IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

განცხადებები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 8 სექტემბერი 2021

2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 126 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, კონსტიტუციური კანონის პროექტიდან ამოღებულ იქნა გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევასთან დაკავშირებული საკითხი, რაც მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მისი არჩევის რისკს შეამცირებდა და უწყების დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტის გაძლიერების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გენერალურ პროკურორს საპროკურორო საბჭოს წარდგინებით პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

 

გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილებას, კერძოდ, მის არჩევას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს დადებული შეთანხმება ითვალისწინებდა. შეთანხმების თანახმად, გენერალური პროკურორი უნდა დაინიშნოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესით. გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილებაზე უარის თქმით მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არ გააჩნია პროკურატურის რეფორმირების პოლიტიკური ნება და სურს შეინარჩუნოს კონტროლი მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაზე. 

 

აღნიშნული ფაქტი უარყოფითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ეს კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა, ხოლო ევროკავშირის ელჩმა - კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით, ამ ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში.

 

ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა ვერ უზრუნველყო რეალურად დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. გენერალური პროკურორის ცალმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერით დანიშვნის წესი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს წარმოშობს. არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, პროკურატურა პოლიტიკურ გავლენებს დაქვემდებარებულ ინსტიტუტად აღიქმება. 

 

კანონის უზენაესობის სფეროში ძირეული რეფორმების განხორციელებას და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობისათვის.  

 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.  წინა კვირას, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის  მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა - ჯულიენ კრამპა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამ ფონზე, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარი კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებულებების უგულებელყოფით, მმართველი პარტია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესს. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022