IDFI-ს ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს

განცხადებები 29 მარტი 2016

29 მარტი, 2016


საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

ბატონო გიორგი,


უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პირადად თქვენ იჩენთ ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხების განვითარებისადმი.


ჩვენ ვხედავთ, რომ ღია მმართველობა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირება ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს. ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთ მნიშვნელოვან ინდექსსა და რეიტინგში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით გასატარებელ რეფორმებს მეტი ძალისხმევა, პოლიტიკური ნება და აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.


როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საერთაშორისო ინიციატივის 69 მონაწილე სახელმწიფოს ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო ქვეყანაა, როგორც კარგი მმართველობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების ინიციატორი და განმახორციელებელი. ამ შედეგების გათვალისწინებით, 2014 წლიდან საქართველო OGP-ის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრია. გასული წლების განმავლობაში, სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით, OGP-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და განახორციელა 2 სამოქმედო გეგმა. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კოორდინაციით, რომელიც საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს წარმოადგენს, შემუშავებული იყო 2012-2013 და 2014-2015 წლების ღია მმართველობის სამთავრობო სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმები მოიცავს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიერ აღებულ ვალდებულებებს OGP-ს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ღია მმართველობის პარტნიორობაში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტი, რომელიც მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისთვის ქალაქ მეხიკოში გამართულ OGP-ის წლიურ სამიტზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.


ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2014 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის №557 დადგენილებით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) რეკომენდაციით და უშუალო ჩართულობით 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შორის აღსანიშნავია 2 უმნიშვნელოვანესო აქტივობა:


1. ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტის შემუშავება და პარლამენტისათვის წარდგენა; 

2. პეტიციების ელექტრონული პლატფორმის I-CHANGE-ის შექმნა.

 

პირველი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო პეტიციების ელექტრონული პლატფორმის შექმნა დაევალა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.


როგორც ამა წლის 26 იანვარს თქვენთან შეხვედრისას მოგახსენეთ, აღნიშნული ვალდებულებები არ შესრულდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაში (2015 წლის სექტემბერი) და გაურკვეველი მიზეზით დღემდე არ არის შესრულებული. საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების არ შესრულებაზე უკვე ნახსენებია OGP-ის დამოუკიდებელი შეფასების ანგარიშშიც.


ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, IDFI-ს აქტიური მონაწილეობით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების კანონის პირველადი ვერსია, რომელიც იუსტიციის სამინსიტროს გადაეგზავნა ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში. მას შემდგომ აღნიშნულ კანონპროექტის შემუშავების პროცესი შეჩერებულია ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, რამაც გამოიწვია ღია მმართველობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. დასრულებული კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენა ჯერ კიდევ 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა კანონპროექტი ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა საქართველოს მთავრობის მიერ.


მსგავსი ვითარება შეიქმნა პეტიციების ელექტრონული პორტალის მომზადების ვალდებულების ნაწილშიც. პორტალის საოპერაციო რეჟიმში გაშვება დაგეგმილი იყო 2015 წლის ზაფხულში, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ ვალდებულების ფარგლებში, IDFI-ის რეკომენდაციით და ჩართულობით და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შეიქმნა I-CHANGE-ის კონცეფცია, შემუშავდა პორტალის ტექნიკური მხარე, მომზადდა პორტალის ფუნქციონირებისათვის საჭირო მთავრობის დადგენილების პროექტი, შემუშავდა ცნობიერების ამაღლების კონცეფცია და გამზადდა პორტალის ე.წ. ბეტა ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ პეტიციების პორტალის ამოქმედებისათვის საჭირო ყველა ეტაპი უკვე განხორციელდა, ის ჯერ კიდევ არ არის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.


აქვე მოგახსენებთ, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას თვალყურს ადევნებენ როგორც ღია მმართველობის ფარგლებში არსებული პარტნიორები, ისე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა უშუალო მხარდაჭერით მიმდინარეობდა ამ ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა.

 

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)-ის სამეთვალყურეო კომიტეტის არჩევნებზე, რომელიც წელს გაიმართება, საქართველოს მთავრობა წარსდგეს მაქსიმალური შედეგებით, რადგან ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს დიდი შანსი, რომ არა მხოლოდ ხელმეორედ გახდეს სამეთვალყურეო კომიტეტის წევრი, არამედ უკვე გახდეს OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის ღია და კარგი მმართველობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო დონეზე აღიარების რეალური საშუალება.


ბატონო პრემიერო, გთხოვთ, დაინტერესდეთ, თუ რატომ არ ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული და საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და პირადად მიაქციოთ ყურადღება, რომ მათი განხორციელება მოხდეს უმოკლეს ვადებში.

 

პატივისცემით,

 

გიორგი კლდიაშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავჯდომარე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024