ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომი

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები 26 მაისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), 2020 წლის 26 მაისის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ რიგით მეორე მემორიალურ ალბომს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება. ალბომის ავტორია რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ირაკლი მახარაძე, რომელსაც ეკუთვნის წიგნები - „გურიის რესპუბლიკა“, „დიადი მუნჯი“, „ქართველები ამერიკაში“ და სხვა პოპულარული გამოცემები. ალბომში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული და შსს არქივებში დაცული დოკუმენტები და ფოტომასალა, ასევე მასალა საოჯახო კოლექციებიდან.

 

1900-იანი წლებიდან მოყოლებული, ბენია ჩხიკვიშვილი იყო რევოლუციური და ქართული ეროვნული მოძრაობის ავანგარდში: ხანმოკლე „გურიის რესპუბლიკით“ დაწყებული, საქართველოს პირველი დემოკრატიული სახელმწიფოთი დასრულებული, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. ბენია ჩხიკვიშვილს ყოველთვის იქ აგზავნიდნენ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი გამოცდილება და ლიდერის თვისებები: სოხუმში ის მიავლინეს 1918 წლის ნოემბრიდან - 1919 წლის აპრილამდე და სწორედ მის პერიოდში მოხდა დაძაბულობის განმუხტვა, კრიმინალებთან და სეპარატისტებთან წარმატებული ბრძოლა, არჩევნების ჩატარება. ბენიას წარმომადგენლად მუშაობის შემდეგ, მცირე ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, მასშტაბური გამოსვლები აფხაზეთში აღარ ყოფილა. ამის შემდეგ იგი წარმატებით ართმევდა თავს თბილისის მოურავის (მერის) ფუნქცია-მოვალეობებს, დედაქალაქში მრავალი სიახლე დანერგა და წესრიგი დამყარებითაც გამოირჩა. 1920 წელს, მას ბათუმში იმ პერიოდში მოუხდა საქმიანობა, როდესაც აჭარის რეგიონს ინგლისის ჯარები ტოვებდნენ და მმართველობას საქართველოს მთავრობას აბარებდნენ.

 

საქართველოში საბჭოთა რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ბენია ჩხიკვიშვილი ოჯახის გარეშე ემიგრაციაში, თავდაპირველად კონსტანტინოპოლში წავიდა, ცოტა ხანში კი საფრანგეთში დაფუძნდა. თუ როგორ განიცდიდა ის ოჯახთან იძულებით დაშორებას, კარგად ჩანს მეუღლესა და შვილებისადმი გაგზავნილ ღია ბარათებში:

 

,,19/IX 23 წელი. ჩემო ძვირფასო ბიჭუნა გრიშა. საყვარელო, გიკრავ გულში და გკოცნი უთვალავს. გახსოვდეს, შვილო, რომ მამაშენის გული უთქვენოთ მუდამ მკვდარია, გელით თქვენ და თქვენი ნახვის იმედით სცოცხლობს. როცა გაიზდები, მაშინ გაგებ, რომ მე არაფერი ბრალი მიმიძღვის თქვენს ასეთ გამწარებაში... შვილო, იყავი ჭკუით და დედის დამჯერე. სლავკას მუდამ ეფერებოდეთ და დედას დაუჯერეთ. შენი ბენია”.

 

 

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად უკან ფარულად დაბრუნდა.ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს 1924 წლის 25 ივნისს, ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს იმავე წლის 11 ივლისს. ჩხიკვიშვილი კატეგორიულად უარყოფდა დაპატიმრებისას ბინაში აღმოჩენილ ნოე ჟორდანიას წერილთან და სოციალ-დემოკრატთა პარტიის არალეგალურ „ცეკასთან“ რაიმე კავშირს. ის განუმარტავდა გამომძიებლებს, რომ ჩამოსული იყო ოჯახის წასაყვანად, რომელიც იმჟამად ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, რადგან ჩეხოსლოვაკიაში აპირებდა გადასახლებას და რომ მხოლოდ ამ მიზნით იყო ჩამოსული საქართველოში  და არავითარი პოლიტიკური მიზანი არ ამოძრავებდა.

 

1924 წლის 30 ივლისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო განყოფილების რწმუნებულმა ჯალაღანიამ საქმის განხილვის შემდეგ მოითხოვა ჩხიკვიშვილის საქართველოდან გადასახლება.  და რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში სასტიკ იზოლაციაში მოთავსება ხუთი წლის ვადით. სხვა ქართველებთან ერთად ის სუზდალის ციხეში ჩასვეს.

 

1924 წლის 30 აგვისტოს, ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის  ლიდერების ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, გიორგი წინამძღვრიშვილის და ვასო ნოდიას დახვრეტის სანქცია გასცა. ქართველები სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, რუსეთის ტერიტორიაზე დახვრიტეს...

 

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მემორიალური ალბომის გამოცემაში მხარდაჭერისთვის.

 

ასევე, მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს დოკუმენტების და ფოტოების მოწოდებისთვის. ბენიამინ ჩხიკვიშვილის შთამომავლებს: ქალბატონ ეკა ჩხიკვიშვილს და ბატონ გივი ბოლქვაძეს, ფოტოებისა და სხვა მასალის მოწოდებისთვის. ქალბატონ ესმა მანიას, ქართული ტექსტების გამართვისა და სრულყოფისათვის. ისტორიკოს გიორგი მამულიას, გამოცემის მომზადებისას სასარგებლო რჩევებისთვის. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევრებს და ისტორიით დაინტერესებულ ყველა პირს.

 

/public/upload/Blogs/benia chkhikvishvili.pdf

 

 ___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024