ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 7 მარტი 2025

გიორგი მამულია - საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სკოლის დოქტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიისა და საქართველოს ისტორიის სპეციალისტი. 



- გაგვიზიარეთ თქვენი მოგონებები მამის, გურამ მამულიას შესახებ: - როგორ გაიხსენებდით მასთან ურთიერთობას? როგორი იყო თქვენთვის ის როგორც გურამ მამულია და არა როგორც - მამა?



- რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას მამასთან, აქვე ვიტყოდი, რომ ეს ურთიერთობა ნამდვილად არ იყო მარტივი, რადგან მამაჩემი რთული და რაღაცაში წინააღმდეგობრივი ადამიანიც კი იყო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდებოდა მისი ოჯახის ტრაგიკულ ბედს. მამამისი იყო სამსონ მამულია, - ცნობილი ბოლშევიკი მოღვაწე, 1922 და 1930-31 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ანუ ადამიანი, რომელიც გარკვეულ ეტაპებზე თამაშობდა მთავარ როლს საქართველოს კომპარტიის იერარქიაში, რომელმაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე და შეეწირა სტალინის დიდ ტერორს 1937 წელს. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დაღი დაასვა მამაჩემს. მამაჩემი ერთი წლისაც არ იყო, როცა მამა დაუხვრიტეს, დედამისი კი ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ის აკმოლის ქალთა ცნობილ ბანაკში იმყოფებოდა. 1942 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ საქართველოში დაბრუნების უფლება არ მისცეს და იქვე გარდაიცვალა. 1956 წლამდე, სანამ  არ მოხდებოდა სამსონ მამულიას და ბებიაჩემის - ანა გოგუაძის რეაბილიტაცია, მამაჩემს იმის ცნობაც კი არ ჰქონდა, რომ მამამისი დახვრეტილი იყო. მე რომ ვკითხე მამას, როდის გაიგე, რომ მამაშენი დახვრიტესთქო, მითხრა, რომ მხოლოდ 1956 წლის შემდეგ, როდესაც ოფიციალურად დადგა საკითხი მამამისის რეაბილიტაციის და მიუვიდა ცნობა ამის შესახებ. კომპარტიის მე-20 ყრილობა რომ ჩატარდა ხრუშჩოვის მიერ, სადაც სტალინის პიროვნების კულტი დაგმობილ იქნა, ხოლო სტალინიზმი კომუნისტური იდეოლოგიისა და ლენინური პოლიტიკისგან გადახრად მიიჩნიეს, მამაჩემის პირველი გრძნობა იყო ის, რომ შეიძლება მისი მშობლებიც დაბრუნებულიყვნენ. რა თქმა უნდა, ყოველივე ამის შედეგად მამაჩემი იყო ადამიანი, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტრავმებს ატარებდა. მინდა, მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელმაც მამაჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა… როგორც კი 1956 წელს, მეოცე ყრილობაზე, სტალინის პიროვნების კულტი დაგმობილ იქნა, მამაჩემმა, გურამ მამულიამ და მისმა ძმამ სერგომ გადაწყვიტეს, როგორმე მათი დედის ნეშტი მაინც ჩამოესვენებინათ საქართველოში. მამის ნეშტს ისინი ვერ ნახავდნენ იმიტომ, რომ ბაბუაჩემის საფლავიც კი არ არსებობდა. ბებიაჩემის საფლავი კი მაშინ კიდევ არსებობდა ჩრდილოეთ ყაზახეთში. მამაჩემს უნდოდა იქ ჩასულიყო, მაგრამ მაშინ სტუდენტი იყო, უნივერსიტეტში სწავლობდა და გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი მასზე გაცილებით უფროს ბიძაჩემს უნდა გაეკეთებინა. თუმცა მან ეს ვერ განახორციელა, რადგან იმავე 1956 წლის მარტში, სტალინის კულტთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, თბილისში გამოსვლები იყო, სადაც რუსმა სამხედროებმა ხალხიც კი დახვრიტეს. მთელი ამ ტრაგედიის შემდეგ მჟავანაძის მთავრობამ აუკრძალა მას ყაზახეთში ჩასვლა და დედამისის ნეშტის გადმოსვენება იმ საბაბით, რომ ამას შეეძლო გამოეწვია  „ახალი მღელვარებები“ და “მეგობრულად” ურჩიეს, რომ დაეცადა ცოტა ხანი. დაახლოებით ერთ წელიწადში კი, როგორც ვიცი, ყაზახეთში ყოფილ ტუსაღთა სასაფლაოც კი გააქრეს, მისი ტერიტორია გადახნეს და საფლავიც დაიკარგა. ამ ამბავმა მამაჩემზე უმძიმესი გავლენა მოახდინა. ფაქტობრივად, რაც მის მშობლებს შეეხებოდა, ყველაფერი დაიკარგა, აბსოლუტურად, არაფერი აღარ დარჩა. 

მამაჩემი იზრდებოდა დეიდამისის, ნინო გოგუაძის ოჯახში. ის, რა თქმა უნდა, შეეცადა მიეცა მისთვის განათლებაც და სხვა ყველაფერიც. როგორც ვიცი, კარგად უვლიდა და  კარგი განათლებაც ჰქონდა მიღებული, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან დიდი ტრავმების ფონზე: - მამაჩემს, როგორც ე.წ „ხალხის მტრის“ შვილს, არ ჰქონდა უფლება ჩაებარებინა ისტორიულ ფაკულტეტზე, რის გამოც იძულებული იყო სწავლა ჯერ ქიმიურ ფაკულტეტზე დაეწყო. მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ მიეცა უფლება, ისტორიულ ფაკულტეტზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, „ხალხის მტრის“ შვილის ამ დამღამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა და გამოიწვია ის, რომ მამაჩემი თავიდანვე ანტისაბჭოთად, განსაკუთრებით კი, ანტისტალინურად იყო განწყობილი. უნდა ითქვას, რომ ხრუშჩოვის ე.წ. „დათბობის“ პერიოდში მამაჩემი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული დისიდენტობით, რადგან მიაჩნდა, რომ სტალინურ პერიოდთან შედარებით მისი მმართველობა გაცილებით უფრო პროგრესული იყო. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ამ დროს ის კომპარტიის წევრიც კი გახდა, რადგან ოფიციალური პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ სტალინური ტიპის გადახრების განმეორების არდაშვების საუკეთესო საშუალება - კომუნისტურ პარტიაში პატიოსანი და პრინციპული ხალხის წევრობაა. მისი დისიდენტური მოღვაწეობა დაიწყო ბრეჟნევის მმართველობის პერიოდიდან იმიტომ, რომ 1964 წლიდან, როცა ხრუშჩოვი გადააყენეს და ხელისუფლებაში ბრეჟნევი მოვიდა, მან  მნიშვნელოვნად შეცვალა ეს ანტისტალინური დამოკიდებულება. ამიერიდან სტალინი ცხადდებოდა ადამიანად, რომელსაც ჰქონდა შეცდომები (პარტიის მე-20 ყრილობის დადგენილებათა ოფიციალურ გადახედვაზე ბრეჟნევი უკვე ვერ წავიდოდა), მაგრამ უდიდესი დამსახურებებიც მიუძღოდა საბჭოთა ქვეყნის და ხალხის წინაშე. აქ, უპირველეს ყოვლისა, აქცენტი კეთდებოდა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებაზე და სტალინის, თითქოსდა, უდიდეს როლზე ამ საქმეში. ეს უკვე სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მამაჩემისთვის და ის 70-იანი წლებიდან ჩაება დისიდენტურ მოღვაწეობაში. სამწუხაროდ, მე პირადად მახსოვს ამ დისიდენტური მოღვაწეობის მხოლოდ ბოლო წლები, იმიტომ, რომ მაშინ პატარა ვიყავი, სკოლა 1984 წელს დავამთავრე. კარგად მახსოვს, მამაჩემი როგორ გარიცხეს პარტიიდან 1983 წელს. ეს ის წელი იყო, როცა საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების ორასი წლისთავი. ამის საწინააღმდეგოდ, მამაჩემმა გამოაქვეყნა სტატია ერთ-ერთ არალეგალურ გაზეთში, რასაც, რა თქმა უნდა, რეპრესიები მოჰყვა. ის ჯერ პარტიიდან გარიცხეს და, ამის გარდა, სხვა მხრივაც დასაჯეს: - აუკრძალეს სტუდენტებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ ის ნახევარი შტატით ისტორიის ინსტიტუტში იყო, ხოლო მეორე ნახევარი შტატით - შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინსტიტუტში შტატის გამთლიანების შემდეგ, ის, ფაქტობრივად, სტუდენტებს მოაცილეს. იყო სხვა რეპრესიებიც… მიუხედავად იმისა, რომ სადოქტორო დისერტაცია მამაჩემს დიდი ხანი (1979 წელს) მზად ჰქონდა და წარდგენილიც, საბოლოოდ, მისი დაცვა მან მხოლოდ გორბაჩოვის პერიოდში, 1988 წელს შეძლო. მე კარგად მახსოვს მისი დისერტაციის დაცვა, მიულოცეს და უთხრეს, რომ, ხომ ხედავ, მართალია, ათი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავთ ისტორიის დოქტორის ხარისხის დაცვას. იმიტომ, რომ სადოქტორო დისერტაციას მაშინ საკავშირო ვაკი (უმაღლესი საატესტაციო კომისია/ Высшая аттестационная комиссия (ВАК)) ამტკიცებდა და მისი დასტურის გარეშე დოქტორის ხარისხს ვერავინ მიიღებდა...



ბაბუა, სამსონ მამულია, იყო ერთ-ერთი აქტიური ბოლშევიკი, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი: - საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი 1930-1931 წლებში. ანუ, საბჭოთა ნომენკლატურით, ძალიან “დიდი კაცი”, რომელიც შემდგომში სტალინის “დიდ ტერორს” ემსხვერპლა 1937 წელს. სამსონ მამულიას შესახებ ვისგან და როგორ გაიგეთ? როგორ გაიხსენებდით ოჯახში მასთან დაკავშირებით შემონახულ მეხსიერებას და პრაქტიკაში გადმოტანის გზებს? ხაზგასმა იყო მასზე როგორც მსხვერპლზე, თუ როგორც დიდი თანამდებობის პირზე? 

 

- ოჯახში ხშირად საუბრობდნენ მის შესახებ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მამაჩემს უშუალო მეხსიერების ძაფი მის მშობლებთან გაწყვეტილი ჰქონდა, ანუ პირადი ურთიერთობა არ ჰქონდა მათთან, რადგან სულ ნახევარი წლის იყო, როდესაც მამამისი დახვრიტეს, ხოლო დედამისი გადაასახლეს. თუმცა, ოჯახში ინახებოდა გადმოცემები, რომლებიც, შეიძლება ლეგენდარული ხასიათისაა, შეიძლება კი - რეალური საფუძველიც უდევთ. მაგალითად, ის, რომ ბებიაჩემი, ანა გოგუაძე, რომელიც იმ დროს მედდა იყო, ბაქოში ცხოვრობდა აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე 1920 წელს, როცა იქ ცნობილი ლავრენტი ბერიაც იმყოფებოდა. თითქოსდა ის, მაშინ, რაღაც “შავი სახადით” თუ სხვა დაავადებით დასნეულდა და ბებიაჩემმა, როგორც ქართველმა ქართველი გადაარჩინა სიკვდილს. რა თქმა უნდა, ძნელია ამ ამბის ავთენტურობაზე რამის თქმა, მაგრამ მსგავსი ისტორია მსმენია. ასევე გამიგია ის ლეგენდაც, თუ რატომ იყო სტალინი მკვეთრად უარყოფითად განწყობილი ბაბუაჩემის მიმართ: - თითქოს 1920-იან წლებში სტალინის საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მოსაცდელში გააჩერა და უთქვამს, რომ ის არაფრით არ გამოირჩევა სხვა დანარჩენი  კომუნისტებისგან და კეთილი ინებოს და დაიცადოს. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სტალინის დამოკიდებულებაში სამსონ მამულიასადმი რაღაც პირადული მომენტი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი დამოკიდებულება ბაბუაჩემის მიმართ თავიდანვე ცალსახად უარყოფითი იყო. სამსონ მამულია შედიოდა სერგო ორჯონიკიძის გუნდში, რომელიც, ფაქტობრივად, განაგებდა საქართველოს და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციას დაახლოებით 1921-31 წლებში. უნდა ითქვას, რომ ორჯონიკიძე იცავდა ბაბუაჩემს სხვა ბოლშევიკებისგან, რომლებიც მას სტალინთან აბეზღებდნენ. მაგალითად, 1923 წელს ორჯონიკიძე წერდა სტალინს ვინმე ანჯაფარიძის შესახებ, რომელიც სამსონ მამულიას 1917 წლამდე სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრობას აბრალებდა. მისი თქმით, ეს ბრალდებები საფუძველს მოკლებული იყო, რადგან პარტიულმა შემოწმებამ ეს არ დაადასტურა. საინტერესოა, რომ უფრო გვიან, მას 1917 წლამდე სოციალისტ-ფედერალისტობასაც აბრალებდნენ. ამ ბრალდებებმა მეც დამაინტერესა და ვნახე, რომ ბაბუაჩემი თავიდან მართლაც შორს არ იყო სოციალისტ-ფედერალისტური იდეოლოგიისგან.  ეს იქიდან ჩანს, რომ ერთ-ერთ სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთში შემონახულია ფოტოსურათი, სადაც მამს ნალჩიკში ქართული სკოლის პედაგოგებთან და მოწაფეებთან აქვს ფოტო გადაღებული. 1915 წელს ის ამ სკოლის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი იყო. როგორც ჩანს, ნალჩიკში ქართული სათვისტომო არსებობდა და ხსენებული სკოლაც ამ სათვისტომომ შექმნა. 1931 წელს, როდესაც მას სტალინის ბრძანებით უამრავი აბსურდული ბრალდება წაუყენეს, რათა როგორღაც გაემართლებინათ მისი თანამდებობიდან მოხსნა, მას ქართულ პრესაში ნაციონალ-დემოკრატიული მიმართულების ანტირუსული სტატიების გამოქვეყნებასაც აბრალებდნენ, პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩემი აზრით, ბაბუაჩემი თავიდანვე იყო ქართველი ნაციონალისტი, რომელიც 1917 წელს გაბოლშევიკდა. რა იყო გაბოლშევიკების მიზეზი, - ამის თქმა, დაბეჯითებით, ამჟამად უკვე ძნელია. თუმცა ჩემი აზრით, ეს შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ იმ დროს არსებული ყველა რუსული პარტიიდან, მხოლოდ ბოლშევიკები, თეორიულად მაინც, აღიარებდნენ მცირე ერთა უფლებას თვითგამორკვევაზე, ანუ იურიდიულ გამოყოფაზე ყოფილი რუსეთის იმპერიისგან. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვთქვა, რომ ბაბუაჩემი არ ყოფილა უშუალოდ გარეული დამოუკიდებელი საქართველოს რუსულ-ბოლშევიკურ დაპყრობაში. ის არ ყოფილა არც ე.წ. შულავერის კომიტეტის, და არც სხვა რომელიმე ორგანიზაციის წევრი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს და კავკასიის დაპყრობა-გასაბჭოებას. 1922 წელს ის ცოტა ხნით დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, შემდგომ კი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მათ შორის, 1929-1930 წლებში ეკავა აჭარის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივნის თანამდებობა, რომლის შემდგომაც უკვე 1930 წელს კვლავ დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად. ეს ის პერიოდია, როცა, ფაქტობრივად, მთელ საბჭოთა კავშირში ხორციელდებოდა დაჩქარებული ტემპით ე.წ. კოლექტივიზაცია, ანუ გლეხებს აიძულებდნენ შესულიყვნენ კოლმეურნეობებში და უარი ეთქვათ როგორც მიწის კერძო მფლობელობაზე, ისე უფლებაზე თავად გაეყიდათ მოსავალი საბაზრო ფასებში (ის მათ მთლიანად სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ ჩალის ფასად). ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში, იმიტომ რომ ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში გლეხებს, ცხადია, არ სურდათ საკუთარი მიწის დათმობა და კოლმეურნეობებში გაერთიანება. ამას ისიც დაემატა, რომ საკავშირო ცკ კატეგორიულად მოითხოვდა საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელებისგან პურის, სიმინდის დამზადების განსაკუთრებით მაღალი ტემპებით განხორციელებას და მის რუსეთში გაგზავნას, რაც სრულად აღემატებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობას, რომელიც საკუთარი რესპუბლიკისთვისაც ძლივს ახერხებდა საკმარისი რაოდენობით სიმინდის დამზადებას. სამსონ მამულია ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ეს უზარმაზარი და გაბერილი ციფრები, რომლებიც მოსკოვიდან მოდიოდა, როგორმე შეემცირებინა. მიაღწია იმას, რომ ნახევრად მაინც შემცირებულიყო ეს მოთხოვნა. ამან კი, როგორც ჩანს, გამოიწვია სტალინის უკმაყოფილება, რომელმაც ამ შემთხვევაში დაინახა ცენტრისადმი (ფაქტობრივად კი - მისი პირადი ხელისუფლებისადმი) დაუმორჩილებლობა. რაც მთავარია, სტალინს უკვე ამ დროს ჰქონდა იდეა მოეშორებინა ძველი ბოლშევიკები, კერძოდ კი, სერგო ორჯონიკიძის კლანი ამიერკავკასიიდან და საქართველოდან. ამიტომაც იყო, რომ 1930 წელს პირადად ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა ბაბუაჩემს და ჰკითხა, რატომ ვერ ხდება გლეხების კოლმეურნეობებში გაერთიანება იმ ტემპებით, რაც მას სურდა. ამაზე სამსონ მამულიამ პირდაპირ უპასუხა, რომ მოსკოვის მიერ დასახული ამ გეგმის ნებაყოფლობით, ანუ ძალის გამოყენების გარეშე განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ამის საპასუხოდ სტალინმა მიმართა მისთვის დამახასიათებელ მაკიაველისტურ ხრიკს, ყალბი აღშფოთება გაითამაშა და განაცხადა: - რას ჰქვია ძალა გამოვიყენოთ?! სად არის აქ ნებაყოფლობის პრინციპი?! როგორც ჩანს, თქვენ ვერ უხსნით მოსახლეობას ამ ზომის საჭიროება. და აი, ამის საფუძველზე, 1931 წელს მთლიანად ხსნის საკუთარი თანამდებობიდან ყველა ძველ ბოლშევიკს, რომლებიც განაგებდნენ ამ დროს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციას: - ლავრენტი ქართველიშვილს, მამია ორახელაშვილს, მიხეილ კახიანს, სამსონ მამულიას და სხვებს, რომლებიც ოციან წლებში, ფაქტობრივად, მართავდნენ ამიერკავკასიას. და ანაცვლებს მათ თავისი კადრით - ლავრენტი ბერიათი, რომელიც არც ძველი ბოლშევიკი იყო, არც იდეური კომუნისტი, უბრალოდ, სტალინის ნება-სურვილის უსიტყვო და ეფექტური შემსრულებელი, რაც ერთადერთი იყო, რაც სჭირდებოდა სტალინს. 

ამ მოვლენების უკეთ გასაგებად აქ ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ ბედნიერება მხვდა წილად, ბოლოს და ბოლოს შემესწავლა ბაბუაჩემის საბრალდებო საქმე, რომელიც დიდი ხანია ინახებოდა საქართველოს უშიშროების არქივში. კარგად მახსოვს, რომ თავის დროზე მამაჩემიც ბევრს ცდილობდა, რომ მიეღო უფლება გასცნობოდა ამ საქმეს. როგორც მახსოვს, რამდენჯერმე განცხადებაც კი დაწერა ამ საქმის გაცნობის უფლების მისაღებად, თუმცა ყოველთვის იღებდა სტანდარტულ პასუხს, რომ ეს საქმე დაკარგულია, დამწვარია 1991 წლის ამბების დროს და არ არსებობს… სინამდვილეში არც დაკარგული და არც დამწვარი იყო: - ინახებოდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს არქივში. ამ საქმიდან აშკარად ჩანს, რომ უკვე 20-იანი წლების ბოლოს აშკარად შეინიშნებოდა ძველი ბოლშევიკების უკმაყოფილება სტალინის მზარდი თვითმპყრობელურ-ტირანული დიქტატურით.



აჭარაში მიმდინარე გამოსვლების ჩახშობაში მონაწილეობდა?

 

- აჭარაში მოხდა მუსლიმი გლეხობის გამოსვლები, განსაკუთრებით ამ რეგიონის მთიან ზონაში, ხულოს რაიონში. კომუნისტები მოითხოვდნენ, რომ ქალებს მოეხსნათ ჩადრები, რასაც ისინი, მათი ანტირელიგიური თვალთახედვიდან გამომდინარე, ჩამორჩენილობად მიიჩნევდნენ. მოსკოვი კი, ამაში ხედავდა საშუალებას შეესუსტებინა იქ თურქეთის გავლენა, რომელიც ისლამის მეშვეობით ხორციელდებოდა. სხვათა შორის, ბებიაჩემიც, ანა გოგუაძეც, მონაწილეობდა ამ საქმეში. როგორც მამაჩემისგან ვიცი, სულ ეუბნებოდა იმ აჭარელ ქალებს, რომ ლამაზი ქალები ხართ, რად გინდათ ჩადრები, მოიხსენით და ისე იარეთ. ხულოში აჯანყების დროს ბაბუაჩემიც და ბერიაც (მაშინ საქართველოს გპუ-ს თავმჯდომარე) იქ იყვნენ და რაღაცნაირად მოხდა ამ სიტუაციის დარეგულირება. 

დაახლოებით მსგავს მდგომარეობას ჰქონდა ადგილი 1930 წელს აფხაზეთში. საქმე ეხება ე.წ. “ლიხნის საქმეს”. 1930 წელს, როდესაც სამსონ მამულია უკვე ცკ-ს პირველი მდივანი იყო, ქართველ გლეხთა მსგავსად, აფხაზმა გლეხებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს კოლმეურნეობებში გაწევრიანებაზე, პროტესტისთვის გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში შეიკრიბნენ და ისიც თქვეს, რომ კოლმეურნეობებში გაერთიანებას თურქეთში გადასახლება ერჩივნათ. ბერიამ ლიხნისკენ საჯარისო ნაწილები დაძრა და ბაბუაჩემთან ერთად თვითონაც ჩავიდა იქ. ამ ამბების შესახებ მე მინახავს თავად სამსონ მამულიას მიერ დაწერილი მოხსენება, რომელსაც არქივში მივაგენი. როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, მან, ნესტორ ლაკობასთან ერთად, შეძლო სისხლისღვრის თავიდან აცილება და საკითხის მშვიდობიანი მეთოდებით მოწესრიგება. 



საიდან იწყება მისი, ასე ვთქვათ, დაღმასვლა, როცა ცკ-ს პირველი მდივნის თანამდებობის შემდეგ, უკვე შედარებით დაბალ თანამდებობებზე გადაიყვანეს?



 - სტალინის მაკიაველისტური გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: - მცირე ხნის შემდეგ ყველა ძველი ბოლშევიკი ამიერკავკასიიდან მოეშორებინა და მართვის სადავეები მხოლოდ ბერიასთვის მიენდო. ცკ-ს პირველი მდივნობიდან მოხსნის შემდეგ, ბაბუაჩემი რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდა კომპარტიის თბილისის ქალაქკომის პირველი მდივნის თანამდებობაზე, ხოლო მერე კი საერთოდ გადაიყვანეს მოსკოვში სამუშაოდ და მარქსის-ენგელსის-ლენინის ინსტიტუტის, ანუ, როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, იმელის ინსტიტუტის ლენინის სექტორის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს. რა თქმა უნდა, ეს დაბალი თანამდებობა იყო იმასთან შედარებით, რასაც ის საქართველოში ფლობდა, და, ფაქტობრივად, წმინდა წყლის პოლიტიკური გადასახლება იყო. საინტერესოა, რომ თვითონ იმელის დირექტორი მაშინ მამია ორახელაშვილი იყო. ამიერკავკასიის ყველა სხვა ხელმძღვანელიც, მათ მსგავსად რეგიონს მოაცილეს და სსრკ-ში გაფანტეს. არსებობს ძალიან საინტერესო მოგონება ერთ-ერთი ძველი ბოლშევიკი ქალის, რომელიც რამდენიმე წლის წინ წავიკითხე. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში სტალინის პიროვნების კულტი კატასტროფულად იზრდებოდა. სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა თავი გამოეცხადებინა ლენინის ერთადერთ ლეგიტიმურ იდეოლოგიურ მემკვიდრედ, ბელადად, და, ამავე დროს, ერთადერთ და მთავარ ბოლშევიკად, ვინც შექმნა ბოლშევიკური ორგანიზაციები ამიერკავკასიაში და დააფუძნა თბილისში, ბაქოში და რეგიონის სხვა ცენტრებში. ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუე და ისტორიის უხეში ფალსიფიკაცია იყო, და, აი, სწორედ ამასთან დაკავშირებით, ეს ბოლშევიკი ქალი იხსენებდა, რომ მათ ამაზე ჰქონდათ მსჯელობა ინსტიტუტში. ამ დისკუსიის დროს სამსონ მამულიამ მოიტანა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე გამოცემული ბოლშევიკური გაზეთები, რომლებიც ამიერკავკასიაში იყო გამოცემული და განაცხადა, აბა, თუ ნახავთ ერთ წერილს მაინც, რომელიც სტალინმა გამოაქვეყნა ამ დროს ამიერკავკასიაში?!  რა თქმა უნდა, ასეთი საუბრები არ შეიძლება დარჩენილიყო შეუმჩნეველი ნკვდ-სთვის, რომელიც მაშინ ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. სტალინი უბრალოდ მიხვდა, რომ თავად პარტიაში შეიქმნა ძალიან დიდი მასა, უკმაყოფილო მისი ტირანული მმართველობით, ძირითადად, ძველი ბოლშევიკები, რომლებმაც ჯერ კიდევ ოქტომბრის 1917 წლის გადატრიალებამდე, სტალინის დაუხმარებლად შექმნეს საკუთარი ბიოგრაფიები, არ თვლიდნენ თავს ვალდებულად მის წინაშე, უფრო მეტიც, მას თანასწორთა შორის პირველად თვლიდნენ, და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი იყვნენ მისი, როგორც დიდი ბელადის კულტის უზომო ზრდის. ამ მიზეზით, სტალინმა გადაწყვიტა, რომ ამ უკმაყოფილო მასის ცოცხლად დატოვება სახიფათო იქნებოდა მისი დიქტატურისთვის, მითუმეტეს, რომ რევოლუციური მოქმედების პრაქტიკასთან ერთად, მათ სახელმწიფოს მართვის გამოცდილებაც გააჩნდათ, და, რეალურად, სრულიად მოგონილი ბრალდებით, - თითქოსდა კომპარტიაში შეთქმულთა დიდი ჯგუფი არსებობდა, რომელიც მის და პოლიტბიუროს სხვა წევრების მკვლელობას ისახავდა მიზნად, რისი პირველი ნაბიჯიც, თითქოს, 1934 წელს სერგეი კიროვის მკვლეობა იყო, 1937-38 წლების დიდი ტერორის კამპანია წამოიწყო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო, რადგან, დიდი ალბათობით, თავად კიროვის მკვლელობაც სტალინის შეკვეთილი თუ არა, ყოველ შემთხვევაში მანიპულირებული იყო. უკმაყოფილება სტალინის დიქტატურით მართლაც დიდი იყო, მაგრამ ეს უკმაყოფილება არ გამოიხატებოდა რამე ორგანიზებული წინააღმდეგობის ფორმებში. ამრიგად, ამ შეთითხნილი საქმის საფუძველზე დააბრალა ძველ ბოლშევიკებს იმ მითურ შეთქმულებაში მონაწილეობა, რომლის მიზანიც, თითქოსდა, მისი და მისი გარემოცვის ხელისუფლებიდან ჩამოცილება იყო. ამის შედეგად, 1937-38 წლებში დახვრიტა, ფაქტობრივად, ძველი ბოლშევიკური პარტიის 90 პროცენტზე მეტი. ამავე დროს, ბოლშევიკთა ძველი თაობის განადგურებასთან ერთად, მასობრივად მოხდა პარტიულ რიგებში ახალი წევრების მიღება. ანუ, სტალინი ქმნიდა თავისი ყაიდის პარტიას, სადაც მხოლოდ მის მიერ დასმულ პირებს და მათ კადრებს ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამდებობები. ამრიგად, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პოზიციაზე დაინიშნა მხოლოდ სტალინის და მისი ვასალების მიერ დანიშნული ფუნქციონერები. აქედან გამომდინარე, ხრუშჩოვი, პრინციპში, მართალი იყო, როცა საუბრობდა იმაზე, რომ სტალინმა მოახდინა კომპარტიაში გადატრიალება. იცით, სამსონ მამულიას ბრალდების საქმეში ყველაზე მეტად ის არის საინტერესო, რომ საქმის მასალათა ოთხმოცი პროცენტი შედგება არა მისი ჩვენებებისგან ან დაკითხვის ოქმებისგან, არამედ სხვა ძველი ბოლშევიკებისგან გამოგლეჯილი ჩვენებებისგან მასზე. იქ არის მამია ორახელაშვილის და სხვა ყოფილი ძველი ბოლშევიკი ფუნქციონერების დაკითხვის ოქმების ამონარიდები, რომლებიც, როგორც აშკარად ჩანს, მიღებულ იქნა გამომძიებელთა მიერ ფიზიკური ზეწოლისა და წამების შედეგად. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტუსაღთა მიმართ „ფიზიკური ზემოქმედების საშუალებების“, ანუ, ფაქტობრივად, ტანჯვა-წამების გამოყენება, სტალინის მიერ ოფიციალურად ნებადართული იყო. საქმეში ჩაკერილია სამსონ მამულიას მხოლოდ ერთი საკუთარი ჩვენების და ორი დაკითხვის ოქმი. ამ ფალსიფიცირებული მასალებიდან ჩანს, რომ დაპატიმრების შემდეგ ის ორი თვის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა გამომძიებლებს და არ აღიარებდა მისდამი ინკრიმინირებულ დანაშაულს. ის, თუ როგორ და რა მეთოდით აწამებდნენ მას ამ ორი თვის განმავლობაში, სანამ ამ „აღიარებით ჩვენებას“ გამოგლეჯდნენ, გაირკვა მოგვიანებით, 1953 წელს ბერიას და მისი ხელქვეითების დაპატიმრების შემდეგ. მაგალითად, ბოგდან ქობულოვი, რომელიც 1937 წელს საქართველოს ნკვდ-ს იმ განყოფილების უფროსი იყო, რომელსაც სამსონ მამულიას საქმის გამოძიება ებარა, გამოტყდა, რომ მისგან „აღიარებითი ჩვენებების“ გამოგლეჯის მიზნით, გამომძიებლები მას სიმძიმეებით დატვირთულ მაგიდას აბამდნენ და აიძულებდნენ ამ სიმძიმეებით დატვირთული ფეხზე მდგარიყო რამდენიმე დღის განმავლობაში. როდესაც ის დაუძლურებული ძირს ეცემოდა, მას ისევ აყენებდნენ და ისევ აიძულებდნენ დგომას, და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მოაწერინეს ხელი ფალსიფიცირებული დაკითხვის ოქმებზე. მეორე მოწმის თქმით კი, ვინაიდან ბაბუაჩემი ნკვდ-ს გამომძიებლებს ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას, ისე სცემეს, თვალიც ამოთხარეს და დახვრეტის წინ იმ ზომამდე იყო ნატანჯი, რომ არც კი ესმოდა რა ხდებოდა. 



თქვენ ხართ პირველი რესპუბლიკის და სტალინიზმის და საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული მცოდნე. თქვენი ბაბუა იყო პირველის მტერი, ერთ-ერთი ის, ვინც აქტიურად ებრძოდა “მენშევიკებს” და ადრეული საბჭოთა რეჟიმის სათავეებთან მყოფი პიროვნება იყო… როგორია თქვენი მიდგომა ბაბუის პიროვნების და ზოგადად, ამ ეპოქის მიმართ? რა სახის წინააღმდეგობები გაქვთ, როცა, მაგალითად, მისი ბიოგრაფიის შესახებ უნდა დაწეროთ როგორც პროფესიონალმა ისტორიკოსმა? - ერთის მხრივ, მოგეთხოვებათ არასოდეს გადაუხვიოთ ობიექტურობას და კეთილსინდისიერებას, მეორე მხრივ - საქმე ეხება თქვენს უახლოეს წინაპარს. ზოგადად, რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდა ისტორიკოსებმა ამ პერიოდის შეფასებისას, თუ მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან?



- პირადად ჩემთვის დიდი შვება იყო, როცა აღმოჩნდა რომ სამსონ მამულია არ იყო შულავერის კომიტეტის წევრი და, შესაბამისად, არ ირიცხებოდა იმ ქართველ ბოლშევიკთა შორის, რომელთა უშუალო ინიციატივითაც მოხდა საქართველოში წითელი არმიის ინტერვენცია. რომ ყოფილიყო, უდავოდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უარყოფით გმირად იქნებოდა შესული. რა თქმა უნდა, ბაბუა მენშევიკების მოწინააღმდეგე იყო. თუმცა, 1924 წელს, როცა აგვისტო-სექტემბრის ცნობილი ეროვნული აჯანყების დროს ის ტყვედ ჩაუვარდა აჯანყებულებს (სამსონ მამულია მაშინ სენაკის რაიკომის მდივანი იყო და ტყვედ მძიმედ ავადმყოფი აიყვანეს), აჯანყებულებმა ის არ დახვრიტეს და შემდგომ შეთანხმებით გამოუშვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ყოფილა რადიკალი და სისხლისმსმელი ბოლშევიკი (შესაძლოა, ამაში მისმა სოციალისტ-ფედერალისტურმა წარსულმაც ითამაშა თავისი როლი). წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რა თქმა უნდა, აჯანყებულთა მიერ ადგილზევე იქნებოდა დახვრეტილი.

მამაჩემის დამოკიდებულება მამამისის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო. ის პირდაპირ ამბობდა, რომ ის, რაც მამამისს გადახდა, მისი გაბოლშევიკების პირდაპირი შედეგი იყო. ამ აზრს მეც ვიზიარებ. ფაქტობრივად, მოხდა ის, რასაც ხდებოდა ფრანგული და სხვა რევოლუციების დროს: - რევოლუციები შთანთქავენ საკუთარ შვილებს. ჩემი, როგორც ისტორიკოსის დაკვირვებით, ძველ ბოლშევიკთა მთავარი ტრაგედია ის იყო, რომ მათ სწორად ვერ შეაფასეს რუსეთის სახელმწიფოში არსებული ობიექტური რეალობა. კერძოდ ის, რომ რუსეთის ხელისუფლების სათავეში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მით უმეტეს, თუ კი ის არადემოკრატიულია და ხალხის მიერ არჩეული არ არის (დემოკრატია რუსეთისთვის საერთოდ უცნობი ხილი არის), საბოლოო ჯამში, ტრანსფორმაციას განიცდის და უკიდურეს დიქტატურაში გადაიზრდება. ეს იყო ის, რაც მიმდინარეობდა სტალინურ პერიოდში 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ამ დროისთვის სტალინმა შექმნილი ჰქონდა დიქტატორული მმართველობა, რომელიც არავითარ დისიდენტობას და არავითარ დაუმორჩილებლობას, მით უმეტეს, კომუნისტურ პარტიაში, არ მოითმენდა. ის არ მოითმენდა იმას, რასაც იძულებული იყო შეჰგუებოდა ოციან წლებში, როცა სტალინური ცენტრალიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ იყო, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მოიაზრებოდა რაღაც ფედერალურ წარმონაქმნად, რაც მოკავშირე რესპუბლიკებს ცენტრისგან მეტ-ნაკლებად ავტონომიურებს ხდიდა… იმ დროს, ნაციონალ-ბოლშევიკებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა სამსონ მამულია, ჰქონდათ იდეა, რომ ამიერკავკასია ფედერალური ერთეული იყო, რომელიც ფედერაციული უფლებებით შედიოდა საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, შეიძლება ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარკვეული ატრიბუტები. მაგალითად, საკუთარი ჯარი (ქართული წითელი არმიის სახით) და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, სტალინისთვის, რომლის საბოლოო მიზანს ქვეყანაში საკუთარი დიქტატორული და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება იყო, ისევე როგორც რუსეთში ნებისმიერი ცენტრალიზებული ხელისუფლებისთვის, მიუღებელი იყო. რუსეთის თვითმპყრობელური ტრადიციებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, ეს არ შეიძლება არ დასრულებულიყო იმით, რითაც დასრულდა. შესაძლოა, პირადად სტალინი რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის სათავეში, ეს პროცესი არ დასრულებულიყო ასეთი მასობრივი და სისხლიანი რეპრესიებით, მაგრამ ეს უკვე მისი პირადი თვისებებით იყო გამოწვეული. 



გურამ მამულიას, 1980-იან წლებში, მნიშვნელოვანი პიროვნული და პროფესიული გამოწვევები შეექმნა მისი დისიდენტობის გამო. მათ შორის, გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან და უნივერსიტეტის თანამდებობიდან გადააყენეს. როგორ გაუმკლავდა ის ამ დაბრკოლებებს და როგორ ფიქრობთ, რამ შეუნარჩუნა თავისი რწმენისადმი ერთგულება?



- რაც ჩემი თავი მახსოვს, - მამაჩემი ყოველთვის უკიდურესი ანტიკომუნისტი, განსაკუთრებით კი - ანტისტალინელი იყო. როგორც ვთქვი, ამ პოზიციაზე ის ბრეჟნევის ეპოქის დროიდან იმყოფებოდა, როდესაც სტალინიზმის ჩუმი რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. სხვა კომუნისტებს, კიდევ რაღაცნაირად იტანდა, მაგრამ, სტალინს და სტალინისტებს - არასოდეს. სტალინი მისთვის ნომერი პირველი პირადი მტერი იყო და ეს გრძნობა სრული მასშტაბით მეც გადმომცა. უნდა გითხრათ, რომ ბაბუაჩემის საქმეშიც არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მამაჩემზე. მოგეხსენებათ, რომ კგბ-ს არქივში მიღებული წესების თანახმად, საქმის ბოლოს იყო საგანგებო ფურცელი, სადაც კეთდებოდა მინაწერები, თუ ვის გადაეცა ეს საქმე გასაცნობად. კერძოდ, როცა კგბ-ს რომელიმე განყოფილების უფროსი ან თანამშრომელი გამოითხოვდა საქმეს, ხელი უნდა მოეწერა და თან მიეთითებინა, რა მიზეზით ხდებოდა ამ საქმის მოთხოვნა და გაცნობა. პირველად საქმე გამოითხოვეს 1981 წელს საქართველოს კგბ-ს მე-5 განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების უფროსის მიერ, სამსონ მამულიას „შვილზე ოპერატიული აღრიცხვის საქმის დაწყებასთან დაკავშირებით“ (в связи с заведением дела оперативного учета на его сына), რაც საბჭოთა სპეცსამსახურების ენით ნიშნავდა, რომ მამაჩემზე ხორციელდებოდა ოპერატიული დაკვირვება, მისი „ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების აღკვეთის მიზნით“. საინტერესოა აღინიშნოს, რომ საქართველოს კგბ-ს მე-5 განყოფილება (ისევე როგორც საკავშირო კგბ-ს მე-5 სამმართველო) შექმნილ იქნა ანდროპოვის ინიციატივით ჯერ კიდევ 1967 წელს, საგანგებოდ დისიდენტებთან (ოფიციალურ ენაზე - იდეოლოგიურ დივერსიებთან) საბრძოლველად. ამ განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება კი, რომლის უფროსმაც გამოითხოვა საქმე, პასუხს აგებდა, მათ შორის, დისიდენტურ მოძრაობაზე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში (მამაჩემი მაშინ ისტორიის ინსტიტუტში და, შეთავსებით, თსუ-ში მუშაობდა). 

მეორე მინაწერი 1982-83 წლებით თარიღდება. ამჯერად საქმეს მე-5 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების უფროსი გაეცნო. მიზეზად „ახლო ნათესავის დამუშავება“ სახელდება (в связи с разработкой близкого родственника), თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქაც მამაჩემი იგულისხმებოდა. კგბ-ს ენაზე ოპერატიული დამუშავება იმ საბჭოთა მოქალაქეების „მტრული მოქმედების აღკვეთის მიზნით ხორციელდებოდა, რომელთა დანაშაულებრივი მოქმედების შესახებ სარწმუნო მონაცემებია მიღებული“. ქრონოლოგიურად, ეს ემთხვევა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღნიშვნის სამზადისის პერიოდს, როცა მამაჩემი, სხვა დისიდენტებთან ერთად, ამის წინააღმდეგ თსუ-ში აქტიურ აგიტაციას ახორციელებდა. ვინაიდან ისინი ამ დროს საპროტესტო მიტინგებსაც ატარებდნენ, საქმეს მე-5 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების უფროსი გაეცნო. ეს რგოლი კი, მათ შორის, „მასობრივი ანტისაზოგადოებრივი გამოვლენების“, - ანუ იგივე ანტისაბჭოთა შეკრება-მიტინგების წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შექმნილი. როგორც ჩანს, მამაჩემის მოქმედების შესწავლისას, კგბ-ს შესაბამის თანამშრომლებს სურდათ გაეგოთ მისი გადისიდენტების და ანტისაბჭოთა განწყობების მოტივები, და სწორედ ამის გამო ეცნობოდნენ სამსონ მამულიას საქმეს.     

დარწმუნებული ვარ, ანდროპოვს ოდნავ მეტი რომ ეცოცხლა, მამაჩემს დააპატიმრებდა და საბჭოთა ციხე არ ასცდებოდა. ის, და სხვა დისიდენტთა დიდი ნაწილიც, იმ დროს ციხისგან მხოლოდ 1984 წელს მისმა  სიკვდილმა იხსნა. ანდროპოვის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ და ასევე მძიმედ ავადმყოფ ჩერნენკოს, უკვე,  მაინცდამაინც, დიდი აქტიურობა ამ თვალსაზრისით არ გამოუჩენია.  



რა გავლენა იქონია საქართველოს პოსტსაბჭოთა იდენტობაზე მისმა მოღვაწეობამ “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა” და “საქართველოს მემორიალის” საზოგადოებაში?

 

- ეს პერიოდი მე ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ ამ დროს უკვე ვიყავი საბჭოთა ჯარიდან დაბრუნებული. მას შემდეგ, რაც 1984 წელს ჩავაბარე თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე, 1985-87 წლებში ჯარში მომიწია  სამსახური. ეს უკვე გორბაჩოვის პერიოდი იყო და ჯარში გაწვევა აბსოლუტურად ყველაზე ვრცელდებოდა, მიუხედავად იმისა, სწავლობდი უმაღლეს სასწავლებელში, რომელსაც სამხედრო კათედრა ჰქონდა, თუ არა. 

როცა დავბრუნდი, მშვენივრად მახსოვს მამაჩემის და სხვათა მიერ „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ შექმნა, რომლის პირველი თავმჯდომარეც ის იყო და ნომერ პირველ ბილეთსაც ის ფლობდა. ამ საზოგადოების გამგეობაში შედიოდნენ ძირითადად დისიდენტები და მათთან ახლოს მდგომი ეროვნული ინტელიგენციის წარმომადგენლები: - გურამ მამულია, თამარ ჩხეიძე, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია, ირაკლი შენგელაია, გიზო კორძაძე, ზურაბ ჭავჭავაძე, ჯუმბერ კოპალიანი, მიხეილ ქურდიანი, ავთანდილ იმნაძე, ციალა არდაშელია. „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ იყო პირველი არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოში და იმ დროისთვის ცდილობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელობას. 1988 წლისთვის მასში დაახლოებით 700 აქტიური წევრი შედიოდა, მათ შორის, ბევრი კომპარტიის წევრიც. სამწუხაროდ, უკვე ამა წლის თებერვალში საზოგადოებაში თავი იჩინა განხეთქილებამ, რაც გამოიხატებოდა, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულებაში ცენტრისადმი, ანუ მოსკოვისადმი. მამაჩემი და გამგეობის წევრთა უმეტესობა ზომიერი და რაციონალური ხაზის მომხრენი იყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ პირველ ეტაპზე მაინც, საჭირო იყო მხარი დაეჭირათ გორბაჩოვისეული გარდაქმნისთვის (ე.წ. პერესტროიკისთვის) და, შესაბამისად, ესარგებლათ რა სსრკ-ში მიმდინარე გარდაქმნით და ლიბერალიზაციით, ეტაპობრივად მიეღწიათ საქართველოს უფლებების ზრდისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, დამოუკიდებლობის მიღწევით უნდა დასრულებულიყო. 1987-89 წლებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირი ასე უცბად დაიშლებოდა. მე რომ ვუთხარი მამაჩემს, რომ არსებობდა სხვა აზრიც, მაგალითად, რადიკალთა მიერ წამოყენებული იდეა, ბალტიისპირეთის ხაზის შესახებ, ანუ, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლამდე საქართველოს დამოუკიდებლობის კატეგორიული მოთხოვნის თაობაზე, მან, ჩემი აზრით, მართებულად მიპასუხა, რომ საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა; - უპირველეს ყოვლისა, ბალტიის ქვეყნები საბოლოოდ ანექსირებულ იქნენ საბჭოთა კავშირის მიერ მხოლოდ 1944 წელს. გარდა ამისა, ბალტიის ქვეყნების საერთაშორისო სტატუსი ძირფესვიანად განსხვავდებოდა საქართველოს სტატუსისგან, ვინაიდან 1940-91 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობდნენ ბალტიისპირეთის ანექსიას საბჭოთა კავშირის მიერ. იმ დროს, როდესაც საქართველოს ანექსია, სამწუხაროდ, საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტი იყო. შესაბამისად, ჩვენი კურსიც, აქედან გამომდინარე, არსებულ რეალიებს მორგებული უნდა იყოს. სულ ცოტა ხნის შემდეგ, როგორც უკვე ვთქვი, 1988 წლის თებერვალში საზოგადოებაში მოხდა განხეთქილება. თავდაპირველად, გამგეობის პოზიცია ისეთი იყო, რომ „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ ერთიანი ხაზი უნდა ჰქონოდა. გამოსცემდნენ ჟურნალ “ივერიას”, რომელიც, პირველ ეტაპზე, შედარებით ზომიერ ხაზს ატარებდა. თუმცა შემდგომ გამოჩნდნენ რადიკალურად განწყობილებიც, განსაკუთრებით გამგეობის ორი ახალგაზრდა წევრი: - ჭანტურია და წერეთელი, რომლებმაც საზოგადოება დატოვეს და ზვიად გამსახურდიას შეუერთდნენ. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ როგორც მამაჩემი მიყვებოდა, ის, თავიდან, გამსახურდიას საზოგადოებაში მიღების მომხრე იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ჯობდა ის საზოგადოებაში ყოფილიყო, ვიდრე მის გარეთ. მაგრამ ამის წინააღმდეგ კატეგორიულად გამოვიდნენ დანარჩენი დისიდენტები, განსაკუთრებით კი, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, იგივე ჭანტურია და წერეთელი, იმიტომ, რომ ვერ პატიობდნენ გამსახურდიას ცნობილ მონანიებას, რომელიც მან 1978 წლის მაისში საკავშირო ტელევიზიით გააკეთა, რითაც, ფაქტობრივად, საკმაოდ ხანგრძლივი დროით საკუთარი თავის სრული კომპრომეტაცია მოახდინა დისიდენტებს შორის. თუმცა, ობიექტურად, ზვიადი უფრო ცნობადი ფიგურა იყო დანარჩენ დისიდენტებთან შედარებით, რაშიც, რა თქმა უნდა, დიდ როლს ასრულებდა მამამისის - კონსტანტინეს პოპულარობა მოსახლეობაში, რომელიც იმ დროის საზოგადოებაში ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს წარმომადგენლად ითვლებოდა. შესაბამისად, უკვე 1988 წლის შემოდგომიდან გამსახურდიამ შეძლო ინიციატივის საკუთარ ხელში აღება, უპირველეს ყოვლისა, თავისი რადიკალური ლოზუნგებით, რაც ძალიან დიდ გამოძახილს პოულობდა საზოგადოებაში. მახსოვს, რომ 1988 წლის შემოდგომაზე „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ“ შეძლო პირველი, ძალიან დიდი მიტინგის მოწყობა ვაკეში, თუმცა მეორე მიტინგზე, რომელიც გამსახურდიას და მისი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული იმავე წლის დეკემბერში იპოდრომზე, 120,000 ადამიანი მოვიდა, რომლებიც უკვე გამსახურდიას უჭერდნენ მხარს, თუმცა აქციის მონაწილენი მხოლოდ 10,000-ს მოელოდნენ. ხოლო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, უპასუხისმგებლო რადიკალიზმი ქართული პოლიტიკის მეინსტრიმად გადაიქცა. პრინციპში, ეს სრულიად გასაგებიც იყო, იმიტომ, რომ 70 წლის კომუნისტურმა ტირანიამ და წნეხმა ისეთი დიდი დაღი და ტრავმა დაასვა ქართველ ხალხს, რომ რადიკალიზმზე ბუნებრივი მოთხოვნა იყო. განსაკუთრებით, 9 აპრილის შემდეგ, როდესაც სიტუაცია ლამის უმართავი გახდა, ხალხს, ბუნებრივია, მეტი გაგონებაც არ სურდა საბჭოთა კავშირის. მამაჩემი კი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო რადიკალიზმის და როგორც ისტორიკოსი ისტორიკოსს მიხსნიდა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, ისე მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, რომ არ აღმოვჩნდეთ იმპერიის ნანგრევების ქვეშ, რაც ჩვენს ერს ეროვნული კატასტროფით და წალეკვით ემუქრებოდა. ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იყო 5 რუსული სამხედრო ბაზა, რაც კრემლს უძლიერეს ბერკეტს აძლევდა ჩვენს წინააღმდეგ. გონიერების მაგალითად მოჰქონდა ნ. ჟორდანიას პოზიცია, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, ანუ მას შემდეგ, რაც ბოლო რუსმა ჯარისკაცმა დატოვა საქართველოს ტერიტორია. სამწუხაროდ, მისი შიში და პროგნოზები გამართლდა კიდეც. 1991 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს (გამსახურდიას მომხრეები ამ ამბებს რუსეთის მიერ ორგანიზებულ პუტჩს უწოდებენ), რასაც გამსახურდიას მთავრობის დამხობა მოყვა, რუსები საკუთარი სამხედრო ბაზებიდან იარაღს აძლევდნენ ერთ მხარესაც და მეორესაც, რადგან მაქსიმალურად ცდილობდნენ დაექსაქსათ ქართველები, ხელი შეეწყოთ ქვეყნის დაქუცმაცებას და ამით მიეღწიათ საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის.

საბოლოო ჯამში, უნდა ვაღიაროთ, რომ დისიდენტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ერთი მთავარი ნაკლი ჰქონდათ: - ისინი უარყოფდნენ ყველაფერს საბჭოურს, მაგრამ არ ემზადებოდნენ იმისთვის, რომ ხელში აეღოთ ხელისუფლება სსრკ-ს დანგრევის შემდეგ, რადგან გულის სიღრმეში არ სწამდათ ამის შესაძლებლობის. ფაქტობრივად, საბჭოთა ტოტალიტარიზმმა იმდენად გაწმინდა პოლიტიკური ველი, რომ არ აძლევდა საშუალებას არავის სახელმწიფოს მართვის სულ მცირე გამოცდილებაც კი ჰქონოდა. ჩემი აზრით, თავისი ნიჰილიზმით, დისიდენტები, ისტორიული პარალელის თვალსაზრისით, მე-19 საუკუნის ანარქისტებს ჰგვანან, რომლებიც უარყოფდნენ რა სახელმწიფო წყობილებას, არ იძლეოდნენ, ამავე დროს, არავითარ კონსტრუქციულ ალტერნატივას.  



მამის მხარდაჭერა ედუარდ შევარდნაძის მიმართ საქართველოს ისტორიის კრიტიკულ პერიოდში, როგორც ჩანს, ქვეყნის სტაბილიზაციის რწმენას ეფუძნებოდა. როგორ დააბალანსა მან შევარდნაძის მხარდაჭერა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესისადმი ერთგულებასთან? იყო თუ არა შეუთავსებლობა ღირებულებებს შორის მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში?

 

 - მამაჩემმა და მეც, საბოლოო ჯამში, ვარჩიეთ შევარდნაძის კურსის მხარდაჭერა. უბრალოდ იმიტომ, რომ მაშინ სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავდით. შევარდნაძე ცნობილი პოლიტიკოსი იყო, მას იცნობდა მსოფლიო. სხვათა შორის, უკვე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, როდესაც ძალაუფლება სახელმწიფო საბჭოს ხელში იყო, რომლის ლეგიტიმურობასაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებდა, მამაჩემი ჩავიდა მოსკოვში, რათა იქ შეხვედროდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს და გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო აღიარების მისაღებად. ამერიკელმა დიპლომატებმა მას პირდაპირ განუცხადეს, რომ ერთადერთ მათთვის მისაღებ ფიგურად შევარდნაძეს განიხილავენ. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ საქართველო უნდა გაჰყოლოდა იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რაც არსებობდა იმდროინდელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, ვარშავის ხელშეკრულება უკვე დაშლილი იყო, აღმოსავლეთ ევროპა გათავისუფლებული, რუსეთშიც ხელისუფლებაში კომუნისტები აღარ იყვნენ, დასავლეთს კი არ ჰქონდა საშუალება უცბად აეთვისებინა აღმოსავლეთ ევროპა და პოსტსაბჭოური სივრცე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დაცდა და როგორმე დროის მოგება. აქედან გამომდინარე, შევარდნაძის პიროვნება როგორც კომპრომისული ფიგურა, იმ დროს მისაღები იყო ერთდროულად დასავლეთისთვისაც და, პირველი წლების განმავლობაში მაინც, ელცინის რუსეთისთვისაც, რომელთანაც იმ დროს დასავლეთი ცდილობდა კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, რუსეთში კომუნისტური რევანშის არდაშვების მიზნით. იმ დროს არა მხოლოდ მამაჩემს, მაგრამ ინტელიგენციის დიდ ნაწილსაც მიაჩნდა, რომ შევარდნაძის ხაზი იყო ყველაზე, ესე ვთქვათ, ოპტიმალური ვარიანტი, რაც მაშინ შეიძლება გატარებულიყო. განსაკუთრებით, იმ სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ, რაც მოხდა და რამაც ასეთი დამანგრეველი შედეგები მოიტანა. 

უნდა ვაღიარო, რომ თავად შევარდნაძეც, რა თქმა უნდა, ძალიან ეშმაკურ თამაშს თამაშობდა, რათა თავი მოეჩვენებინა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც, როგორც მათთვის მისაღები ოპტიმალური ვარიანტი. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ. 1995-2000 წლებში მე ვმუშაობდი საქართველოს საელჩოში რუსეთში. მაშინ ჩვენთან ელჩის მოადგილედ (დესპანად) მუშაობდა ოთარ ჩერქეზია, საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და შევარდნაძესთან დაახლოებული პირი. გორბაჩოვსაც იცნობდა კარგად, რადგან საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში მოსკოვში მუშაობდა (თუ არ ვცდები, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს სამდივნოში). მან მომიყვა ერთი საინტერესო ისტორია. მისი თქმით, როცა 9 აპრილის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გამსახურდია იმდენად გაძლიერდა, რომ, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებდა მომავალ არჩევნებზე, პატიაშვილი დაუკავშირდა ჩერქეზიას და სთხოვა, იქნებ მიხვიდე გორბაჩოვთან და აუხსნა ჩვენი მდგომარეობა: - ჩვენ წავაგებთ არჩევნებს და ამის არ დაშვების მიზნით, იქნებ ნება დამრთოს შევქმნა საქართველოში კოალიციური მთავრობა, სადაც იქნებიან როგორც ზომიერი კომუნისტები, ისე გავლენიანი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებსაც მეტი მხარდაჭერა ექნებათ მოსახლეობაში.  როდესაც ჩერქეზიამ ამის შესახებ გორბაჩოვს მოახსენა, უკანასკნელმა უპასუხა: - დიდი მადლობა, ოთარ ევტიხიევიჩ, მაგრამ არაფერი მსგავსი საჭირო არ არის. ხალხს უნდა გამსახურდია, - ავირჩიოთ გამსახურდია. ის ხალხს გააკონტროლებს, ჩვენ კი - მას. 

ჩერქეზიამ მითხრა, რომ მაშინვე მიხვდა, რომ ამაზე ადრე შევარდნაძე აშკარად ელაპარაკა მას და მისცა მისთვის სასარგებლო ინფორმაცია. შევარდნაძე თამაშობდა საკუთარ თამაშს, იცოდა მშვენივრად, რომ საქართველოში გამეფებული რადიკალიზმით საქმე არ შეიძლება არ დასრულებულიყო სამოქალაქო დაპირისპირებით. ეს კი, ობიექტურად, შედიოდა მის ინტერესებში, რადგან მხოლოდ ამის ფონზე ჰქონდა საშუალება წარმატებით დაბრუნებულიყო საქართველოში, გაწამებული მოსახლეობისთვის თავი საქართველოს მხსნელად მოეჩვენებინა და შემდგომში ძალაუფლება ჩაეგდო ხელში, რაც მოხდა კიდეც.

როგორც ჩანს, შევარდნაძემ აჯობა ჭკუით დანარჩენებს, ძალიან ეშმაკი კაცი იყო, 1992-95 წლებში მის აპარატში სახელმწიფო მრჩეველი ვიყავი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ, ფაქტობრივად, მანიპულაციის გენიოსი იყო. აქვე ისიც უნდა დავუმატო, რომ უბადლო ცინიკოსიც. იმიტომ, რომ ყველას, მათ შორის მამაჩემსაც და მეც გვეგონა, რომ საქართველოს სასიკეთოდ რაღაცას გააკეთებდა. ნაწილობრივ გააკეთა კიდეც, გაიყვანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რასაც იმ დროს საქართველოს საერთაშორისო პოზიციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ხელი არ გაუნძრევია იმისთვის, რომ საქართველოში მინიმალურად მაინც ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ამის საპირისპირო მაგალითი გვქონდა აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახით. მართალია, მან იქ ავტორიტარული მმართველობა დაამყარა, მაგრამ წესრიგი აღადგინა და სახელმწიფო სახელმწიფოს დაამსგავსა. შევარდნაძეს კი მაგის არც სურვილი და არც შნო არ აღმოაჩნდა. ის გენიოსი იყო მხოლოდ საკუთარი სავარძლის შენარჩუნებაში, მაგრამ კატეგორიულად არ უნდოდა არავისთან ურთიერთობის გაფუჭება და, შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამან მამაჩემიც დააფიქრა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანდა, ვერ ხედავდა ალტერნატივას და ამიტომ, როგორც ჩანს, 2001 წლამდე მაინც მას უჭერდა მხარს.



როგორ შეაფასებდით მის მუშაობას ქართულ-თურქული აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებისა და მესხების რეპატრიაციის პროცესთან მიმართებით?

 

- მესხების საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რაშიც იყო საქმე. მესხთა რეპატრიაციის იდეა საკმაოდ მოდური იყო ბრეჟნევის ეპოქაში დისიდენტებს შორის და არა მხოლოდ მამაჩემი, არამედ კოსტავაც, გამსახურდიაც და სხვებიც უჭერდნენ მხარს მათი, როგორც მაჰმადიანი ქართველების, მესხეთში დაბრუნებას. ამაში ისინი 1944 წლიდან მესხეთში იმ დარღვეული ეთნიკური ბალანსის აღდგენას ცდილობდნენ, რაც იმ დროიდან იქ სომეხთა სასარგებლოდ შეიცვალა. თუმცა, უკვე 80-იანი წლების ბოლოს, როცა აირია სიტუაცია, განსაკუთრებით, 1989 წლის მაის-ივნისის ფერგანის ცნობილი ამბების შემდეგ, როცა უზბეკეთში მცხოვრები მესხები ადგილობრივმა ნაციონალისტებმა დაარბიეს, მდგომარეობა შეიცვალა. ხალხმა ამაში იმპერიული ცენტრის ხელი დაინახა, რომელიც ამით, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოში ახალი ცხელი წერტილის შექმნას ცდილობდა. ამავე დროს, დისიდენტების ნაწილმაც ნახა, რომ ანტიმესხური კამპანიით შეიძლება პოლიტიკური კაპიტალი შეიძინო, მყისვე პოზიცია შეიცვალეს და უკვე მათი რეპატრიაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მამაჩემი, ალბათ, ერთადერთი იყო, ვინც მათ ბოლომდე უერთგულა, მათი დაბრუნების საქმე თავისი ცხოვრების საქმედ გაიხადა და მათ ეტაპობრივ და ამორჩევითობის პრინციპზე დამყარებულ რეპატრიაციას უჭერდა მხარს, რადგან, როგორც ჩანს, როგორც თავად სტალინური რეპრესიების მსხვერპლს და ამოდენა უსამართლობაგამოვლილ კაცს, სამართლიანობის აღდგენის განსაკუთრებით გამძაფრებული განცდა ჰქონდა. მიაჩნდა, რომ ეს ხალხი მაჰმადიანი ქართველები არიან, მათ ეკუთვნის დაბრუნება და უნდა დაბრუნდნენ. ყოველთვის მეუბნებოდა, გოგი, შენ უნდა იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ! სხვათა შორის, სიცოცხლის ბოლოს ჩემზეც კი თქვა, სამწუხაროდ, ჩემი შვილი ისეთი არ არის როგორიც მე ვარო. მე უსამართლობას ყოველმხრივ ვებრძვი, ჩემს შვილს კი დიპლომატიური დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებითო. მის ამ მოღვაწეობაში რაღაც ფსიქოლოგიური ტრავმის კვალი შეიმჩნეოდა. ალბათ, ფიქრობდა, რომ ვინაიდან მშობლებს უკვე ვერ დააბრუნებდა, და ვერც დედის ნეშტის ჩამოსვენება შეძლო საქართველოში, მესხებს მაინც დააბრუნებდა და ამით, ნაწილობრივ, აიღებდა რევანშს სტალინის დანაშაულზე. უნდა გითხრათ, რომ მე, პირადად, მიმაჩნდა, რომ უფრო კარგი იქნებოდა მისი უშრეტი ენერგია უფრო რაციონალური და მიღწევადი მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა. კარგად მახსოვს, როგორ დახარჯა თავისი ცხოვრების ბოლო ოთხი წელი მესხთა რეპატრიაციის იმ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელსაც მიღების არავითარი შანსი არ ჰქონდა. რადგან საქართველოში არსებული კატასტროფული სოციალური ფონი, უბრალოდ გამორიცხავდა ამ პროექტის განხორციელებას.

თუმცა, ის მაინც 2001 წლამდე ინარჩუნებდა რეპატრიაციის სამსახურის უფროსის პოსტს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და იმას მიაღწია, რომ საკუთარი ინიციატივით შექმნა მესხთა რეაბილიტაციის ცენტრი ქუთაისში, 2000 მესხამდე ჩამოიყვანა საქართველოში და ჩვენს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას მიაღწია.

მესხთა საკითხის გამო ის მუდმივი ბრალდებების ობიექტი იყო გურამ შარაძის მხრიდან. მისი მოღვაწეობა შავი ზღვის უნივერსიტეტშიც, ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ იმედი ჰქონდა, რომ იქ მესხებს მოაწყობდა, რომლებიც ამით ევროპულ განათლებას მიიღებდნენ. საქართველოში იმ დროს უმძიმესი სოციალური ფონი იყო: - მატერიალური სიდუხჭირე, უშუქობა, ყოვლისმომცველი კორუფცია, ფაქტობრივად, ჩამოშლილი და ავტორიტეტდაკარგული სახელმწიფო, უამრავი ლტოლვილი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამორიცხავდა მესხთა საკითხის გადაწყვეტას. როცა მე ამას ვეუბნებოდი მამაჩემს, მისი რეაქცია უკიდურესად მწვავე იყო. რამდენჯერმე ძლიერად ვიჩხუბეთ კიდეც...   



როგორ იმოქმედა საბჭოთა რეპრესიების გამოცდილებამ თქვენი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებასა და რუტინაზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებში? შეგიძლიათ აღწეროთ პროცესი, რომლითაც ტრავმული მეხსიერება მატერიალიზდება თქვენს ოჯახში? როგორ იცვლება ეს პროცესი სხვადასხვა თაობაში?

 

თუ არ ვცდები, ბალზაკს აქვს ნათქვამი: გაიხსენო, ნიშნავს თავიდან გადაიტანო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გახსენება ძალიან მძიმეა ჩემთვის, რადგან თავიდან მიწევს ყველაფრის გადატანა. ამ ქვეყნიდან მამაჩემის ნაადრევი წასვლაც, ნაწილობრივ მის მიერ მშობლების დაკარგვის და ამ გადატანილი უბედურების გამო მიღებული ტრავმების შედეგი იყო.

სიცოცხლის ბოლო წლებში მამაჩემი შეურიგებელი იყო. რაღაცაში სისასტიკესაც იჩენდა, რადგან ხვდებოდა, რომ მისი სიცოცხლის საქმეს განხორციელება არ უწერია. ფაქტობრივად, სტალინმა, 1937 წელს მამაჩემის მშობლების განადგურებით, მას გაუჩინა ისეთი შინაგანი ტკივილი, რომელიც, რა თქმა უნდა, უნებლიეთ, ქვეცნობიერად მეც გადმომცა. ასეთი ტკივილი კი თაობებიდან თაობებში იჩენს თავს. 

ჩემი აზრით, მისი შეხედულება იმის შესახებ, რომ ირაციონალური რადიკალიზმი 1990-იან წლებში არაფერს კარგს არ მოუტანდა საქართველოს, სრულებით გამართლდა შემდგომი მოვლენებით. რაც შეეხება მის ურთიერთობას დისიდენტებთან, მათზე, საბოლოო ჯამში, ძალიან ჰქონდა იმედი გაცრუებული. რა თქმა უნდა, ამას დიდად ხელი შეუწყო იმანაც, რომ მათ შორის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ქიშპი და დაპირისპირება ყოველ ზღვარს სცილდებოდა. ყველაფერს მე არ მეუბნებოდა, მაგრამ, როგორც ისტორიკოსს მსურს მოგიყვეთ ერთი ფაქტი. 1987 წლის ზაფხული იყო, ეს-ეს არის ჩამოსული ვიყავი ჯარიდან და წამიყვანა მამაჩემმა, მიმიყვანა გიორგი ჭანტურიას ბინაში, რომელიც მაშინ მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი იყო. სხვათა შორის, მაშინ ვუყურეთ ჩვენ პირველად ვიდეოთი ფილმ „მონანიებას“, რომელიც ჯერ კიდევ აკრძალული იყო. სუფრაც გაიშალა და ჭანტურია მიხსნიდა, როგორ უყვარდა და პატივს სცემდა მამაჩემს… 

ორი წლის წინ კი ასეთი დოკუმენტები ჩამივარდა ხელში - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ვმუშაობდი და უცებ ვნახე, რომ მასალები გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოსა და კავკასიაზე ნაწილობრივ უკვე ხელმისაწვდომი გახდა. რა თქმა უნდა, ეგრევე დავინტერესდი და გადავიღე ეს დოკუმენტები, რომელთა შორის ასეთ ცნობებს წავაწყდი. 1988 წლის აპრილია, ფრანგებს მაშინ უკვე აინტერესებდათ რა ხდებოდა კავკასიის რესპუბლიკებში და ვინაიდან სსრკ ჯერ კიდევ არსებობდა და საელჩოები ადგილზე არ ჰქონდათ გახსნილი, მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი საგანგებოდ გაგზავნეს საქართველოში, რათა პირადად გასცნობოდა ადგილზე სიტუაციას და პარიზისთვის შესაბამისი ცნობები მიეწოდებინა. ვინაიდან ერთადერთი არაფორმალური საზოგადოება საქართველოში მაშინ „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ იყო, ხსენებული ფრანგი დიპლომატი შეხვდა მამაჩემს და გამგეობის სხვა წევრებს. მის მიერ ამ საუბრების და შეხვედრების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა მოსკოვში შეადგინა პარიზისთვის შესაბამისი მოხსენება, სადაც წერს, რომ საზოგადოებას ხელმძღვანელობს გურამ მამულია, ზომიერი აზრის გამტარებელი და ნორმალური და გაწონასწორებული ადამიანი. ხოლო საქართველოში იმავე დიპლომატის 1988 წლის ბოლოს ჩამოსვლის დროს, გიორგი ჭანტურიამ, რომელიც მას ცალკე შეხვდა, განუცხადა, რომ მამულიას ნდობა არ შეიძლება, რადგან ის, თავის დროზე, მივლინებული იყო ეგვიპტეში როგორც თარჯიმანი და კავშირი ჰქონდა სსრკ-ს საელჩოსთან კაიროში. მამაჩემი მართლაც იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებაში ეგვიპტეში 60-იანი წლების ბოლოს, მაგრამ ეს იყო მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო დისიდენტი, 30 წლის ახალგაზრდა კაცი იყო და პარტიის წევრიც. წესით, მეც და დედაჩემიც უნდა გავყოლოდით მას (მე მაშინ 2 წლის ვიყავი), საგანგებო აცრებიც კი გაგვიკეთეს, მაგრამ საბოლოოდ, არ გაგვიშვეს და, ფაქტობრივად, მძევლებად დაგვტოვეს. უფრო მეტიც, იმავე საუბარში ჭანტურია, ყოველგვარი საბუთის გარეშე აცხადებდა, რომ არა მხოლოდ მამაჩემი, არამედ ზურაბ ჭავჭავაძეც და ზაქარია ლაშქარაშვილიც, რომელიც ამ დროისთვის უკვე საფრანგეთში იმყოფებოდა, „კგბ-ს ოფიცრები“ იყვნენ.

აქედან ჩანს, რომ ჯერ კიდევ სსრკს-ს დანგრევის წინა წლებში, ურთიერთობა დისიდენტებს შორის ძალიან დაძაბული იყო. როგორც ჩანს, ჭანტურიას ტიპის რადიკალებს ჯერ კიდევ მაშინ სურდათ მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, რის გამოც კონკურენტთა სრულიად უღირს კომპრომეტაციასაც არ ერიდებოდნენ (თუ სწორედ მახსოვს, მისი გამსახურდიას მხარეზე გადასვლა იმან განაპირობა, რომ საზოგადოების ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორობაზე გამგეობაში უარი უთხრეს).

რა თქმა უნდა, ამისთანა ხალხზე მამაჩემს, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი წარმოდგენა დაეკარგა და მესხების გადარჩენის მიზნით ისევ შევარდნაძესთან თანამშრომლობა არჩია. საბოლოო ჯამში, ის სიცოცხლის ბოლომდე მაინც დისიდენტად დარჩა (ეს სიტყვა ხომ ბუკვალურად - სხვაგვარად მოაზროვნეს ნიშნავს), რადგან ამ პროექტს, რომელსაც პირადად მისთვის და ჩვენი ოჯახისთვის უკიდურესი უსიამოვნებების და ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია, თითქმის არავინ უჭერდა მხარს.  

დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში სხვა მასალებიც გამოჩნდება და ბევრს აეხდება ფარდა, თუმცა, ჩემთვის ახლაც ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფერზე საუბარი. მე შემიძლია სხვა ფაქტებიც მოვიტანო, მაგრამ მაშინ ყველაფერზე ბოლომდე უნდა ვილაპარაკო. ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ გააღვივებს ჩვენს საზოგადოებაში ძველ ტრავმებს, ვინაიდან ცოცხლები არიან იმ მოვლენებში მონაწილე ხალხის შთამომავლები. თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, რათა საზოგადოება გათავისუფლდეს ლამაზი ლეგენდების ტყვეობისგან, სწორი ანალიზის გაკეთება შეძლოს და, საბოლოო ჯამში, სწორი დასკვნები გამოიტანოს ჩვენი ტრაგიკული წარსულიდან მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. 



როგორ უნდა იმოქმედოს ზოგადად ოჯახის ისტორიის შესწავლამ საქართველოს უფრო ფართო ისტორიული კონტექსტის გააზრებაზე იმ ადამიანში, რომლებსაც სახელოვანი და ცნობილი ოჯახი და წინაპრები ჰყავთ? არსებობს დავიწყების, “მონანიების” და სხვა კონცეფციები… ზოგჯერ პირიქით, შვილები “კაგებეშნიკი” მამის ალამს კიდევ უფრო ზემოთ აღმართავენ ხოლმე.



ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ შვილმა არ უნდა აგოს პასუხი მამის ნამოქმედარზე. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალური პიროვნებაა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უბედურება ის არის, რომ შვილს, ხშირ შემთხვევაში, მამის ბიოლოგიურ გაგრძელებად და, შესაბამისად, მისი დამსახურებების თუ დანაშაულების ავტომატურ თანამოზიარედ განვიხილავთ. მაგალითად, მამაჩემს რაღაცაზე წავეჩხუბე ერთხელ, ამ ჩხუბს ესწრებოდა ჩვენი კოლეგა, ცნობილი ისტორიკოსი, რომელმაც მითხრა, რომ არ ვიყავი მართალი, რადგან მამაშენი, როგორც მამა, ყოველთვის იქნება მართალი შენთან მიმართებაშიო. როცა მე მის ამ აზრს კატეგორიულად არ დავეთანხმე, მან მიპასუხა, რომ ვინაიდან ჩვენთან საქართველოა, მამა ყოველთვის მართალი არის შვილთან მიმართებით. - სამაგიეროდ, შენ როცა იქნები მამა და გეყოლება შვილები, ყოველთვის მართალი იქნები მათ მიმართ. მსგავსი ჩამორჩენილ-პატრიარქალური დამოკიდებულება უნდა მოისპოს, რადგან ადამიანი იბადება პიროვნებად და არა ვიღაცის ბიოლოგიურ გაგრძელებად. ამ მიზეზით, ადამიანს არ შეიძლება აჰკიდო პასუხისმგებლობა მშობლებზე და იმ საქმეებზე, რაც მას უშუალოდ არ ჩაუდენია. საერთოდაც, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ საქართველოში ადამიანის შეფასებისას მხედველობაში იღებდნენ იმას, თუ რა ოჯახიდან არის, ვინ არიან მისი მშობლები და ასე შემდეგ… ასეთმა დამოკიდებულებებმა მიგვიყვანა ლამის დაკანონებულ ნეპოტიზმამდე და იმ მდგომარეობამდე, როცა ხშირად არარაობები და არაფრის მაქნისები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის შვილები არიან, დაუმსახურებლად იკავებენ მაღალ და მათთვის შეუფერებელ თანამდებობებს. ეს არის ფეოდალიზმით გაჟღენთილი საბჭოთა მენტალიტეტი, როცა წინაპრების დამსახურება ავტომატურად გადადის შვილებზე. ადამიანი უნდა ფასობდეს, უპირველეს ყოვლისა, იმით, რაც თავად შექმნა, და არა მშობლების დამსახურებით. 



 რა როლი ითამაშა ოჯახურმა ფოტოებმა, ჩანაწერებმა, ნივთებმა და ა.შ., რეპრესიებთან დაკავშირებულმა მატერიალურმა საგნებმა თქვენი ოჯახის ტრავმული მოვლენების გახსენებასა ან დავიწყებაში?



- სამსონ მამულიას ნაქონი ნივთებიდან, სამწუხაროდ, საერთოდ არაფერი არ დამრჩა. 1937 წელს დაპატიმრების შემდეგ, მას, რა თქმა უნდა, ბინაც წაართვეს და ქონების სრული კონფისკაციაც მოახდინეს. იმიტომ, რომ სტალინის დიქტატურის დროს არსებული წესის თანახმად (ის მან, ფაქტობრივად, რომაული Damnatio memoriae-ს (ხსოვნის წყევლის) კანონიდან გადმოიღო), „ხალხის მტერთა“ არა მხოლოდ ნაქონი ნივთები, არამედ საფლავებიც და უბრალოდ ხსოვნაც კი პირწმინდად უნდა განადგურებულიყო. დაგვრჩა მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი, რომლებიც ჩვენს ნათესავებს სიმამაცე ეყოთ გადაემალათ და უკვე 1956 წლის შემდეგ, როცა სამსონ მამულიას ოფიციალური რეაბილიტაცია მოხდა, ჩვენს ოჯახს გადმოსცეს. ერთი წლის წინ მე ისინი შევკრიბე და ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავეცი სკანირებისთვის. ამჟამად, ისინი „ივერიელის“ ციფრული მატიანეს ვებგვერდზე არის განთავსებული.

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ რეპრესიულ ცვლილებებზე

20.03.2025

მედიის თავისუფლება და მიტაცებული ინსტიტუტები საქართველოში - პარალელური ღონისძება ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრის ფარგლებში

20.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024