2020 წლის 27 სექტემბრის დილიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. მიმდინარე მოვლენებს კი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან როგორც კონფლიქტით უშუალოდ დაინტერესებული რუსეთი და თურქეთი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს ოფიციალური პოზიცია, დღიდან კონფლიქტის დაწყებისა, უცვლელია - ქვეყანა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, რომელსაც შექმნილ ვითარებაში ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საქართველოს, როგორც ნეიტრალური მხარის ტერიტორიაც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, დღიდან სამხედრო შეტაკებების განახლებისა საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის, როგორც სომხურ, ასევე აზერბაიჯანულ მედიაში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოს პოზიციის შესახებ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.
28 სექტემბერს, ჯავახეთში, კერძოდ - ნინოწმინდაში, მოსახლეობამ სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი შეაგროვა ყარაბაღში გასაგზავნად, თუმცა საქართველო-სომხეთის საზრღვარზე აღნიშნული პროდუქტებით დატვირთული სატვირთო მანქანები არ გაატარეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დემონსტრაცია მოჰყვა. მოგვიანებით, ქართველმა მესაზღვრეებმა საკვები და სამედიცინო პროდუქტებით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა გადაატარეს საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ოთხ სატვირთოს კი, სადაც სათადარიგო საბურავები იყო მოთავსებული, უთხრეს, რომ შესაბამისი ნებართვა აღების შემდეგ შეძლებდნენ საზღვრის გადაკვეთას. ამის შემდეგ, მოსახლეობა დაიშალა და გზა გახსნილი იყო, თუმცა 29 სექტემბრიდან სომხურენოვან მედიასა და სოციალურ ქსელებში დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში მომხდართან დაკავშირებით.
29 სექტემბრიდან, Facebook-ზე გაჩნდა სომხურ, რუსულ და ქართულენოვანი პოსტები, რომლებშიც საქართველო დადანაშაულებული იყო იმაში, რომ თითქოს იგი საშუალებას აძლევდა თურქეთსა და აზერბაიჯანს, რომ თურქული იარაღი საქართველოს გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაეტანათ.
წყარო: Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი. 29 სექტემბერი 2020
წყარო: ამონარიდი Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტიდან. 29 სექტემბერი 2020
სოციალურ ქსელებში ამგვარი ინფორმაციის გაჩენის შემდეგ კი ჯავახეთში კვლავ დაიძაბა სიტუაცია. 29 სექტემბერს, დღის ბოლოს, სოფელ კარწახთან, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, ადგილობრივმა მოსახლეობამ თურქეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი დროის გარკვეულ მონაკვეთში თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მომავალ ავტომანქანებს არ ატარებდნენ. როგორც ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყებოდა, ადგილობრივები პროტესტს გამოხატავდნენ იმ ფაქტის მიმართ, რომ საქართველო მათ არ აძლევდა საშუალებას დახმარებოდნენ სომეხ ჯარისკაცებსა და დაზარალებულებს მაშინ, როცა აზერბაიჯანელებს მარტივად უხსნიდა გზას. აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების თქმით, მათ სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყვეს, რომ საქართველომ აზერბაიჯანს გაუხსნა გზა. მაგალითად, „სამხრეთის კარიბჭე“ ციტირებს ერთ-ერთ დემონსტრანტს: „ფეისბუკზე წავიკითხეთ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მარტივად გაუხსნა გზა, ჩვენ კი გუშინ ძლივს შევძელით სურსათის გაგზავნა. გვაინტერესებს, რატომ არ გვაძლევს საქართველო უფლებას, სომეხ სამხედროებს დავეხმაროთ“. ასევე, „ალიქ მედია“ იუწყებოდა, რომ მათ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა უთხრა, გზის გადაკეტვა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ თურქეთიდან საქართველოს გავლით აზერბაიჯანში იარაღი იზგავნება. ერთ-ერთი დემონსტრანტის მიერ ნათქვამ ფრაზას - „ჩვენი მიზანია არ დავუშვათ იარაღის და აღჭურვილობის გადატანა თურქეთიდან აზერბაიჯანში“ ციტირებდა ახალქალაქის ტელევიზია „ატვ 12“ და მალევე იმავე შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა სომხურ მედიაშიც.[1]
უკვე 30 სექტემბერს კი სომეხმა პოლიტიკოსმა, „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელმა, კარენ ოჰანჯანიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა იმავე შინაარსის დეზინფორმაცია, რომ თითქოს საქართველო თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთს ატარებს და განაცხადა, რომ ჯავახეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს. ოჰანჯანიანის განცხადება ნათელი მაგალითია იმის, თუ რა მასშტაბებს აღწევს საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია სომხურ საინფორმაციო სივრცეში. ამას ნეგატიური გავლენა აქვს არა მარტო რიგით მოქალაქეებზე, არამედ ოფიციალურ პირებზეც, რაც კიდევ უფრო აღვივებს დაძაბულობას. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ოჰანჯანიანმა შეარბილა მისივე ნათქვამი და გამოხატა მისი პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, სოციალურ მედიაში კვლავ აქტიურად ტრიალებს მისი პირველი განცხადება, რაზეც მწვავედ რეაგირებენ როგორც ქართველები, ასევე სომხები.
ამის პარალელურად, აზერბაიჯანულ მედიაში გაჩნდა ახალი დეზინფორმაცია, რომ თითქოს ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად თბილისში ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. აღნიშული დეზინფორმაცია პირველად აზერბაიჯანულმა საიტმა Oxu.az-მა გამოაქვეყნა, შემდეგ კი ის აიტაცეს როგორც აზერბაიჯანულმა, ასევე სომხურმა გამოცემებმა და ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში.
წყარო: Oxu.az
წყარო: ru.baku.ws
სინამდვილეში, ცხადია, ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემდეგ, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში არ განათებულა. ასეთი ფაქტი ბოლოს 2020 წლის 28 მაისს დაფიქსირდა, როდესაც აზერბაიჯანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღეს ზეიმობს. Oxu.az-ის მიერ გავრცელებული ფოტოც სწორედ ამ დღეს განათებულ ანძასა და მშვიდობის ხიდს ასახავს.
რაც შეეხება იმ ქართულ გამოცემებს, რომლებიც უკვე წლებია გამოირჩევიან ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებით[2], ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების განახლების შემდეგაც მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძირითადად ფოკუსირებულია აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით ანტიდასავლური და ანტითურქული მესიჯების გაჟღერებაზე.
მაგალითად, NewsFront აქტიურად აქვეყნებს, სტატიებსა და ციტატებს, რომლებშიც ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციაში დასავლეთია დადანაშაულებული. ასეთი იყო NewsFront-ის მიერ გამოქვეყნებული მწერალ გოგა ლორთქიფანიძის Facebook პოსტი: „მთელი პასუხისმგებლობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმდინარე და უაღრესად სახიფათო ფაზაზე (ისევე, როგორც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ, რუსულ-ქართულ, რუსულ-უკრაინულ და ბევრ სხვა ანალოგიურ კონფლიქტზე) ეკისრება საბჭოთა კავშირის დამაქცევრებს, მიუხედავად მათი ეროვნული თუ პარტიული კუთვნილებისა. სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია, რომ სსრკ-ის მკვლელებიდან ისინი თანდათანობით ადამიანების მკვლელებად გადაიქცნენ“. ასევე, NewsFront-მა გამოაქვეყნა რევაზ კილასონიას სტატია, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის და არა რუსეთის ინტერესებშია.
ასევე, ქართულ სოციალურ მედიაში ხელახლა გავრცელდა 2018 წლის 5 მაისით დათარიღებული ინფორმაცია, რომ თითქოს სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა და ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონსა და აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და თქვა: „ბაგრამიანის ბატალიონის მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ იყო სომხების საბედისწერო შეცდომა, რამაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები”. ნეტგაზეთთან საუბარში 2018 წელსვე, ფაშინიანის ოფისში დეზინფორმაცია უწოდეს ფაქტს, რომ თითქოს სომხეთის პრემიერმინისტრმა ამგვარი განცხადება გააკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია 2020 წლის 29 სექტემბერს კვლავ გააზიარეს Facebook გვერდებმა თანამოაზრეთა გაერთიანება - საქართველო და დედაქალაქი.
„მითების დეტექტორის“ დაკვირვებით, ფეისბუკ გვერდებთან ერთად, ინფორმაციის გავრცელების პლატფორმად გამოყენებული იყო ღია ფეისბუკ ჯგუფებიც, მათ შორის: ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in, მილე-New-მი, გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად!, საქართველო, თავისუფალი კავკასია/free caucasus, ომის ვეტერანები, საზღვრებს მიღმა, ,,აფხაზთა კრება", ძალა ერთობაშია, LIVE GEORGIA.
სომხურ და აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციის ახალი ნაკადი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით უკიდურესად საყურადღებოა, ვინაიდან მსგავსი სახის დეზინფორმაციამ შესაძლოა გააღვივოს შუღლი საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ მოსახლეობას შორის. ასევე, ამან შესაძლოა გარკვეულწლად ნეგატიური გავლენა იქონიოს საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან მაშინ, როცა საქართველოს ნეიტრალური პოზიცია აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
მართალია, 4 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება საქართველოს გავლით ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, მაგრამ აღნიშნული ოფიციალური განცხადება ვერ იქნება საკმარისი გავრცელებულ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად. მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ დეზინფორმაცია 29 სექტემბრიდან მოყოლებული ტრიალებს სოციალურ მედიაში, შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებული ნაბიჯიც კი იყო ხელისუფლების მხრიდან. ეს პრობლემა საჭიროებს პროაქტიულ მიდგომას და აქტიურ კომუნიკაციას, როგორც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან, ასევე - საერთაშორისო პარტნიორებთან. არსებული დაძაბულობისა და აქტიური საინფორმაციო ომის პირობებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაააქტიუროს კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და უზრუნველყოს მათი დროული და ამომწურავი ინფორმირება, როგორც რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან, ასევე საქართველოს ოფიციალურ პოზიციასთან და ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
____
[1]იხ. მაგალითად: https://armenpress.am/rus/news/1029534/; https://www.lragir.am/ru/2020/09/30/184889/; https://a1plus.am/ru/article/380450; https://www.7or.am/ru/news/view/197806/
[2]იხილეთ: https://idfi.ge/ge/russian-influence-of-georgian-ngos-and-media; http://www.mdfgeorgia.ge/eng/view_research/169
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.
რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?
18.10.2024