საჯარო მმართველობის რეფორმის სამთავრობო და ალტერნატიული მონიტორინგის მიგნებები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 25 აგვისტო 2021

საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ 2021 წლის 20 ივლისს წარმოადგინა საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში (2020) და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში PAR გზამკვლევის განხორციელების შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), როგორც სამოქმედო გეგმის ალტერნატიული მონიტორინგის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ, შეისწავლა საბჭოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოავლინა. 

 

დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო შედარებით კრიტიკულად მიუდგა ამოცანების შესრულების შეფასებას და ყველა შემთხვევაში არ გაიზიარა პასუხისმგებელი უწყების პოზიცია ამოცანების შედეგების შესახებ. IDFI-ს მიერ შესწავლილი ოთხი მიმართულებით სამდივნომ ამოცანების ინდიკატორების თითქმის ნახევრის (≈44%) შემთხვევაში შეცვალა ინდიკატორის შესრულების სტატუსი და რვა მათგანთან მიმართებით, პასუხისმგებელი უწყებისგან განსხვავებით, პროგრესი არ დააფიქსირა. მსგავსი მიდგომა ფიქსირდება აქტივობების ინდიკატორებთან მიმართებითაც, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში სამდივნოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების კომენტარები გათვალისწინებული არ არის.

 

წლიური მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში სამდივნო მიუთითებს, რომ ამოცანის შედეგის ინდიკატორების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებები, ძირითად შემთხვევაში, პანდემიის შედეგად გადაიდო, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. ალტერნატიული მონიტორინგის ფარგლებში IDFI მიუთითებდა პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან პანდემიის, როგორც შემაფერხებელი გარემოების შაბლონური გამოყენების თაობაზე ისე, რომ კონკრეტულად არ ხდებოდა მითითება პანდემიით გამოწვეულმა რომელმა კონკრეტულმა ფაქტორმა და როგორ განაპირობა ამა თუ იმ ვალდებულების შეუსრულებლობა. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები არც სამდივნოს ანგარიშშია დაკონკრეტებული და მხოლოდ ზოგადად არის აღნიშნული, რომ ადამიანური/ფინანსური რესურსების მობილიზება კრიზისის მენეჯმენტთან დაკავშირებულ სამუშაოზე გახდა საჭირო და ამასთან, პანდემიამ შეცვალა საჯარო ადმინისტრაციის სამუშაო რეჟიმი და გამოიწვია კოორდინაციის არსებული სისტემების გადაფასება. 

 

პანდემიასთან ერთად სამდივნო ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ფინანსური რესურსების ნაკლებობასაც გამოყოფს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის მიხედვით ძირითადად დამოკიდებული იყო დონორულ დახმარებაზე (გათვალისწინებული იყო დონორული დახმარება 2,205,841 ლარის ოდენობით; სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 11,400 ლარი), რომლის ათვისება სრულად არ მომხდარა და ანგარიში არ აკონკრეტებს, რატომ ვერ იქნა ათვისებული აღნიშნული თანხები (გარდა პანდემიასთან დაკავშირებული ზოგადი ჩანაწერისა). საერთო ჯამში სამოქმედო გეგმის დასასრულს გამოყოფილი დონორული დახმარების დაახლოებით 30% ასათვისებელი დარჩა. 

 

საინტერესოა, რომ პოლიტიკის დაგეგმვისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებულზე მეტი თანხა დაიხარჯა, თუმცა, იმ ამოცანათა წილი, რომლებიც არ არის შესრულებული (ან სრულად არ არის შესრულებული) საკმაოდ მაღალია და სამდივნოს ანგარიშის თანახმად შესაბამისად 50%-ს და 80%-ს შეადგენს (ალტერნატიული მონიტორინგის მიხედვით პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით არცერთი ამოცანა არაა სრულდ შესრულებული: ოთხიდან ერთი ამოცანა მეტწილად შესრულებულია, სამი კი - შეუსრულებელი, ასევე არცერთი ამოცანა არ არის სრულად შესრულებული ანგარიშვალდებულების მიმართულებით: ხუთი ამოცანიდან სამი ნაწილობრივ შესრულებულია, ორი კი - შეუსრულებელი). საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯი იყო გათვალისწინებული და საბჭოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ამ მიმართულებით შეუსრულებელი ამოცანა არ ფიქსირდება (ალტერნატიული მონიტორინგის მიხედვით სამიდან ორი ამოცანა მეტწილად შესრულდა, ერთის შემოწმება კი ვერ მოხერხდა). რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების მიწოდებას, ამ მიმართულებით გათვალისწინებული დონორული დახმარების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, შეუსრულებელ ამოცანათა წილმა კი საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის მიხედვით 71,2% შეადგინა (ალტერნატიული მონიტორინგის მიხედვით შვიდი ამოცანიდან მხოლოდ ერთია სრულად შესრულებული, ერთი - მეტწილად, სამი - ნაწილობრივ, ორი ამოცანა კი შეუსრულებელია). 

 

მისასალმებელია, რომ PAR-ის 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის ანგარიშის ფარგლებში სამდივნოს მიერ ყურადღება გამახვილებულია იმ არაერთ გამოწვევაზე, რომლებზეც IDFI და საია ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშების ფარგლებში აღნიშნავდნენ. კერძოდ:

 

- აქტივობის შესასრულებლად საჭირო სამუშაოს მოცულობის არასათანადოდ შეფასება და შესაბამისად, განხორციელების ვადების არასწორად განსაზღვრა და ვადებში ჩამორჩენა;

 

- ამოცანის შედეგის ინდიკატორებთან მიმართებით შუალედური სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრის აუცილებლობა;

 

- აქტივობათა დუბლირება;

 

- პირდაპირი კავშირის არარსებობა აქტივობების შესრულების სტატუსსა და ამოცანის შედეგს შორის, რაც იწვევს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შესაძლოა აქტივობები სრულად შესრულდეს, მაგრამ ეს არ (ან ნაკლებად) განაპირობებდეს საბოლოო შედეგის მიღწევას. 

 

ალტერნატიული მონიტორინგის ფარგლებში IDFI-სა და საია-ს მიერ გამოკვეთილ გამოწვევებზე აღინიშნა ასევე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ PAR-ის გზამკვლევი 2020-ის განხორციელების შესახებ ანგარიშში. კერძოდ, როგორც ანგარიშშია მითითებული:

 

- გზამკვლევში იდენტიფიცირებულია საქართველოს საჯარო მმართველობაში არსებული ძირითადი გამოწვევები, თუმცა ყველა შემთხვევაში არ იყო ნათელი, განსაზღვრული ამოცანა როგორ შეუწყობდა ხელს პრობლემის გადაჭრას. ამასთან, ამოცანის ქვეშ გათვალისწინებული ინდიკატორები არ იყო საკმარისი და ვერ უზრუნველყოფდა მიღწეული პროგრესის სათანადოდ გაზომვას;

 

- გზამკვლევი არ ითვალისწინებდა განახლების ფორმალურ პროცედურებს. მიუხედავად იმისა, რომ გზამკვლევის შესაბამისად საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის დამტკიცება ორ წელიწადში ერთხელ ხორციელდება, აღნიშნულს არ აქვს ერთიანი და ფორმალიზებული სტრუქტურა. ამასთან, ახალი სამოქმედო გეგმის დამტკიცება არ ითვალისწინებდა ამოცანების განახლებას ან/და ადაპტირებას, რის გამოც, რიგ შემთხვევებში სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობებსა და ამოცანებს შორის კავშირი მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული.

 

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ IDFI-მ და საია-მ ალტერნატიული მონიტორინგის ფარგლებში გასცეს რეკომენდაციები, რომელთა ნაწილს იმეორებს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული PAR გზამკვლევის განხორციელების შესახებ ანგარიშიც. IDFI-სა და საია-ს მსგავსად ექსპერტი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია:

 

- მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა PAR-ის სამომავლო მიზნებისთვის;

 

- ამოცანების რეალურად მისაღწევად არსებული რესურსების გათვალისწინება და ვადების სწორად განსაზღვრა;

 

- სამომავლო სტრატეგიული დოკუმენტებით გავლენის ინდიკატორების და შუალედური მაჩვენებლების განსაზღვრა;

 

- ინდიკატორების სინქრონიზება OECD/SIGMA-ს სტანდარტებთან; და სხვა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი მიმართულებით დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების დროულად მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია, კონკრეტული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პერიოდის დასაწყისისთვის ის უკვე შემუშავებული და გამოქვეყნებული იყოს. PAR სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, „რეფორმის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სტრატეგიის დოკუმენტსა და შესაბამის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დასრულება 2021 წლის მეორე კვარტალში იგეგმება.“, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში საჯარო მმართველობის რეფორმის 2021 – 2022 წლების სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ მომზადებულა. აღნიშნული პოლიტიკის შემუშავების პროცესის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს, რაზეც IDFI-მ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024