ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 სექტემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს - 28 სექტემბერს მსოფლიო 2002 წლიდან აღნიშნავს. 2015 წლის 25 სექტემბერს კი გაეროს სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა ახალი მდგრადი განვითარების მიზნები დაისახეს, რომლებიც 2030 წლისთვის უნდა შესრულდეს. პირველად, მაღალი რანგის საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, 193 წევრ ქვეყანას დაეკისრა საჯარო ინფორმაციის ღიაობის უზრუნველყოფის ვალდებულება.  


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში საჯარო ინფორმაციის ღიაობის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე 2009 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებს პროექტს „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის განვითარებაში, ქვეყანაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციების და პრობლემების დადგენაში, საჯარო დაწესებულებათა საზოგადოებრივი კონტროლის გზით შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაცვის ვალდებულების დამკვიდრებაში და საქართველოში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში.


პროექტის ფარგლებში IDFI-ს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი აქვს 30 000 -მდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. პროექტის სტატისტიკა მნიშვნელოვან სურათს გვიხატავს საქართველოში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. IDFI-ის სტატისტიკური მონაცემები 2013 წლიდან ასახვას ჰპოვებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში.

 

 

 

 

IDFI–ს სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება, სწორედ ხელისუფლების ამ შტოში შეიმჩნევა. 2014-2015 წლებში, მოსამართლეთა მიერ დაკმაყოფილდა IDFI-ის ისეთი საჩივრები, რომლებზეც გასულ წლებში სასამართლო იღებდა აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილებებს. ეს ფაქტი, ერთმნიშვნელოვნად დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს და წარმოადგენს დასტურს იმისა, რომ სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც დავებზე გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ გამოდიოდა, იცვლება ობიექტურობისა და გამჭვირვალობის სასარგებლოდ. აღნიშნულზე ცალსახად მეტყველებს IDFI–ს სასამართლო პრაქტიკის სტატისტიკური მონაცემები.


2013 წლის შემდგომ IDFI-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილი სასამართლო დავები

IDFI vs თბილისის საქალაქო სასამართლო
IDFI vs ფინანსთა სამინისტრო
IDFI vs შინაგან საქმეთა სამინისტრო
IDFI vs სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებები პრეცედენტული მნიშვნელობის მატარებელნი არიან. მოცემულ საქმეებზე სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა იმ ინფორმაცის საჯაროობის საკითხი, რომელსაც IDFI წლების განმავლობაში ითხოვს საჯარო დაწესებულებებისგან. ამ პროცესში IDFI-ს არაერთხელ შექმნია პრობლემა საჯარო დაწესებულებების მიერ კანონმდებლობის განზრახ არასწორი განმარტებისა და თავისი არსით ღია საჯარო ინფომრაციის გაცემაზე უარის თქმის სახით.


ინფორმაციის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს OGP-ს ფარგლებში საჯარო დაწესებულებების მიერ აღებული ვალდებულება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების თვალსაზრისით. 2013 წლის 1 სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებს სავალდებულოდ განესაზღვრათ შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ინფორმაციის საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება. IDFI აქტიურად უწევს მონიტორინგს აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას. 2014 წელს აღნიშნული ვალდებულების აღებიდან ერთი წლის თავზე ინსტიტუტის მიერ მონიტორინგი ჩაუტარდა 133 საჯარო დაწესებულებას, რამაც აჩვენა რომ აღნიშნული დაწესებულებების 74%-ს საკუთარ ვებ-გვერდზე შექმნილი ქონდა საჯარო ინფორმაციის განყოფილება და გარკვეული ინფორმაცია განთავსებული. IDFI-ის მიერ შემუშავდა რეკომენდაციათა პაკეტი რაც მნიშვნელოვნად ეხმარება საჯარო დაწესებულებებს მაქსიმალურად მაღალი პროაქტიული გამჭვირვალობის სტანდარტის დამკვიდრებაში.

 

2014 წლის განმავლობაში „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ, IDFI–ს ექსპერტთა ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით.



იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება და ამ პროცესში ხელისუფლების მიერ სრულად იქნება გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და შეხედულებები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024