საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსების პრიორიტეტები

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 ივლისი 2015

2015 წლის 26 მარტს IDFI-იმ მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 1 აპრილიდან განცხადების მიღების მომენტამდე დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად 2015 წლის 16 აპრილს სამინისტრომ წარმოადგინა ხსენებულ პერიოდში დაფინანსებული ყველა პროექტის შესახებ ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ გაცემულმა დაფინანსებამ სულ შეადგინა 7 410 636.54 ლარი. (პროექტები, რომლებზეც თანხა გამოყოფილია უცხოურ ვალუტაში, ჩვენს მიერ გადაყვანილია ეროვნულ ვალუტაში ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის არსებული კურსის მიხედვით).

 

სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ყველაზე დიდი თანხა - 4 053 062.15 ლარი მოხმარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას (ფესტივალი, სპექტაკლი, გამოფენა, კონცერტი).

 

სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ფინანსურ მხარდაჭერაზე მათ შორის საზღვარგარეთ სწავლა, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში (ვორკშოპები, გამოფენები, კონკურსები) მონაწილეობის მიღება, გაწეული ხარჯები შეადგენს - 1,309,428.51 ლარს. 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ სულ დაკმაყოფილდა ამგვარი 101 წინადადება, რომელთაგან საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულია 25 მათგანი.

 

სამინისტროს მიერ ყველაზე ხშირად დაფინანსდა ბერკლის სამუსიკო კოლეჯსა (აშშ) და ლუგანოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (შვეიცარია) სწავლა/ცხოვრება. ბერკლის კოლეჯში სწავლისა და ბინის საფასურის გადახდისთვის საკვლევი პერიოდის განმავლობაში 4 პირისთვის სამინისტრომ 216 602.42 ლარი გადაიხადა. ლუგანოს უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე (ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციის დეპარტამენტი) სწავლისათვის დაფინანსებულია 2 პირი და გადახდილი თანხა ერთად 77 804.2 ლარს შეადგენს.

 

ყველაზე მცირე დაფინანსება აღნიშნულ პერიოდში (2014 წლის 1 აპრილი - 2015 წლის მარტი) სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა გამოცემების, თარგმანებისა და ბეჭდვისთვის (568 149.90 ლარი - 8%). 2014 წელს შპს ტაია ფილმსს „სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი ვეფხისტყაოსანი“ კონსტრუქციის მომზადებისთვის 139 950 ლარი გადაეცა.

სხვა სახის პროექტების, დაფინანსებამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 1 461 995.23 ლარი.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის მარტამდე დაფინანსებული პროექტებიდან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტების სიაში ლიდერობს ჯაზ ფესტივალები, რომლის ორგანიზებისთვის შპს ისთერნ პრომოუშენს 1 003 984 ლარი გადაერიცხა (400 839 ლარი 2014 წელს თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის, 603 145 ლარი 2015 წლის ბათუმის ჯაზ ფესტივალისთვის). საინტერესოა, რომ ამჟამინდელი კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მინისტრის თანამდებობამდე გახლდათ შპს ისთერნ პრომოუშენის დირექტორი.

 

მაღალბიუჯეტიანი ღონისძიების სიაში გახლავთ „სიტი ფესტივალის“ (კომპანია დაფუძნდა 2015 წლის 2 თებერვალს, ხოლო სამინისტროსგან დაფინანსება პროექტის თაობაზე მიიღო 2015 წლის 2 მარტს) მიერ ორგანიზებული "სითი საუნდი" (364 741 ლარი), სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის (დამფუძნებელი და დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი) მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (225 000 ლარი) და საქართველოს კულტურის პალატის (დაარსდა 2013 წლის 3 აპრილს დავით ოქიტაშვილისა და კახა ბაინდურაშვილის თაოსნობით) მიერ ორგანიზებული ლიანა ისაკაძის ხელმღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ (200 000 ლარი).

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ “სითი საუნდის” ფარგლებში ტარდება ფესტივალი „4GB“ და ელექტრონული მუსიკის ვორკშოპების სერია. როგორც განცხადებიდან ირკვევა, “სიტი ფესტივალი” სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ელექტრონული მუსიკის ივენთებისა და ვორკშოპების სერიას და წლის განმავლობაში 6 დიდი ღონისძიება გაიმართება.

 

მაღალბიუჯეტიან ღონისძიებების სიაშია ააიპ "საქველმოქმედო ფონდი ხელოვანების თანადგომისთვის" მიერ ორგანიზებული პროექტი სახელოვნებო სკოლები დევნილთა დასახლებაში (228 000 ლარი). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს აღნიშნულ ფონდს ფუნქციონირებისათვის და საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებისთვის სამინისტროდან 502 500 ლარი გამოუყვეს, ხოლო 2013 წლის ნოემბრის თვეში 37 000 ლარი ააიპ დევნილთა სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.

 

2014 წელს სამინისტრომ 170 000 ლარით დააფინანსა შპს სინეტექის (რომლის 40%-იან წილს ფლობს საქ. კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი, 60%-იანი წილი ეკუთვნის ელდარ შენგელაიას) ფილმი ძველი კატამარანი.

 

2014 წელს შპს მოძრავი ფილარმონიის (100%-იანი წილის მფლობელი ბესარიონ ბერულაშვილი) კონცერტებისთვის რეგიონში (94 966 ლარი) და დამატებით 7 კონცერტისთვის (45 307 ლარი) სამინისტრომ სულ 140 273 ლარი გამოყო.

 

შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (2014 წლის 25 ნოემბრის მონაცემებით, შპს ინთერნეიშენალ ივენთსი კომპანიის 100%-იან წილს ფლობს) ორგანიზებით ჩატარებულ საქველმოქმედო საახალწლო საშობაო კონცერტისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 88 986 ლარი დაიხარჯა.

 

 

IDFI წლების განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებზე. მაგ. 2011 წელს აღნიშნული საკითხის გასარკვევად ინსტიტუტმა ორჯერ მიმართა სამინისტროს. პირველი მოთხოვნა, რომელიც 2011 წლის 2 მაისს გაიგზავნა და უპასუხოდ დარჩა. განმეორებით მოთხოვნაზე (გაიგზავნა 2011 წლის 12 სექტემბერს), რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა 2011 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-მაისი-ივნისი) განხორციელებული ღონისძიებების (სარეკლამო, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სოციალური და სხვა) ჩამონათვალს და თითოეულ ღონისძიებაზე გახარჯული თანხის ოდენობას, სამინისტრომ შემდეგი შინაარსის არასრულყოფილი პასუხი მოგვაწოდა:

 

უწყების გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდა 2012 წელს, როდესაც პირველად მოგვაწოდეს ინფორმაცია დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით. როგორც მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა 2012 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე განხორციელებული ღონისძიებების (85 პროექტი) საერთო დაფინანსება დაახლოებით 11 475 690 ლარი იყო. 2013 წელს 1 იანვრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში ღონისძიებებზე (92 პროექტი) სულ გამოყოფილი იქნა დაახლოებით 3 809 718 ლარი, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით, 348 ღონისძიებაზე გამოიყო 7 410 636.54 ლარი. ტენდენციის სახით იკვეთება, რომ დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მატებასთან ერთად, თანხა შედარებით უფრო მცირდება, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წინა წლებში ფინანსდებოდა უფრო ცოტა და ძვირადღირებული პროექტები, ამჯერად კი ფინანსდება შედარებით უფრო მეტი ღონისძიება, თუმცა მათი ბიუჯეტი შედარებით მოკრძალებულია.

 

 /public/upload/IDFI/bonuses/culture.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024