როგორ აშუქებდა აზერბაიჯანული, სომხური და თურქული მედია საქართველოს არჩევნებს

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ანალიზი 26 ნოემბერი 2024

საქართველოს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პოლიტიკური პარტიები ზემოხსენებულ არჩევნებს ერთგვარ რეფერენდუმად აღიქვამდნენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, “არჩევანი მრავალი წლით განაპირობებდა ქვეყნის ბედს”. 

 

26 ოქტომბრის არჩევნებს, სადაც მრავალი დარღვევა გამოიკვეთა და არ არის აღიარებული პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ, დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ მეზობელ ქვეყნებშიც. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არიან იმ ქვეყნების ლიდერებს შორის, რომლებმაც გამარჯვება მიულოცეს “ქართული ოცნებას”. 

 

IDFI-მ, პარტნიორი აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მკვლევრების დახმარებით, შეისწავლა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და 26 ოქტომბრის  არჩევნების გაშუქება აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ მედიებში.



გაშუქება აზერბაიჯანულ მედიაში

 

დაკვირვების მიზნით, შეირჩა რამდენიმე მედიასაშუალება - აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია (“AzTv”), საზოგადოებრივი მაუწყებელი (“İTV – İctimai”), “Xazar Tv”, პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოები - Azertac.az, Report.az, Apa.az, კრიტიკული მედიაგამომცემლობები - “Azadlıq Radiosu” (რადიო თავისუფლება), “Meydan.Tv”, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედია - “Sputnik.az”.

 

საქართველოში ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთანავე, აზერბაიჯანის წამყვანი მედიასაშუალებების მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეთერში ათობით სიუჟეტი გავიდა. დაკვირვებები აჩვენებს, რომ სამივე ტელევიზიაში (განსაკუთრებით “AzTv”, “XazarTv” ) შეიმჩნეოდა ანტიდასავლური გზავნილები. აღნიშნული ტელევიზიები ცდილობდნენ აზერბაიჯანული საზოგადოების დარწმუნებას, რ

ომ დასავლეთი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მათი მიზანია რეგიონში დესტაბილიზაცია, რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლა,  საქართველოს ომში ჩართვა (იხ,. 1

, 2). 



“AzTv”-ს ჟურნალისტმა რუსლან ჰასანოვმა, რომელიც თვეების განმავლობაში მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიისთვის თბილისიდან ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისა და ოპოზიციის მადისკრიტირებელ სიუჟეტებს ამზადებდა, 26 ოქტომბრის ღამეს  თავის სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ შტაბის წინ გადაღებული ფოტო გაავრცელა წარწერით: „საქართველოს/ ქართული ოცნება ახდა“. 

 

“Xazar Tv”, რომელიც ასევე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა, აქტიურად აშუქებდა საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატების - ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის, ასევე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის - ამირან გიორგაძის, გარდაბნის მერის - დავით კარგარათელის ანტიდასავლურ და ოპოზიციის მადისკრიტირებელ განცხადებებს. 

 

აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი (“İTV”) ცდილობდა ბალანსის დაცვას (“AzTv”-სა და “XazarTv”-გან განსხვავებით) და მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებას. “İTV” თავის სიუჟეტებში, მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციებსაც აშუქებდა, ასევე არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ცდილობდა ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგიერთ სიუჟეტში სხვა ტელევიზიების მსგავსად, ანტიდასავლური მესიჯბოქსებიც გვხვდებოდა. პროსახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძე, რომელიც ქვეყნის დასავლელი პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა  და ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდის, “İTV”-სთან აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს სანქციებით აშანტაჟებდა:

 

„ქართულ საზოგადოებას არასოდეს ეშინოდა ე.წ სანქციების, შანტაჟების და არც შეეშინდება. სინამდვილეში, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უკვე  დიდი ხანია ძალაშია. შვეიცარიული ბანკი მის 2 მილიარდ დოლარს არ უბრუნებს. მაგრამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვერც ერთი სანქცია საქართველოს ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არ მოხდება“.

 

მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკა შეიმჩნეოდა ასევე აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოების [“Azertac.az”, “Report.az”, “Apa.az”] მიერაც. ზემოხსენებული საინფორმაციო სააგენტოების გამოქვეყნებული სტატიები ანტიდასავლური ნარატივის შემცველი და ოპოზიციის მადისკრიტირებელი მესიჯბოქსებით გამოირჩეოდა. 

 

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, აქტიურად ვრცელდებოდა იმ ქართველი პოლიტოლოგების, ექსპერტების, მიმდინარე თუ ყოფილი პოლიტიკოსების  (გოგა ხაინდრავა, ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან მამალაძე, ზურაბ ქადაგიძე, ედიშერ გვენეტაძე, დავით ჩიხელიძე, მალხაზ გულაშვილი, დავით ქართველიშვილი, ბადრი ნაჭყებია, მამუკა არეშიძე, თამთა მეგრელიშვილი, გიორგი იაკობიშვილი) განცხადებები, რომლებიც, ძირითადად, მიკერძოებულობით, ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური რიტორიკით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ექსპერტების/პოლიტოლოგების ინტერვიუები კომბინირებულად ვრცელდებოდა განსაკუთრებით “Azertac.az”-ისა და “Report.az”-ის მიერ. 

 

ყოფილმა პარლამენტარმა, გოგა ხაინდრავამ, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, “Azertac.az”-თან და “Report.az”-თან განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოში  განსაკუთრებული ინტერესები გააჩნიათ და ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არსებულ “უცხოურ ძალებს“ აკონტროლებენ.

 

„ზურაბიშვილი დიდი ხანია არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ის ამ ქვეყანაში დასავლეთის რეზიდენტია. დანიშნულია უცხოური აგენტების უფროსად და მას დაავალეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. ეს სცენარი აშშ-ში „მაკკეინის ინსტიტუტში“ დაიწერა. აღნიშნულ სცენარში ჩართულია ბევრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პარტია - ქართული ოცნება  ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს”.

 

 

 

“ქართული ოცნებისა” და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, კონსერვატიულ საზოგადოებრივი მოძრაობის - “საქართველოს უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა და “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” თანადამფუძნებელმა ვატო (ვახტანგ) შაქარიშვილმა აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობენ. 

 

“დასავლეთისა და აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია, ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას. ისინი არადიპლომატიური გზით ცდილობენ 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები გამოაცხადონ ანტიდემოკრატიულად. შეეცდებიან საზოგადოებაში დაბნეულობა შექმნან. მათ უნდათ საქართველოს ხელისუფლება მათივე მოყვანილი პირების მეშვეობით მართონ. დასავლეთში ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის აშშ-ს 51-ე შტატი”.

 

 

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ მსჯავრდადებულმა, ივანიშვილის მთავრობის მიერ ამნისტირებულმა და შევარდნაძის მთავრობის დროინდელმა მაღალჩინოსანმა, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულმა ლევან მამალაძე “Azertac.az”-სა და “Report.az”-თან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთს არ სურს კავკასიის რეგიონში განვითარებული სახელმწიფოების ხილვა და ყველანაირად ცდილობენ, ყველა მათზე იყოს დამოკიდებული:

 

„აშშ-ს და დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ განვითარებული, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოები სამხრეთ კავკასიაში. მათ სჭირდებათ არა დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი სახელმწიფოები, არამედ ქვეყნები, რომლებიც მათზე არიან დამოკიდებული და მათ ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ. დღეს საქართველოზე ზეწოლა ხორციელდება და დაწესებული სანქციები ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. დიდ სახელმწიფოებს ასევე არ სურთ, რომ საქართველომ გააუმჯობესოს ურთიერთობა ჩინეთთან და განახორციელოს დიდი პროექტები”.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ლექტორი, ედიშერ გვენეტაძე, რომელიც ხანდახან ვლადიმერ პუტინს დედამიწის ზურგზე “ყველაზე დიდ დემოკრატად” მოიხსენიებს, მკვეთრი ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური განცხადებებით გამოირჩევა. გვენეტაძე აზერბაიჯანულ გამოცემასთან აცხადებდა, რომ ქართული ოპოზიცია მოქმედებს როგორც „მე-5 კოლონა“, რომელსაც ძალაუფლების ძალით შეცვლა სურს. მისი მტკიცებით, ოპოზიციის მიზანი იყო საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში.

 

 

„ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ბადრი ნაჭყებია აზერბაიჯანულ გამოცემასთან, Report.az-თან აცხადებდა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნების არეულობა ვერ მოახდინეს, ახლა საქართველოზე არიან ორიენტირებულნი. ნაჭყებია აცხადებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსურ დახმარებას იღებენ, სხვადასხვა გზით ცდილობენ ქართველ ხალხში დაამკვიდრონ ე.წ დასავლური ღირებულებები [იგულისხმება ლგბტ პროპაგანდა], რომლებიც უცხოა მათთვის.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, პროსახელისუფლებო ონლაინ მედიაპლატფორმის “For.ge-ს” მთავარი რედაქტორი გიორგი იაკობიშვილი “Apa.az”-თან აცხადებდა, რომ დასავლეთის საქართველოზე ზეწოლის მთავარი მიზანია,  ხელისუფლებაში მოვიდეს მათთვის სასურველი ძალა:

 

„სანქციების მთავარი მიზანი, ალბათ, ხელისუფლებაში მათთვის სასურველი პირების მოყვანა და შემდგომში მათთვის დავალებების მიცემაა. ისინი უკვე ორი წელია საქართველოსგან ითხოვენ დავალებების შესრულებას. ეს არის სექსუალური უმცირესობების შესახებ კანონის მიღება და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენ ვითხოვდით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას სსრკ-ს დროს, 80-იან წლებში. ვერც ერთი ვერ დავინახეთ დღევანდელი ოპოზიციის (წინა ხელისუფლება იგულისხმება) დროს. დასავლეთს ახლა სურს ამ ძალების საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩემი აზრით, ევროპა ჯერ საკუთარ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს.

 

ქართველი ხალხის სურვილია, ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელიც მის ნდობას მოიპოვებს. მაგრამ ევროპა დღეს მოითხოვს, რომ ავირჩიოთ ძალა, რომელიც  არ იმსახურებს ჩვენ ნდობას. ამ ძალის (ყოფილი ხელისუფლება იგულისხმება) მმართველობის დროს ბევრი კანონდარღვევა იქნა ჩადენილი და მისმა პოლიტიკამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ კარგად ვიცით, რა მოხდება ქვეყანაში.  “ქართული ოცნება“ 12 წელია სამშვიდობო პოლიტიკას ახორციელებს და ეკონომიკის გაძლიერებაზე მუშაობს. მშვიდობამ და განვითარებამ უნდა გაიმარჯვოს კავკასიაში."

 

 

 

“ხალხის ძალის” წევრი, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული თამთა მეგრელიშვილი, აზერბაიჯანულ გამოცემა “Apa.az”-თან აცხადებდა, რომ  პოლიტიკური ორგანიზაციები რომლებიც “კოლექტიური დასავლეთიდან იკვებებიან”, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მეგრელიშვილმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებს, ინტერვიუს ბოლოს განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 

 

“ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ კოლექტიური დასავლეთიდან იკვებება, ამჟამად, ჩართულია მრავალ აქტივობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, სტაბილურობასა და სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში. ამავე დროს, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის რეგიონის მომავალ განვითარებას. დღეს ჩვენ ვხედავთ დიდ ზეწოლას დასავლეთის მხრიდან. დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში დესტრუქციული ძალების ხელისუფლებაში მოსვლით, მაგრამ არჩევნების შემდეგ დასავლეთის შემდგომი ზეწოლა უგულებელყოფილია, რადგან ქართველ ხალხს აღარ სურს ვასალური პოლიტიკური ურთიერთობა, როგორც ამას ამერიკა აიძულებს და მხარს უჭერს. ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს შეუძლია  მონობის დაძლევა პოლიტიკურ ურთიერთობებში. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ჩვენთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მხოლოდ არჩეული, ღირსეული ხელმძღვანელებით შევძლებთ ქვეყანა ევროპულ ოჯახში შევიყვანოთ“.

 

 

ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით “Azertac.az”-ისა და  “Report.az” -ის მიერ აქტიურად ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური განცხადებების გავრცელება, ხოლო საერთოდ არ შუქდებოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოსაზრებები/პოზიციები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.



“Azertac.az”-ისა და  “Report.az”-ის მიერ ასევე აქტიურად შუქდებოდა “ქართული ოცნების” ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატების - ზაურ დარგალისა და სავალან მირზოევის, ასევე მმართველი პარტიის მიერ ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს დელეგატად დასახელებული, ბოლნისის მერის - დავით შერაზადაშვილის განცხადებები, რომლებიც მკვეთრი ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის შემცვლელი იყო.



მარნეულის ყოფილი მერი, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და “ქართული ოცნების” მიერ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატად წარდგენილი ზაურ დარგალი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რადიო „მარნეულში“, USAID-ის მიერ დაფინანსებულ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა და ახალგაზრდულ ცენტრებში.

 

დარგალმა, “Report.az”-თან განაცხადა, რომ “დასავლეთის აგენტად ქცეული რადიკალური ოპოზიცია” ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს. მან მმართველი გუნდის პროპაგანდისტული გზავნილები გაიმეორა და განაცხადა, რომ “ზოგიერთი ძალები” ცდილობენ საქართველოს მეშვეობით რუსეთთან მეორე  ფრონტის გახსნას, ასევე საქართველოს აიძულებენ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

 

 

 

“Azertac.az”-მა ასევე გაავრცელა კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებში რუსი ექსპერტის, ევგენი მიხაილოვის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროპაგანდისტული  გზავნილები, სადაც იგი აცხადებდა, რომ „აშშ ცდილობს საქართველოში ნებისმიერ გზით შექმნას დესტაბილიზაცია და არ მისცეს რუსეთთან დაახლოების საშუალება“. 

 

„ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელების მიერ საქართველოს პოლიტიკური არენის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა, თბილისისა და მოსკოვის დაახლოების ტენდენციას უკავშირდება. ისინი ხედავენ, როგორ შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ქვეყნის პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია რუსეთისკენ. ისინი (დასავლეთი) სანქციების დაწესებით ცდილობენ შიდაპოლიტიკური ვითარების ჩაშლას. მათ ჯერ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს. ჩემი აზრით, არჩევნები იქნება ერთგვარად მნიშვნელოვანი ბრძოლა შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სათავეში მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალების მოსაყვანად. ისინი ამას აკეთებენ  მთელი სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის და შექმნილი არასტაბილური სიტუაციის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გამოსაყენებლად“.



 

 

26 ოქტომბრის არჩევნებს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან, “Azertac.az”-თან გამოეხმაურა აზერბაიჯანის მეშვიდე მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრები: ბახრუზ მაჰარრამოვმა, ვუგარ ისკანდაროვმა, რაშიდ მაჰმუდოვმა და მუშფიგ ალასკერლი. საკანონმდებლო ორგანოს ოთხივე წევრის განცხადება ანტიდასავლური შინაარსს მოიცავდა და  ასევე მიმართული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკისკენ. 

 

ბახრუზ მაჰარრამოვი

„საიდუმლო არ არის, რომ ხავერდოვანი [ვარდების] რევოლუციის შემდეგ დასავლეთი არსებითად გაძლიერდა საქართველოში და განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით შეძლო ძალიან სერიოზული გავლენისა და კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბება ქართულ საზოგადოებაში, ასევე სახელმწიფო ორგანოებზე. ეს ფაქტორი საშუალებას აძლევს ცალკეულ დასავლურ ქვეყნებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებს - გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ შტოებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგალითად, ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის განხილვისა და მიღებისას, დასავლეთმა გამოიყენა აღნიშნული ბერკეტები. 25,000-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, რომელიც უშუალოდ დასავლეთის მიერაა დაფინანსებული, მოედნებზე მოიყარა თავი, რამაც გამოიწვია კრიტიკული სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“.



ვუგარ ისკანდაროვი:

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. ამ თვალსაზრისით, დასავლეთის ინტერესები კავკასიის რეგიონში უფრო აქტუალური ხდება. თუმცა, დასავლეთი, რომელიც თავს ყოველთვის „დემოკრატიის სახლად“ წარმოაჩენს, დაინტერესებულია თავისი მხარდამჭერების [საქართველოს] ხელისუფლებაში მოყვანით, თუნდაც არეულობების გზით. დღეს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მხარდამჭერად მიჩნეულ პარტნიორებს უფრო მეტად აინტერესებთ ქვეყნის არეულობასა და ქაოსში ჩათრევა, ვიდრე ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით მოსვლა. რა თქმა უნდა, ქაოსი ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში არ არის კარგი. საქართველოს ტერიტორიაზე მეორე უკრაინის შექმნა უარყოფითად აისახება როგორც ქართველ ხალხზე, ასევე რეგიონზე. საქართველო ჩვენი ახლო მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოა. ამავდროულად, იქ საკმაო რაოდენობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს“.



რაშიდ მაჰმუდოვი

„კოლექტიური დასავლეთი ცეცხლზე ნავთის დასხმითაა დაკავებული. განსაკუთრებით ევროკავშირი არჩევნების პერიოდში ზეწოლას აძლიერებს და თბილისს ადანაშაულებს ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევაში. ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას მრავალი პრობლემით ემუქრება, თუ არჩევნებში მისთვის სასურველი შედეგი არ იქნება მიღწეული. დასავლეთი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია ემზადება ქვეყნის რუსეთთან დასაახლოებლად. თუმცა დასავლეთის ამ შენიშვნებს სერიოზული საფუძველი არ აქვს, რადგან ოფიციალური თბილისი მხოლოდ მეზობლებთან უპრობლემო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს“.



მუშფიგ ალასკერლი

„კოლექტიურ დასავლეთს არ სურს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნებამ გაიმარჯვოს, არამედ მათი სურვილია, მათივე მფარველობაში მყოფი პოლიტიკური ფიგურების გამარჯვება. უცხოური ძალოვანი ცენტრები თავიანთი განზრახვების მისაღწევად სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ. მაგალითად, ბოლო თვეებში გააქტიურდა დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, როგორიცაა “Amnesty International”, “Freedon House”, “Human Rights Watch”. ისინი თითქმის ყოველდღიურად აკეთებენ განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ, მეზობელ ქვეყანას ადანაშაულებენ „ადამიანის უფლებების“, „გამოხატვის თავისუფლებისა“ და „პოლიტიკური უფლებების“ სავარაუდო დარღვევაში.  მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლოა. საიდუმლო არ არის, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან „დამოუკიდებლები“. მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სინქრონიზებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. ეს ორგანიზაციები გახდნენ აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკური წრეების გადაწყვეტილებების აღმსრულებლები. დღესდღეობით, სამიზნედ საქართველოს არჩევის მიზეზი ქვეყანაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ამიტომ ხდება საზოგადოების დაბნეულობა, რათა ამ არჩევნებში დააორგანიზონ დასავლეთის შუღლის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ჯგუფების გამარჯვება“.


ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური სტატიები  “Sputnik.az”-ის მიერაც ვრცელდებოდა. რუსულ გამოცემასთან აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და ექსპერტები აშშ-სა და ევროკავშირს „გლობალურ დასავლეთად“ მოიხსენიებდნენ და მათ ადანაშაულებდნენ საქართველოს საპარლამენტო არჩევებში ჩარევასა და საქართველოს ხელით რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაში (იხ,. 1, 2). 


საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აშუქებდა აზერბაიჯანული კრიტიკული მედიასაშუალებები - “Azadlıq Radiosu” (რადიო თავისუფლება), “Meydan Tv” და სხვები. ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები მაქსიმალურად იცავდნენ ობიექტურობას.  “Azadlıq Radiosu“ (რადიო თავისუფლება) ყურადღებას ამახვილებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიის უკუსვლა. გამოცემა წერდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადების შემდეგ, არსებობს ეჭვები, რომ მმართველი პარტია განახორციელებს სხვადასხვა სარჩევნო მანიპულაციას (იხ. 1, 2). 




გაშუქება სომხურ მედიაში

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 26 ოქტომბრის არჩევნები სომხეთის მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც იყო. დაკვირვების მიზნით, შესწავლილი იქნა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის - Հ1 (Հանրային հեռուստաընկերություն)/H1, როგორც კრიტიკული [“Azatutyun” (Radio Liberty), “Panorama.am”] ასევე პრორუსულად განწყობილი გამოცემებისა [“168.am”] და რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოს, “Sputnik”-ის სომხური ბიუროს (“Sputnik Armenia”) მიერ გამოქვეყნებული მასალები. 

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთის  საზოგადოებრივი მაუწყებლის - “Հ1” (Հանրային հեռուստաընկերություն)  ოფიციალურ ვებგვერდზე ბევრი ინფორმაცია არ იძებნება. მათ მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტებსა და ახალ ამბებში დაცული იყო ობიექტურობა. ერთ-ერთ სტატიაში ყურადღება გამახვილებული იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროკავშირის განცხადებებზე. ასევე, სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებებს აშუქებდა.



საქართველოში მიმდინარე პროცესები აქტიურად შუქდებოდა პრორუსულად განწყობილი გამოცემა “168.am”-ის  მიერაც. პოლიტოლოგმა ნარეკ მალიანმა, რომელიც პრორუსული განწყობებით გამოირჩევა, “168.am”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “რეგიონში მიმდინარეობს დასავლეთის აგენტურის განდევნა”: 

 

,,რეგიონიდან [სამხრეთ კავკასიიდან] დასავლეთის აგენტურული ქსელის განდევნის პროცესი მიმდინარეობს. ახლა ბევრს არ ვიტყვი. მოგვიანებით, მომავალ თვეებში მედიაში წარმოვადგენ ფაქტებს. არჩევნების შემდეგ,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოაცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს. უცხოური სააგენტოების ქსელი მთელი მათი რეზიდენტებით უკვე საქართველოშია. ლიბერალები იქ ქუჩის სისხლიან მოვლენებს გეგმავენ. ეს იქნება ბოლო ბრძოლა’’.

 

 

“168.am”-თან  ინტერვიუში კიდევ ერთი პოლიტოლოგი ჰაკობ ბადალიანი აცხადებდა, რომ “საქართველო არ არის თანახმა გადაიხადოს წევრობის საფასური, რომელიც მოსალოდნელია”. ბადალიანი ამით ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანების პროცესების შეჩერებაც ზუსტად ამ ფაქტორთანაა დაკავშირებული. 

 

“საქართველოს არ სურს იმ რისკის წინაშე აღმოჩნდეს, რომელსაც უკრაინა დაექვემდებარა. მხოლოდ უცოდინარობის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვა და უკრაინა უფრო ევროპულია, ვიდრე საქართველო, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ევროკავშირს მათი გაწევრიანების პროცესი არ შეუჩერებია”. 

 

კიდევ ერთი პოლიტოლოგი სტეფან დანიელიანი “168.am”-თან  ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ “საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს უკრაინის შეცდომების გამეორება”:

 

,,არც ქართველი ხალხი და  საქართველოს მთავრობა არ არის პრორუსული, მაგრამ მათ არ სურთ უკრაინელების მსგავსად გახდნენ ომის მონაწილეები. საქართველოში პრობლემა ასეთია: ქვეყანა ომის ზონად იქცევა. აპირებთ თუ არა ომს რუსეთთან? საქართველომ გაკვეთილი 2008 წლის ომით ისწავლა, როდესაც რუსული ტანკები თბილისის გარეუბნებში იყო გაჩერებული, დასავლეთმა კი საქართველოს დასახმარებლად არაფერი გააკეთა’’. 

 

გამოცემამ ასევე ყურადღება გაამახვილა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც იგი აცხადებდა, რომ „საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაცია სომხეთის მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია“.  

 

რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების სომხური წარმომადგენლობა - “Sputnik Armenia” საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გაშუქებას მმართველი პარტიის ქების, დასავლეთისა და საქართველოს ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის ფონზე ახორციელებდა.  

 

გამოცემა ყურადღებას ამახვილებდა პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოებაზე. გამოცემის მტკიცებით, „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კურსი [რუსეთთან მიმართებაში] არასწორი იყო“. გამოცემამ მკითხველს ასევე შეახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - სერგეი ლავროვის დამამცირებელი შეთავაზება, სადაც იგი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს -  „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ოკუპირებულ რეგიონებსა  და ოფიციალურ თბილისს შორის მოლაპარაკებებს.   



“Sputnik Armenia” ანტიდასავლურ რიტორიკას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც აგრძელებდა. 29 ოქტომბერს ზემოხსენებულმა საინფორმაციო სააგენტომ რუსული გამოცემა „კომერსანტის“ მიმომხილველის სერგეი სტროკანის კომენტარის საფუძველზე გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით - „ქართული ოცნების“ გამარჯვება დასავლეთს ყელში გაეჩხირა. რატომ ჩამოვიდა ორბანი თბილისში?” ზემოხსენებულ სტატიაში საუბარია, რომ ქვეყნები ევროინტეგრაციას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის - სუვერენიტეტის დაკარგვის ფასად ახერხებენ.

 

 

“Sputnik Armenia”-მ ასევე გაავრცელა ყოფილი პარლამენტარისა და ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პეტრე მამრაძის ინტერვიუ. მამრაძე რამდენიმე თვის წინ შეუერთდა მოძრაობას - „ერთიანი ნეიტრალურ საქართველო“,  რომელიც მკვეთრი ანტიდასავლური შეხედულებებით გამოირჩევა. მამრაძე “Sputnik”-ის სომხურ ბიუროსთან აცხადებდა, რომ „არჩევნების შედეგებმა საქართველოს მისცა იმის საშუალება, რომ თავიდან აეცილებინა ახალი კატასტროფა“. იგი ასევე იმეორებდა პროპაგანდისტულ ნარატივებს და აცხადებდა, რომ „მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს“. მისი თქმით,  საქართველომ “2023 წელსაც მოახერხა „მნიშვნელოვანი საფრთხის თავიდან აცილება”

 

„2023 წელს უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის, სიტყვებიდან ცნობილი გახდა, რომ კიევმა თხოვნით მიმართა თბილისს, გადაეცა 2008 წელს თითქოსდა გადაცემული, მაგრამ რეალურად შეძენილი „ბუკის“ საზენიტო კომპლექსები, ასევე ამერიკისგან გადაცემული „Javelin“-ის ანტისატანკო კომპლექსები, რომელთა ახლით ჩანაცვლებისთვის მზაობა ჰქონდა ვაშინგტონს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.“  



საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად და ობიექტურად აშუქებდა “Azatutyun”-ი. (რადიო თავისუფლება). გამოცემა ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობასა და მიმდინარე პროცესების სომხეთზე შესაძლო გავლენებზე.  

 

“Azatutyun”-ი (Radio Liberty) ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. გამოცემამ ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ბილბორდებზე, სადაც უკრაინაში არსებული ვითარებით ხდებოდა მანიპულაცია. აღნიშნული სტატია “Azatutyun”-მა შემდეგი სათაურით გაავრცელა: “არჩევნები საქართველოში. ხელისუფლება ომის პერსპექტივით იმუქრება, ოპოზიცია დემოკრატიაზე საუბრობს.”

 

 

გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებდა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებზე, საპროტესტო აქციებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების   წინასწარ შეფასებებზე. 

 

26 ოქტომბრის არჩევნებზე და სომხეთზე მის შესაძლო გავლენაზე აქტიურად წერდა კრიტიკული გამოცემა “Panorama.am”-იც. აღნიშნულმა გამოცემამ ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკის ექსპერტის სურენ სარკისიანის შეხედულებებზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხებოდა. 

,,საქართველოს არჩევნები განსაზღვრავს, სომხეთს ოდესმე ექნება თუ არა საზღვარი ევროკავშირთან. საქართველოს დღევანდელი არჩევნები და 5 ნოემბერს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები დიდ გავლენას მოახდენს სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე. თუ საქართველოს მმართველი პარტია ხელახლა მოიგებს არჩევნებს და ყოფილი ლიდერები დაიბრუნებენ ძალაუფლებას აშშ-ში, მთელი რეგიონი დიდ ძვრებს განიცდის. ეს ასევე დაეხმარება რუსეთს,  გაზარდოს  გავლენები სამხრეთ კავკასიაში”. 



გაშუქება თურქულ მედიაში

საქართველოში მიმდინარე პროცესები ასევე აქტუალურად შუქდებოდა თურქული მედიასაშუალებების მიერ. დაკვირვების მიზნით შეირჩა თურქეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო - "Anadolu Ajansı", ერთ-ერთი ცნობილი და მიუკერძოებელი მედიასაშუალება - "NTV Türkiye” და რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო - “Sputnik Türkiye”. 

 

თურქეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტომ - “Anadolu Ajansı“ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლე გაავრცელა, სადაც ობიექტურობა დაცული იყო.  სააგენტო აშუქებდა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციისა და პრეზიდენტის განცხადებებს. ობიექტურად შუქდებოდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. 

 

31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში წერია, რომ მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური გამოწვევები კავკასიის რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც აშკარად ჩანს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს უყურებდნენ როგორც არჩევანს, დასავლეთსა და რუსეთს შორის და ასეთ სიტუაციაში, არსებობდა ეჭვები რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევაზე. გამოცემა ასევე წერს, რომ მიმდინარე მწვავე გეო-პოლიტიკურ ვითარებაში „საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ჩარჩენილია“. 

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასევე აქტიურად აშუქებდა  თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი ტელევიზია/საინფორმაციო სააგენტო -  “NTV Türkiye”. 25 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ქვეყნის მომავალი განვითარების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული სტატიის სათაურშივე გამოცემამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის შესაძლო ჩარევაზე, ასევე საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია - “ქართული ოცნება” პრორუსულ ძალად იქნა შეფასებული. 

 

 

“NTV” ასევე აქტიურად აშუქებდა არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესებს - პრეზიდენტის, მმართველი პარტიის ლიდერების, ოპოზიციის განცხადებებსა და საპროტესტო აქციებს. 




თურქული მედიასაშუალებების მიერ ნაკლებად ვრცელდებოდა ცრუ მანიპულაციები საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, თუმცა იყო გამონაკლისებიც. ექსპერტები - სულეიმან სეიფი ოზგუნმა და ჰასან ქონიმ, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს ხშირად აკრიტიკებენ, TvNet-ის გადაცემაში  „ჭკუის ოთახი“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დასავლეთის ქვეყნებზე მანიპულაციური განცხადებები გაავრცელეს. 



სულეიმან სეიფი ოზგუნი აცხადებდა, რომ დასავლეთის მიზანია შავი ზღვა რუსეთისთვის მთლიანად ჩაკეტონ და ამისთვის მათ საქართველო სჭირდებათ.

 

“ეს საკითხი უკრაინით არ მთავრდება, მათ ასევე სურთ, რომ საქართველოც ამ ომში ჩაერთონ. რუსეთი უკრაინაში არ ჩერდება და ჩათვალეს, რომ საჭიროა მეორე ფრონტის გახსნა. აშშ აგრძელებს 2008 წელს გამოთქმულ პოლიტიკურ კურსს, როდესაც აცხადებდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და მერე თქვა, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და ნატოს წევრიც უნდა გახდეს. ისევ ხდება ამ პოლიტიკის წახალისება”.

 

 

 

ს. ოზგუნმა, თავის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, თუმცა ასევე განაცხადა, რომ თვეების წინ, დამტკიცებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით მმართველ პარტიას აქვს “დამაჯერებელი არგუმენტები”, რადგან მსგავსი კანონები თავის დროზე აშშ-იც მიიღეს. ამ დროს გადაცემის მეორე სტუმარმა, ავნი ოზგურელმა განაცხადა, რომ “საქართველოში არ დარჩენილა არცერთი ადამიანი, რომელსაც არ აუღია დასავლური ფული”. 

 

გადაცემის სტუმრების მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ერთ-ერთი წამყვანი პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოს - Yeni Şafak-ის მიერაც იქნა გავრცელებული.



საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე დიდ ყურადღებას ამახვილებდა რუსეთის პროპაგანდისტული მედიის -  “Sputnik”-ის თურქული ბიურო (“Sputnik Türkiye”). აღნიშნული სააგენტო საქართველოში მიმდინარე პროცესებს ცალსახად რუსეთის გადმოსახედიდან აშუქებდა. “Sputnik Türkiye” „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებს აქტიურად აშუქებდა.



“Sputnik Türkiye“-ს სტატია “დასავლეთი საქართველოში რევოლუციას გეგმავს?“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის საგარეო დაზვერვის პროპოაგანდისტულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „დასავლეთს სურს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა“.

 

 

 

 

გამოცემა ასევე ციტირებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც 2020-წლის არჩევნების დროს პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ს ადანაშაულებდა.  




დასკვნა:

 

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მეზობელ ქვეყნებზეც დიდი გავლენას ახდენს. შესაბამისად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში აქტიურად შუქდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნები. 

 

არჩევნების გაშუქებისას აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო (მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი) მედიის შემთხვევაში აქტიურად ჩანდა ანტიდასავლური რიტორიკა, ხოლო კრიტიკული მედია მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად აშუქებდა. სომხეთის შემთხვევაში პროსახელისუფლებო და კრიტიკული მედია საქართველოში მიმდინარე პროცესებს ობიექტურად აშუქებდა და ყურადღებას ამახვილებდა სომხეთის ევროპულ ინტეგრაციაზე, ხოლო პრორუსულ მედიაში აქტიურად მიმდინარეობდა დასავლეთის დისკრედიტაცია. რაც შეეხება თურქულ მედიას,  აზერბაიჯანულ და სომხურ მედიასაშუალებებთან შედარებით, უფრო ნაკლებად შუქდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. თურქეთის პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები პროცესებს მეტწილად ობიექტურად აშუქებდა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო - “Sputnik” ანტიდასავლურ და ანტიოპოზიციურ ნარატივებს ავრცელებდა.

 

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024