ღია მმართველობის ინდექსი 2015 - საქართველოს მიღწევები და გამოწვევები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 27 მარტი 2015

26 მარტს გამოქვეყნდა „მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) 2015 წლის ღია მმართველობის საერთაშორისო ინდექსი (Open Government Index), რომლის შემუშავებაში ჩართული იყო ბევრი ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი. ღია მმართველობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 0.61-იანი შეფასება მიიღო (უმაღლესი 1 ქულიდან) და ამ შედეგით, მან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის პირველი პოზიცია დაიკავა, მსოფლიო მასშტაბით კი 102 ქვეყანას შორის 29-ე გახლავთ ღია მმართველობის თვალსაზრისით. ამ შედეგით საქართველომ გადაუსწრო ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორც: სლოვენია, მაკედონია, საბერძნეთი, ხორვატია. ქვეყნებმა, რომელებმაც უმაღლესი შეფასებები მიიღეს არიან: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები.


რეიტინგი შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგად მიღებულ შეფასებებსა და აღქმებზე არის დაფუძნებული. საქართველოს შემთხვევაში, შედეგები 2014 წელს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 1000 რესპონდენტის მიერ გაცემულ პასუხებს ეყრდნობა. მათ მთავრობის ღიაობა ოთხ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შეაფასეს.

  • სამართლებრივი აქტებისა და სამთავრობო მონაცემების გამოქვეყნება/ხელმისაწვდომობა - ასახავს რამდენად ხელმისაწვდომია კანონები, საჯარო ინფორმაცია და ხელისუფლების შესახებ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები.
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ითვალისწინებს რამდენად დროულად და სრულყოფილად პასუხობს ხელისუფლება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს, აფასებს ინფორმაციის მოთხოვნის უფლების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონეს და საჯარო ინფორმაციის მოსაკრებელის შესაბამისობას.
  • სამოქალაქო მონაწილეობა/ჩართულობა - ზომავს მოქალაქეთა შესაძლებლობას გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის, მოაწყონ მშვიდობიანი დემონსტრაციები, შეაფასონ მთავრობის პოლიტიკა, ხელი მოაწერონ პეტიციას და გააჟღერონ თავიანთი მოსაზრებები მთავრობის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ეს კომპონენტი ითვალისწინებს მოქალაქეების მიერ ხელისუფლებასთან უკუკავშირის დამყარების მექანიზმების არსებობას.
  • გასაჩივრების მექანიზმები - აფასებს რამდენად შეუძლია საზოგადოებას საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს საჯარო მოხელეების საქმიანობისა და სერვისების ხარისხის შესახებ. ასევე, გათვალისწინებულია, ხელისუფლების მხრიდან რამდენად ხდება მსგავს განაცხადებებზე რეაგირება.

 

საგულისხმოა, რომ საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება (0.70 - მსოფლიოში მე-16 ადგილი) მეორე კომპონენტში - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება - მიიღო და იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთაც ამ კატეგორიაში უმაღლესი შეფასებები აქვთ. შედარებით დაბალი ქულა კი პირველ კომპონენტში - სამართლებრივი აქტებისა და სამთავრობო მონაცემების გამოქვეყნება/ხელმისაწვდომობა - დაფიქსირდა (0.51 - მსოფლიოში 36-ე და რეგიონში მე-4 პოზიცია) და შესაბამისად, საშუალო რანგის ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების მექანიზმეების არსებობის შემთხვევაში, მართალია საქართველოს შედეგი საშუალოზე მაღალია (0.57), მაგრამ იგი რეგიონში მეოთხე და მსოფლიოში 48-ე ქვეყანაა, სადაც მსგავსი საშუალების გამოყენება ეფექტურად ფუნქციონირებს და ხელს უწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 


პირველი კომპონენტის - სამართლებრივი აქტებისა და სამთავრობო მონაცემების გამოქვეყნება/ხელმისაწვდომობა - შეფასებისას ანგარიშის ავტორებმა შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინეს: საბიუჯეტო ხარჯებისა და საკუთარი უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება, ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარისხი, რაოდენობა, ხელმისაწვდომობა და სანდოობა. შედეგებმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა შეფასებით, საკმაოდ მაღალია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მასშტაბი, ხარისხი, სანდოობა. მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, კვლევის მიხედვით, მხოლოდ 39% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საკმარის ინფორმაციას აწვდის მათ საკუთარი უფლებების შესახებ. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელი ამ კუთხით 44%-ს უდრის. კიდევ უფრო დაბალი პროცენტული შედეგი მიიღო მოქალაქეთა მიერ საბიუჯეტო ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა. კითხვაზე რამდენად კარგად გაწვდით ხელისუფლება ინფორმაციას მათ მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დადებითად რესპოდენტთა მხოლოდ 32% უპასუხა.

 



შემდეგი კატეგორია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, როგორც ერთ-ერთი უფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების დონე და პრაქტიკაში რეალიზებაა. ამ შემთხვევაში თითოეული ქვეყანა ექვსი ძირითადი კითხვით შეფასდა, საქართველოს შემდეგი შედეგები აქვს:


მნიშვნელოვნად დაბალია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც იციან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლების შესახებ - 21% (მსოფლიოში იგივე მაჩვენებელი 40%-ს უდრის), შედეგად კიდევ უფრო დაბალია იმ რესპონდენთა ოდენობა, რომელთაც აქამდე უსარგებლიათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლებით - 8%. საგულისხმოა, რომ მათგან უმეტეს შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი აქვთ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (62%). ინფორმაციის მომთხოვნ რესპონდენტთა 12%-ს საჯარო ინფორმაცია საქმიდან გამომდინარე დასჭირდათ, 14%-მა საგანმანათლებლო ან კვლევითი მიზნით გამოიყენა ეს უფლება, თითო-თითო პროცენტის შემთხვევაში ისინი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ან სასურველი ინფორმაცია პოლიტიკური საქმიანობისთვის სჭირდებოდათ.


ინფორმაციის მოთხოვნის სიხშირის დაბალი ხარისხის მიუხედავად, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაღალია ხელისუფლების მიერ გაცემული ინფორმაციის სიხშირე (94%), თუმცა შედარებით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ინფორმაციის დროულად მიწოდების თვალსაზრისით - საჯარო მონაცემების მოთხოვნათა მხოლოდ 59% დაკმაყოფილდა შვიდი დღის მანძილზე. შედეგებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლებას ინფორმაციის გაცემისთვის ერთი კვირიდან ერთ თვემდე პერიოდი ესაჭიროებოდა (33%). საკმაოდ მაღალია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც სამთავრობო დაწესებულებებისგან სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს (86%). ზოგადად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკის მქონე რესპონდენტთა 89%-მა დადებითად შეაფასა მონაცემთა ხელმისაწვდომობის პროცესი. მაშინ როცა 1%-მა განაცხადა, რომ სასურველი ინფორმაციის მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია.

 


შეფასების შემდეგი კატეგორია გახლდათ სამოქალაქო ჩართულობა, რომელიც აფასებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობისთვის საჭირო საშუალებების არსებობას. საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ მთავრობის საწინააღმდეგო მოსაზრებები (93%), ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაწევრიანდეს პოლიტიკურ ორგანიზაციაში (93%) და საკუთარი პოზიცია გამოხატოს პეტიციაზე ხელის მოწერით (91%). შედარებით ნაკლები რესპონდენტი (83%) მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მედია საშუალებები (ტელევიზია, რადიო და გაზეთი) თავისუფლად აფასებენ ხელისუფლების ქმედებებს, იგივეა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ შეაფასონ მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკა. მართალია გამოკითხულთა 83%-ის შეფასებით, მარტივია ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებასთან კონსულტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეფექტურად ახორციელებენ (32%).

 



როგორც უკვე აღინიშნა, საქართველომ ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი გასაჩივრების მექანიზმების ეფექტურობაში მიიღო. ამ შემთხვევაში რესპონდენტები ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას ორი ძირითადი კრიტერიუმით აფასებდნენ: 1. რამდენად აძლევდა თვითმმართველობა მოქალაქეებს შესაძლებლობას უკმაყოფილება გამოეთქვათ ცალკეული სერვისების შესახებ; 2. რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფდა ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო მოხელეთა წინააღმდეგ არსებული უკმაყოფილებების გამოსახატად საჭირო საშუალებებს? საქართველოში რესპონდენტთა მხოლოდ მესამედზე ოდნავ მეტმა გასცა დადებითი პასუხი ორივე კითხვას (35% და 37%, შესაბამისად).

 

 

ზოგადად, აღნიშნულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველოში ძირითადი პრობლემა მოქალაქეების მხრიდან საკუთარი უფლების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ფლობაა. მათ არ იციან, რომ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცნობის ლეგიტიმური უფლება გააჩნიათ. გარდა ამისა, სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მოქალაქეებს შორის კონსულტაციის პრაქტიკა არასათანადოდ არის განვითარებული. კვლევის თანახმად, ღიაობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ იმ ქვეყნებს გააჩნიათ, რომლებიც „პარტიორობის ღია მმართველობისთვის“ (OGP) წევრები არიან. როგორც ცნობილია, საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღია მმართველობის დანერგვის კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმაც გაატარა. ინიციატივაში წარმატებული საქმიანობისთვის კი, 2014 წელს საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.


ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ამ შედეგს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ღია მმართველობის შეფასების ინდექსს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024