საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „მოსმენების საქმის“ განხილვის მონიტორინგის შედეგები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 22 სექტემბერი 2017

ავტორები: გიორგი ბერაია, მარიამ ორჟონია

 

2017 წლის 7 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში, დასრულდა ე.წ. “მოსმენების” საქმის დასაშვებობის საკითხის განხილვა. სასამართლო ამ ეტაპზე არკვევდა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რამდენად იყო იმავე შინაარსის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ერთხელ უკვე ცნო. 2016 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლეოდა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 22 მარტს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ახლებურად მოაწესრიგა ფარული ელექტრონული თვალთვალის განმახორციელებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზება.

 

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. პრეზიდენტმა ახალ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ახალი სამართლებრივი რეგულაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს 300-მდე მოქალაქემ, საქართველოს სახალხო დამცველმა, და პოლიტიკურმა პარტიებმა.


IDFI “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მაღალი საჯარო ინტერესის პროცესების მონიტორინგს. დაკვირვების მიზანია შეფასდეს პროცესის მიმდინარეობისას რამდენად თანაბრად აქვთ მხარეებს შესაძლებლობა ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, ასევე თუ რამდენად დაცულია პროცესის მიმდინარეობისას საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები სასამართლოსა და მხარეების მიერ.


IDFI-ს წარმომადგენელი უშუალოდ აკვირდებოდა პროცესი მიმდინარეობას, ასევე გამოთხოვილ იქნა პროცესის ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც მისასალმებელია რომ სასამართლომ სრულყოფილად მოგვაწოდა. ე.წ. “მოსმენებისპროცესის მონიტორინგით გამოვლინდა რიგი ხარვეზები, რომლებზეც ქვემოთ იქნება ყურადღება გამახვილებული, მანამდე კი მოკლედ შევაჯამებთ პროცესზე მხარეების და სხვა ჩართული პირების პოზიციებს.

 

მოსარჩელეთა პოზიცია

 

მოსარჩელეების მითითებით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მიღებული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. კერძოდ, 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ფარული მიყურადების შესაძლებლობა ჰქონოდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს (შემდგომში „სუს“-ს), რომელსაც, თავისი საგამოძიებო ფუნქციიდან გამომდინარე პროფესიული დაინტერესება გააჩნდა მოეპოვებინა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.


მოსარჩელეთა განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ინსტიტუციურად და ფაქტობრივად სუს-ის განუყოფელი ნაწილია. 2016 წლამდე არსებულ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტსა და ახლად შექმნილ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს (შემდგომში „სააგენტოს“) შორის შინაარსობრივი სხვაობა არ არის. სააგენტო არ არის ნეიტრალური და დამოუკიდებელი ვერ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ სტანდარტს.


მოსარჩელეებმა დამატებით აღნიშნავენ, რომ სუს-ის ხელმძღვანელს სრული გავლენა აქვს სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესზე, რადგან მხოლოდ მას აქვს უფლება წარადგინოს ამ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატები.


გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეების მითითებით, სააგენტოს სუს-ზე დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის, რომ სუს-ის ხელმძღვანელს შეუძლია შეაჩეროს სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელეების განმარტებით, სააგენტო არ არის თავისუფალი და საგამოძიებო უფლებამოსილებისაგან დაცლილი. მას აქვს ბმა საგამოძიებო ორგანოსთან და, შესაბამისად, აქვს ინტერესი კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ფარული მიყურადება.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიმართებით მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ვითარება გაუარესდა, რადგან, თუ საკანონმდებლო ცვლილებამდე არსებული მოდელის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ჰქონდა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა (ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა), რომელიც მის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემის უფლებას გულისხმობდა, დღევანდელი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში ეს ორეტაპიანი სისტემაც არ არსებობს.


მოპასუხე მხარის პოზიცია


სასამართლო პროცესზე მოპასუხე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას.


მოპასუხეთა განმარტებით, სადავო ნორმების მთავარ მიზანს უსაფრთხოების სისტემის ეფექტურად მუშაობა, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. მოპასუხეები მიუთითებენ, რომ, შიდა და გარე ფაქტორების გავლენით, სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად დაუყოვნებლივ და მიზანმიმართულად მოქმედების ვალდებულება აქვს.


მოპასუხე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სისტემა, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვერ დაექვემდებარება მედიისა და სხვა საჯარო მეთვალყურეების კონტროლს იმავე ხარისხით, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელი სხვა ტიპის სახელმწიფო ორგანოები, მითუმეტეს, როცა ტერორისტული ტრანსნაციონალური ქსელების ზრდა და, ზოგადად, გეოპოლიტიკური კონტექსტი და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს.


მოპასუხეთა განმარტებით, ადრინდელი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, დღევანდელი მოდელის ფარგლებში ფარული მიყურადება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს) მიერ ხორციელდება. სუს-ის ხელმძღვანელის როლი კი აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესში მხოლოდ კანდიდატურის წარდგენით შემოიფარგლება. სუს-ის ხელმძღვანელის ამგვარი ჩართულობა თავად სუს-ის, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს, მიზნებითაა განპირობებული.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიმართებით კი მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ, მართალია, ე.წ. ორეტაპიანი სისტემა შეიცვალა, თუმცა ამ მხრივ სტანდარტი არ დაწეულა და, პირიქით, გაიზარდა. კერძოდ, მოპასუხეების განმარტებით, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეუძლია შევიდეს უშუალოდ იქ, სადაც სააგენტოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაა განლაგებული, ანუ უშუალოდ სააგენტოს შენობაში, ასევე იქ, სადაც ელექტრონული კომუნიკაციებია მოწყობილი.


საბოლოო ჯამში, მოპასუხე მხარის განმარტებით, დღევანდელ კანონმდებლობაში ასახული სამართლებრივი სტანდარტი არ იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას და იგი სწორედ ამავე უნივერსალური ღირებულებების (ადამიანის უფლებების) განხორციელების უზრუნველყოფის სამართლებრივ გარანტიას მოიაზრებს.


სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს პოზიცია


საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელმა დავით გაბეხაძემ აღნიშნა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო თავისი საქმიანობის ფარგლებში არის დამოუკიდებელი, რისი გარანტიაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.


სააგენტოს ხელმძღვანელის მითითებით, სააგენტო თავად ქმნის იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოიყენება და იგი თავად ახორციელებს მათ ოპერირებას. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ შექმნილი საშუალებები თავად სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზეა, შესაბამისად, სწორედ სააგენტოა მათი მესაკუთრე და არა სუს-ი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში სააგენტო მონაწილეობს როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არა როგორც საგამოძიებო და პროფესიული დაინტერესების ორგანო.


სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, იგი დამოუკიდებელია თანამშრომლების გათავისუფლების, წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესშიც. სუს-ის ხელმძღვანელის კომპეტენცია კი წმინდად შემოფარგლულია და მოიცავს ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რომლებიც სააგენტოს ადმინისტრაციულ მმართველობასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ბიუჯეტის შეთანხმების, ქონების გასხვისებისა და სხვა ამ ტიპის საკითხებთან დაკავშირებით.


რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებას ფარული საგამოძიებო პროცესების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ინსპექტორს უფლებამოსილება აქვს გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტაციას, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია


საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას სუს-ის იურიდიული სამმართველოს თანამშრომელმა ბექა ზეგარდელმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 30 მარტამდე არსებული მოდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა. კერძოდ, თუ მანამდე ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანო უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი იყო, დღევანდელი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში ეს დანაყოფი გამოეყო სუს-ს და დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახით ჩამოყალიბდა.


სუს-ის თანამშრომლის განმარტებით, სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესში გადამწყვეტი როლი სწორედ სპეციალურ კომისიას აკისრია, რომელიც დამოუკიდებელია და მაში ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობაა გამოხატული.


სუს-ის თანამშრომლის მითითებით, კომისიის მიერ დამტკიცებულ კანდიდატს, თავად კომისია, კერძოდ, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი წარუდგენს პრემიერ-მინისტრს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომისიის როლს სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესში.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთა შეკითხვაზე გაუმჯობესებულია თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიმართებით არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება 2017 წლის მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა პირდაპირ არ უპასუხა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა საკანონმდებლო გარანტიები, თუმცა მან აღნიშნა, რომ სისტემა შეიცვალა.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მითითებით, მართალია, აღარ არის ორეტაპიანი სისტემა, თუმცა ელექტრონული კონტროლის სისტემა დარჩა.


რაც შეეხება უშუალო სატელეფონო მიყურადებასთან მიმართებით არსებულ სისტემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მითითებით, ამ ნაწილში გამოიყენება სპეციალური სისტემა. საწყის ეტაპზე სავალდებულოა ინსპექტორს პერსონალურად მიეწოდოს ფარული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებაზე ნებართვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პროკურორის დადგენილებასთან ერთად.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მითითებით, მისი გუნდი მორიგეობით მთელი დღის (ოცდაოთხი საათის) განმავლობაში მუშაობს. პირველად მოწმდება კონკრეტული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო შემდეგ პროცედურული საკითხები, მათ შორის აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დაწყების დრო, სუბიექტი და ა.შ.


პროცესის მიმდინარეობის შეფასება


პროცესის ორგანიზების კუთხით რამდენიმე პრობლემური საკითხი შეიძლება აღინიშნოს. სამწუხაროდ, სასამართლო არ უზრუნველყოფდა ჩანიშნული პროცესების შესახებ ინფორმაციის დროულ საჯარო გავრცელებას. ორ შემთხვევაში, პროცესის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა სასამართლო პროცესამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე, რაც უმეტეს შემთხვევაში ვერ იქნება საკმარისი დრო იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ პროცესებზე დასწრება. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირებისთვის, ვინც ქ. ბათუმში არ ცხოვრობენ, სადაც იმართება სასამართლო სხდომები. პროცესის საჯაროობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ პროცესის მიმდინარეობას, ამისთვის კი სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩასატარებელი სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გონივრული ვადით ადრე იყოს ცნობილი.


ორგანიზაციული კუთხით ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს სხდომები როგორც წესი, იწყებოდა თითქმის ერთი საათის დაგვიანებით.
რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობის შინაარსობრივ მხარეს, შეიძლება ითქვას, რომ პროცესებზე მხარეებს ჰქონდათ სრულყოფილი შესაძლებლობა წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები, ასევე მათ შეუფერხებლად შეეძლოთ დაესვათ კითხვები პროცესში ჩართული სხვა პირებისთვისაც.


პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეებს შორის იგრძნობდა გარკვეული დაძაბულობა, რაც შესაძლოა საქმის მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობით იყო განპირობებული. იყო შემთხვევები, როცა მოსამართლეები პროცესის მიმდინარეობისას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ცხადია არაჯანსაღი პროცესია და აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არ გასცდეს ეთიკურ ფარგლებს და არ დატოვოს პერსონალური თუ პოლიტიკური დაპირისპირების აღქმა.


IDFI მომავალშიც გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების მონიტორინგს და შესთავაზებს საზოგადოებას მის შედეგებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024