ბოლშევიკებს დაუპირისპირდა.

 

განსაკუთრებით ტრაგიკულია დახვრეტის ეპიზოდი. 19 წლის გალაქტიონს ბოლშევიკები დიდხანს დასდევდნენ და არაერთხელ შეუთვალეს, დანებებულიყო, ოჯახის წევრებითაც ემუქრებოდნენ. საბოლოოდ სწორედ ამ გზით გადაწყვიტეს მისი დაჭერა. ერთ დღეს ჩემს დიდ ბაბუასთან, ანუ გალაქტიონის მამასთან მილიცია მისულა, განყოფილებაში უნდა გამოგვყვეო, უთქვამთ. ბებიას თქმით, იგი მასწავლებელი იყო, პატივისცემით სარგებლობდა ხალხში და ვერც წარმოედგინა, რომ რაიმე სახიფათო შეიძლება მომხდარიყო. მივიდა თუ არა განყოფილებაში, დაიჭირეს, შვილს კი შეუთვალეს, გამოჩნდი, თორემ მამაშენს მოვკლავთო. ისიც მისულა მაშინდელ მილიციაში და მალევე დასახვრეტად წაუყვანიათ. არაერთი ადამიანისგან მსმენია, სად იყო საბჭოთა პერიოდში ვანში დასახვრეტი ადგილი. როგორც ვიცი, დახვრეტილთა ძვლები იქ დღესაც ყრია. სწორედ ამ ადგილას დახვრიტეს ბებიას 19 წლის ბიძა და გვამთან არავის უშვებდნენ. შვილმოკლულ დედას შეუგროვებია მთელი თავისი ძვირფასეულობა და შვილის ცხედრის სანაცვლოდ დარაჯისთვის შეუთავაზებია. დარაჯსაც შეუშვია, თუმცა მრავალ დახვრეტილში გაძნელებია ცხედრის ამოცნობა. თურმე, ბებიას ბიძა დედამისს თითზე ბეჭდით ამოუცნია. შემდეგ შუაღამით მარტოს ჩუმად გადაუსვენებია ურმით და დაუმარხავს ისე, რომ არავის სცოდნოდა მისი საფლავი.   როგორც ბებია იხსენებს, ეს ყველასთვის ტრაგედია ყოფილა. გალაქტიონის მშობლები ამ ამბიდან მალევე გარდაიცვალნენ, ხოლო მის დას, ჩემს დიდ ბებიას, მთელი ცხოვრება გულზე ლოდად აწვა ძმის ტრაგიკული აღსასრული.

 

მსგავსი შემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში არაერთი ყოფილა. ვინ იცის, რამდენ ოჯახს დაუდგა ასეთი დღე. ამ ერთი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედიაში კარგად ჩანს საბჭოთა სისტემის სასტიკი სახე.

 

 

ვერა ასათიანის ისტორია

ავტორი: ალექსანდრე ერისთავი

რესპონდენტი: ნინო ასათიანი

 

შეიძლება საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა არ იცოდეს, რამხელა ტანჯვა გამოიარა ზოგიერთმა ოჯახმა საბჭოთა კავშირის რკინის ფარდის შიგნით. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეიძლება ტკბილადაც კი იხსენებდეს იმ დროს, როდესაც ყველას ხელფასი ჰქონდა და მოსკოვში 30 მანეთად გაფრინდებოდი. მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ხელფასი, რომელიც ამ 30 მანეთს მაინც და მაინც არც აღემატებოდა, დაჭაობებულ ტყუილსა და მსხვერპლშეწირვაზე იყო დამყარებული. საბჭოთა ხელისუფლება ოქტომბრის რევოლუციისთანავე შეუდგა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ  ბრძოლას. საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩამოყალიბებული ნებისმიერი არაკომუნისტური პარტიისა თუ იდეოლოგიის ჩახშობას ბოლშევიკები სრული სერიოზულობით ეკიდებოდნენ და ამისთვის სისხლიან მეთოდებს იყენებდნენ. იდევნებოდნენ ბურჟუაზიის წარმომადგენლები და, ასევე, ის ინტელექტუალები, რომელთა შეხედულებებიც არ ემთხვეოდა ბოლშევიკების ოფიციალურ პოლიტიკურ კურსს. მათ შორის იყო ადამიანი, რომლის შემზარავი ისტორიაც მრავალი მცდელობის შემდეგ გამანდო ბებიაჩემმა, ნინომ (ნუნუმ).

 

მამიდა, ვერა ასათიანი დაიბადა 1905 წელს 2 მაისს. მისი მშობლები იყვნენ დავით ასათიანი და მარიამ ჯაფარიძე. სწავლა დაიწყო თბილისში, მაგრამ შემდეგ მშობლები გადავიდნენ სამუშაოდ კრასნოგორსკში და ვერაც გადაიყვანეს. იგი თავიდანვე ბეჯითი იყო და ძალიან კარგად სწავლობდა, გამორჩეულიც კი ყოფილა. ნათესავები, თურმე, სულ მას ადარებდნენ საკუთარ შვილებს - „ვერასავით ნიჭიერი, ვერასავით ჭკვიანიო“. 1915 წელს ვერას მშობლები ბაქოში გადავიდნენ სამუშაოდ. ბაბუა დათიკო, ვერას მამა,  ფარმაცევტი იყო და იქ მას და მის ნათესავს ჰქონდათ გახსნილი აფთიაქი. ბაბუა დათიკოს  იურიევში[4] ჰქონდა დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი. ოჯახი ბაქოში ნიზამის ქუჩაზე ცხოვრობდა. როდესაც აზერბაიჯანში თურქები შევიდნენ და სომხები დახოცეს (ბაბუა (დათიკო) იხსენებდა, რომ სადარბაზოებში ეყარა მკვდარი ხალხი), მიუხედავად იმისა, რომ თურქები ქართველებს კარგად ექცეოდნენ, ბაბუა დათიკო ოჯახით საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ სულ აქ ცხოვრობდნენ.

 

 

მარცხნიდან მარჯვნივ: 1. ვერა ასათიანი; 2. ვერა ასათიანი ძმასთან - ლევან ასათიანთან ერთად; 3. ვერა ასათიანი პოლიტპატიმარ მარო კალანდაძესთან ერთად. მარცხნივ - ვერა ასათიანის დედა.

 

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

 

1919 წელს, დაბრუნების შემდეგ, ბებიაჩემის მამიდამ სწავლა დაიწყო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში. მან ეს გიმნაზია 23 წლის ასაკში წარჩინებით დაამთავრა. ვერა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მასწავლებლებთან, 1923 წელს კი  უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ფაკულტეტიც წარჩინებით  დაამთავრა და დატოვეს ისტორიის კათედრაზე პროფესორ ნათაძესთან. იგი, ერთი სიტყვით, ძალიან კარგად მუშაობდა.

 

ბებიამ მიამბო, როგორ გახდა ვერა ახალგაზრდული მარქსისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მაშინ ახალი შექმნილი იყო.  ეს იყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, მისი ხელმძღვანელი (რომლის სახელიც, სამწუხაროდ, არავის ახსოვს) წავიდა საზღვარგარეთ და მამიდა ვერა დატოვა ახალ ხელმძღვანელად. ამის გამო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც ვერას ადგილის დაკავება უნდოდა პროფესორ ნათაძესთან, მას უჩივლა,  თითქოს ეს იყო არამარქსისტული სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი. ეს ოჯახმა შემთხვევით გაიგო. როდესაც მამიდა დააპატიმრეს, პირველად მეტეხის ციხეში გაამწესეს იმიტომ, რომ ელოდებოდნენ პატიმრების შეგროვებას ეტაპისთვის, მატარებლით ციმბირში გასაშვებად. მანამდე კი იქ ჰყავდათ. იქ მშობელს მისვლის, მისი ტანსაცმლის გარეცხვისა და საჭმლის მიტანის უფლება ჰქონდა. ერთხელ ვერამ ბებიას გამოუგზავნა საკუთარი კაბა, რომლის ქობაში ჩააკერა ქაღალდი. ზედ ეწერა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც მას უჩივლა და დაკითხვის დროს იყო მისი „მამხილებელი“ -  მისი უნივერსიტეტის თანამშრომელი (რომლის გვარიც, სამწუხაროდ, ბებიაჩემს კვლავ დაავიწყდა).  მეტეხის ციხეში დარჩა თითქმის 6 თვე და შემდეგ გადაასახლეს ქალაქ იოშქარ-ოლაში. კვლავ მზარავს იმაზე ფიქრი, რომ ვერა 23 წლის ასაკში მოხვდა გადასახლებაში, ბებიამ კი მისი „დამსმენის“ ვინაობა იცოდა.

 

ვერამ გადასახლებაში 6 წელი გაატარა. სამი წელი ერთ ადგილას იყო, შემდეგ გადაასახლეს ვორონეჟში. როდესაც მიჰყავდათ იოშქარ-ოლაში, ვერა გააჩერეს ერთ-ერთ ქალაქში, ციხეში გაათენებინეს ღამე. აღმოჩნდა, რომ იმ ციხის უფროსი იყო ქართველი. იგი ვერას დიდი პატივისცემით შეხვდა და მოუარა. გადასახლების ეტაპი მოდიოდა ბაქოთი, როსტოვით, ყველა დიდ ქალაქში გადაჰყავდათ და ციხეებში აბარებდნენ. შემდეგ ისევ მატარებლით მიჰყავდათ. გზიდან წერილები მოსდიოდა ოჯახს. მათ ამის თავისუფლება ჰქონდათ, რადგან ამ პროცესს „თავისუფალი გადასახლება“ ერქვა. როსტოვში გააჩერეს და პოლიტიკურ პატიმარ ქალთა კამერაში ადგილი არ აღმოჩნდა. ვერას მაშინ უთხრეს, რომ უნდა აირჩიოთ  ღამის გათენება ან სისხლის სამართლის კამერაში, ან მამაკაცებთანო. მას ღამისთევა ქალებთან  აურჩევია. დიდი პატივისცემით მიიღეს იმ ქალებმა, რადგან ვერამ ისინი ასე დააფასა. ბარგის ჯავრი ნუ გაქვსო, უთხრეს. ქურდი ქალები იყვნენ, ჩვენ ამას გამოვატანთო, გზაში არც შეწუხდებიო. თავისივე ქურდს, ვიღაც ნაცნობს გამოატანეს ვერას ჩემოდნები. მართლაც ისე ჩავიდა ადგილზე ვერა, რომ მის ბარგს არავინ შეხებია. „შპანას მიჰქონდა მისი ბარგიო, წერს მამაჩემი“  - მითხრა ბებია ნუნუმ (ბებიაჩემის მამას, ლევან ასათიანს, თავისი და ვერას ცხოვრების მოკლე ისტორია დაბეჭდილი და გამოცემული აქვს).

 

ვერა საბოლოოდ ჩავიდა იოშქარ-ოლაში და კერძო ბინაში დასახლდა. მის გვერდით პოლიტიკური პატიმარი დედ-შვილი ცხოვრობდა. ვერას იქ  თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონდა. შეიძლებოდა სანახავად ჩასვლაც. „ბებიაც ჩადიოდა. ერთხელ მამაჩემიც, მისი ძმაც კი ჩავიდა - მითხრა ბებიაჩემმა. იქ დაიწყო ვერამ სწავლა. შეისწავლა ინგლისური და ეკონომიკა. ვერა რეგისტრაციაში დაჰყავდათ კვირაში ერთხელ. გადასახლებულ ქართველებს, ვინც რუსული არ იცოდა, რუსულ ენაში ამეცადინებდა. თვითონ ვერა ფრანგულს და ინგლისურს სწავლობდა და ბოლოს თავისუფლად ფლობდა ორივე ენას. შემდეგ კი სამი წლით გაგზავნეს ვორონეჟში, მაგრამ რაკი იქიდან ჩამოსულს, თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს, ონში ეკონომისტად გააწესეს. უკან დაბრუნებულს ბერიასთან შეხვედრა მოუწყვეს (როგორც ჩანს, ბერია ხვდებოდა პატიმრებს). როგორც ბებია ყვება, ბერიამ უკითხავს, მოიხსენით ვარდისფერი სათვალეებიო? რაზეც ვერას უპასუხია, მე სათვალე არასდროს მიტარებია, სათვალე თქვენ გაქვთ მორგებულიო...

 

საბოლოოდ ვერა ჯერ ზესტაფონში, შემდეგ ამბროლაურში გააწესეს. 1936 წელს, მასობრივი დაპატიმრების დროს, ის ამბროლაურში დააკავეს. ამის შემდეგ დაიკარგა მისი კვალი. არავინ, არც ოჯახმა იცოდა, რა მოხდა. ვერა გაქრა. მისი  სახელი აღარ იხსენიებოდა. ჩეკა ცნობებს არ იძლეოდა. თავიდან იშორებდნენ მსჯავრდებულებს და ყველას ხვრეტდნენ. მშობლები ძალიან წუხდნენ და ამიტომ ოჯახმა მოიგონა ჭორი, რომ ვერა საზღვარგარეთ გაიქცა. სად გაიქცეოდა?  50-იან წლებში, როდესაც გადასახლებულების ოჯახებს მიაწოდეს ცნობები, მაშინ გაიგო ვერას ძმამ, რომ იგი დახვრიტეს 1937 წელს.  მერე ოფიციალური ცნობა მიიღო ბებიას მამამ. რამდენიმე წლის წინ შსს-მ გამოსცა წიგნი რეპრესირებულ ქალებზე. ამ წიგნში მამიდა ვერას დახვრეტის შესახებაც წერია.[5] 

 

ჩვენს ოჯახში ერთი წამიც არ გასულა ისე, რომ არ გვხსომებოდა საბჭოთა კავშირის ტერორის სიმძიმე, მიუხედავად იმისა, რომ თავად საბჭოთა კავშირს საერთოდ არ მოვსწრებივარ. სსრკ იყო მხდალების ქვეყანა, რომელიც 18 წლის ბავშვებს დევნიდა, ასახლებდა და საბოლოოდ ხვრეტდა. ამის მიუხედავად, მამიდა ვერა დღემდე რჩება ამ სისტემის ერთ-ერთ უსახელო მსხვერპლად, რომლის ძლიერ და გაუტეხელ ხასიათსაც  მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვიცნობთ. მინდა, იცოდეთ რომ ასი წლის წინ, ჩემხელა გოგონამ ბერიას, რომლისაც იმ დროს, ყველას ეშინოდა, თვალებში ჩახედა და უთხრა სიმართლე.

 

____

 

[1] პავლე(პაპუნა, პაპულია) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (1882-1937) - საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწის, სერგო ორჯონიკიძის უფროსი ძმა. სერგოს სიკვდილის შემდეგ (1937 წლის 18 თებერვალი) დაკარგა გავლენა და „დიდ ტერორს“ შეეწირა.

 

[2] Попхадзе_Иоким_Владимирович_(1896)

 

[3] უშუალოდ სტალინის ხელმოწერით რეპრესირებული 3,616 ადამიანი, რომელთა სახელებიც სიებად იგზავნებოდა კრემლიდან, ხოლო მათ მიმართ სასჯელის გამოტანა და განაჩენის აღსრულება ადგილზე ხდებოდა.

 

[4] საუბარია ცნობილ ტარტუს უნივერსიტეტზე. 1893-1919 წლებში ქალაქ ტარტუს - იურიევი ეწოდებოდა.

 

[5] ანა მარგველაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, გიორგი შაიშმელაშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი, დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ. თბილისი, 2021

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023