ავტორი: სალომე ჩუხუა
ლუსტრაციის პროცესი პოსტ-საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. საქართველოში, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ლუსტრაციის ელემენტების მქონე კანონი შემუშავდა მხოლოდ 2007 წელს, თუმცა ის 2011 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ორი წლის შემდეგ, 2013 წელს კი, კანონის რეალურად ამუშავების მიზნით, მასში შესატანად რამდენიმე ცვლილება მომზადდა.
“თავისუფლების ქარტია” სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი, ლუსტრაცია და საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვა. კანონი ითვალისწინებს თანამდებობრივი შეზღუდვების დაწებას იმ პირებისთვის, რომლებიც კავშირში იყვნენ საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურებთან 1989 წლის 9 აპრილამდე. კანონის მიხედვით, რეჟიმთან კავშირში მხილებული პირების სია არ იქნება საჯარო და ის მხოლოდ სპეციალური კომისიისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა შექმნილიყო, თუმცა, მიუხედავად ამ პირობისა, კომისია, დღეის მდგომარეობით, კვლავ არ არის შექმნილი.
2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა კანონპროექტები „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, „თავისუფლების ქარტიის“ პირველი მუხლი ყალიბდება განსხვავებული რედაქციით, მეორე მუხლს „ე“ ნაწილი ემატება, რომელიც კომუნისტურ ტოტალიტარულ სიმბოლიკას განმარტავს. ცვლილებები „თავისუფლების ქარტიის“ მე-7 მუხლსაც შეეხება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში კომისიის შექმნის საკითხს არეგულირებს. კანონპროექტი კომისიის დანიშნულებასაც ახალი რედაქციით აყალიბებს. სწორედ ეს კომისია წყვეტს, რომელი ძეგლი ან ბარელიეფი წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარიზმის, კომუნიზმის ან ფაშიზმის სიმბოლოს და დადგენილი წესით მათი აღმოფხვრის შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, ეს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. პირველ ეტაპზე, მოხდება დამრღვევის გაფრთხილება, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ კი გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ თუკი დადგენილი წესები დაირღვევა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არა მხოლოდ კომისიას, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა. კანონპროექტის ძირითადი არსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1481-2006 და 1096-1996 რეკომენდაციების გათვალისწინება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაახლოებაა.
საქართველოში ლუსტრაციის პროცესი საკმაოდ დაგვიანებულია, თუმცა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებისა და კანონის ეფექტური იმპლემენტაციის შემთხვევაში, შესაძლოა მალე დაიძლიოს ის სირთულეები, რაც ამ პროცესის დაწყებას ახლავს. აუცილებელია აგრეთვე ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ტოტალიტარულ სიმბოლოებთან ბრძოლისა და ლუსტრაციის მიდგომებიც. ზოგადად, პრობლემას საქართველოში ქმნის, ერთი მხრივ, ლუსტრაციის დაგვიანებული პროცესი (საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელზე მეტია გასული) და, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ საქართველოს არქივებში მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი იმ მასალების მოძიება, რომელიც უზრუნველყოფდა ლუსტრაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვას. სამწუხაროდ, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივის ნაწილობრივმა განადგურებამ სამოქალაქო ომის პერიოდში, აგრეთვე, მოსკოვის მიერ შესაბამისი აგენტურული მასალების ჩვენი ქვეყნიდან გატანამ, ძალზე მწირი საშუალება დაგვიტოვა იმისთვის, რომ ეს პროცესი სრულყოფილად წარიმართოს. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონი არის პირველ რიგში ქვეყნის განაცხადი ტოტალიტარული მსოფლმხედველობისგან განრიდებისა და საბჭოთა კავშირის, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის აღიარებისკენ. ეს კი ნამდვილად აუცილებელია ჩვენი უახლესი ისტორიისა და წარსულის გადაფასებისთვის.