Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული საეჭვო შესყიდვები

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 1 თებერვალი 2021

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ინფექციასთან ბრძოლისათვის განხორციელებული საჯარო შესყიდვების 3 კვლევა გამოაქვეყნა. თითოეული მათგანი მოიცავდა სისტემური თუ კონკრეტული პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრისათვის საჭირო რეკომენდაციებს. კვლევების თემატური დაყოფიდან გამომდინარე, მათში ვერ მოხვდა საეჭვო გარემოებების შემცველი ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვები, რომელთაც აღნიშნულ კვლევაში წარმოგიდგენთ.

 

პანდემიის დროს გარემონტებული სკოლებისა და ბაღების სველი წერტილები

 

2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით,  41-მა მუნიციპალიტეტმა 241 სკოლისათვის და 16-მა მუნიციპალიტეტმა 133 ბაღისთვის გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებული მასალა და მომსახურება. გადაუდებელი აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში დასაბუთდა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით.

 

ამ მიზნობრიობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების რაოდენობა 235-ია, ჯამური ღირებულება კი 11,662,116.91 ლარია. აქედან 9,655,346.44 სკოლების, ხოლო დანარჩენი კი ბაღების სველი წერტილების ხელშეკრულებებისთვის იყო გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა, 1,120,452.03 ლარი, სკოლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოიყენა.

 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 09 იანვრის განკარგულებით, 57 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იყო მიზნობრივი ტრანსფერი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, თუმცა COVID-19-ის გავრცელებამ პრიორიტეტები შეცვალა და მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაციები საჯარო სკოლებთან დაკავშირებით განეხორციელებინათ მხოლოდ სანიტარული კვანძების რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 ივნისის N947 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს უფლება მიენიჭა სველი წერტილების საპროექტო-სახრაჯთაღრიცხვო მომსახურება გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისს N973 განკარგულებით კი გაუქმდა მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ლიმიტები და მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცა ფაქტობრივი საჭიროების შესაბამისად შეეძინათ სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროდუქტი თუ მომსახურება.  

 

გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზად სახელდება პანდემიის პირობებში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის პრიორიტეტულობა. აღნიშნული საკითხი და შესყიდვების მასიურობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ პანდემიის დადგომამდე ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სკოლებში საკმარისად არ იყო დაცული და პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული. კრიზისმა აჩვენა, რომ სკოლებისა და ბაღების დიდი რიცხვი არ იყო მომზადებული გამოწვევისთვის და წინა სასწავლო წელს ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას უწევდა ისეთ სკოლასა თუ ბაღში სწავლა, სადაც სველი წერტილები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს. 

 

ამასთან, მნიშვნელოვანია რამდენად კეთილსინდისიერად მოხდა აღნიშნული თანხების გამარტივებული ხელშეკრულებებით გადანაწილება.

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესყიდვები

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ ბაღებისა და სკოლების სველი წერტილების გარემონტების შესყიდვებიდან 3 ხელშეკრულება გაუფორმდა ოდერი არქანიას, რომელმაც ჯამში 67,000 ლარამდე მიიღო. ოდერი არქანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა არქანიას მამაა. ის 2013 წლიდან იღებდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

 

შპს მშენჯგუფი 777-ს გაუფორმდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2 ხელშეკრულება, 41,000 ლარამდე ჯამური ღირებულებით. კომპანია 2020 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა, აღნიშნული ხელშეკრულებები კი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პირველ ოქტომბერს არის ატვირთული. ამავე კომპანიამ 2020 წლის ნოემბერში გაიმარჯვა 16,000 ლარზე მეტი ღირებულების უკონკურენტო ტენდერში, ისე რომ შემსყიდველის მიერ დაწესებული სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი შელიაა. ის ინდივიდუალურ მეწარმედაცაა დარეგისტრირებული და 2014-2015 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებსაც იღებდა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მომსახურებაზე. შელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორია შპს “შე-ლიში”, რაც ასევე მითითებულია ღვინჯილიას დეკლარაციაში. აღნიშნულ კომპანიას 2012 წელს ერთი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, მას შემდეგ ელექტრონულ სისტემაში არ ფიქსირდება.

 

23,000 ლარამდე ღირებულების ორი ხელშეკრულება გაუფორმდა გიგა ფიფიას, რომელიც ამავდროულად ფიქსირდება ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშ ბრუნვის 13.10-31.10.2020 პერიოდის დეკლარაციაში. მას ანაზღაურების სახით 510 ლარი გადაეცა, თუმცა რა მომსახურებას უწევდა ქართულ ოცნებას, უცნობია.

 

მარნეულისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების შემთხვევა

 

2020 წლის 6 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ სოფელი თაზაქენდის N2 საჯარო სკოლის საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოებისათვის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა ი/მ ასრად მუსაევს. ხელშეკრულების ღირებულებამ 30,000 ლარზე მეტი შეადგინა. მუსაევი 2017 წლიდან ხშირად იღებს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტიდან. სწორედ 2017 წლის ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშ ბრუნვის 01.01-31.12.2017 პერიოდის დეკლარაციაში ფიქსირდება მუსაევისთვის გადახდილი ანაზღაურება 313 ლარის ოდენობით. ფიფიას შემთხვევის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც უცნობია, თუ რა მომსახურებას უწევდა მუსაევი ქართულ ოცნებას.

იდენტური გარემოებები გვხვდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც, რომელმაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება დაუდო ი/მ მამიკონ ჰოვანესიანს სოფ. კოთელიის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. ხელშეკრულების ღირებულებამ 63,000 ლარს გადააჭარბა. ქართული ოცნების 2017 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ჰოვანესიანს ოცნებისგან ანაზღაურების სახით 312.5 ლარი აქვს აღებული.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის შემთხვევა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 34,000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა შპს “მეგარონს”, სოფელ ზემო ალვანის №2 და №3 საბავშვო ბაღების საპირფარეშოების რეაბილიტაციისათვის. კომპანიის დირექტორია ზურაბ ქაფიანიძე. მისი მეუღლე, ოლია ხოხობაშვილი ახმეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსია. მისი 2014 წლის დეკლარაციის თანახმად, ქაფიანიძე ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ახმეტელების” თავმჯდომარე იყო, ამავე პერიოდში კი მისი შვილი, ბექა ქაფიანიძე, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ლოჯისტიკისა და მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

 

 

ქაფიანიძე ინდივიდუალური მეწარმეცაა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს ახმეტის მუნიციპალიტეტისგან 2014-2015 წლებში აქტიურად იღებდა. შპს მეგარონს 2019-2020 წლებში გამარტივებული შესყიდვებით 123,000 ლარზე მეტი აქვს მიღებული, შემსყიდველი კი ყველა შემთხვევაში ახმეტის მუნიციპალიტეტია.

 

ი/მ ზაზა პროკოპენკო

 

2020 წლის 5 ივნისს შესყიდვების სააგენტოს მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ შესათანხმებლად. გადაუდებელი აუცილებლობა გამოიწვია COVID-19-მა და აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში მოხდა ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან სავალდებულო იზოლაციის პროცედურა გავლილი მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებზე გადაყვანა. 10,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმდა ინდივიდუალურ მეწარმე ხუტა პროკოპენკოს, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა პროკოპენკოს მამაა. ზუგდიდის მერიის მიერ 2020 წლის 13 აპრილს ხუტა პროკოპენკოსთან დადებული ხელშეკრულების ინსპექტირების აქტის დანართში მითითებულია კონკრეტული ავტომობილები და მათი მძღოლები, რომლებიც ასრულებდნენ მომსახურებას. მათ შორის ყველაზე ხშირად მეორდება ზაზა პროკოპენკო. 

 

საინტერესოა, რომ ზაზა პროკოპენკოს დეკლარაციის მიხედვით, მას თავად ჰყავს Mercedes-Benz Sprinter მარკის ავტომობილი:

 

 

 

 

ამასთან, ის თავად არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ. 2018 წელს შევსებულ პირველ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის გრაფაში მითითებული აქვს ინდ. მეწარმეობა და საწარმოს კაპიტალის ოდენობად განსაზღვრული აქვს 13,000 აშშ დოლარი, რომელიც ზუსტად ემთხვევა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის ღირებულებას. 

 

 

 

 

2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში მსგავსი ჩანაწერი აღარ გვხვდება, თუმცა სხვა შემოსავლის გრაფაში დაფიქსირებული აქვს სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი 2017 წლის დეკემბერში, მიუხედავად იმისა რომ დეკლარაცია 2018 წლის მდგომარეობას უნდა აღწერდეს:

 

 

 

საინტერესოა, რომ სახელმწიფო ტენდერებიდან შემოსავალს მამასთან ერთად, თავად საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც იღებს. 2019 წელს მან ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლისგან 2,400 ლარის ღირებულების ტრანსპორტის მომსახურების ხელშეკრულება მიიღო, 2018 წელს გამარტივებული შესყიდვით ჯამში 800 ლარი აქვს მიღებული, 2017 წელს კი -2,870.

 

სწორედ 2019 წელს ზაზა პროკოპენკოს მიერ შესრულებული გამარტივებული შესყიდვის მიღება ჩაბარების დოკუმენტით ირკვევა, რომ მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის სანომრე ნიშნები ემთხვევა ხუტა პროკოპენკოს მიერ COVID-19 თან დაკავშირებული შესყიდვების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ სანომრე ნიშნებს, რაც ადასტურებს, რომ ის თავად უწევდა მომსახურებას შემსყიდველს და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდა:

 

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრს სამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალება, კითხვებს აჩენს სწორედ თავმჯდომარის მოადგილისა და მისი ოჯახის წევრის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების მიღება, უკავშირდება თუ არა თანამდებობის პირის გავლენებს, შესაბამის კონტაქტებს და რამდენად სამართლიანად ხდება ტენდერის გარეშე მათი მომსახურების არჩევა. 



შპს “ლუკა 2005”

 

ს.ს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, ელექტრონული ტენდერით შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, 25 მარტს გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 5,773 ლარის პროდუქტები, მათ საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების გამოსაკვებად. კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა შპს “ლუკა 2005”-ია, რომელიც 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. 2020 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით 5 ხელშეკრულებაა აქვს მიღებული, რომელთა საერთო ღირებულება 285,000 ლარია და ყველა მათგანი საკვებით მომარაგების მომსახურებას უკავშირდება. სამი კონტრაქტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანო სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფაა, ერთში - ნაძალადევის რაიონის გამგეობა ხოლო ერთში - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი.

 

კომპანიის 100% წილის მფლობელია იაშა ჩაჩუა, დირექტორი კი - ნუკრი მეფარიშვილი. ორივე მათგანმა 2018 წლის 14 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს შესაბამისად 60,000 და 10,000 ლარი შესწირეს. თუმცა “ლუკა 2005” ჩაჩუას ერთადერთი კომპანია არ არის, ის წილებს კიდევ 6 კომპანიაში ფლობს, სადაც მისი მეწილეები არიან:

 

- იუზა ჯოგლიძე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 15,000 ლარი, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა.

 

- ლაშა უღრელიძე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 60,000, ხოლო ქართულ ოცნებას 2020 წლის ოქტომბერში 50,000 ლარი შესწირა.

 

- გიორგი უღრელიძე - 10,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას.

 

- დათო გაგუა (პარტნიორი 2019 წლის დეკემბრამდე) - 60,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას. ჯამში, იაშა ჩაჩუას და მის ბიზნეს პარტნიორებს ქართული ოცნებისთვის 325,000 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

 

ჩაჩუასა და მისი პარტნიორების ერთ-ერთ კომპანიას, შპს ილი ჯგუფს 2018-2020 წლებში 92 მლნ. ლარზე მეტის ელექტრონული ტენდერი უკონკურენტოდ აქვს მოგებული. მათ მიერ მოგებულ ტენდერებზე ხშირად ფიქსირდება საჩივრები სხვა კომპანიების მხრიდან, რომლებიც დაობენ, რომ სატენდერო პირობები მორგებულია ერთ შემსყიდველზე. მაგალითად, ერთ-ერთ შესყიდვაზე, რომელშიც თავდაპირველად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, მოგვიანებით მოხდა მისი დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, რის შემდეგაც გამარჯვებულად ილი ჯგუფი გამოცხადდა. აღნიშნულ შესყიდვაზე 3 საჩივარია წარდგენილი.



შპს ჯიბე

 

15 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამური ღირებულება 730,000 ლარამდეა, მიზნობრიობად კი კორონავირუსისას სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის “სასურსათო კალათით”  უზრუნველყოფაა. აღნიშნული თანხიდან 214,000 ლარზე მეტი სამინისტრომ შპს “ჯიბეს” გადაუხადა. ამ კომპანიის სახელს უკავშირდება აპრილის დასაწყისში ქვემო ქართლში მოქმედი მკაცრი კარანტინისას ფერმერებისგან პროდუქტის ყიდვისა და შემდგომი რეალიზების სისტემა. აგრარული ბაზრების დახურვის შემდგომ, ამავე კომპანიის ბაზაზე განისაზღვრა სამი პუნქტი, რომლებსაც საცალო მაღაზიები პროდუქტით უნდა მოემარაგებინა. 

 

აღსანიშნავია, რომ შპს ჯიბეს მფლობელი ერთ-ერთი სააქციო საზოგადოების, პონტო 

ჰოლდინგის დირექტორი, გიორგი ბერიანიძე ქართული ოცნების შემომწირველია. მან 2017 წელს მმართველ პარტიას 10,000 ლარი შესწირა. 

 

ჯამში, კომპანიამ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებით 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. შედარებისთვის, მთელი 2019 წლის განმავლობაში და 2020 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ კომპანიას 30,857 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული.

 

GEONET EXPO

 

შპს GEONET EXPO-სთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 11 მაისს გააფორმა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, შპს GEONET EXPO-ს ჯანდაცვის სამინისტროსათვის 63,000 ცალი ქირურგიული ხალათი უნდა მიეწოდებინა, ჯამური ღირებულებით 497,700 ლარი (ერთეულის ღირებულება 7,90 ლარი). ეს არის კომპანიის ბოლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.

 

როგორც აღნიშნული კომპანიის წესდებიდან ჩანს, მისი საქმიანობის სფერო სამედიცინო მოწყობილობებს არ მოიცავს. 



 

როგორც შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციიდან ჩანს, სამინისტროს მიერ ორჯერ განხორციელებული ინსპექტირების აქტის საფუძველზე შპს GEONET EXPO ორჯერ დაჯარიმდა, მიწოდების ვადების დარღვევისათვის, რომელმაც პირველ ეტაპზე 1 დღე, ხოლო მეორე ეტაპზე 9 დღე შეადგინა. კომპანია ჯამურად 400-მდე ლარით დაჯარიმდა. 

 

რაც შეეხება კომპანიის მიერ მიღებულ სახელმწიფო შესყიდვების სხვა ხელშეკრულებებს, GEONET EXPO-ს 2012 წლის შემდეგ სულ გამარტივებული შესყიდვის 40 ხელშეკრულება აქვს მიღებული, რომელთა ჯამური ღირებულება 59,304.48 ლარია, შეყიდვების საგნები კი შემდეგნაირი იყო:

 

 

ელექტრონულ ტენდერებში კი სულ ორჯერ გაიმარჯვა, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 31,940 ლარი იყო. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში შემსყიდველი აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი იყო და ორივე შემთხვევაში შემსყიდველმა კომპანიას ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა და შესაბამისი ჯარიმები დააკისრა.

 

ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული არც ერთი შესყიდვის ობიექტი სამედიცინო მოწყობილობების კატეგორიიდან არ ყოფილა. შესაბამისად, გაურკვეველია, რის საფუძველზე შეარჩია სამინისტრომ აღნიშნული კომპანია.

 

დასკვნა

 

კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. წალენჯიხისა და ზუგდიდის შემთხვევებმა ნათლად გამოკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად გამარტივებული შესყიდვები გამოიყენება თანამდებობის პირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორებისათვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მნიშვნელოვანია, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლის არჩევის პროცესის გამჭვირვალე იყოს, რაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის კონკურენტულ შერჩევას.

 

ამასთან, პანდემიის გამო სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების გადაუდებელი აუცილებლობით შეკეთების საჭიროება შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის და საჭიროებს სისტემურ მიდგომას.

 

 ___

 

მასალა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024