საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 9 სექტემბერი 2014

2014 წლის 1 ივლისს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა სხვადასხვა შინაარსის საჯარო მონაცემები (ჩამონათვალი იხილეთ განცხადებაში).

სამწუხაროდ, პროკურატურის მხრიდან ჩვენს განცხადებას პასუხი არ მოყოლია. საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონმდებლობით გათვალიწინებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის უმოქმედობა ინსტიტუტმა 31 ივლისს გაასაჩივრა ზემდგომ თანამდებობის პირთან, საქართველოს მთავარ პროკურორთან.

 

3 სექტემბერს ინსტიტუტმა მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება ჩვენს მიერ წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით. წერილში განმარტებულია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არის ღია საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ხაზგასმულია, რომ ადმინისტრაციული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

იუხედავად ზემოაღნიშნულისა, IDFI-ს მოთხოვნილი ინფორმაცია მიეწოდა მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ წერილით მოთხოვნილი 16 სახის ინფორმაციიდან სრულყოფილად პასუხი გაეცა მხოლოდ 4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციას, ნაწილობრივ მოგვეწოდა პასუხი 6 შეკითხვაზე, ხოლო 6 საკითხთან დაკავშირებით გვეცნობა, რომ შესაბამისი ქმედება პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა.

 

მიღებული მონაცემებიდან მკითხველის ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

 

 

1. პრემიები და დანამატები

 

მართალია IDFI-ს არ მოეწოდა ინფორმაცია პროკურატურის თანამდებობის პირებზე 2013 წლის 1 იანვრიდან წერილის მიღების მომენტამდე გაცემული პრემიების შესახებ ცალ–ცალკე სახელის და გვარის მითითებით, თუმცა მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯამურად საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებს 2013 წელს მიღებული აქვთ პრემია 1 646 027 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 852 731 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გვეცნობა, რომ 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად პროკურატურაში გაცემული პრემიების ოდენობა ჯამურად (თანამდებობის პირებზე და პროკურატურის თანამშრომლებზე) გამოიყურება შემდეგნაირად:

 

2013 წელს პროკურატურის სისტემაში სულ გაიცა - 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია


2014 წლის პირველი 6 თვეში სულ გაიცა - 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია

 

შედარებისთვის აქვე გვინდა მოვიყვანოთ პროკურატურის სისტემაში 2012 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციაც. კერძოდ, ჩვენს მიერ მიღებული ოფიციალური წერილიდან იკვეთება, რომ 2012 წელს პროკურატურის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე სულ გაცემული იქნა - 4 557 686 ლარის ოდენობის პრემია.

 

საქართველოს კანონმდებლების თანახმად პროკურატურის სისტემაში დასაქმებული პირი ითვლება თანამდებობის პირად თუკი მას უკავია ერთ–ერთი შემდეგი პოზიცია: საქართველოს მთავრი პროკურორი ან მისი მოადგილე, საქართველოს მთავრი პროკურატურის დეპარტამენტის ან სამსახურის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო ან რაიონული პროკურორი. საქართველოს მთავარ პროკურორს ყავს სამი მოადგილე, ამასთან მთავარ პროკურატურაში შექმნილია 12 დეპარტამენტი და სამსახური, რაც შეეხება საოლქო და რაიონული პროკურატურებს სულ ჩამოყალიბებულია 37 ასეთი ქვედანაყოფი. შესაბამისად პროკურატურის სისტემაში სულ დასაქმებულია 53 თანამდებობის პირი. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროკურატურის თანამდებობის პირებზე ყოველთვიურად დარიცხული პრემიის საშუალო ოდენობა 2013 წელს დაახლოებით 2588 ლარს, ხოლო 2014 წელს კი 2682 ლარს შეადგენდა. სამწუხაროდ, ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების გამო რთულია იმის იდენტიფიკაცია თუ რომელმა თანამდებობის პირმა რა ოდენობის პრემია მიიღო 2013-2014 წლებში. ამავე დროს თუ ვნახავთ ჩვენს მიერ 2012 წელს მიღებულ საჯარო ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, ნათელი ხდება, რომ მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები პრემიის სახით 2012 წელს ყოველთვიურად იღებდნენ 5870 ლარს:

 

 

ამავე დროს, თუ ჩვენ გავაანალიზებთ მაგალითად მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში  მითითებულ შემოსავლის ოდენობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: გაბიტაშვილს 2013 წელს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შემოსავლის ოდენობად მითითებული აქვს 61 920 ლარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ თანამდებობაზე ის დაინიშნა 2013 წლის 13 ივნისს. მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3400 ლარს, აქედან გამომდინარე 7 თვის განმავლობაში (2013 წლის ივნისი-დეკემბერი) მას ხელფასის სახით უნდა მიეღო 23 800 ლარი. შესაბამისად, თუ ამ თანხას გამოვაკლებთ მის მიერ დეკლარირებულ 61 920 ლარს ვნახავთ, რომ ხელფასთან ერთად გიორგი გაბიტაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 38 120 ლარი (საშუალოდ 5445 ლარი ყოველთვიურად პრემიის სახით). შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2013 წელს საქართველოს პროკურატურაში მაღალ თანამდებობის პირებზე კვლავ იმ წესით და ოდენობით გაიცემოდა საპრემიო თანხები, როგორც ეს 2012 წელს იყო დამკვიდრებული პრაქტიკაში.

 

2. სახელმწიფო შესყიდვები

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სქართველოს კანონის თანახმად გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება მაგალითად 5000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, ასევე მაშინ როდესაც სამუშაოს შესრულება, ან საქონლის მოწოდება არის ერთი პირის ექსკლუზიური უფლება და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა. გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელი განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო ან კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლებისას ისევე როგორც შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებისას. შესაბამისად აშკარაა, რომ შესყიდვის გამარტივებული პროცედურებით ჩატარება განპირობებულია შესყიდვის დაბალი ღირებულებით ან/და მცირე მნიშვნელობით, შესაბამისად სასურველია თავიდან იქნეს აცილებული გამარტივებული შესყიდვის გზით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ფინანსების განკარგვა. სწორედ აღნიშნულზე მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა ინტიტუტის მიზანს, როდესაც პროკურატურისგან ვითხოვდით ინფორმაციას გამარტივებული შესყიდვების განხორციელების, კერძოდ ჩანაცვლებული ავტომობილების, კომპიუტერული ტექნიკისა და გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ.

 

2.1 ჩანაცვლებული ავტომობილები

 

მიღებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2013 წელს ავტომობილების ჩანაცვლების გზით ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომანქანებს შორის ჯამში შეადგენს 1 113 877 ლარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ავტომობილთა ჩანაცვლების მიზნით ხელშეკრულებები იდებოდა მხოლოდ სამ კომპანიასთან, კერძოდ შპს „ჯი–თი მოტორსთან“, შპს „ქარ რენთ ენდ თრეიდ–ინ კომფანი“–სთან და შპს „ავტო თრეიდ ინ“–თან.

 

რაც შეეხება უშუალოდ ჩანაცვლებულ და ჩასანაცვლებელ ავტომობილთა ღირებულებას, თვალსაჩინოებისთვის, მაგალითად 2013 წლის 10 ივლისს მოხდა 1999 წლის, 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO–ს ჩანაცვლება 124 118 ლარის ღირებულების 2013 წლის TOYOTA LAND CRUISER 200-ით, შესაბამისად ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომობილებს შორის შეადგენდა 123 118 ლარს. საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შპს „ქარ რენთ ენდ თრეიდ–ინ ქომფანი“–ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად ჩანაცვლებული ავტომანქანის ტექნიკური მაჩვენებლებია:

 

იგივე პრინციპით, პროკურატურის მიერ 2013 წლის 10 დეკემბერს ჩანაცვლებული იქნა 2008 წელს გამოშვებული ავტომანქანა LEXUS LX 570 იგივე მარკის 2013 წლის მოდელით, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 174 575 ლარს (გადახდილი სხვაობა 106 575 ლარი). 2013 წლის 11 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 3000 ლარი ჩანაცვლებული იქნა 65 890 ლარის ღირებულების TOYOTA CAMRY-ით (გადახდილი სხვაობა 62890 ლარი). 2013 წლის 13 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 4500 ლარი, ჩანაცვლებულ იქნა 103 594 ლარი ღირებულების ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER PRADO-ით (გადახდილი სხვაობა 99 094 ლარი), შემდეგი ტექნიკური მაჩვენებლებით:

 

 

 

მოყვანილი მაგალითებსა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ ავტომობილების ჩანაცვლების გზით, პროკურატურას ქონდა შესაძლებლობა შესყიდვები განეხორციელებინა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით. შესაბამისად არის საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ 1 113 877 ლარის განკარგვა მოხდა აუცილებელი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის გარეშე.

 

2.2 ჩანაცვლებული კომპიუტერული ტექნიკა 

 

2013 წელს კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელდა ორჯერ. ერთ შემთხვევაში პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (Pentium 4) ღირებულებით 85 ლარი, ჩანაცვლდა 4996 ლარი ღირებულების iMac i5-ით:

 

 

ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მონაცემის პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი 85 ლარის ნარჩენი ღირებულებით ჩანაცვლდა 7150 ლარის ღირებულების iMac i5-ით:

ისევე, როგორც ავტომანქანების შემთხვევაში, ჩანაცვლების გზით შეძენილი ტექნიკა არ ყოფილა გამოტანილი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და შესაბამისად ამგვარად განხორციელებული შესყიდვა ვერ მიიქცევდა საზოგადოების ყურადღებას.

 

2.3 გადაუდებელი აუცილებლობით შეძენილი საქონელი/მომსახურება

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია ასევე განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას. ე.ი. როდესაც არსებობს ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას, ან რომელმაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას.

 

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2013 წლის განმავლობაში გადაუდებელი აუცილებლობით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება საერთო ჯამში შეადგენდა 83 455.28 ლარს. მაგალითად გადაუდებელი აუცილებლობით იქნა შესყიდული 30 კომპიუტერი, საერთო ღირებულებით 24 540 ლარი, ვიდეო და ფოტო კამერის ორი კომპლექტი ღირებულებით 15 582, პერსონალური კომპიუტერი ღირებულებით 4894.84 ლარი.

 

სამწუხაროდ საქართველოს პროკურატურას არ მიუწოდებია შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი მიწერილობები ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას შევაფასოთ ცხრილში მითითებული საქონლისა და მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შეძენის მიზანშეწონილობა.

 

 

3. ბალანსზე არსებული ავტომობილები

 

პროკურატურის ბალანზე არსებულ ავტომობილებთან დაკავშირებით ირკვევა რომ პროკურატურის ბალანსზე ირიცხება 146 ავტომობილი, რომელთა შესყიდვაც ჯამში 5 857 324,84 ლარი დაჯდა.

 

 

 

4. წარმომადგენლობითი ხარჯები

 

პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები მოგვეწოდა მხოლოდ ჯამური სახით. ინფორმაციიდან ირკვევა რომ 2013 წელს ამ მიზნით დაიხარჯა 168 115,64 ლარი ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 50 687,87 ლარი.

 

5. სამივლინებო ხარჯები

 

მხოლოდ ჯამური სახით მოგვეწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით. აღნიშნული ხარჯი შეადგენდა 42 222,87 ლარს 2013 წლის განმავლობაში და 27 661,97 ლარს 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში.

 

დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ 2013 წლის დასაწყისში ჩვენს მიერ ანალოგიურ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე საქართველოს პროკურატურამ სრულყოფილი პასუხი მოგვაწოდა. მაგ. პროკურატურამ მოგვაწოდა თანამდებობის პირებზე ინდივიდუალურად გაცემული პრემიების შესახებ დეტალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით პროკურატურის მიერ მოწოდებული არასრულყოფილი პასუხები მეტყველებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებაზე, რასაც ჩვენ ასე ხშირად ვსაყვედურობდით წინა ხელისუფლებას. აღნიშნულ სამწუხარო ტენდენციას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ვალდებულებისა, საქართველოს პროკურატურა საკუთარ ვებ-გვერდზე პროაქტიულად აღარ აქვეყნებს მონაცემებს სისტემაში გაცემული თანამდებობრივი სარგოების და პრემიების შესახებ, ვებ-გვერდზე წარმოდგენილია, მხოლოდ 2013 წლის პირველ 3 კვარტალში გაცემული თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია.

 

 

იხ. მოცემულ სტატიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ა.წ. 10 სექტემბერს გავრცელებული განცხადება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024