COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში სახელმწიფოთა უმრავლესობაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დადგენილია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და თანამდევი შეზღუდვები. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლებას ენიჭება ფართო უფლებამოსილება, მიიღოს ზომები და გაატაროს ღონისძიებები, რომელთა გატარებასაც ჩვეულებრივი გარემოებების არსებობისას ვერ შეძლებდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილი რეჟიმი შესაძლებელია ზღუდავდეს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ბუნებრივია, პირთა უფლებებში ჩარევის თანაზომიერებისა და პროპორციულობის დადგენის და მთავრობის მიერ განსაკუთრებული უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ზედამხედველობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია პარლამენტის როლი.
საზოგადოებრივი ცხოვრების წესის ცვლილებისა და სოციალური დისტანცირების პირობებში, იცვლება საკანონმდებლო ორგანოთა მუშაობის წესი მსოფლიო მასშტაბით, თუმცა, არსებითია ახალ გარემოებებთან სწრაფი ადაპტირება. პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისთან გამკლავება მოითხოვს სახელმწიფოების მხრიდან დამატებითი რესურსების მობილიზებას. საბიუჯეტო სახსრების და საერთაშორისო დახმარებების გამოყენება ხდება ჯანდაცვის სექტორისა და სოციალური სერვისების გაძლიერების მიზნით. შესაბამისად, აუცილებელია სამთავრობო საქმიანობასა და ფინანსების განკარგვაზე საპარლამენტო კონტროლის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია კრიზისის საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების თავსებადობა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. ვირუსის გავრცელების პრევენციის, და ადამიანის ფუნდამენტური უფლების - ჯანმრთელობის უფლების დაცვის, მიზანმა არ უნდა გამოიწვიოს არასასურველი ირიბი გავლენა სოციალური და ეკონომიკური უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის სახით. მიღებული რეგულაციები და პანდემიის საპასუხო ზომები აუცილებელია იყოს კანონით გათვალისწინებული და არსებული საფრთხისპროპორციული. IDFI-მ შეისწავლა COVID 19-ის კრიზისის დროს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები. საერთაშორისო სტანდარტების განმტკიცებასა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ხსენებულ კვლევაში.
პარლამენტების როლი, პანდემიის ფარგლებში მთავრობის მხრიდან დადგენილი შეზღუდვების, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით:
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხელისუფლების მხრიდან შემოღებული რეგულაციები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პრინციპებს: 1. არსებობდეს რიგი უფლებების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში; 2. შემზღუდველი რეგულაციები იყოს საყოველთაო, ეფუძნებოდეს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს; 3. სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი შეზღუდვები იყოს პროპორციული საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიზანთან მიმართებაში.. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან შემოღებულ შეზღუდვებს გააჩნდეს დროებითი ხასიათი.
სწორედ ზემოხსენებული პრინციპების დაცვა და ხელისუფლების მხრიდან მიღებული ზომების ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არის პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უპირველესი მოვალეობა, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოქმედების ფარგლებში.
საინტერესოა, თუ როგორ ცვლის COVID-19-ის პანდემია საკანონმდებლო ორგანოების მუშაობის წესს სხვადასხვა ქვეყანაში, რამდენად ეფექტურად ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა და ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა.
საგულისხმოა, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ინსტიტუციური ქმედებების განხორციელებაზე პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საპარლამენტო კონტროლი.
ზედამხედველობისა და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ნორვეგიის პარლამენტის მიერ მიღებული კორონას აქტი (Corona Act), რომლის შესაბამისად, მთავრობას მიენიჭა კანონმდებლობის შეცვლის ან გარკვეული საკანონმდებლო ნორმების შეჩერების უფლებამოსილება, პანდემიასთან ბრძოლისას გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში. თუმცა, პარლამენტის მიერ მიღებული აქტისა და ნორვეგიის კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. აქტის მიღების მიზანი გახლდათ ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილება და პანდემიის შედეგად ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანის შემცირება.
სტორთინგმა (ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანო) ამავდროულად შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი; კერძოდ, რეგლამენტს დაემატა ახალი მუხლი (§50a), რომელიც აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, ნებისმიერი მსგავსი რეგულაციის წარდგენა დაუყოვნებლივ მოხდეს სტორთინგისათვის. იმ შემთხვევაში, თუ სტორთინგის სრული შემადგენლობის 1/3 არ დაუჭერს მხარს მთავრობის მიერ წარდგენილ რეგულაციას, პრობლემური საკითხების ამსახველი დეკლარაცია ეგზავნება სტორთინგის პრეზიდიუმს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მთავრობას. აქტი ავალდებულებს სახელისუფლებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ დეკლარაციაში ასახული რეგულაციები. კრიზისის ფონზე სტორთინგის აქტიური მუშაობის მაჩვენებელია ის ფაქტიც, რომ ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც განიხილავს კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებულ გადაუდებელ საკითხებს. ზემოხსენებული წარმოადგენს პანდემიის ფარგლებში ეფექტური საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის მაგალითს მთავრობის მხრიდან მიღებულ ზომებსა და გატარებულ ღონისძიებებზე.
ცვლილებები შეეხო სტორთინგის კომიტეტების მუშაობასაც, კერძოდ, დამტკიცდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, კომიტეტებზე დეპუტატების პირადად დასწრება დროებით შეჩერდა და საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს ვიდეო კონფერენციების საშუალებით ან წერილობითი ფორმით. მოქალაქეთა ჩართულობა სტორთინგის საქმიანობაში უზრუნველყოფილია მიმდინარე სხდომების ონლაინ რეჟიმში ტრანსლაციით, ამავდროულად, ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ხორციელდება დისტანციურ რეჟიმში ჩატარებული განხილვებისას მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დოკუმენტირება და გამოქვეყნება.
COVID-19-ის საპასუხო ზომის სახით, რიგი სახელმწიფოები იყენებენ ელექტრონულ საშუალებებს ვირუსით დაინფიცირებულ პირთა/მათი კონტაქტების იდენტიფიცირებისა და გადაადგილების გაკონტროლების მიზნით. აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, შესასრულებლად, აუცილებელია, მსგავსი ტიპის მეთვალყურეობა და მონიტორინგი უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციფიკურ მიზანს და მისი გამოყენების ფარგლები მკაცრად იყოს რეგლამენტირებული. ხელისუფლების მხრიდან პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის პრევენციის მიზნით, ეფექტური ნაბიჯები გადადგა ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ. ისრაელში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა სამთავრობო გადაწყვეტილებებზე მიმდინარეობს მკაცრი საპარლამენტო ზედამხედველობა. მაგალითად, მობილური ტელეფონების ინფორმაციის დამუშავებით ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა და მათი კონტაქტების ე.წ. „თრექინგის“ რეგულაციის პარლამენტის გვერდის ავლით შემოღების საპასუხოდ, ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს შეეზღუდა სპეციალური კომიტეტის მხრიდან საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის მონაცემების, საკრედიტო ბარათის აქტივობისა და სხვა ციფრული ინფორმაციის გადამუშავების საფუძველზე COVID-19-ის მქონე პირების მეთვალყურეობის უფლებამოსილება. სასამართლომ დაადგინა, რომ აუცილებელია არსებობდეს მსგავსი მეთვალყურეობის სამართლებრივი, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საფუძველი და ამ რეგულაციის აღსრულებასა და გამოყენების ხანგრძლივობაზე უნდა ხორციელდებოდეს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მოტივით, ქნესეთმა (ისრაელის პარლამენტი), თავდაპირველად შეაჩერა მობილური ტელეფონის მონაცემების გამოყენებით ვირუსით დაინფიცირებულ პირთა მეთვალყურეობის გადაწყვეტილება, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის ნათელი მაგალითია. ქნესეთის დაზვერვის ქვეკომიტეტმა 5 მაისის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე, მთავრობის მიერ მოთხოვნილი 6 კვირის ნაცვლად, 3 კვირით გააგრძელა ინფიცირებულ პირთა მობილური აპლიკაციის მეშვეობით მეთვალყურეობის რეგულაცია.
კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში პარლამენტის ჩართულობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითია შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანოც. კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების გასატარებლად, საგანგებო განკარგულებებისა და დადგენილებების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნია როგორც შვეიცარიის მთავრობას, ისე შვეიცარიის პარლამენტს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მხრიდან არ დამტკიცდება მთავრობის განკარგულებები, ისინი ავტომატურად კარგავს ძალას გამოცემიდან 6 თვის შემდეგ. პარლამენტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ საგანგებო განკარგულებებს გააჩნია უპირატესი ძალა მთავრობის განკარგულებებთან შედარებით. ამავდროულად, პარლამენტის მხრიდან რეგულაციების დამტკიცება ზრდის საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობასა და ეფექტურობას.
მნიშვნელოვანია, რომ მარტის თვეში შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო საპარლამენტო მუშაობის რამდენიმე კვირით შეჩერების გადაწყვეტილება. ამავდროულად, შეიზღუდა რიგი სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, კერძოდ, მოქალაქეთა ხმის მიცემისა და ხელმოწერების შეგროვების შესაძლებლობები. თუმცა, პარლამენტის შეკრებისთანავე, შვეიცარიის ფედერალურმა ასამბლეამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა მთავრობის გადაწყვეტილებების გადახედვის მიმართულებით. პარლამენტმა აუცილებლად მიიჩნია მთავრობის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება ვირუსით ინფიცირებულ პირთა კონტაქტების დადგენის მიზნით ელექტრონული აპლიკაციის გამოყენებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ასამბლეამ დაადგინა, რომ აპლიკაციის გამოყენება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და დაუშვებელია, ითვალისწინებდეს პირადი მონაცემების ცენტრალიზებულ შეგროვებას. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების საჭიროება პარლამენტმა განსაზღვრა სწორედ ფუნდამენტურ უფლებებში ჩარევის მომეტებული რისკიდან გამომდინარე და არ მიიჩნია საკმარისად მთავრობის განკარგულების მითითება გადაუდებელი აუცილებლობის თაობაზე. ფედერალურმა ასამბლეამ არ დააკმაყოფილა მთავრობის შუამდგომლობა და დაადგინა, რომ წარმოდგენილი რეგულაცია არ აკმაყოფილებდა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებს. ამავდროულად, ასამბლეამ ფედერალური მთავრობისათვის შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში მოხდეს იმ კომპანიების გათავისუფლება გადასახადებისაგან, რომელთა მუშაობა და შემოსავლის მიღებაც შეფერხდა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე.
ადამიანის უფლებებში ჩარევის ფარგლები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად გატარებული ღონისძიებებისას
როგორც უკვე აღინიშნა, გარდაუვალია, ჯანდაცვის კრიზისის საპასუხოდ ხელისუფლების მხრიდან შემოღებული ფართომასშტაბიანი და საყოველთაო შეზღუდვები არ აისახოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებებზე. სწორედ შეზღუდვების ნეგატიური გავლენის თავიდან აცილება, გარემოებების სწორი შეფასება და აღმოჩენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოების ძირითადი ფუნქცია საგანგებო რეჟიმში მუშაობისას. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა შესაძლებელია ელექტრონული მექანიზმების გააქტიურებითა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების ჩართულობით კონსულტაციებში, პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან გატარებული ღონისძიებების საზედამხედველო სპეციალური კომიტეტების შექმნითა და თემატური მოკვლევების ინიცირებით.
მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა გაერთიანებული კომიტეტის ინიციატივით, დაიწყო მოკვლევა მთავრობის მხრიდან კორონავირუსის კრიზისის საპასუხოდ შემოღებული შეზღუდვების შედეგებთან დაკავშირებით.
საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკა შექმნა ახალი ზელანდიის პარლამენტმაც, კერძოდ, ჩამოყალიბდა ეპიდემიური რეაგირების კომიტეტი (Epidemic Response Committee) მთავრობისა და პარლამენტის ოპოზიციის წევრების ჩართულობით, რომელიც კონტროლს უწევს მთავრობის ქმედებებს.კომიტეტის სხდომები ტარდება დისტანციურ რეჟიმში და განხილვებში უზრუნველყოფილია ექსპერტების, დაინტერესებული კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა. ახალი ზელანდიის პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე შეესაბამება ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის ფარგლებში დაწყებული კამპანიის, „ღია პასუხი, ღია რეაბილიტაცია“ მოთხოვნას გრძელვადიანი რეფორმების შემუშავების პროცესში ფართო ჩართულობის თაობაზე.
COVID-19– ის საპასუხო ქმედებებსა და შემზღუდველ რეგულაციებს, უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი ნეგატიური გავლენა აქვს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით მიღებული რეგულაციები, ფაქტობრივად, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსეული ცხოვრების უფლებას. ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ადამიანის ღირსეული არსებობისთვის შესაბამისი სოციალური პირობები. სოციალური დახმარებებისა და შეღავათების მობილიზების მიმართულებითაც იკვეთება რიგი პარლამენტების მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმის პრაქტიკა.
საკანონმდებლო ორგანოების ნაწილმა, მათ შორის, კანადის, დანიის, ეკვადორის, ლატვიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის პარლამენტებმა შეიმუშავეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები კრიზისის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის შესამსუბუქებლად. კერძოდ, ავადმყოფობის გამო ანაზღაურებადი შვებულების გარანტიები, გაფართოებული შეღავათები შემოსავლის გარეშე დარჩენილი პირებისათვის და/ან ბიზნესის დახმარება გადასახადების გადავადებით ან პირდაპირი ფინანსური დახმარებით. სინგაპურის პარლამენტმა კრიზისის ფონზე მიიღო სამი კანონი ეკონომიკური და სოციალური უფლებების რეალიზების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მიღებული სამართლებრივი ცვლილებები ითვალისწინებს იმ პირების დახმარებას, რომლებიც ვერ ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მათ შორის,კანონპროექტები ეხება მოიჯარეებს, ასევე, სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებს.
ლუქსემბურგისა და სლოვენიის პარლამენტებმა დაამტკიცეს სტიმულირების პაკეტები თანამშრომელთა შვებულების ანაზღაურების მიზნით, სახელფასო დანამატის გათვალისწინებით. ამავდროულად, დადგინდა დროებითი ძირითადი შემოსავლის ანაზღაურება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისათვის. ამასთან, შეჩერდა საგადასახადო ვალდებულებები და სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები.
უკრაინის პარლამენტმა გაატარა ზომები სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, სამჯერ გაიზარდა მედ-პერსონალის ხელფასი და ექიმები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადიდან.
ავსტრალიის პარლამენტმა დააწესა დამატებითი ანაზღაურება უმუშევარი ახალგაზრდებისთვის, მშობლებისა და ფერმერებისათვის და დააჩქარა სოციალური სარგებლის მიღების ვადები, ამასთან, გაამარტივა გარკვეული სოციალური შემწეობის მოთხოვნის პროცედურები.
მთავრობის მიერ მიღებული ზომების ზედამხედველობისა და საპარლამენტო კონტროლის განხორციელების გარდა, უმნიშვნელოვანესია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოების საინფორმაციო როლი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არსებითი ნაწილია საგანგებო მდგომარეობის საჯაროდ გამოცხადება. სამართლებრივი სისტემების უმეტესობა ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პარლამენტის მონაწილეობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცების პროცესში. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია პარლამენტის როლი კომუნიკაციის პოლიტიკის წარმართვაში, რაც გულისხმობს პარლამენტის ვალდებულებას, დროული და ჯეროვანი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილი შეზღუდვების, უფლებების რეალიზაციის მექანიზმებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის თაობაზე. პარლამენტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
საქართველოს პარლამენტის მაგალითზე შესაძლებელია ითქვას, რომ პარლამენტი მონაწილეობას იღებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და პრეზიდენტის დეკრეტის დამტკიცების პროცესში. თუმცა, საგანგებო სესიის პირობებში, არ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებებზე და ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან გატარებულ ღონისძიებებზე.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი ქმედებების განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს მთავრობას. აღნიშნული ასუსტებს საქართველოს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საზედამხედველო ფუნქციას და ქმნის ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის რისკებს.
საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის შედეგად 2018 წლის დეკემბერში მიღებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებასა და პარალმენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ანგარიშვალდებულების გაზრდას მიემართებოდა.
რეგლამენტში ცალკე კარი ეთმობა საქართველოს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციებს, თუმცა, არაფერია ნათქვამი საგანგებო მდგომარეობის პირობებში და საგანგებო სესიის რეჟიმში პარლამენტის საზედამხედველო როლსა და უფლებამოსილებებზე.
აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. პარლამენტის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების კონტროლი კარგი მმართველობის არსებითი კომპონენტია. საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობისათვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებების გათვალისწინებით, პარლამენტის როლი და ეფექტური მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გადახედოს საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის საქმიანობის გაგრძელებისა და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებები საგანგებო სესიის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით.
____
მასალა მომზადებულია პროექტის - „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და მისი შინაარსი არ წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციას.