დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება - რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 9 აგვისტო 2019

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მის გარეშე შეუძლებელია თითოეული ადამიანის თვითრეალიზება და საზოგადოების განვითარება. სამართლებრივ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რაც უზრუნველყოფს აზრებისა და ინფორმაციის თავისუფალ მიმოცვლას.


მსოფლიოში ინტერნეტის როლის გაზრდის პარალელურად, სულ უფრო აქტუალური ხდება იმ წესების განსაზღვრა, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტ ურთიერთობებზე. ამ კუთხით, საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება, რაც ქმნიდა გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის სერიოზულ საფრთხეს.


დაუშვებელი პროდუქციის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზები


2017 წლის აგვისტოში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა „დაუშვებელი პროდუქციის” ცნების განხილვასა და იმის გარკვევას, თუ რამდენად პასუხობდა მისი თითოეული საფუძველი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.


პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომ - „კომისია“) მიერ დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტით (შემდგომ - „რეგლამენტი“) განსაზღვრული „დაუშვებელი პროდუქციის“ ზოგიერთი საფუძველი იყო ბუნდოვანი და ფართო მიხედულებას ტოვებდა განმარტებისათვის. შესაბამისად, არსებობდა გამოხატვის თავისუფლების იმაზე მეტად შეზღუდვის საფრთხე, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.


გარდა ამისა, პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, პრობლემური იყო რეგლამენტის ის ჩანაწერი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იყო შეემუშავებინა ისეთი მექანიზმები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა, გაეუქმებინა ან განეკავშირებინა მომხმარებელი, თუ გამოვლინდებოდა ან ცნობილი გახდებოდა, რომ ის აწარმოებდა დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება/გადამისამართებას. პრობლემური იყო ასევე რეგლამენტით გათვალისწინებული ინტერნეტდომენის გამცემის ვალდებულება, პერიოდულად შეემოწმებინა მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარსი იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი პროდუქცია განთავსდებოდა, დომენის გამცემს დაუყოვნებლივ უნდა მიეღო შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. ეს ვალდებულება ასევე გააჩნდა ინტერნეტგვერდის მფლობელს.


IDFI-ს შეფასებით, ამგვარი ვალდებულებების დაწესება გაუმართლებელ ტვირთს აკისრებდა კერძო კომპანიებს, რადგან ინტერნეტდომენებზე განთავსებული პროდუქციის შემოწმება და მათი ობიექტურად შეფასება, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე. თუმცა, ცხადია, ეს არ გამორიცხავს ამ კერძო კომპანიების შესაძლებლობას, იქონიონ რეაგირება მათ მიმართ წარდგენილ კონკრეტულ საჩივრებზე.


საბოლოო ჯამში, IDFI-ს დასკვნის თანახმად, კომისიის რეგლამენტით გათვალისწინებული რეგულირება ვერ პასუხობდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი ასევე მოიცავდა კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც მიზნად ისახავდა ხარვეზების გასწორებასა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების ამაღლებას.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება


2017 წლის 8 ნოემბერს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ინტერნეტდომენის გამცემის მიერ ინტერნეტგვერდის დაბლოკვის შესაძლებლობას, აგრეთვე, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ყველა შესაძლო ზომის მიღებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, არღვევდა კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.


მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო დადგენილებით კომისია თავად განსაზღვრავდა დაუშვებელი პროდუქციის ცნებას და არეგულირებდა ამგვარი პროდუქციის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი განმარტებით, სადავო ნორმებით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა უფლებამოსილების დელეგირების გარეშე, არა კანონის, არამედ კომისიის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.


მოსარჩელე მხარის აზრით, კანონმდებლის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაშიც კი, კომისიას თავად არ ჰქონდა უფლება, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის შესაძლებლობა მიენიჭებინა კერძო პირებისათვის, კერძოდ, ინტერნეტდომენის გამცემისა და მომსახურების მიმწოდებლისათვის.


2019 წლის 2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დაცული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნები, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.


სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმებით, ერთი მხრივ, ხდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრულია კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების იმპლემენტაციის და ტექნიკური აღსრულების წესები.


შინაარსობრივი რეგულირება


სადავო ნორმებით კომისია კრძალავს სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემას. ამგვარი მოწესრიგება ნიშნავს გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას, რაც ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს.


კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად აცხადებს მხოლოდ კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა შეიძლება განსაზღვროს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაა დაუშვებელი. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის დადგენა კომისიის ან/და საქართველოს პარლამენტის გარდა ნებისმიერი სხვა ორგანოს მიხედულების ფარგლებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, კომისიის მიერ გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება დაუშვებელია, რადგან კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.


ტექნიკური აღსრულების წესი


სადავო ნორმები გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებასთან ერთად ასევე აწესრიგებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების აღმოფხვრის წესს (ინტერნეტგვერდის დაბლოკვა, დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემის შეზღუდვა). სასამართლოს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს, რა ტიპის ინფორმაციისა და აზრების გავრცელებაა დაუშვებელი, ამ მოთხოვნის აღსრულების წესი შეიძლება კომისიამ დაარეგულიროს. პარლამენტი უფლებამოსილია მოახდინოს ტექნიკური საკითხების მოწესრიგების დელეგირება სხვა ორგანოზე, რადგან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული წესები არ განეკუთვნება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას.


ასეთ შემთხვევაში, კანონში უნდა არსებობდეს მკაფიო ჩანაწერი, რომლითაც უფლებამოსილების დელეგირება ხდება შესაბამის ორგანოზე. სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობაში არ გვხვდება ნორმა, რომელიც კომისიას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილებას ანიჭებს. შესაბამისად, კომისია არ იყო უფლებამოსილი დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის წესი დაერეგულირებინა.


შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, ერთი მხრივ, არ მომხდარა პარლამენტის მიერ კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საკანონმდებლო დებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, პარლამენტის ამგვარი ნება არაკონსტიტუციური იქნებოდა.

 

დასკვნა


საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი მხარე, ანუ იმის განსაზღვრა, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაა დასაშვები, ისეთი საკითხია, რომელიც სტაბილურ საკანონმდებლო გარანტიებს საჭიროებს. შესაბამისად, ამ საკითხის კომისიის კანონქვემდებარე აქტით მოწესრიგება დაუშვებელია.


ამავდროულად, არსებითად მნიშვნელოვანია, პარლამენტის მიერ საკანონმდებლო დონეზე დაუშვებელი პროდუქციის რეგულირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და არ მოხდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024