17 ივნისს შედგა საქართველოს პარლამენტის სარედაქციო ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრა, ჩატარდა პროექტ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში “ ფარგლებში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: გუგული მაღრაძემ, გიორგი კახიანმა და ხათუნა გოგორიშვილმა. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას ესრებოდნენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის პროექტში შემავალი ვალდებულებების დახვეწა და შემდგომი სრულყოფა.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ გახსნა და ისაუბრა საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ და საპარლამენტო ღიაობაზე. IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს მოქალაქეების მხრიდან კანონპროექტზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობას, შშმ პირთათვის საპარლამენტო დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივებას, ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს შექმნას და სხვა საკითხებს. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირება, ვინაიდან გაჟღერებულ რეკომენდაციებს არ მიეცეს ფორმალური სახე.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი კახიანმა მხარი დაუჭირა IDFI-ის რეკომენდაციებს და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას განამტკიცებს. ასევე თქვა, რომ ამ საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ინფორმირების გაზრდის თვალსაზრისითაც.
პარლამენტის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განმარტა, რომ ეთანხმება ლევან ავალიშვილის განცხადებას შედეგზე ორიენტირებულობასთან დაკავშირებით. „ტექნიკურად, შესაძლოა, დაიწყოს სამუშაო პროცესები აღნიშნულ საკითხებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია პარლამენტის პირველივე სხდომაზე განხილულ იქნას გამოთქმული ინიციატივები, რათა ეფექტური და შედეგის მომცემი პროცესი დაიწყოს.“- თქვა მან.
შეხვედრის ფარგლებში, გაჟღერდა სხვადასხვა მოსაზრებები. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ წარმოადგინა რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის სესიებზე და კომიტეტის სხდომებზე დასწრების უზრუნველყოფა, რომლის მიზანია საზოგადოების უფრო აქტიური ჩართვა სხდომათა განხილვის პროცესში. ამისათვის, ვებგვერდზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევიდნენ მოქალაქეები პარლამენტში, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული ამის შესახებ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე დაუმუშავებად ფორმატში თავსდება და ისაუბრა ამ პრობლემის მოგვარების გზებზე. აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა ხათუნა გოგორიშვილმა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იქ მყოფთ და ესაუბრა მათ იმ სირთულეებზე, რომლებიც მას დოკუმენტების გასაჯაროების შემდგომი გამოყენებისას ექმნება.
NDI-ის წარმომადგენელმა გააჟღერა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსი. მან აღნიშნა, რომ კოდექსი არ უნდა შემუშავდეს მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტისთვის და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკოსები გამოხატავენ პოლიტიკურ ნებას კოდექსის შემუშავების საკითხზე. ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა დახმარებისთვის და დამატებითი რეკომენდაციებისა და კონსულტაციებისთვის. ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეს ჩართულობის შესაძლებლობა ყველანაირი ფორმით, არა მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტაციის ვებგვერდზე განთავსების გზით.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაცია. მხარეები შეთანხმდნენ რეკომენდაციების ჩამონათვალზე და იმსჯელეს მათ განსახორციელებლად საჭირო დეტალებზე.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა ივლისის თვეში, რომელზეც მხარეები განიხილავენ გაჟღერებული რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს.