პანდემიის გავლენა დანაშაულის სტატისტიკაზე

სიახლეები | კვლევები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 7 აპრილი 2021

2020 წელს, მსოფლიოში დაწყებულმა კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა კრიმინოგენური მდგომარეობის გაურესების საფრთხის ზრდა. მაგალითად,   ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომაროების გაურესება, სამუშაო ადგილების მასიური შემცირება და ა.შ. შეიცავს  დანაშაულის,  განსაკუთრებით ეკონომიკური დანაშაულის მატების მნიშვნელოვან რისკებს.  ამასთან, 2020 წელს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პანდემიასთან ბრძოლის სპეციფიკამ,  უამრავი ადამიანის პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში იზოლირება განაპირობა. თუმცა, პანდემიასთან ბრძოლის სპეციფიკა,  ასევე წარმოადგენდა ზოგიერთ  დანაშაულთან ბრძოლისთვის დამატებით მექანიზმს და დანაშაულის ჩადენისათვის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, კომენდატის საათი, ხალხმრავალი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა და ა.შ.შესაძლებელია გამხდარიყო დანაშაულის შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი.   

 

ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებლებზე პანდემიის გავლენის შეფასების მიზნით, IDFI-მ გაანალიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მაჩვენებლები.   2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად პროაქტიულად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას დანაშაულის სახეების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს პანდემიის და მასთან ბრძოლის  ფარგლებში გატარებული შემზღუდავი ღონისძიებების გავლენის შეფასებას კონკრეტული დანაშაულების მიმართებით.   

  

კვლევის ძირითადი მიგნებები

 

- 2020 წელს სულ დარეგისტრირდა 56,596 დანაშაული, რაც  11.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

 

- 2020 წელს, დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, სხვადასხვა დანაშაულების მიმართებით კვლავ შენარჩუნდა მზარდი ტენდენცია. მაგალითად, განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი გაიზარდა 39,5%-ით, თვითმკვლელობამდე მიყვანა +6,3%, მუქარა +36,3%, კომპიუტერული დანაშაული +18,7%, ოჯახში ძალადობა +6,9%.

 

- 2020 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის  შემცირება უმეტესწილად განპირობებულია საკუთრების წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულების (-3149 შემთხვევა) და ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვის (-2963 შემთხვევა)  მკვეთრი კლებით;

 

- დანაშაულის რიცხვის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და კომენდატის საათმა. მაგალითად,  ქურდობის მაჩვენებლები, რომელიც საერთო დანაშაულების 32%-ს შეადგენს,  2020 წლის აპრილის თვეში  40%-ით შემცირდა  წინა წლის იგივე თვესთან შედარებით.

 

- 2020 წლის ივნისის თვიდან (შეზღუდვების მოხსნასთან ერთად),  დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად იმატებს და აგვისტოს-სექტემბერში აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდებს.

 

- დანაშაულის რიცხვი კვლავ  კლებას იწყებს ოქტომბრის თვიდან, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დანაშაულების მიმართ კონტროლის შესუსტებასთან. მაგალითად, ნარკოტიკული დანაშაული 2020 წლის ოქტომბრის თვეში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით შემცირებულია 80%-ით. 

 

 

- ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი 2020 წელს 7%-ით გაიზარდა. თუმცა, ოჯახში ძალადობის ყოველთვიური რეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით, შეზღუდვებისა და კომენდანტის თვეების დროს რეგისტრირებული შემთხვევები არ გაზრდილა.

 

- 2020 წელს, შეზღუდვების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერული დანაშაული. 2020 წლის აპრილში  303 კომპიუტერული დანაშაულის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 4 წლის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელია.

 

- 2020 წელს ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მიუხედავად 7,7%-ით გაიზარდა სატრანსპორტო დანაშაულის მაჩვენებელი.

 

დასკვნა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის ანალიზით ირკვევა რომ, 2020 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირება, უმეტესწილად პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებებით არის განპირობებული და ნაკლებად კავშირშია ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.  ამასთან, ცალკეული დანაშაულების მკვეთრი შემცირება, (მაგალითად ნარკოტიკული დანაშაული) სავარაუდოდ საარჩევნო წელს საპოლიციო კონტროლის შემსუბუქებას უკავშირდება.  ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მზარდი ტენდენცია.  ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს კომპიუტერულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ყოველწლიურად იმატებს, ხოლო მათი გახსნის მაჩვენებელი 10%-ს ვერ აღწევს. 

 

2020 წელს რეგისტრირებული დანაშაულის ყოველთვიური მონაცემების ანალიზი, ასევე პანდემიის შედეგად გაუარესებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქმნის  ნეგატიურ მოლოდინებს,  დროებითი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის  გაურესებასთან დაკავშირებით.  შესაბამისად, კრიმინოგენური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში შესაბამისი უწყებების განსაკუთრებული ძალისხმევა.

 

/public/upload/Analysis/Impact of pandemic on crime statistics_GEO.pdf

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის -კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024