ვეხმიანებით საქართველოს ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეგავლენის აშკარა ფაქტს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 20 სექტემბერი 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუთავსებელია, მეტიც, აზიანებს ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ მანდატს, უზრუნველყოს ფინანსურის სექტორის სტაბილური ფუნქციონირება. ეს გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტზე პოლიტიკური და ოლიგარქიული ზეგავლენის ცხადი მაგალითი. 

 

როგორც ირკვევა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პერსონალურადაა პასუხისმგებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, რასაც ადასტურებს ეროვნული ბანკის ყველა ვიცე პრეზიდენტის, ისევე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის გადადგომა. 

 

მიგვჩნია, რომ ნათია თურნავამ უნდა აიღოს პერსონალური პასუხისმგებლობა, დააბრუნოს სანქცირების აქამდე არსებული სტანდარტული პროცედურა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. 

 

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ. სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ოთარ ანზოროვიჩ ფარცხალაძე საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რუსული გავლენების გაძლიერების გამო. სანქცირების შესახებ ინფორმაციის საპასუხოდ, 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს ქართულმა ბანკებმა შეუზღუდეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება. იმავე დღეს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ფარცხალაძე, როგორც საქართველოს მოქალაქე, განსაკუთრებული დაცვის გარანტიებით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ IDFI-ს შეფასებით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს და ამ ფაქტის სამართლებრივ გაფორმებას იუსტიციის სამინისტრო ხელოვნურად აჭიანურებს.

 

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდგომ, 2023 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, სავარაუდოდ სათანადო კონსულტაციების გარეშე, მიიღო სპეციალური საგამონაკლისო ბრძანება  №253/04, რომლითაც შეცვალა სანქციათა აღსრულების წესი. ცვლილების დასაბუთებისას ნათია თურნავამ გაიმეორა ირაკლი კობახიძის არგუმენტები “კონსტიტუციურობისა” და “მოქალაქეობის” საფუძვლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომლის  მანდატია ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმართვა, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სექტორის  სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა მისი კონსტიტუციური მანდატის ჯეროვნად განხორციელების ქვაკუთხედია. ეროვნული ბანკის მიერ პროფესიული გადაწყვეტილებების პოლიტიკურით ჩანაცვლება შეამცირებს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მიმართ ნდობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რამაც შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

 

ფარცხალაძის მიმართ სანქციების დაწესება მოხდა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძის მიმართ სანქცირების ამოქმედების გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა რუსეთში ე.წ. “ბიზნესის კეთება”, არამედ  რუსეთის FBS-ს ოფიცერთან თანამშრომლობა და საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერების ხელშეწყობა.

 

სანქცირებული პირებისა და კომპანიებისთვის საბანკო მომსახურების შეზღუდვა არის დემოკრატიული სახელმწიფოების პასუხის ერთ-ერთი ფორმა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო წესრიგისა და უსაფრთხოების უგულებელყოფისა და სუვერენული სახელმწიფოს დაპყრობის მცდელობისთვის. რუსეთზე დაკისრებული სანქციები, თავისი ბუნებით, საერთაშორისო პოლიტიკის გამოხატულებაა რუსეთთან და მის ბანაკში მყოფ ქვეყნებთან მიმართებით, ხოლო მათი აღსრულება სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ამგვარ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ეროვნულ-სამართლებრივ კონტექსტზე დაყრდნობა საფუძველშივე არასწორია. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მიერ წამოჭრილ ე.წ. “კონსტიტუციურობისა” და “მოქალაქის დაცვის” ნარატივს, აღნიშნული არის წმინდად პოლიტიკური განაცხადება და იგი იმდენად მანიპულაციური და სიმართლისგან დაშორებულია, რომ მასზე სერიოზული სამართლებრივი მსჯელობა მართებულად არ მიგვაჩნია. ნიშანდობლივია, რომ მმართველი პარტიის არგუმენტები ძალიან წააგავს რუსული ე.წ “სუვერენული დემოკრატიის” დოქტრინას, რომელსაც არც სუვერენიტეტთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

 

სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური მედეგობის სათანადო ხარისხი და ამჟამად ოთარ ფარცხალაძის, ხოლო მომავალში მისი მსგავსი ოლიგარქებისთვის სამართლებრივი გარანტიების გასაზრდელად შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს საფინანსო ინსტიტუტების სტაბილურობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში საგამონაკლისო ცვლილება შეუთავსებელია ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ მანდატთან - ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. მეტიც, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ზიანს აყენებს როგორც ფინანსური სექტორის სტაბილურობას, ისე მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

 

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას ამ გადაწყვეტილების შემდგომ გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი (პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვრიშვილი, ნიკოლოზ გაგუა), ისევე,  როგორც პრეზიდენტის მრჩეველი. ისინი აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს სანქცირების აღსრულების წესის ცვლილებისას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კონსულტაცია არ გაუვლია, ეს ირიბად მიუთითებს, რომ თურნავამ პრობლემური გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შესაბამისად, მანვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - დააბრუნოს სანქციათა აღსრულების აქამდე არსებული მოდელი და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. 

 

მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საჯარო სამსახურში, განსაკუთრებით დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტებში პოლიტიკური და ოლიგარქიული გავლენების შემცირების საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის დაძლევა, მათ შორის, “დეოლიგარქიზაცია”, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების წინაპირობაა. სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრეცედენტის შექმნა, დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორი იქნება საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

 

 



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024