IDFI-ის მოსაზრება საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმასთან დაკავშირებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 28 მარტი 2019

2018 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საგამოძიებო სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმაზე მუშაობა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ელემენტად საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას მოიაზრებს.

 

საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობა პროკურორებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან ერთად აკისრებთ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასაც, რაც გულისხმობს პროკურორების მიერ მრავალი ისეთი ფუნქციის შესრულებას, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგალითად: გამოძიების სტრატეგიის განსაზღვრა, ქმედების კვალიფიკაცია და სხვა.

 

საგამოძიებო პროცესში პროკურორების ამგვარი ჩართულობა აფერხებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესს და დაუსაბუთებლად ზრდის პროკურორთა დატვირთვას, რაც, საბოლოოდ, ხელს უშლის კვალიფიციური და სრულყოფილი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ხორავას ქუჩის საქმის არასრულყოფილად გამოძიების გამო ამ დრომდე უცნობია დამნაშავის ვინაობა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ სწორედ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის უფლებამოსილების არასაკმარისად მკაფიო გამიჯვნამ შეუშალა ხელი საქმის სათანადოდ გამოძიებას.

 

ხელისუფლების განცხადებით, დაგეგმილი რეფორმის მიზანია, შექმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფისთვის, ჩამოაყალიბოს დაბალანსებული სისტემა, სადაც მკაფიოდ იქნება გამიჯნული და დაბალანსებული საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებები.

 

ევროპულმა კომისიამ კანონისმიერი დემოკრატიისთვის (ვენეციის კომისია) 118-ე პლენარულ სხდომაზე მიიღო მოსაზრება საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით. კომისია თავის მოსაზრებაში დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობს თითქმის ერთსულოვანი პოზიტიური დამოკიდებულება რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონცეფცია არის ზოგადი ხასიათის და არ შეიცავს კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს ან ცვლილებებს. შესაბამისად, კომისია მიუთითებს, რომ რეფორმასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები კონცეფციაში ღიად არის დატოვებული, რაც ართულებს სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას.

 

ვენეციის კომისიამ თავის მოსაზრებაში დადებითი პასუხი გასცა ორ მნიშვნელოვან კითხვას: 1. შეესაბამება თუ არა შემოთავაზებული რეფორმა საერთაშორისო სტანდარტებს და 2. რამდენად შესაძლებელია დასახული ამოცანების პრაქტიკაში რეალიზება; თუმცა, აქვე ყურადღება გაამახვილა რიგ საკითხებზე, რომლებსაც ხელისუფლება სიფრთხილით უნდა მოეკიდოს რეფორმის განხორციელებისას.

 

IDFI მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში აუცილებელია, საფუძვლიანად იქნას გაანალიზებული ის საფრთხილო საკითხები, რომლებსაც ხაზს უსვამს ვენეციის კომისია. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ გამომძიებელთა კვალიფიკაციის ნაკლებობიდან გამომდინარე სახიფათოა საწყის ეტაპზე რეფორმის სრულად ამოქმედება და აუცილებელია, პროკურორსა და გამომძიებელს შორის უფლებამოსილების ახლებური გამიჯვნა ეტაპობრივად განხორციელდეს გამომძიებელთა კომპეტენციის ამაღლების პარალელურად.

 

IDFI მიიჩნევს, რომ რეფორმის თითოეულ ეტაპზე უნდა მოხდეს განსახორციელებელი ცვლილებების გავლენის შეფასება და ცვლილებები ამოქმედდეს წინასწარი ანალიზის და რისკების შეფასების გათვალისწინებით.

 

სასურველია, რეფორმის საწყის ეტაპზე პროკურორის უფლებამოსილება შედარებით ფართო იყოს (მაგალითად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე) და ის ეტაპობრივად შემცირდეს. რეფორმის განხორციელების შემდეგ კი, გამომძიებლის უმოქმედობის რისკის დაზღვევის მიზნით, აუცილებელია, პროკურორს სრული წვდომა ჰქონდეს საქმის მასალებზე და საწყის ეტაპზე ინარჩუნებდეს უფლებამოსილებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეცვალოს გამომძიებლის გადაწყვეტილება გამოძიების არ დაწყების და გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

 

მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს პროკურორის უფლებამოსილება სასამართლოში წასაღები მტკიცებულებების შეფასებასთან დაკავშირებით. შეფასების გასაკეთებლად კი პროკურორს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მტკიცებულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმის შესახებ, თუ როგორ იქნა მტკიცებულება მოპოვებული.

 

IDFI მიიჩნევს, რომ უფლებამოსილების გამიჯვნის ფონზე, შესაძლებელია პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის გახშირდეს დავები და აუცილებელია, დავის გადაწყვეტის მიზნით არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმი (მაგალითად, ზემდგომ პროკურორთან).

 

აუცილებელია, რომ რეფორმამ უზრუნველყოს ობიექტური სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება და პროკურორი არ გადაიქცეს იმ მხარედ, რომლის ერთადერთი ინტერესი ბრალის დამტკიცება იქნება.

 

IDFI-ის აზრით, მნიშვნელოვანია, რეფორმა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით გაგრძელდეს, მისი მონაწილეობით შემუშავდეს რეფორმის განხორციელების მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერება ცვლილებების ამოქმედების ეტაპები გამომძიებლების ადეკვატური გადამზადების პარალელურად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024