რუსეთის გადაჭარბებული გავლენა დასავლელ მეცნიერებსა და მეცნიერებაზე

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 2 თებერვალი 2024

ავტორი: ჰიროაკი კურომია, ისტორიკოსი, ინდიანას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი

 

ჰიროაკი კურომია შეისწავლის უკრაინის ახალ და უახლეს ისტორიას ფართო, ევრაზიული ისტორიის კონტექსტში. მისი ნაშრომები შეეხება ისტორიულ და თანამედროვე დონბასს, ასევე, ჰოლოდომორს, დიდ ტერორსა და სტალინის ეპოქის სხვა მოვლენებს.

 

ორიგინალი 2023 წლის 30 ივნისს გამოქვეყნდა ონლაინ პორტალზე - Forum for Ukrainian Studies. სტატია ითარგმნა და ქვეყნდება ავტორის ნებართვით.

 

-

2023 წლის 19 მაისს რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა „პერსონალური სანქციები“ 500 „ამერიკელი მოქალაქის“ წინააღმდეგ, რაც, სხვა ზომებთან ერთად, ითვალისწინებდა რუსეთის ფედერაციაში შესვლის აკრძალვასაც. რამდენიმე მეგობარმა სასწრაფოდ შემატყობინა, ზოგმა სამძიმარი გამოთქვა, ზოგმა მომილოცა, რომ ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორთა შორის მეც აღმოვჩნდი მოსკოვის შავ სიაში (რომ დავაზუსტოთ, ისევე როგორც სიაში მოხვედრილი ზოგიერთი სხვა ადამიანი, მე არ ვარ ამერიკის მოქალაქე, არამედ ვარ აშშ-ის "რეზიდენტი უცხოელი".) და შევუერთდი კოლეგების მცირე ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაასანქცირეს.

 

შავი სიის შესწავლის შემდეგ, ანდერს ასლუნდმა აღნიშნა, რომ სიაში ჭარბობენ ანალიტიკური ცენტრების (think tank) წევრები და დასძინა: „გასაკვირია, რომ სიაში უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორიც აღმოჩნდა. კრემლს სჯერა, რომ წარმატებით ჩაახშობს მათ ხმას? რა უნდა თქვან მათ დასაცავად ინტელექტუალებმა, რომლებიც არ არიან სანქცირებული?” ერთი მხრივ, ასლუნდი შესაძლოა არ იყოს მართალი სამეცნიერო საზოგადოების მიმართ: უნივერსიტეტები განსხვავდებიან ანალიტიკური ცენტრებისგან და აკადემია არ არის ხოლმე ჩართული მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის მცოდნე მხოლოდ რამდენიმე მეცნიერს დაუწესდა სანქცია მაშინ, როცა სანქცირებულთა უმეტესობა უკრაინას შეისწავლის. მიუხედავად ამისა, მოსკოვის სანქციები ცალკეულ მეცნიერთა მიმართ, მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებისთვის - დაუპირისპირდეს არასასიამოვნო საკითხებს, რომელთა მოგვარებაც აქამდე ვერ მოახერხა.

 

***

ჩვენთვის, ვინც წლები დაუთმო აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის არარუსული რეგიონების შესწავლას, საკმაოდ უცნაურია, რომ მხოლოდ ახლა დაიწყო რუსეთის კვლევების სფერომ დისციპლინის „დეკოლონიზაციაზე“ საუბარი. არასდროს არ არის გვიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თვითკმაყოფილებას, რომლითაც ეს სფერო აქამდე მოქმედებდა, ამავდროულად, იმპერიალისტურ მსოფლმხედველობას, რომელიც რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა დისციპლინას გასული საუკუნის განმავლობაში დაუწესეს. ეს სფერო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოზიტიურ ჭრილში განიხილავდა ისეთი რუსი ლიტერატურული მოღვაწეების იმპერიალისტურ და რუსოცენტრულ შეხედულებებს, როგორებიც არიან - ალექსანდრე პუშკინი, ფიოდორ დოსტოევსკი და იოსიფ ბროდსკი. ჩემს კვლევებში ყველგან აღვნიშნავ, რომ, ჯერ კიდევ 2000 წელს, Oxford University Press-ის მიერ გამოქვეყნებულ, ნიკოლას რიასანოვსკის უაღრესად პოპულარულ სახელმძღვანელოში - “რუსეთის ისტორია” (A History of Russia) - “კიევის-რუსს” (Kiyv-Rus) „კიევის რუსეთი“ (Kievan Russia) ეწოდება. თითქმის ყველა სახელმძღვანელოში კვლავ გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა „პეტრე დიდი“ და „ეკატერინე დიდი“. როგორც ჩანს, ამ სფერომ, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, სრულად შთანთქა რუსული იმპერიალისტური პროპაგანდა ისე, რომ არც კი იაზრებდა მის თხრობაში მიკერძოებულობასა და სიცრუეს. ყველა საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ მოსკოვი კმაყოფილი დარჩა მეცნიერების მსგავსი მდგომარეობით.

 

2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ, ბევრმა აკადემიურმა ინსტიტუტმა საჯაროდ დაგმო რუსეთის ფედერაციის მოქმედება. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს იმ არასასიამოვნო ფაქტს, რომ ძალიან ცოტამ გააკეთა ეს 2014 წელს, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ იქამდე შენიღბულ ომს ფარდა ახადა, განსაკუთრებით დონბასში. როგორც დასავლურ სამეცნიერო წრეებში დონბასის შესახებ კვლევების ერთ-ერთი იშვიათი ავტორი, მე, ვალდებული ვარ ისტორიულ ჭრილში გავაანალიზო რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება. უფრო მეტიც, აკრძალულთა სიაში მოხვედრის შემდეგ, შეუძლებელია არ მაინტერესებდეს, ჩემმა ბოლოდროინდელმა წიგნმა ჩინეთსა და იაპონიაში სტალინის ფარული დივერსიული ომების, შენიღბვისა და დეზინფორმაციის შესახებ, აუშალა თუ არა მოსკოვს ნერვები.

 

რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ აღარ მაქვს რუსეთის არქივებში მუშაობის შესაძლებლობა და ვეღარ მოვინახულებ მეგობრებსა და კოლეგებს. მადლობელი ვარ იქ გატარებული დროისთვის და, წარსულში, რუს მეცნიერებთან ერთობლივი მუშაობისთვის. ვაღიარებ, რომ რუსეთის არქივებზე წვდომა და რუს ექსპერტებთან აზრთა მიმოცვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩემი საქმიანობისთვის. ამავდროულად, შექმნილ ვითარებაში ცოტა თუ გაბედავს რუსეთში გამგზავრებას. რუსეთის არქივებისგან, ბიბლიოთეკებისა და ექსპერტებისგან რაიმე ინფორმაციის მიღების მოლოდინების ხანაც დასრულდა. ასე რომ, როგორც ჩანს, დროა შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობა რუსეთსა და უკრაინაში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, 1990-იან წლებში დახურული არქივების გახსნიდან მოყოლებული.

 

***

არც ისე დიდი ხნის წინ, დასავლელი მეცნიერები საუბრობდნენ რუსეთისა და საბჭოთა ისტორიის შესწავლის კუთხით "საარქივო რევოლუციაზე", მაგრამ ეს მოჩვენებითი აღმოჩნდა. მოსკოვი არა მხოლოდ ეჭვიანობის ნიადაგზე იცავს საკუთარ არქივებს, არამედ აქვეყნებს საარქივო დოკუმენტებს ფრთხილად და შერჩევით, რათა ისტორიკოსების შეხედულებები სასურველი მიმართულებით წარმართოს. სამი ათწლეულის განმავლობაში, საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის შემდეგ, მხოლოდ ახლა დავრწმუნდი, როგორი გულუბრყვილო ვიყავით იმ რწმენით, რომ რეალური წვდომა გვქონდა საბჭოთა პერიოდის არქივებზე. ჩვენ უნდა გვცოდნოდა მოსკოვის მიერ საარქივო დოკუმენტების ფრთხილი, მიზანმიმართული და ოსტატური შერჩევითი გამოქვეყნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა მანიპულირებას ექსპერტების კვლევებით.

 

მაგალითად, ავიღოთ საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი და მისი ეპოქა, რომელსაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში შევისწავლიდი. მასზე ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით მისი პოლიტიკის მრავალი ასპექტის შესახებ. ზოგიერთი დოკუმენტი განადგურდა ან არ არის შემონახული. სტალინის პოლიტიკის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, არასოდეს ყოფილა ქაღალდზე გადატანილი. მრავალი საჭირო დოკუმენტი ჯერ კიდევ საგულდაგულოდაა დალუქული ყოფილი კომუნისტური პარტიის არქივში, პრეზიდენტის არქივში, სამხედრო არქივებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურების არქივებში და ა.შ.. ყოფილ პარტიულ არქივში სტალინისა და პოლიტბიუროს „ღია“ დოკუმენტებში კი უამრავი გასაიდუმლოებული გვერდია. უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულება, რომ არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომის შიშით, რუსეთის მთავრობამ ზოგიერთი დოკუმენტი მოსკოვიდან რუსეთის შორეულ არქივებში გადაიტანა, რათა კიდევ უფრო მიუწვდომელი გაეხადა მკვლევრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი შეიძლება ნაკლებად ღირებული აღმოჩნდეს, მათი უმეტესობა მართლაც მნიშვნელოვანი იქნება, დიდი ალბათობით, და ამიტომაც ინახავს მოსკოვი მათ საიდუმლოდ.

 

ამ მხრივ, სერიოზულად უნდა მივიღოთ ასლუნდის ზემოთ ციტირებული მწვავე შენიშვნები. საილუსტრაციოდ, 2014 წელს, აღიარებული საუნივერსიტეტო გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში, სტალინის შესწავლით დაინტერესებული დასავლელი მკვლევრები მის გამოსვლებსა და ნაწერებს აფასებენ და ასკვნიან, რომ ომთაშორის პერიოდში უცხო ქვეყნებისთვის „საკმაოდ მარტივი“ იყო „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ ორგანიზება და „ჯაშუშებად და დივერსანტებად“ გადაბირება მათთვის „იოლ” ამოცანას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა საარქივო დოკუმენტების ციტირებით, ამავდროულად, სავარაუდო ჯაშუშებისა და დივერსანტების შესახებ დაუსაბუთებლობით, წიგნში საუბარია საბჭოთა კავშირში „მტრის აგენტურის გავრცელებაზე“. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ წიგნი ამართლებს სტალინის „შიშს“ უცხოელი ჯაშუშების მიმართ და გარკვეულწილად დიდი ტერორის ლეგიტიმაციასაც ცდილობს. თუმცა, ეს წმინდა საბჭოთა პროპაგანდაა და თუ ყოფილ საბჭოთა არქივებზე შერჩევითი ხელმისაწვდომობის მინიჭებამ დასავლელი სპეციალისტები სტალინის შესახებ ამგვარ დასკვნამდე მიიყვანა, მაშინ მოსკოვი უბედნიერესი იქნებოდა. მე გამოქვეყნებული მაქვს აღნიშნული წიგნის კრიტიკული მიმოხილვა და არსად შემხვედრია სხვა, მსგავსად კრიტიკული შეფასება. ძნელია გაიგო პროფესიონალის მხრიდან კრიტიკული ანალიზისა და ზოგიერთი შერჩევითი წყაროს პრინციპული უარყოფის გაუგებარი ნაკლებობა. თუმცა ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ეს ასახავს საბჭოთა კვლევების ზოგად სამწუხარო მდგომარეობას. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დროს გამოცემულმა წიგნებმა სტალინის შესახებ მცდარი შეხედულებები დაამკვიდრა, მეცნიერები, როგორც ჩანს, უფრო მეტად აცნობიერებდნენ ამ თემის ირგვლივ კვლევის შეზღუდულ ხასიათს, ძირითადად, იმიტომ, რომ საბჭოთა არქივებთან წვდომა არ არსებობდა. პარადოქსულად, როგორც ჩანს, არქივების გაზრდილმა წვდომამ გამოიწვია - ნატალი დევისის ცნობილი ეპითეტით - "ფიქცია არქივებში", კერძოდ, რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გულუბრყვილო გამეორება.

 

მართალია, უნდა ვაღიაროთ, რომ ახალმა საარქივო ეპოქამ რუსეთში, 1990-იან წლებში ხელი შეუწყო როგორც რუსი, ისე დასავლელი მკვლევრების მიერ საბჭოთა ისტორიის ნაკლებად “ბნელი” ეპიზოდების გარკვევას, და ზოგადად, საბჭოთა ისტორიის უკეთ გააზრებას. უკრაინის შესახებ კვლევებმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა რუსეთის არქივებთან გაზრდილი წვდომით. ახლაც, როგორც ადრე, ბევრი მეცნიერი პირად საუბრებში გამოხატავს შიშს რუსეთის ვიზაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და საჯაროდ საუბრობს რუსეთის „სავიზო მხარდაჭერაზე“, თითქოს ეს რაიმე სახის ჯილდო იყოს. თავისუფალი სამყაროს მეცნიერები მიდრეკილნი არიან, ნებსით თუ უნებლიეთ, გაებნენ ხაფანგში, რომელიც მოსკოვმა შეგნებულად დააგო. მოსკოვს მიაჩნია, რომ დასავლელი მეცნიერები ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ და მანიპულირებენ მათზე „რბილი ძალით“ (მათ შორის ადამიანური ფაქტორებით, დოკუმენტებთან დაშვებით და სხვა სახის ხელგაშლილობით). ცოტა ხნის წინ, პაველ ივლევმა ღიად ისაუბრა ასეთ საფრთხეზე. იგივე შეიძლება ითქვას პეკინზეც. თუ ჩვენ, მეცნიერები, როგორც კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები, ვინც ვსარგებლობთ აკადემიური თავისუფლების პრივილეგიითა და ხშირად უვადო შრომითი კონტრაქტებითაც, აღმოვჩნდებით ასე დაუცველები, უნდა ვინტერესდებოდეთ რა არის ჩვენი raison d’etre (ფრანგ. არსის საზრისი).

 

ურთიერთობათა ეს დამთრგუნველი სიტუაცია ასახავს ზოგადად რუსეთის შესახებ კვლევების “კუნძულოვან მდგომარეობას”. ისინი, ვინც მუშაობდნენ უკრაინაში, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში, უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან მათ შეუძლიათ რუსეთს სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედონ, ამ ქვეყნების არქივებზე წვდომა ნაკლებად იყო შეზღუდული, ვიდრე რუსეთში. ასევე, მათი წვლილი რუსეთისა და საბჭოთა კვლევებში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე იყო აღიარებული. მათთვის დღევანდელი მოწოდება „რუსეთის კვლევებში დეკოლონიზაციის შესახებ“ კარგა ხნით დაგვიანებულია.

 

უახლოეს მომავალში, ყოველ შემთხვევაში, დასავლურ აკადემიურ სივრცეში რუსეთისა და საბჭოთა კვლევების პროგნოზები უიმედო ჩანს. ამ დროს კი, უკრაინის შესახებ კვლევები, ომის მიუხედავად, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. თუმცა, იმპერიის არქივებთან უფრო თავისუფალი წვდომის გარეშე ჩვენი სფერო საგრძნობლად დაზარალდება. 

 

ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები, რადგან არ შეგვიძლია გულუბრყვილოდ ვუყუროთ დასავლელი ექსპერტების მანიპულირებისკენ მიმართულ რუსეთის ფარულ და ჭკვიანურ მცდელობებს. რაც შეეხება საარქივო კვლევას, უდავოდ, ახლა უკვე დამოუკიდებელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების არქივებს ეკისრებათ გაცილებით დიდი როლი, ვიდრე ოდესმე. რუსეთის შემსწავლელ მეცნიერებს მოუწევთ არარუსული ენების შესწავლა და კვლევა-ძიება არარუსულენოვან ქვეყნებში რუსეთის შესასწავლად. უკრაინა, რომლის განადგურებასაც მოსკოვი ძალის გამოყენებით ცდილობს, უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს. რამდენადაც მე შემეხება, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე არა რუსეთში, არამედ უკრაინაში, 1990-იან და 2000-იან წლებში, როდესაც უკრაინის არქივები ბევრად უფრო ღია გახდა მკვლევრებისთვის, ვიდრე რუსეთის. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან უკრაინაში ყოფილ კგბ-ს არქივებთან წვდომამ გახსნა ახალი და გასაოცარი პერსპექტივები ისტორიის შესწავლისთვის და სწორედ უკრაინაში გამოვიმუშავე საბჭოთა პერიოდის დოკუმენტების კრიტიკულად კითხვის უნარი. ისევ და ისევ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მხოლოდ რუსეთში - და არა რომელიმე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - დაცულია ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის შესასწავლად. 


მეცნიერებს შეუძლიათ, საკითხის ირგვლივ გარკვეულწილად იმუშაონ დასავლურ არქივებში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი და ბულგარეთი. მაგალითად, რუსეთში არა ერთი კონკრეტული დოკუმენტის ძიების შემდეგ, ზოგიერთი მათგანის ასლს მონღოლეთში, ულან-ბატორის არქივში მივაკვლიე. რამდენიმე წლის წინ, ტაიპეიში (ტაივანი) აღმოვაჩინე ორი წერილის დედანი, რომელიც სტალინმა 1939 და 1941 წლებში ჩან კაიშის მისწერა. მათი ასლები მოსკოვის არქივში დახურული იყო. მე გამოვაქვეყნე ისინი ორიგინალურ ენაზე ყველა მეცნიერის (მათ შორის რუსი მეცნიერების) სახეიროდ. არავინ იცის როგორ და როდის დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები სერგეი რადჩენკოს, რუსული წარმომავლობის ისტორიკოსს, რომელიც ახლა ასწავლის შეერთებულ შტატებში. მან 2022 წლის მაისში დაწერა: "რატომაა აუცილებელი რუსეთის დამცირება უკრაინაში: მათ ძალიან ცოტა გაკვეთილი მიიღეს საბჭოთა კავშირის დაშლისგან”. შესაძლოა ეს წინადადება რუსებისთვის შეურაცხმყოფლად ჟღერდეს, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ყველა ნორმალურ ერს განუცდია დამცირება. ჩინეთი მუდმივად საუბრობს ისტორიულ დამცირებაზე დასავლეთისა და იაპონიის მხრიდან. მათ, ვინც იხილა საიგონის ქაოსური სცენები 1975 წელს, ხვდება, როგორი დამცირება განიცადა შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამში. რუსეთი პრეტენზიას გამოთქვამს 1991 წლის დამცირებაზე - თუთიყუშივით იმეორებს პრეზიდენტ პუტინის გამონათქვამს, რომ სსრკ-ის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო - მარჯვედ ივიწყებს, რომ თავად რუსეთს სურდა საბჭოთა კავშირის ტვირთისგან გათავისუფლება. დამცირების აღიარება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას; მისი გაკვეთილების უარყოფა და სხვების დადანაშაულება ადვილია, მაგრამ საშიში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პოლიტიკოსებს შორის გამბედაობის დეფიციტს ავლენს. რუსეთის აბსოლუტური მარცხი, საბოლოო ჯამში, შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციისა და თავად რუსების მომავლისთვის. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის, რუსეთის და საბჭოთა კვლევების აკადემიური სფეროების მომავალზეც.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023