IDFI ეხმიანება ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების მიმდინარე პროცესს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 8 თებერვალი 2024

2023 წლის 20 ნოემბერს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომ „კომუნიკაციების კომისია”) საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის მიზნით გამოაქვეყნა ცნობა კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. საკითხის ზეპირი მოსმენა ჩანიშნულია 2024 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეეხება კომუნიკაციების კომისიის მიერ  ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის (შემდგომ - „მეთოდოლოგია”) დამტკიცებას. 

 

ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სიღრმისეული კვლევა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის ან/და პირთა ჯგუფის ([Single/Joint] SMP) იდენტიფიცირება და სათანადო ex ante (წინასწარი) რეგულირების გამოყენება არის ევროკავშირის რეგულირების ნაწილი და მისი იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ იმპლემენტაციის პროცესი არ იყოს ქაოტური და იგი განხორციელდეს ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად, იმგვარად რომ არ დაზიანდეს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარი და ევროკავშირის სამართალთან ჰარმოიზაციის პროცესი. 

 

ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის კვლევასა და SMP-ების იდენტიფიცირება წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით (ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის”, 2014, მუხლი 105)  გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამავე შეთანხმების დანართი XV-B თანახმად, ეს ვალდებულება საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირის ე.წ. ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების ჩარჩო დირექტივის 2002/21/EC შესაბამისად. 

 

2018 წლის 11 დეკემბერს, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული კოდექსის მიღებით (DIRECTIVE (EU) 2018/1972),  ევროკავშირმა განაახლა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების ჩარჩო. 2020 წლის 21 დეკემბრიდან კი, ევროკავშირში ძალადაკარგულად გამოცხადდა ის დირექტივა, რომლის აღსრულებაც საქართველოს ასოცირების შეთანხმებით მოეთხოვება (იხ.   DIRECTIVE (EU) 2018/1972, მუხლი 125). 

 

წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების იდენტიფიცირება ისევე, როგორც მათი იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის შემუშავება არის საკითხი, რომელიც წესრიგდება ასოცირების შეთანხმებით, ეს შეთანხმება კი შესაბამისობაშია მოსაყვანი უახლეს ევროპულ დირექტივასთან. მეტიც, ევროკავშირის უახლესი დირექტივიდან გამომდინარე, საჭირო იქნება საქართველოს საკანონმდებლო ბაზის განახლება და დახვეწა. მაგალითად, ევროკავშირის დირექტივის “გაიდლაინის” 3 ნაწილთან (პარ.52) შესაბამისობაში იქნება მოსაყვანი, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ⁶ პუნქტით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის დეფინიცია, ისევე როგორც ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების განსაზღვრის ძირითადი  საკანონმდებლო (პროცენტული) კრიტერიუმი (“გაიდლაინი” პარ. 55). 

 

ამ ფონზე, კომუნიკაციების კომისია გეგმავს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის ფარგლებში გადაწყვიტოს და მოაწესრიგოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხი, განსაზღვროს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები, რაც შექმნის ამ პირებზე წინასწარი  რეგულირების (მათ შორის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების და ვალდებულებების) დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.  

 

ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაცია უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად, როგორც ეროვნული სამართლებრივი სისტემის მოთხოვნების, ისე ევროპული დირექტივების შინაარსობრივი მოთხოვნების სრული დაცვით. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონსა და ასოცირების შეთანხმებაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და უზრუნველყოფილ იქნეს ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობა ცენტრალურ დონეზე. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის კანონქვემდებარე აქტი გამოიცემა კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად, იმ პირობებში როდესაც კანონია შესაბამისობაში მოსაყვანი ევროპულ დირექტივებთან კომუნიკაციების კომისია იღებს უკანონო ან/და ევროკავშირის დირექტივებთან შეუსაბამო რეგულირების მიღების რისკს. მეთოდოლოგიის არსებული სამუშაო ვერსია უნდა გადაიხედოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის დირექტივებთან თანხვედრის უზრუნველყოფის შემდგომ და მეთოდოლოგიამ სრულფასოვნად უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის უახლესი დირექტივის მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნები, რომელთა გათვალისწინება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, ევროკავშირის დირექტივასთან “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შეუთავსებლობის გამო. აღნიშნულის გარეშე, მეთოდოლოგიის დამტკიცებამ მნიშვნელოვანი ზიანი შეძლება მიაყენოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას, რომლის უზრუნველყოფა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ევროკავშირის არსებული რეგულირების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანამდე, კომუნიკაციების კომისიამ არ უნდა დაამტკიცოს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია. 






სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024