განკარგულება “ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ”

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 19 ივლისი 2013

 

 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა ოფიციალური განკარგულება “ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ”. განკარგულებაში გათვალისწინებულია IDFI-ის კოორდინირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც 5 თებერვალს გაეგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრს.

 

განკარგულება მოიცავს ექვს პუნქტს, რომლებშიც წარმოდგენილია რიგი ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელების ვალდებულება აქვთ სამთავრობო დაწესებულებებს. მათგან უმეტესობის განხორციელების საბოლოო ვადა 2013 წლის 1 სექტემბერია.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს დაევალება 2013 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშავოს პროექტები და წინადადებები “ღია მმართველობის პარტნიორობის” ეროვნული სამოქმედო გეგმის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. კერძოდ, უნდა განახლდეს თვითონ სამოქმედო გეგმა, შემუშავდეს პროექტი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესახებ, და სამინისტრომ უნდა ჩამოაყალიბოს მოსაზრებები და წინადადებები ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, მოქალაქეთა გადაწყვეტილებების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ.

 

ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 1 სექტემბრამდე ევალება საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების შესახებ წინადადებების შემუშავება, ხოლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შეიმუშავოს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული თანამდებობათა პირების განვრცობილი ნუსხის პროექტი და მოსაზრებები დეკლარაციების მონიტორინგის უზრუნველყოფის შესახებ.

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ევალება შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება 2013 წლის 1 სექტემბრამდე.

 

ამ განკარგულების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარედგინება ერთიანი ანგარიში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. შესაბამისად, უწყებებს ევალებათ განკარგულების შესრულების შესახებ ანგარიშების საბჭოსთვის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ განკარგულება ხაზს უსვამს სამთავრობო უწყებების ვალდებულებას რომ ყველა წინადადება, მოსაზრება და პროექტი შეიმუშაოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024