მიუსაფართა თავშესაფრების დაფინანსების საკითხი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 24 იანვარი 2014

2013 წლის დეკემბერში IDFI-იმ გამოაქვეყნა სტატია თბილისის საკრებულოს გაზრდილი ხარჯების შესახებ, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვედარებინა საკრებულოს მიერ ერთი წლის მანძილზე პრემიებსა და ავტომანქანების შეძენაზე დახარჯული თანხები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თუ აქტუალური საკითხების მოგვარებისთვის ხელისუფლების მიერ გაწეულ ხარჯებთან.

ამ მიზნით ინსტიტუტმა გამოითხოვა ინფორმაცია 2013-2014 წლის ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხის – მიუსაფარი პირებისთვის დროებითი თავშესაფრის მოსაწყობად თბილისის მასშტაბით გაწეული ხარჯების შესახებ.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, 2013 წლის 13 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში თბილისში თავშესაფრები მოეწყო 230 პირისთვის, რაზეც ცენტრალური ბიუჯეტიდან სულ დაიხარჯა 64 256.35 ლარი. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაპირველად თავშესაფრები 80 მიუსაფარზე იყო გათვლილი, თუმცა, მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, ტერიტორიაზე კარვების რაოდენობა დაემატა. 2014 წლის 3 იანვრის მონაცემებით თავშესაფრით სარგებლობდა 210 მიუსაფარი.

MRDI_tavshesafrebi

მიუსაფართა თავშესაფრებით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1946 განკარგულების შესაბამისად. განკარგულების თანახმად, კომისიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. ამას გარდა, მიუსაფარი პირების დახმარების საკითხში ჩართულია შემდეგი უწყებები:

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  • საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • ქალაქ თბილისის მერია

როგორც განკარგულებიდან ირკვევა, 2013-2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის უფლება მიეცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო დანარჩენ უწყებებს დაევალათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიუსაფარი პირების დასახმარებლად ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ:

  • თავშესაფრებისთვის მოსაწყობი ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო
  • თავდაცვის სამინისტრომ თავშესაფრები უზრუნველყო კარვებით, ღუმელებით, საწოლებით, მატრასებითა და პლედებით
  • ენერგეტიკის სამინისტროს დახმარებით მოგვარდა ელექტროენერგიის მუდმივი წყაროს საკითხი
  • ფინანსთა სამინისტრო შეშითა და ტანსაცმლით ამარაგებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების ზომებს იცავს და, ამავდროულად, ახორციელებს მიუსაფართა გადმოყვანას თავშესაფარში
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს თავშესაფრის საქმიანობის ადმინისტრირებას.

ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ქურთის საავადმყოფოს“ მედპერსონალის გარდა თავშესაფარში ყოველდღიურად მორიგეობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიუსაფართა დასახმარებლად მომსახურებების შეძენა გამარტივებული შესყიდვით მოხდა. როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული შესყიდვების სისტემიდან ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წლის 15 დეკემბრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ამ მიზნით  სულ ხუთი ხელშეკრულება გააფორმა -  ორი შპს „ქურთის საავადმყოფოსთან“ და სამი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისთან“.

შპს „ქურთის საავადმყოფოსთან“ პირველი ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 16 დეკემბერს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, 2 500 ლარის სანაცვლოდ 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაეწია შემდეგი მომსახურებები:

  • სამედიცინო პუნქტის მოწყობა
  • სამედიცინო ბრიგადის მომაგრება
  • მიუსაფარი პირების პირველადი სამედიცინო (ამბულატორიული) დახმარება
  • მიუსაფარი პირების დათვალიერება და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის ფარგლებში
  • ეპიდემიის პრევენციის მიზნით მწვავე ინფექციური, პარაზიტული და სხვა დაავადებების იდენტიფიცირება
  • მიუსაფარ პირთა პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
  • საჭიროების შემთხვევაში მიუსაფარი პირების გადაყვანა სტაციონარში

ამას გარდა, შპს „ქურთის საავადმყოფო“ უზრუნველყოფს მომსახურების ადგილზე ერთი ექიმის, ერთი ექთნის, ერთი დამხმარე პერსონალის და სასწრაფო დახმარების ავტომობილის 24 საათიან რეჟიმში მორიგეობას.

2013 წლის 31 დეკემბერს, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შპს „ქურთის საავადმყოფოსთან“ გააფორმა კიდევ ერთი ხელშეკრულება. 2013 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით, კომპანიამ 2014 წლის 31 იანვრამდე პერიოდში წინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება უნდა გაწიოს, სულ 5 000 ლარად.

შესაბამისად, 2013 წლის 16 დეკემბრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე მიუსაფართა სამედიცინო მომსახურებაზე ჯანდაცვის სამინისტროდან სულ გაწეულია 7 500 ლარის ხარჯი.

ჯანდაცვის სამინისტრომ „კათარზისთან“ პირველი ხელშეკრულება გააფორმა 2013 წლის 15 დეკემბერს. ხელშეკრულების თანახმად „კათარზისმა“ ვალდებულება აიღო, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არა უმეტეს 20 000 ლარის ფარგლებში განეხორციელებინა შემდეგი მომსახურებები:

  • კარვებში განთავსებული მოსახლეობის დღის განმავლობაში ორჯერადი კვება
  • საყოფაცხოვრებო ნივთებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა
  • 24 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული კონტროლი და სანიტარული მომსახურება

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულება ერთ პირზე ერთი დღის განმავლობაში 6 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

2013 წლის 31 დეკემბერს, გაწეული მომსახურებების ჩაბარების შემდეგ, რომლის ღირებულებამაც 18 162 ლარი შეადგინა, ჯანდაცვის სამინისტრომ „კათარზისთან“ გააფორმა მეორე ხელშეკრულება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, „კათარზისს“ 12 000 ლარის ფარგლებში დაევალა იგივე მომსახურებების გაწევა 2014 წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდში.

2014 წლის 10 იანვარს „კათარზისთან“ გაფორმდა მესამე ხელშეკრულება, 30 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მიხედვით გასაწევ მომსახურებებს დაემატა გათბობის მიზნით შეშით უზრუნველყოფა, ხოლო მომსახურებების გაწევის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.

შესაბამისად, 2013 წლის 15 დეკემბრიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ სულ მიუსაფართა კვებაზე, გათბობაზე, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფაზე გამოყო 62 000 ლარი.

აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით მიუსაფარი მოქალაქეებისთვისდროებითითავშესაფრის მოწყობაზე სულ გაწეულია არა 64 256.35 ლარის, არამედ 113 216.94 ლარის მომსახურება.

აქედან, 2014 წლის იანვრის განმავლობაში თბილისში მიუსაფართა კვებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფარად ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა 47 000 ლარის ხელშეკრულებები. შესაბამისად, თუ გამოვრიცხავთ კარვების დამონტაჟების ხარჯებს, 2014 წლის იანვრის განმავლობაში 47 000 ლარია გამოყოფილი მხოლოდ კვებასა და სამედიცინო მომსახურებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ 3 იანვრის მდგომარეობით თავშესაფრებით 210 ადამიანი სარგებლობდა, საშუალოდ თითო ადამიანზე ჯანდაცვის სამინისტრო თვეში 223 ლარს ხარჯავს. შესაბამისად, თუ ვიანგარიშებთ წლის განმავლობაში 4 ყველაზე ცივ თვეს (ნოემბერი – თებერვალი), ამ პერიოდის მანძილზე მიუსაფართა დახმარებისთვის საჭირო თანხა შეადგენს დაახლოებით 187 320 ლარს.

თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების ბოლოდროინდელი ხარჯვების გათვალისწინებით საინტერესო შედარებების გაკეთება არის შესაძლებელი.

  • 2013 წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს მიერ შესყიდულია 11 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 374 641 ლარს. 4 თვის მანძილზე 210 მიუსაფრის კვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა თუკი საკრებულოს ავტოპარკის ერთი წლის ხარჯი შემცირდებოდა 50%-ით, სხვა სიტყვებით, ამ თანხას დაზოგავდა თბილისის საკრებულო თუ 2013 წლის განმავლობაში არ შეიძენდა 5 ყველაზე ძვირადღირებულ ავტომანქანას – 2 ცალ Hyndai Elentra-ს (2013), Hyundai IX 35-ს (2012), Hyundai IX 35-სა (2013) და Kia Optima-ს (2013).
  • 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი. 4 თვის განმავლობაში 210 მიუსაფრის კვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა თუკი საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემული პრემიების რაოდენობა შემცირდებოდა 10%-ით, ან მხოლოდ საკრებულოს წევრებზე გაიცემოდა 187 320 -ლარით ნაკლები პრემია. სხვა სიტყვებით, 2012 წლის 1 იანვრიდან  2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით საკრებულოს თანამდებობის პირებს კონკრეტულად ორ თვეში – აგვისტოსა და ოქტომბერში, ან საშუალოდ 4 თვის მანძილზე რომ არ აეღოთ პრემიები, დაზოგილი თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა მიუსაფართა 4 თვის მანძილზე დასახმარებლად. 
  • 2014 წლის გეგმით საკრებულოს საწვავის ხარჯი გაიზარდა და განისაზღვრა 432 000 ლარით. ამ გეგმის 43%-ით შემცირების შემთხვევაში დაზოგილი თანხა ეყოფოდა მიუსაფართა დახმარებას 4 თვის განმავლობაში.

sakrebulo_avtoparki_2013

როგორც ზემოთ მოყვანილი შედარებით ირკვევა, იმ შემთხვევაში თუ თბილისის საკრებულო გასული წლის მანძილზე არ შეიძენდა მხოლოდ 5 ახალ ავტომანქანას, ან საშუალოდ 4 თვის მანძილზე არ დაურიცხავდა პრემიებს თანამდებობის პირებს, გაწეული ეკონომიის შედეგად დაზოგილი თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ თბილისის 210 მოქალაქეს წლის ყველაზე ცივი 4 თვე უსაფრთხოდ გაეტარებინა. ვფიქრობთ, რომ საბიუჯეტო სახსრების  რაციონალური განკარგვის პირობებში, შესაძლებელია მოხდეს არა მხოლოდ ფულადი სახსრების ეკონომია, არამედ საზოგადოებრივი პრიორიტეტების გათვალისწინებაც და რიგ შემთხვევებში მიუსაფარი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენადაც კი.

ამას გარდა, აღნიშნულ შემთხვევაში თბილისის მასშტაბით მიუსაფართა დასახმარებლად თანხის გამოყოფა თავისუფლად იყო შესაძლებელი თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც სწორედაც რომ დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის არის განსაზღვრული. მაგალითისთვის, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ათვისებულ იქნა 4 734 342 ლარი ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა მკურნალობა, გამოკვლევა და მშობიარობა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულების დახმარება, სწავლის საფასურის ანაზღაურება თუ დაკრძალვის ხარჯები. უფრო მეტიც, რამდენადაც ეს პირველი წელი არ არის როდესაც მიუსაფარი მოქალაქეების თავშესაფრებით უზრუნველყოფის საკითხი დღის წესრიგში დგება, სასურველია აღნიშნული ხარჯები ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდეგი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს. მაგალითად, კარგი იქნება, თუკი ეს ხარჯები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე წლის დედაქალაქის ბიუჯეტში, რომელზეც თბილისის მერია და საკრებულო ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან.

ამასთან, მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მოქალაქეების პრობლემების მოგვარება პირველ რიგში თბილისის არჩეული ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა გახდეს. დეცენტრალიზაციის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ხომ სწორედ ადგილობრივი პრობლემების ადგილზევე, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე გადაწყვეტაა. როგორც ამას ინსტიტუტის მიერ არაერთხელ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციაც მოწმობს, თბილისის საკრებულოსაც და თბილისის მერიასაც აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საჭირო ყველანაირი რესურსი თავადვე გააჩნია. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელი იყო თბილისის მოქალაქეების დახმარება საგანგებო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მასში ცენტრალური ხელისუფლების 7 სხვადასხვა დაწესებულების ჩართვის გარეშეც.

სასურველი იქნება, თუ დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისას მეტად გაითვალისწინებს საზოგადოებისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას. ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს მმართველობის ეფექტიანობის გაზრდას როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024