სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი?

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანალიზი 9 ივნისი 2017

ავტორები: გოგა თუშურაშვილი და გიორგი ბერაია

 

2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რითიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.


ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ეს კანონი. მაგალითად, 2017 წლის მაისში მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა დაბრკოლების გარეშე შეძლო საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს იგი უკანონოდ იმყოფებოდა აფხაზეთში.


იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა (იხილეთ გრაფიკი #1). ამასთან, სტატისტიკა მიანიშნებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება (2009 წელს 78 შემთხვევა იყო, ხოლო 2016 წელს მხოლოდ 19). რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, სამინისტროს მიერ 8 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია მხოლოდ 4 დანაშაული (იხილეთ გრაფიკი #2).

 

 

 

 

სამწუხაროდ, სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იქნა დაკავებული ან რამდენ პირს აეკრძალა ქვეყანაში შემოსვლა კანონის დარღვევის გამო 2009-2016 წლებში. სამინისტრო ასევე უარს ამბობს, გაასაჯაროოს კანონის დამრღვევ უცხოელ თანამდებობის პირთა ე.წ. შავი სია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით. ეს კი შეუძლებელს ხდის კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას და იმის თქმას, სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.


მაგალითად, იური ლუჟკოვის შემთხვევაში, სამინისტრომ განმარტა, რომ იგი შავ სიაში არ ფიქსირდებოდა, რის გამოც მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი, მისთვის შეექმნა დაბრკოლება.


სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ საჯარო წყაროების მიხედვით, იური ლუჟკოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის დარღვევით ბოლო ვიზიტი ფიქსირდებოდა 2010 წელს. ვინაიდან, გამოძიება 2010 წელსვე არ დაიწყო, 2017 წლისთვის ამ სამართალდარღვევას გასული ჰქონდა 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, განეახლებინა გამოძიება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს იური ლუჟკოვის პასუხისმგებაში არ მიცემის დასაბუთება მიუთითებს მხოლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევ პირთა აღრიცხვის არაეფექტურობაზე. თუმცა, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა 2009 წლიდან დღემდე ე.წ. შავ სიაში აღრიცხული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით, შესაბამისად უცნობი დარჩა იყო თუ არა იური ლუჟკოვი შეყვანილი შავ სიაში, როცა მან საზღვარი გადმოლახა.

 

ასევე პრობლემურია, ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა 2009-2016 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების საქართველოს საზღვარზე დაკავების ან/და საზღვარზე შემოსვლის აკრძალვის შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულების პროცესში შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობის შესახებ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024