OGP-ის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკა კოვიდ-19-თან დაკავშირებით

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 მაისი 2020

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიო დადგა უპრეცედენტო გამოწვევების პირისპირ. სახელმწიფოები ცდილობენ შეიმუშაონ სხვადასხვა მეთოდი შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად, კერძოდ, ქმნიან საინფორმაციო პლატფორმებს, ასაჯაროებენ მონაცემთა ბაზებს, პროცესების ეფექტური მართვისთვის ნერგავენ და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს.

 

OGP-ის ვებგვერდზე საერთო სივრცეში განთავსებულიამთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული ონლაინ პლატფორმები, რომელთა მიზანია პანდემიასა და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა. გამოცდილების გაზიარების მიზნით მნიშვნელოვანია დასახელებული პლატფორმების ანალიზი და უკეთესი პრაქტიკის განზოგადება.

 

 

ჩატბოტი, მობილური აპლიკაცია, ონლაინ პორტალი

 

OGP-ის წევრ ქვეყნებში მოქმედებს სახელმწიფოს ან სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ინფორმაციული ხასიათის ონლაინ პლატფორმები, რომელიც საზოგადოებას აწვდის ვირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ან შესაძლებლობას იძლევა მოქალაქეებმა დისტანციურად, ვირტუალურად განსაზღვრონ სიმპტომებზე დაყრდნობით ვირუსით დაინფიცირების რისკი. ასეთი პლატფორმები ხშირად მხოლოდ ინფორმაციულია, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებს, რომლებიც მომხმარებელთან ინტერაქტიულ ურთიერთობაში შედის და მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით აძლევს პასუხს. რამდენიმე ქვეყანა, ასევე, იყენებს მობილურ აპლიკაციებს, მოსახერხებელ და მარტივ ფორმატში აწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას და მათგანაც აგროვებს მონაცემებს.

 

არგენტინა (ცალკე ბუენოს აირესიც), მოროკო და უკრაინა იყენებს ჩატბოტს, რომლის ძირითადი ფუნქციაა კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ეხება ვირუსის სიმპტომებს, პროფილაქტიკას, პრევენციასა და სამოქალაქო სერვისებს.

 

ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა (ესტონეთი (Järva Vald), იტალია (ლაციო), სინგაპური, სამხრეთ კორეა, ესპანეთი (ბასკეთის რეგიონი), ინდოეთი, ვიეტნამი, პანამა) შექმნა მობილური, ვებ აპლიკაცია ან/და ხელოვნური ინტელექტი. მათი ძირითადი ფუნქციაა კოვიდ 19-თან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის. მათ შორის ზოგიერთი მობილური აპლიკაცია იკვლევს დაინფიცირებული პირებისა და მათი კონტაქტების შესახებ ინფორმაციას (მათ გადაადგილებას) და გზავნის სიგნალს და შეტყობინებას, ისეთ ადგილთან მიახლოებისას, სადაც იმყოფებოდა დაინფიცრებული ადამიანი. რამდენიმე აპლიკაციას შეიძლება ჰქონდეს დამატებითი ფუნქციაც. მაგალითად, კანადაში მოქმედი აპლიკაცია, გარდა ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიწოდებისა, პირად რისკ ფაქტორზე დაყრდნობით (სიმპტომებისა და მდგომარეობის შესახებ კითხვების მიხედვით) აწვდის პერსონალურ რეკომენდაციებს.

 

ხორვატიის მთავრობამ მოქალაქეებთან მჭიდრო და ხარისხიანი თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და IT კომპანიების დახმარებით შექმნა ციფრული ასისტენტი „Andrija“ („ანდრია“) რომლის მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს პერსონალიზირებული სამედიცინო რჩევები და მითითებები. მას ასევე უწოდებენ „ვირტუალურ ექიმს“. მაშინ როცა ექიმებს შეუძლიათ 50 ზარის მიღება დღის განმავლობაში, „ანდრიას“ შეუძლია ათასობით მოთხოვნის დამუშავება. ხელოვნური ინტელექტის განახლება ხდება სისტემატურად, მათ შორის მოქალაქეების მიერ წარდგენილი იდეებისა და წინადადებების შესაბამისად.

 

კანადა, აშშ და მექსიკა - ჰარვარდის მედიცინის სკოლის ეპიდემიოლოგებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფის, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალის და ტექნოლოგიური ინდუსტრიის მოხალისე წარმომადგენლთა მიერ შეიქმნა პორტალი Covid near you. პორტალი იყენებს crowdsource მონაცემებს რუკების ვიზუალიზაციისთვის, რათა მოქალაქეებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებს დაეხმაროს არსებული და მომავალი „ცხელი წერტილების“ განსაზღვრაში. ვებგვერდი დამოკიდებულია საზოგადოების ნებაყოფლობით მონაწილეობაზე, ითხოვს რამდენიმე წუთის დათმობას და პასუხს კითხვაზე “ავად ხართ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები”. ხდება მიღებული მონაცემების ანალიზი და რუკაზე გადატანა, რათა ყოველდღიურ რეჟიმში მოხდეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება.  აღნიშნული ინფორმაცია ხელს შეუწყობს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გავრცელების პრევენციას.

 

 

სახელმწიფო მექანიზმების შეფასება/ბიუჯეტის მონიტორინგი

 

არგენტინაში, ბრაზილიაში, ჰაიტიში, მექსიკასა და უკრაინაში მოქმედებს სხვადასხვა ინიციატივა, როგორც სახელმწიფო ისევ სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომლებიც ეხება კოვიდ 19-ის პერიოდში სახელმწიფოს მიერ შექმნილ მექანიზმების, როგორიცაა ადამიანის უფლებებზე დადგენილი შეზღუდვები, ბიუჯეტის ხარჯვა და სხვა პროცესების მონიტორინგს.

 

მაგალითად, არგენტინაში მოქმედმა ორგანიზაციამ Directorio Legislativo, რომლის მიზანია ავტონომიური, დემოკრატიული, მოქნილი და დამოუკიდებელი სივრცის შექმნა სხვადასხვა სექტორის (საჯარო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო) წარმომადგენლებთან დიალოგისთვის, შექმნა ინსტრუმენტი Civic Space Guardian (CSG), რომელიც მონიტორინგს უწევს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სამოქალაქო სივრცეზე ზეგავლენის მომხდენ სახელმწიფო რეგულაციებს. აღნიშნული რეგულაციები გავლენას ახდენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე, მოქალაქეთა ჩართულობასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ამჟამად, მთავრობები ყველა მექანიზმს იყენებენ ვირუსის შესაჩერებლად, მათ შორის ახალი ციფრული ინსტრუმენტების შექმნას მოქალაქეთა კონტროლისათვის. ასეთ დროს შესაძლებელია უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები და მათი აღსრულება, საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოებისგან კონტროლს. Directorio Legislativo-მ წარმოადგინა ანგარიში „შეზღუდული უფლებები კოვიდ 19-ის დროს: ჯანმრთელობისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის გამოწვევა“, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პანდემიასთან ბრძოლისას გამოყენებული ყველანაირი ძალისხმევა, და ყველა განხორციელებული ქმედება, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

 

 

სამოქალაქო სექტორი მონიტორინგს ახორციელებს  ჰაიტისა და მექსიკაშიც.

 

რიგ ქვეყნებში, მთავრობა თავად ცდილობს საბიუჯეტო ხარჯვის ან სხვა რესურსების თაობაზე მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების პროაქტიულ ინფორმირებას.

 

ყველა ინიციატივა, იქნება ეს სამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან,  კრიზისთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდას და სახელმწიფოს ქმედებების შედეგიანობის შეფასებას ემსახურება.

 

 

განსაკუთრებული მექანიზმები

 

როგორც პანამის ერთ-ერთი ონლაინ გამოცემაშია მოცემული, პანამის მთავრობა განიხილავს მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით ფულის ჩარიცხვის იდეას. მათ შორისაა ID ბარათების გამოყენება სადებეტო ბარათებად და მათზე ფულის დარიცხვა, სახელმწიფო ბანკებში არსებული სერვისის „ელექტრონული ჯიბის“ გამოყენება ან ონლაინ საბანკო ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. აღნიშნული სერვისების საჭიროება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პანამის მოსახლეობის მხოლოდ 50%-ს აქვს საბანკო ანგარიში გახსნილი, რაც ართულებს მთელი მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.

 

სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა ხაზინამ შექმნა ელექტრონული ფოსტა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ გააგზავნონ წინადადებები კოვიდ 19-თან საბრძოლველად. აღნიშნული ინიციატივა, ასევე, ხელს შეუწყობს დანარჩენ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას ვირუსთან ბრძოლაში.

 

გაერთიანებულ სამეფოში შეიქმნა პლატფორმა კორონავირუსის ტექნიკური სახელმძღვანელო, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტების crowdsource ბიბლიოთეკას, სერვისებისა და რესურსების შესახებ, რომლებიც უკავშირდება კოვიდ 19-ს. მსგავსი პლატფორმა დაინერგა სხვა ბევრ ქვეყანაშიც.

 

 

 

პარლამენტის როლი

 

აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის გარდა, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა ვირუსთან ბრძოლაში.

 

არგენტინაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია Directorio Legislativo-მ და ParlAmericas-მა შეიმუშავეს პუბლიკაცია კოვიდ19-ის თემაზე  „პარლამენტთა როლის ადაპტაციისა და გაძლიერების გამოწვევა: ანალიზი ღია პარლამენტის პერსპექტივიდან“.  დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია პარლამენტის როლზე პანდემიის დროს, თუ როგორ მუშაობენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე კარიბის ზღვის ქვეყნების პარლამენტები და წარმოდგენილია და განხილულია ღია პარლამენტის რეკომენდაციები.

 

საფრანგეთში პარლამენტის 60-ზე მეტმა, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე სენატორმა საჯარო კონსულტაციებისთვის გახსნა პლატფორმა თემაზე „დღე ხვალის შემდეგ“, სადაც შესაძლებელია რამდენიმე გზით (კონსულტაცია, სამუშაო შეხვედრა, ჰაკათონი) მოქალაქეების მოსაზრებების/წინადადებების მიღება კოვიდ 19-ის გადალახვის შემდეგ არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში, კერძოდ, რა გამოწვევების წინაშე დადგება მსოფლიო, და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები სხვადასხვა სფეროში.

 

პლატფორმაზე განსახილველი საკითხები:

 

- ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა: როგორი ჯანმრთელობის სისტემა უნდა გვქონდეს/გვექნება ხვალ?

- მეტრო, სამუშაო, რობოტი: როგორი დასაქმების სისტემა გვინდა?

- იცავს თუ არა ზომიერი მოხმარება საზოგადოებას?

- როგორ უნდა აღვადგინოთ სოლიდარობა?

- განათლება და ახალგაზრდობა: როგორ უნდა შევქმნათ/ჩამოვაყალიბოთ განათლებული საზოგადოება?

- ადამიანი მანქანის წინაშე: შეგვიძლია თუ არა ციფრული ტექნოლოგიის გაადამიანურება?

- ღია დემოკრატიისკენ: როგორ გავანაწილოთ ძალაუფლება?

- ჩვენი სახელმწიფოების/ტერიტორიების მომავალი: რა ახალი ხელშეკრულებებია საჭირო მათი გაძლიერებისა და მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის?

- ევროპა მსოფლიოში: როგორ აღვადგინოთ ევროპული და საერთაშორისო სოლიდარობა?

- ჩვენი სიმდიდრე უხილავია: როგორ შეგვიძლია უკეთ შევაფასოთ საერთო სიკეთე?

- „საჭირო ფული“: როგორი  იქნება ფინანსირება და ქონების ახალი გადანაწილება?

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გზით მოქალაქეები პლატფორმაზე საჯაროდ აქვეყნებენ/გზავნიან თავიანთ წინადადებებს/მოსაზრებებს, რომლებზე გამოხმაურება და განხილვაც პლატფორმაზე არის შესაძლებელი. Le Jour après-ს გუნდი კვირაში ორჯერ ორგანიზებას უწევს ონლაინ შეხვედრას, სადაც ვიდეო-კონფერენციის საშუალებით ხდება იდეების/მოსაზრებების გაზიარება. აღნიშნული შეხვედრები გადაიცემა პირდაპირ ეთერში, შემდგომ კი ხდება მათი განმეორებითი გაშვება. შეხვედრა წინასწარ ანონსდება ვებგვერდზე და საზოგადოების წევრებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. კიდევ ერთი საშუალება მოსაზრებების გასაზიარებლად, არის ჰაკათონი, სადაც ორგანიზატორები ეპატიჟებიან ყველას ვისაც უფიქრია განსახილველი საკითხების შესახებ.

 

 

დეზინფორმაციასთან ბრძოლა

 

კოვიდ-19-ის ეპოქაში აქტუალური ხდება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რის გამოც სხვადასხვა სახელმწიფო, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორი ცდილობს ინოვაციურად ებრძოლოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. ზოგან ეს სპეციალური მონიტორინგისა და ინფორმაციის შეგროვების საშუალებით ხდება (მაგალითად მექსიკაში, რუმინეთში, პაკისტანსა და ნეპალში), ზოგან კი საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით.

 

საგანმანათლებლო პროექტებში შეიძლება გამოვყოთ კანადა. კანადის კაპილანოს უნივერსიტეტმა შექმნა საგანმანათლებლო ვებგვერდი ვიდეო თამაშით, რომელიც მიმართულია დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. თამაშის განმავლობაში შესაძლებელია მოიპოვო სხვადასხვა „სამკერდე ნიშანი“ და „მაგისტრის ხარისხი“ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. თამაშის მიზანია დეზინფორმაციული შინაარსის „ტვიტების“ გავრცელებით დეზინფორმაციის გარჩევა სანდო ინფორმაციისგან. დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩართულია კიდევ ერთი კანადური ვებგვერდი, რომელიც 1996 წლიდან შეიმუშავებს სხვადასხვა  საგანმანათლებლო რესურსსა და პროგრამას ციფრული და მედია-წიგნიერების მიმართულებით. დასახელებული ვებ-გვერდის ერთ-ერთი მიმართულებაა #Breakthefake. აღნიშნული ვებგვერდი მრავალფეროვანი პროგრამების, ქვიზისა და სხვა რესურსების გამოყენებით ხელს უწყობს ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნება, გახდნენ ციფრული სამყაროს აქტიური და ინფორმირებული მოქალაქეები. 

 

 

 

დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ცალკე შეიძლება გამოვყოთ პროექტი რომელიც შეიქმნა ბელგიაში და წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების აღმოსავლეთის სპეციალური სამსახურის - „აღმოსავლეთ სტრატკომი“ (European External Action Service’s East StratCom Task Force) - წამყვან პროექტს.  პროექტის მიზანია კრემლის დეზინფორმაციული ოპერაციების მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობა. პროექტი, ასევე, ეხმარება ევროპისა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს განავითარონ ციფრული ცოდნა და წინააღმდეგობა გაუწიონ მასობრივი ინფორმაციით მანიპულირებას. ვებგვერდი, ასევე, მიზნად ისახავს კოვიდ-19-თან დაკავშირებული სპეციფიკური დეზინფორმაციისთვის თვალყურის დევნებას და მისი გავრცელების ხელშეშლას.

 

 

საზოგადოების ინფორმირების სხვა მექანიზმები

 

ამ თავში თავმოყრილია ინფორმაცია იმ ვებგვერდებისა და სხვა ონლაინ საინფორმაციო წყაროების შესახებ, რომლებსაც იყენებენ როგორც მთავრობები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად. ეს შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უკვე განხილული მაგალითების მსგავსი, თუმცა მათგან მაინც განსხვავებული.

 

მაგალითად, ბულგარეთსა და ხორვატიაში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გასაზიარებლად იყენებენ Viber-ის არხებს, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს ეგზავნებათ ინფორმაცია კოვიდ 19-ის შესახებ. ხოლო, სინგაპური WhatsApp-ის მეშვეობით 24 საათის განმავლობაში აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას პანდემიის შესახებ და პასუხობს მოქალაქეთა კითხვებს.

 

ბრაზილიის გენერალური მაკონტროლებელის ოფისის (the Office of Comptroller General (CGU)) მიერ შეიქმნა ექსკლუზიური საინფორმაციო არხი, სადაც გარდა ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა, შესაძლებელია კოვიდ 19-თან ბრძოლისას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების შესახებ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეფასებების გაგზავნა.

 

აზერბაიჯანსა და იტალიაში ფუნქციონირებენ ვებგვერდები, სადაც თავმოყრილია თემატურად დალაგებული ინფორმაცია არამხოლოდ ვირუსის შესახებ, არამედ მასთან ბრძოლისას გამოყენებული საჭიროებების შესახებ, როგორიცაა „განათლება“, „მედიცინა“, „ადგილზე მიტანის სერვისი“, „გადაადგილება“, „ონლაინ შოპინგი“ და ა.შ. ხოლო სლოვაკეთის განათლების სამინისტრომ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელიც განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რესურსს მიუძღვნა.

 

ავსტრალიის შტატ New South Wales-ის და  სალვადორი მთავრობები ვებგვერდებზე, ასევე, ათავსებენ დაჯგუფებულ ინფორმაციას დადასტურებული შემთხვევების შესახებ საფოსტო ინდექსის ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

 

სამხრეთ კორეისჯანდაცვის სამინისტრო თავის ვებგვერდზე აახლებს ინფორმაციას საავადმყოფოებში რესპირატორული პაციენტებისათვის განკუთვნილი თავისუფალი პალატების შესახებ, ხოლო ესპანეთში ბასკეთის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურად აქვეყნებს კოვიდ 19-ის ევოლუციის შესახებ ანგარიშებს, მათ შორის ცხელი წერტილების რუკას, იდენტიფიცირებულ შემთხვევებს  და ა.შ.

 

„ციფრული მთავრობის“ კარგი მაგალითია არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობა, რომელმაც უზრუნველყო ერთ ვებგვერდზე მოეყარა თავი ყველა საჭირო სახელმწიფო სერვისისთვის, რათა მოქალაქეებს აღარ დასჭირდეთ მომსახურების მისაღებად ადგილზე მისვლა.

 

შოტლანდიის მთავრობამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „გადაწყვეტილების მიღების ჩარჩო“, სადაც გაწერილია ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, რაც არის აუცილებელი კოვიდთ-19-თან ბრძოლაში. აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი ღირებულებებია: სიკეთე, თანაგრძნობა, ღიაობა და გამჭვირვალობა.

 

 

 

საქართველო კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ადრეული ეტაპიდან აქტიურად ჩაერთო, რაც გამოიხატა როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო/კერძო სექტორის მხრიდან შესაბამისი ზომების გატარებაში. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ონლაინ პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა თვალსაზრისით ჰგავს ზემოთ განხილულ მაგალითებს.

 

-       კერძო სექტორის ინიციატივით, მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით შესაბამისი რესურსების (ფინანსური, საკვები, ადამიანური და სხვა) მოსაძიებლად  შეიქმნა ონლაინ პლატფორმა,სადაც შესაძლებელია დონაციის გაკეთება ან მოხალისედ რეგისტრაცია. აქვე თავმოყრილია ინფორმაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების შესახებ. პლატფორმა ასევე  გვთავაზობს ბლოგებს კოვიდ 19-თან დაკავშირებული მოვლენების შესახებ მსოფლიოსა და საქართველოში.

 

-       ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობისთვის საქართველოში არსებული დისტანციური სერვისების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით ასევე შეიქმნა ციფრული სოლიდარობის პლატფორმა https://prevencia.ge. პლატფორმა ებრძვის ყალბი ამბების გავრცელებას და ამოწმებს პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციების ნამდვილობას. აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელია როგორც დისტანციური სერვისების, ისე, კოვიდ 19-ის გარშემო გავრცელებული ყალბი ცნობების შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

-       მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიებმა შექმნეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელია გაგზავნო ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის პრობლემების შესახებ და მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები.

 

-       საქართველოში მოქმედ ტელესამედიცინო ჰაბს დაემატა კოვიდ 19-ის განყოფილება, სადაც შესაძლებელია სიმპტომების შემოწმების გზით ინფორმაციის მიღება ხართ თუ არა დავირუსებული. თუმცა შემოწმების შედეგები ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს.

 

-       ამოქმედდა აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, რომ იმყოფებოდა  კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში. აპლიკაციის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: აპლიკაცია ტელეფონის gps-ით აგროვებს მონაცემებს ტელეფონის ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო bluetooth-ით - სხვა ტელეფონებთან ურთიერთქმედების შესახებ. ამ მონაცემების დაფიქსირებისთვის საჭიროა  აპლიკაციამ დააფიქსიროს სხვა ტელეფონი, რომელზეც ასევე ჩაწერილი და გააქტიურებული იქნება ეს აპლიკაცია. ყველა შეგროვებული  მონაცემი ინახება გადმომწერის ტელეფონში, და სერვერზე იტვირთება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადმომწერი თავისი ნებით გასცემს ამის უფლებას. აღნიშნულის საჭიროება მხოლოდ მაშინ დგება, თუ გადმომწერს დაუდასტურდება ინფექცია და ამის შესახებ აპლიკაციას აცნობებს. აღნიშნული ქმედების შემდეგ შეტყობინება ეგზავნება ყველა იმ ადამიანს ვის სიახლოვესაც დაინფიცირებულის ტელეფონი დაფიქსირდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 15 წუთზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში. შეტყობინება ეგზავნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც აპლიკაცია გადმოწერილი აქვთ. შეტყობინება არ შეიცავს პირად ინფორმაციას და მხოლოდ მიუთითებს, რომ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში  გქონდა დაინფიცირებულ პირთან კონტაქტი, უნდა დააკვირდე  შენს სიმპტომებს და დაიცვა თვითიზოლაციის წესები. აპლიკაციას აქვს ორი პრობლემური მხარე: პირველი, მისი ეფექტურობა დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც მას იყენებენ,  და მეორე, დამოკიდებულია მომხმარებლის კეთილ ნებაზე გააფრთხილებს თუ არა სხვებს ინფექციის დაფიქსირების შემთხვევაში.

 

-       მთავრობის მიერ შექმნილ ვებპორტალზე თავმოყრილია სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია, პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე, ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მიწოდების შესახებ, კორონავირუსთან დაკავშირებული მითები და სწორი განმარტებები, აფთიაქებისა და ცხელი ხაზის ნომრები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  

 

 

 

 

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ:

 

-       საქართველოში შეიქმნას ონლაინ საკონსულტაციო პლატფორმა, სადაც შესაძლებელია გაიმართოს მსჯელობა და დისკუსია როგორც ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა, და მოქალაქეების მონაწილეობით. აღნიშნული პლატფორმები საშუალებას მოგვცემს, ერთი მხრივ მივაღწიოთ კონსენსუსს საზოგადოებაში პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ აამაღლებს საზოგადოების ინფორმირებულობას პანდემიის შედეგების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შესახებ. ამ მხრივ საგულისხმოა საფრანგეთის პარლამენტის მაგალითი, სადაც მოქალაქეები და სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ სახელმწიფოს სხვადასხვა სექტორში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილში დასაგეგმი და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

 

-       გასაძლიერებელია ბრძოლა დეზინფორმაციასთან, რომელიც წარმოებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების გამოყენებით.

 

-       ცენტრალიზებულ მიდგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების ინდივიდუალური ინიციატივების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს პანდემიასთან ბრძოლას და შესაძლებელს გახდის მოქალაქეთა უკეთ ინფორმირებას.

 

-       განხილული მაგალითები აჩვენებს, რომ სახელმწიფოები განსაკუთრებით ზრუნავენ ხელოვნური ინტელექტისა და ელექტრონული სერვისების დანერგვაზე, რაც გარდა ხარჯების დაზოგვისა, დღევანდელი პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.

 

საქართველოში მოქმედი ონლაინ პლატფორმები, უფრო ზოგად ინფორმაციულ ან მხარდამჭერ ხასიათს ატარებს და არ არის მიმართული სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შეფასებისკენ.  მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობა იყენებს ყველა შესაძლო მექანიზმს, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა ინფორმირებულობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დაცვა, ხოლო სამოქალაქო სექტორის მხრიდან პანდემიის შესაკავებლად დანერგილი მექანიზმების კონტროლი.

 

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024