2024 წლის 8-9 თებერვალს IDFI-მ უმასპინძლა კარგი მმართველობის საერთაშორისო ფორუმს, სახელწოდებით - კარგი მმართველობის პრინციპების გაუმჯობესება: საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ფორუმი ორგანიზებული იყო IDFI-ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, და ასევე, თანადაფინანსებული იყო გაეროს განვითარების პროგრამისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის გლობალური ინიციატივისა (AML/CFT Global Facility), და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ. ეს იყო რიგით მეხუთე ღონისძიება კარგი მმართველობის ფორუმების სერიიდან (GG Forum), რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ყოველწლიურად იმართება და კარგი მმართველობის რეფორმების დღის წესრიგის ხელშეწყობის, ცნობიერების ამაღლების, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და დისკუსიის წახალისების მიზნით, წარმოადგენს საერთაშორისო ექსპერტების, ხელისუფლების წარმომდგენლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების შეკრების ადგილს.
ფორუმის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ დისკუსიის წახალისება და დემოკრატიული კონსოლიდაციის საქმეში კარგი მმართველობის რეფორმების მნიშვნელობის შეფასება.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, დუგლას უებმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, შვედეთის ელჩის მოადგილემ და განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა საქართველოში, ერიკ ილესმა, და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობა ოფისი (DRG) დირექტორის მოადგილემ, კორინ როტბლუმმა.
მომხსენებლებმა თავიანთ მისასალმებელ სიტყვებში ერთხმად გაუსვეს ხაზი კარგი მმართველობის ფორუმის, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. გიორგი კლდიაშვილმა დასძინა, რომ ფორუმი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაცვლასა და კარგი მმართველობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას. მარკ კლეიტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა კარგი მმართველობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ საქართველოს მისწრაფებების კონტექსტში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგი მმართველობა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ცნება, არამედ მას აქვს ხელშესახები გავლენა მოქალაქეთა ცხოვრებაზე, და ის დემოკრატიული მმართველობისა და პროგრესის ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს. დუგლას უებმა აქცენტი გააკეთა ერებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე, გამოყო სამოქალაქო საზოგადოების არსებითი როლი კარგი მმართველობის განმტკიცებაში. ნიკოლას სენდროვიჩმა აღნიშნა ფორუმისა და განსახილველი საკითხების აქტუალურობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას კარგი მმართველობის რეფორმების მიმართ, რომელიც გახლავთ გაფართოების პოლიტიკის ფუნდამენტური კომპონენტი, და ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. ერიკ ილესმა დასძინა, რომ კარგი მმართველობის ფორუმი არის ურთიერთსწავლისა და გადაწყვეტილების ძიების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ კარგი მმართველობა არის ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც რჩება ერთ-ერთ ძირითად პრინციპად. კორინ როტბლუმმა ხაზი გაუსვა ფორუმის როლს ექსპერტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში. მან აქცენტი გააკეთა საქართველოს პროგრესზე საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით და ხაზი გაუსვა USAID-ის მზაობას, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებას.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ კონფერენცია გაგრძელდა პანელური დისკუსიებით:
პირველს პანელს სახელწოდებით - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ინსტიტუციური რეფორმები, ჰოლისტიკური მიდგომები და პოლიტიკური ნება - მოდერაციას უწევდა Civic Idea-ის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი. პანელზე წარმოდგენილნი იყვნენ კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დისკუსია გახსნა ნიკოლას აიოსამ, ევროკავშირში საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორმა. მან განიხილა ევროკავშირში ბოლო ათწლეულის განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ შემუშავებული სხვადასხვა ინსტრუმენტები, აგრეთვე, ისაუბრა ევროკავშირის მიერ კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკის მიმართულებით გავლილ გზაზე. მომხსენებელმა მიმოიხილა რეფორმების სხვადასხვა შესაძლებლობები და გამოწვევები, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, მეტი პროგრესისთვის ძალისხმევა უნდა განაგრძონ.
რუსუდან მიხელიძემ, OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელმა, ისაუბრა კორუფციის პრევენციის ჰოლისტიკური მიდგომების შესახებ, ყურადღება გაამახვილა OECD-ის მხრიდან დანახულ პერსპექტივებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიზო უგლავამ მოიყვანა კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევის უკრაინული მაგალითები, მიმოიხილა კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მუშაობის პრინციპები. უკრაინის არსებული ანტიკორუფციული სისტემის არქიტექტურასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ სისტემურ კორუფციასთან ბრძოლა მოითხოვს სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევაზე უფრო მეტს; ის საჭიროებს ყოვლისმომცველ რეფორმებსა და სათანადო საკადრო პოლიტიკის გატარებას.
ეკა გიგაურმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, დასძინა, რომ საქართველოს მოწინავე პოზიცია ჰქონდა კორუფციასთან ბრძოლის რეფორმების კუთხით, რაშიც გადამწვეტ როლს თამაშობდა ძლიერი პოლიტიკური ნება და ისეთი წინმსწრები ზომების მიღება, როგორიცაა, ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება და შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამავდროულად, მან დაასახელა არსებული გამოწვევები, როგორიცაა ჰოლისტიკური მიდგომის ნაკლებობა, სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის საკითხი. სპიკერმა გამოყო სხვადასხვა სექტორის, მათ შორის სასამართლო სისტემის, საპარლამენტო ზედამხედველობისა და მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურების როლი ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაში.
დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებსაც კი, შესაძლოა მთელი რიგი გამოწვევები ჰქონდეთ კორუფციასთან ბრძოლის პროცესში. რის გამოც, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პრობლემის გადაჭრის შესახებ დისკუსიები და გაღრმავდეს ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და პარტნიორობა.
მეორე პანელი სახელწოდებით: ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების პრევენცია: ძირითადი პრინციპები, წარმატების ისტორიები და მიღებული გაკვეთილები ორგანიზებული იყო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის გლობალური ინიციატივის მიერ და მოდერაციას უწევდა მამუკა ჟღენტი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფროსი ექსპერტი.
პანელმა ყურადღება გაამახვილა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის მნიშვნელობაზე. ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ელჩმა, ჟან-პოლ ლაბორდმა ხაზი გაუსვა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მოსამართლეები უნდა გადამზადდნენ და მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია სპეციალიზებული ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე (მათ შორის (AML/CFT-ის სტანდარტების შესახებ), რათა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა, თამთა ქლიბაძემ ისაუბრა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ხაზი გაუსვა მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
ოქსანა ჯისკამ, CETS-198-ის (ევროპის საბჭოს კონვენცია დანაშაულისგან მიღებული შემოსავლების გათეთრების, ძიების, ამოღებისა და კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ) მხარეთა კონფერენციის (COP) ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა წარმოადგინა მოლდოვის პერსპექტივა და გამოცდილება, აგრეთვე ხაზი გაუსვა ვარშავის კონვენციის მნიშვნელობას და ქვეყნების მიერ მის დებულებებთან შესაბამისობის აუცილებლობას. მან ასევე მოუწოდა საქართველოს აქცენტი გააკეთოს ვარშავის კონვენციის ძირითადი დებულებების განხორციელებაზე, როგორიცაა კორპორატიული პასუხისმგებლობა და გაუფრთხილებლობით ფულის გათეთრება. ამავდროულად წაახალისოს სექტორთაშორისო თანამშრომლობა.
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლონეთის ფინანსური ინფორმაციის გენერალურმა ინსპექტორმა, ელჟბიეტა ფრანკოვ-იასკევიჩმა ხაზი გაუსვა კანდიდატი ქვეყნებისთვის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კრიტიკულ მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში. მან აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი კანონმდებლობასთან მჭიდრო შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სამუელ გუირადო-ბორეგომ, ევროკომისიის ფინანსური დანაშაულის განყოფილების პოლიციის ოფიცერმა ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური მიღწევების როლს AML/CFT ძალისხმევის გაძლიერებაში. ასევე, გამოყო მზარდი ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ინოვაციური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა.
პანელის მომხსენებლებმა აგრეთვე აქცენტი გააკეთეს მუდმივი შესაძლებლობების ამაღლებაზე, საზღვრისპირა თანამშრომლობასა და ფინანსურ დანაშაულთან ეფექტურად ბრძოლაში ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩოების დანერგვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვეს მუდმივი გაუმჯობესებისა და ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობას განვითარებადი საფრთხეების აღმოსაფხვრელად, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის როლს ტრანსნაციონალურ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლაში. პანელის ბოლოს საქართველოს, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფ ქვეყანას მიეწოდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები: აქცენტი გაკეთდა AML/CFT-ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებაზე ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალისხმევის გასაძლიერებლად.
მესამე პანელი დაეთმო საჯარო მმართველობის რეფორმას, მიღწეულ შედეგებს, მიღებულ გამოცდილებასა და არსებულ საჭიროებებს. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ანა გვენეტაძე, USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მმართველი ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელი.
დისკუსია გახსნა ალისტერ სვარბრიკმა სიგმას (SIGMA/OECD) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, რომელმაც უპირველესყოვლისა აღნიშნა საჯარო მმართველობის რეფორმის განსაკუთრებული როლი კარგი მმართველობის ხელშეწყობაში, ასევე აქცენტი გააკეთა რეფორმის გავლენაზე ეკონომიკურ ზრდაზე, ინოვაციებსა და მოქალაქეთა ჩართულობაზე. მან გამოყო სტრატეგიული დაგეგმვის, ეფექტიანი ფინანსური მენეჯმენტისა და კვალიფიკაციის ამაღლების როლი საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის. მან დამატებით ისაუბრა საჯარო მმართველობის განახლებულ პრინციპებზე, რომელთაც უფრო მეტად აქვთ შედეგზე-ორიენტირებული მიდგომა, აგრეთვე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ გაციფრულებისა და მდგრადობის საკითხებზე. გამომსვლელმა აღნიშნა ისიც, რომ განახლებული პრინციპების მიხედვით საქართველოს შეფასება 2024 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, მარია სტოგოვამ დასძინა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი და არა უკვე გაღებული ძალისხმევის კულმინაციური და საბოლოო ეტაპი. მან ხაზი გაუსვა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა რეფორმის განხორციელების კუთხით არსებულ წინსვლას, თუმცა გამოყო ის მიმართულებები, რომლებიც ჯერ კიდევ დამატებით ძალისხმევებს საჭიროებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის დახვეწას და გაციფრულების მიმართულებით სტრატეგიის გაძლიერებას. გარდა ამისა, მან აქცენტი გააკეთა ძლიერი ზედამხედველობის მექანიზმების არსებობაზე, და მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს ზედმიწევნით განიხილონ ევროკომისიის შეფასების ანგარიშში ასახული რეკომენდაციები, აგრეთვე, მდგრადი განვითარების მისაღწევად ხელი შეუწყონ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას.
მილოშ ჯინჯიკმა, სერბეთში ევროპის პოლიტიკის ცენტრის (CEP) პროგრამების მენეჯერმა, სერბეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა დაინტერესებული მხარეების როლზე რეფორმის წარმატებით განხორციელებაში, რეფორმის მიმდინარეობის დროს გარე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ სერბეთის შემთხვევაში ამგვარმა გარე ზეწოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რეფორმის სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებაში. მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე SIGMA-ს შეფასების მნიშვნელობას, და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადამწყვეტ როლს.
ადრიან ერმურაჩიმ, მოლდოვის ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების აღმასრულებელმა დირექტორმა, წარმოადგინა მოლდოვის მიდგომა საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. მან მოლდოვის მაგალითზე დაყრდნობით ხაზი გაუსვა რეფორმის მიმართ სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობას, აგრეთვე, მიმოიხილა გასული ათწლეულის განმავლობაში ორი სტრატეგიის იმპლემენტაცია და გამოყო პროგრესი, რომელიც მიღწეულია მკაფიო მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრისა და SIGMA-ს პრინციპებთან შესაბამისობით სამთავრობო სტრუქტურების მოწყობის პროცესში. მომხსენებელმა განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო და საპრეზიდენტო დონეებზე ევროინტეგრაციის საკოორდინაციო მექანიზმების შექმნა და ისაუბრა მოლდოვისთვის მათ მნიშვნელობაზე, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლის მთავარ ელემენტებს წარმოადგენენ.
საერთო ჯამში, დისკუსიის განმავლობაში ხაზი გაუსვა საჯარო მმართველობის რეფორმის მრავალმხრივობას, მის მჭიდრო კავშირს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნებთან და მუდმივი ძალისხმევის, თანამშრომლობისა და ადაპტაციის მნიშვნელობას რეფორმის პროცესში ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
ფორუმის მეორე დღის პირველი პანელი სახელწოდებით: კარგი მმართველობის რეფორმის გენდერული მეინსტრიმინგი ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ და მას მოდერაციას უწევდა თამარ საბედაშვილი, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე.
პანელური დისკუსია გახსნა დოლი ვიტბერგერმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა გენდერული მეინსტრიმინგისა და ევროინტეგრაციის საკითხებში. მან მოხსენება დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის გენდერულად ნეიტრალური დათქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელებისა და საკანონმდებლო მიზნების მიღწევაში ინსტიტუციური ჩარჩოს აუცილებლობას. აგრეთვე, მომხსენებელმა პრეზენტაცია გააკეთა ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველომ მნიშვნელოვანია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა, ირინა აღაპიშვილმა, საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ელისო შონიამ ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მისაღწევად მათი უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და წარმოადგინეს დაგეგმილი ნაბიჯები, მათ შორის გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების წარმოების მიმართულებით.
იურატე იუოდსნუკიტემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შრომის, სოციალური საკითხების, მიგრაციისა და გენდერის პროგრამების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიმართულებით.
გაერთიანება საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გენდერთან დაკავშირებული რეკომენდაციის ცალკე არ არსებობა (იგულისხმება ევროკომისიის 9 რეკომენდაცია/დათქმა) გამოწვევაა, რამდენადაც მთავრობა გენდერთან შედარებით სხვა საკითხებს ანიჭებს პრიორიტეტს. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის კანონმდებლობის გარკვეული ასპექტების შესრულების სირთულეს და საქართველოში გენდერული საკითხების შესახებ დაბალ ცნობიერებას.
პანელური დისკუსიის დასასრულს ხაზი გაესვა არსებული ნაბიჯების მონიტორინგის მნიშვნელობას და იმას, რომ ამ მიმართულებით ქვეყენაში კვლავაც არ არსებობს შესაბამისი კომპეტენციები.
დღის მეორე პანელს, სახელწოდებით: კორუფციასთან ბრძოლისა და კონკურენციის გაუმჯობესების ინოვაციური მექანიზმები: ინოვაციები სახელმწიფო შესყიდვებში და ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტები, მოდერაციას უწევდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროექტების უფროსი ოფიცერი, პაულა პერეზი.
პანელზე დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კორუფციასთან ბრძოლისა და მთავრობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინოვაციურ მექანიზმებზე. მოდერატორმა ხაზი გაუსვა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს და დასძინა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.
პანელის პირველი მომხსენებელი იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილი, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები და აქცენტი გააკეთა საჭიროებებზე მორგებული მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე. მან ისაუბრა საქართველოში არსებული შესყიდვების ელექტრონული სისტემის შესახებ, რომელიც მისი შეფასებით, ერთ-ერთი მოწინავე პორტალია. მომხსენებელმა აგრეთვე ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებებსა და ახალი კანონმდებლობის მიღებას, დამატებით მან ისაუბრა ადამიანური რესურსების გაძლიერებაზე მიმართულ დაგეგმილი აქტივობებზე.
მთავრობის გამჭვირვალობის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, იზაბელ ადამმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ყოვლისმომცველი და სრულყოფილი მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზისა და კორუფციის რისკების იდენტიფიცირების მიმართულებით. მან განიხილა ინსტიტუტის გამოცდილება გლობალური შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით და გამოყო მონაცემთა ანალიზის გამოყენების ორი ძირითადი მიზანი: რისკების შეფასება და პოლიტიკის რეკომენდაციების (Policy Advice) გაცემა. ასევე, გამომსვლელმა დაასახელა 4 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მონაცემთა ხარისხზე: ხელმისაწვდომობა, შინაარსი (Scope), იურიდიული ბარიერები და სიზუსტე.
ვოლოდიმირ ტარნაიმ, ღია კონტრაქტების პარტნიორობის (OCP), აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის უფროსმა მენეჯერმა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით წარმოადგინა ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე ტენდენციები, რომლის ერთ-ერთ მაგალითად წარმოადგინა უკრაინის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და პროცესების გაციფრულება. მან განიხილა პლატფორმა ProZorro და აგრეთვე აღწერა შესყიდვების რეფორმის წარმატებული მაგალითები ყაზახეთში. სპიკერმა ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერაში მონაცემთა ხარისხისა და ანალიტიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას.
ტიმონ კიეპემ, Open Ownership-ის პოლიტიკისა და კვლევის ხელმძღვანელმა, განიხილა ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის რეფორმების განხორციელების პროცესში არსებული მიგნებები, ხაზი გაუსვა გამჭვირვალობის ინიციატივების ფართო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობას. აგრეთვე გამოყო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის მრავალმხრივი გამოყენების მაგალითები და ხაზი გაუსვა მონაცემთა სტანდარტიზაციის მნიშვნელობას, რაც სხვადასხვა იურისდიქციებში მონაცემების თავსებადობას და გამოყენებას უზრუნველყოფს.
ორგანიზაცია ღია კონტრაქტების პარტნიორობის (OCP), DREAM პროექტის ხელმძღვანელმა ვიქტორ ნესტულიამ ისაუბრა უკრაინაში არსებულ გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. მომხსენებელმა წარადგინა DREAM პროექტი - უკრაინაში სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას და ანგარიშვალდებულებას ინფრასტრუქტურის ინვესტირების სრულ ციკლში, დაგეგმვიდან განხორციელებამდე.
დასასრულს, პანელისტებმა ხაზი გაუსვეს კორუფციასთან ბრძოლასა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიმართულებით უნარებისა და შესაძლებლობის გაძლიერების კრიტიკულ მნიშვნელობას. მათ ასევე გამოყვეს საგანმანათლებლო პროცესებში მონაცემთა ანალიზის ინტეგრირების აუცილებლობა.
კარგი მმართველობის 2024 წლის ფორუმის ბოლო პანელი სახელწოდებით: სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა რეფორმებში: გამჭვირვალობა და ნდობა დაეთმო სამოქალაქო ორგანიზაციების რეფორმებში ჩართულობის განხილვას და ამ პროცესის ხელშეწყობას. პანელს მოდერაციას უწევდა ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პროგრამის მენეჯერი.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, საჯარო-კერძო დიალოგის საკითხებში მრჩეველმა, თეა კენჭაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას სანდო და ეფექტური რეფორმების განსახორციელებლად. მან მსმენელებს გააცნო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სამიზნე სფეროები, მათ შორის სამთავრობო შესაძლებლობების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და პოლიტიკის მხარდაჭერა. სპიკერმა ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართვის მნიშვნელობას და გამოყო ჩართულობის ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი - საჯარო და კერძო დიალოგი. მან ახსენა USAID -ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და IDFI-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც კანონებისა და ნორმატიული აქტების შემუშავებაში ჩართულობის ხარისხისა და მონიტორინგისათვის საჯარო-კერძო დიალოგის მექანიზმების დანერგვას ისახავს მიზნად.
ნონა ქურდოვანიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობას, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უწევთ მუშაობა, და ასევე, მათი ჩართულობისათვის პოლიტიკური ნების არსებობას. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის გახშირებული შემთხვევების გამო საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სპიკერმა მოიყვანა სასამართლო რეფორმის მაგალითი და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ხშირად უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციებს.
ესტერ ჰარტმა, არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) პროგრამის დირექტორმა გამოყო ეფექტური მონაწილეობის სამი ძირითადი საყრდენი: დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, ჯანსაღი პროცესები და კარგი ინსტრუმენტები ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხელშემწყობი გარემოს მნიშვნელობას და მკაფიო პროცესების აუცილებლობას, რომელიც იქნება ინკლუზიური და შედეგის მომტანი. აგრეთვე ისაუბრა მონაწილეობის პროცესის გაუმჯობესებაში ტექნოლოგიების გამოყენებაზე და გამოხატა შეშფოთება ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვის ფაქტების გამო. სპიკერმა ასევე სამოქალაქო აქტივიზმისა და ჩართულობის წარმატებულ მაგალითებად მოიყვანა საქართველოში ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროტესტი, და ადვოკატირების კამპანია, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის აქტის მიღებასთან.
UNCAC (გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენცია) კოალიციის ევროპის რეგიონის კოორდინატორმა ანა რევუელტა ალონსომ ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს ანტიკორუფციული ქმედებების განხორციელებაში და აქცენტი გააკეთა გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის იმპლემენტაციაში მათ როლზე. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელს უწყობენ პოლიტიკურ ინტეგრაციასა და რეფორმებს, მათ შორის UNCAC-ის პარალელური ანგარიშების შექმნით, გამჭვირვალობის ხელშეწყობით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საგამოძიებო ანგარიშებითა და კვლევებით. ასევე, სპიკერმა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის დაასახელა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმის გამოყენება.
მაკა მეშველიანმა, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), პროექტების მენეჯერმა მონტენეგროში, ხაზი გაუსვა კარგი მმართველობის რეფორმების გატარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლს. მან მიმოიხილა მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული გამოწვევები, მათ შორის, პოლიტიკური არასტაბილურობა. ასევე, გამოყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP).
დემოკრატიისა და კანონის უზენაესების ცენტრის (CEDEM) დირექტორის მოადგილემ უკრაინაში, ანა ისიჩკამ მიმოიხილა მიმდინარე ომის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების როლი. მან ხაზი გაუსვა წარმატებულ რეფორმებს მედიის, დეცენტრალიზაციისა და ანტიკორუფციული მიმართულებებით. მომხსენებელმა ასევე მოიყვანა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობისა და კონსულტაციის წარმატებული მაგალითები. ასევე, გამოყო უკრაინის პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განუყრელი როლი.
პანელის ბოლო გამომსვლელმა, ვერონიკა კრეტუმ, ორგანიზაცია Moldova4EU Task Force-ის თანადამფუძნებელმა, ხაზი გაუსვა ანგარიშგების პროცესებში, სხვადასხვა ეროვნულ და გლობალურ პლატფორმებზე სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას. ვერონიკამ გამოყო როგორც ორგანიზებული პლატფორმების, ისე ad hoc ინიციატივების მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებისთვის ლეგიტიმურობის, შესაძლებლობების განვითარებისა და კავშირების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის კუთხით. მისი თქმით, ორგანიზებული ჩართულობის პლატფორმები ორგანიზაციებს სტრუქტურიზებულ ფორმატებს და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას სთავაზობენ, ad hoc ინიციატივები კი ახლადწამოჭრილი საკითხების შესახებ სწრაფი და მოქნილი რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სპიკერმა აგრეთვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითობის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის მიმართულებით თანმიმდევრული ძალისხმევის გაგრძელება, რათა ხელი შეეწყოს მმართველობის ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას.
კარგი მმართველობის ფორუმის ორივე დღის ბოლოს მონაწილეებისათვის გაიმართა პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები. პირველ დღეს გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა:
სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.
ღია მმართველობის გაუმჯობესება: პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომელსაც უძღვებოდა ღია მმართველობის პარტნიორობის წარმომადგენელი პაულა პერეზი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ღია მმართველობის ძირითად პრინციპებს, ასევე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, მათ შორის OGP-ის მონაცემთა ბაზას.
მეორე დღეს გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა:
სამუშაო შეხვედრა გენდერის საკითხებზე, რომელიც ორგანიზებული იყო UN Women-ის მიერ და უძღვებოდა დოლი ვიტბერგერი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის პრაქტიკული მიდგომები და მეთოდოლოგიები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კარგი მმართველობის რეფორმებში გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტურად ინტეგრირებისთვის. სპიკერმა წარმოადგინა სახელმძღვანელო პრინციპები და მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის ასპირანტმა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით.
საჯარო ადმინისტრირების რეფორმის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა SIGMA-ს პოლიტიკის მრჩეველი, ალისტერ სვარბრიკი. შეხვედრაზე სპიკერმა განიხილა SIGMA-ს საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპები და ის ძირითადი ცვლილებები, რაც განხორციელდა პრინციპების დოკუმენტში, ასევე გაიმართა დისკუსია საქართველოს შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
დღის ბოლო სამუშაო შეხვედრას მოდერაციას უწევდა ღია კონტრაქტების პარტნიორობის წარმომადგენელი, ვოლოდიმირ ტარნაი. სესია შეეხო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ინოვაციურ მექანიზმებს. სპიკერმა დეტალურად ახსნა როგორ მუშაობს პლატფორმა Prozorro და სხვა ღია მონაცემებზე დაფუძნებული პორტალები, და ხაზი გაუსვა მონაცემთა კრიტიკულ როლს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პროცესში.
იხილეთ ვიდეო ფორუმის მთავარი გზავნილების შესახებ
იხილეთ პანელების ჩანაწერები:
მისასალმებელი სიტყვები და პანელი 1: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ინსტიტუციური რეფორმები, ჰოლისტიკური მიდგომები და პოლიტიკური ნება
პანელი 3: საჯარო მმართველობის რეფორმა: მიღწეული შედეგები, მიღებული გამოცდილება და არსებული საჭიროებები
პანელი 4: კარგი მმართველობის რეფორმის გენდერული მეინსტრიმინგი
პანელი 6: სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა რეფორმებში: გამჭვირვალობა და ნდობა
იხილეთ ღონისძიების ფოტო ალბომი
იხილეთ სრული პროგრამა