საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები: 2017-2021 წლების სახელმწიფო პოლიტიკა

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 13 აპრილი 2022

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე მუდმივად არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი.

 

2017 წლის 9 თებერვალს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა „მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები - შეზღუდული სახელმწიფო რესურსი თუ არასაკმარისი პოლიტიკური ნება“, სადაც მიმოხილული იყო 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით 2008-2016 წლებში გაწეული ხარჯები. კვლევა აჩვენებდა, რომ 2016 წლის მდგომარეობით, აღრიცხული იყო 86,263 დევნილი ოჯახი (259,247 პირი), საიდანაც  გრძელვადიანი საცხოვრებლის პროგრამების ფარგლებში დაკმაყოფილებული იყო 35,475 დევნილი ოჯახი. ამ მიზნით, 2008-2016 წლებში სულ დახარჯული იყო დაახლოებით 670 მილიონი ლარი, საიდანაც უდიდესი ნაწილი - 470 მლნ. ლარი საერთაშორისო დაფინანსება იყო.ამასთან, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარებას კვლავ ელოდა 50,788 ოჯახი (განცხადება შევსებული ჰქონდა 37,431 ოჯახს), რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად მიახლოებითი გათვლებით საჭირო იყო 1.5 მილიარდი ლარი.

 

აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, IDFI კვლავ დაინტერესდა როგორ შეიცვალა ამ კუთხით არსებული მდგომარეობა. კერძოდ, 2017-2021 წლებში რა ფინანსური რესურსი მიმართა სახელმწიფომ დევნილთა განსახლებაზე და სახელმწიფოს გათვლებით, კიდევ რა რესურსია საჭირო  მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, IDFI-მ შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით მიმართა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- დევნილი ოჯახების დაახლოებით 50% (45 903 ოჯახი) კვლავ არ არის უზრუნველყოფილი  გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

 

- ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფომ 10,622 ოჯახი დააკმაყოფილა. არსებული  ტემპის შენარჩუნების პირობებში, სახელმწიფოს მინიმუმ 20 წელი დაჭირდება ყველა დევნილი ოჯახის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

 

- 2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროექტებზე სულ დახარჯულია დაახლოებით 513 მილიონი ლარი, რომლის 94% პროცენტი წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს.

 

- დევნილთა მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამების  ფაქტობრივი ხარჯები 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 44 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 67 მილიონი ლარით შემცირდა.  

 

- 2021 წელს  ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მენაშენეების საკონკურსო პროექტით დაინტერესება და დევნილთა საცხოვრებელი ფართების სათანადო შესყიდვა. შედეგად, დევნილთა მხარდამჭერი პროგრამისთვის დაგეგმილი 85 მილიონი ლარიდან, აითვისა მხოლოდ 43.6 მილიონი ლარი.

 

- დევნილთა მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული პროგრამების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან გადასახდელებში, 2018-2019 წლებში შეადგენდა 1%-ს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე, ხოლო 2021 წელს - 0.4%-მდე შემცირდა.

 

- 2008-2016 წლებში დევნილთა განსახლებისთვის გაწეული ხარჯების 70%-ს (470 მილიონი ლარი) წარმოადგენდა საერთაშორისო დაფინანსება, ხოლო 2017 წლის შემდეგ საინვესტიციო გრანტის სახით სახელმწიფოს მიღებული აქვს მხოლოდ 33 მილიონი ლარი.

 

- 2017-2021 წლებში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართის (128 524 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) მშენებლობებზე გაწეულია 120.5 მილიონი ლარის ხარჯი.

 

- 2017-2021 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, კვადრატული საცხოვრებელი ფართის მიხედვით, 467 ლარიდან 1,230 ლარამდე მერყეობს.

 

- 2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროგრამებზე გათვალისწინებულ თანხებს მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებსა და დანამატებზე გაწეული ხარჯები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.

 

დასკვნა

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული მონაცემების ერთობლივი ანალიზით, ირკვევა რომ 2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროექტებზე სულ დახარჯულია დაახლოებით 513 მილიონი ლარი, რომლის დაახლოებით 94% პროცენტი წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს.  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიემართა დევნილთა განსახლების პროგრამებზე, IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, შესაძლებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ცალკეული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე, მნიშნელოვანი ფინანსური რესურსის გამოთავისუფლება და დევნილი ოჯახებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარება. 

 

მაგალითად, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახული მონაცემების მიხედვით, დევნილთა განსახლების პროგრამებზე გათვალისწინებულ თანხებს დაახლოებით ორჯერ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებსა და დანამატებზე გაწეული ხარჯები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.

 

 

შენიშვნა: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია/დანამატები შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ბიუჯეტის მონიტორი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით, დევნილი ოჯახების ნახევარი კვლავ რჩება მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არცერთი ხელისუფლების პირობებში დევნილების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ ყოფილა განსაზღვრული სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად.

ვინაიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო  სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად განესაზღვრათ დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა და არსებული საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინათ დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი.

 

დღეის მდგომარეობით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, IDFI მიიჩნევს, რომ დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაჩქარებისთვის აუცილებელია:

 

- სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად, გაიზარდოს დევნილი ოჯახების განსახლებისთვის არსებული დაფინანსება. კერძოდ, ყველა დევნილი ოჯახის განსახლების უზრუნველყოფამდე, საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით ყოველწლიურად გამოსაყოფი დაფინანსების პროცენტული ქვედა ზღვარი (ბიუჯეტის საერთო გადასახდელების მინიმუმ  1%).

 

- გაიზარდოს სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების  ეფექტიანობა, რაც გამორიცხავს ამ მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ათვისების პრობლემას.

 

- საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს დევნილთა განსახლების დაფინანსებისთვის  დონორი ორგანიზაციების მოძიება.

 

 

/public/upload/Analysis/idp_families_in_georgia_GEO.pdf

 

 

 

 

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის - „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში 3G“ - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მიერ. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ანალიზსი გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024