ევროპის საბჭოს კონვენცია AI-ზე: დოკუმენტის მნიშვენლობა და ვალდებულებები საქართველოსთვის

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 30 სექტემბერი 2024

2024 წლის სექტემბერში საქართველომ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე — ხელოვნურ ინტელექტი და ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და ინოვაციებს შორის ბალანსის უზრუნველყოფას. დოკუმენტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს იმ ძირეულ პრინციპებს, რომლებსაც ხელმომწერ სახელმწიფოებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნდა დაეფუძნოს.

 

ევროსაბჭოს კონვენციის შესახებ

 

ევროსაბჭომ ხელოვნური ინტელექტის კონვენციაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. კონვენციაზე უშუალოდ მუშაობდა სამთავრობათაშორისო ორგანო, ხელოვნური ინტელექტის კომიტეტი (CAI). მასში მონაწილეობას იღებდა ორგანიზაციის 46 წევრი სახელმწიფო, ყველა დამკვირვებელი ქვეყანა (მათ შორისაა: აშშ, იაპონია, ევროკავშირი, ავსტრალია, არგენტინა), 68 საერთაშორისო აქტორი სამოქალაქო საზოგადოებიდან, აკადემიიდან, კერძო სექტორიდან და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია.

 

ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანის უფლებებზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებისას ადამიანის უფლებების დაცვის ზოგად სტანდარტებს ადგენს. კონვენცია სავალდებულო ხდება მასზე ხელმომწერი ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე რატიფიცირების შემდეგ. საქართველოსთან ერთად, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ანდორას, ისლანდიის, ნორვეგიის, ისრაელის, სან მარინოსა და მოლდოვის წარმომადგენლებმა.

 

 

კონვენციის ფუნდამენტური პრინციპები

 

კონვენციის თანახმად, ქვეყნების აქტივობები AI სისტემის სიცოცხლის ციკლის ნებისმიერ ეტაპზე უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პრინციპებს:

 

  - ადამიანის ღირსება და ინდივიდუალური ავტონომია;

 - თანასწორობა და დისკრიმინაციის არარსებობა;

 - კონფიდენციალობისა და პირადი მონაცემების დაცვის პატივისცემა;

 - გამჭვირვალობა და ზედამხედველობა;

 - ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა;

 - სანდოობა;

 - უსაფრთხო ინოვაცია.

 

 

ზიანის ანაზღაურების, დაცვის საშუალებების და პროცედურული უფლებების შესახებ კონვენცია აწესებს შემდეგ სტანდარტებს:

 

 - AI სისტემებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის დოკუმენტირება და მისი ხელმისაწვდომობა დაზარალებული პირებისთვის;

 - ხელმისაწვდომი ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისი, რომ დაზარალებულმა პირებმა შეძლონ სისტემის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილებების, ან მეტწილად მასზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, ან საკუთრივ სისტემის მუშაობაზე გასაჩივრება;

 - შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა კომპეტენტურ ორგანოებს საჩივრით მიმართონ;

 - დაზარალებულებისთვის ეფექტური პროცედურული გარანტიების, დაცულობისა და უფლებების უზრუნველყოფა, როცა ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის უფლებებით და ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობაზე;

 - ადამიანების ინფორმირება, თუ ისინი ადამიანების ნაცვლად ხელოვნურ ინტელექტთან არიან ინტერაქციაში.

 

კონვენცია რისკის და გავლენის მართვის კუთხით რამდენიმე მოთხოვნას აწესებს:

 

  - ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე რეალური და პოტენციური ზეგავლენის შეფასების სისტემური ჩატარება;

 - ამ შეფასებების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი პრევენციისა და შემსუბუქების ზომების დანერგვა;

 - ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის ქონა, რომ გარკვეული AI სისტემების გამოყენებების მიმართ შემოიღოს აკრძალვები ან მორატორიუმები („წითელი ხაზები").

 

კონვენციაში, ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის მსგავსად, AI-ის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებაა გამოყენებული და ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრულია შემდეგნაირად:

„ხელოვნური ინტელექტის სისტემა არის მანქანურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც აშკარა თუ ნაგულისხმევი მიზნებისთვის შეყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს, როგორ დააგენერიროს ისეთი მონაცემები, როგორებიცაა პროგნოზი, კონტენტი, რეკომენდაცია ან გადაწყვეტილებები, რომლებსაც ფიზიკურ თუ ვირტუალურ გარემოზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სხვადასხვა AI სისტემა ჩაშვების შემდეგ განსხვავდება თავისი ავტონომიურობისა და ადაპტირების ხარისხით”.

 

კონვენციის გავრცელების სფეროები

 

კონვენცია მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების პრინციპებს საჯარო ორგანოების მიერ – მათ შორის კერძო სუბიექტების მიერ, რომლებიც საჯარო ორგანოების სახელით მოქმედებენ – და კერძო სუბიექტების მიერ.

 

კონვენცია თავისი პრინციპებისა და ვალდებულებების დასაცავად, კერძო სექტორის რეგულირებისას მხარეებს სთავაზობს ორ გზას:

 

 - მხარეებს შეუძლიათ, აირჩიონ, რომ პირდაპირ დაევალოთ შესაბამისი კონვენციის დებულებების შესრულება;

 - ან მიიღონ სხვა ზომები, რათა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იყოს კონვენციის დებულებებთან სრულ შესაბამისობაში და იცავდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს.

 

ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის მსგავსად, ევროსაბჭოს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს არ მოეთხოვებათ, კონვენციის დებულებები გაავრცელონ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თავდაცვასა და ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და განვითარებაზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისას უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.

 

კონვენციის იმპლემენტაცია და სამომავლო გეგმები

 

კონვენციის იმპლემენტაციისა და ევროსაბჭოსთან კოორდინაციის მიზნით შეიქმნა მხარეთა კონფერენცია (Conference of the Parties), რომელშიც ხელმომწერი ქვეყნის წარმომადგენლები ირიცხებიან. ამ პლატფორმის მიზანია, ერთი მხრივ, გაამარტივოს კონვენციის იმპლემენტაცია მხარეთა შორის ინფორმაციის გაზიარებით, ევროსაბჭოსთან უკუკავშირით და, მეორე მხრივ, ეს პლატფორმა არის ერთგვარი საზედამხედველო ორგანო, რომელსაც კონვენციაზე ხელმოწერიდან  ორ წელიწადში (და შემდგომ პერიოდულად) ქვეყნებმა გატარებულ რეფორმებზე ანგარიში უნდა წარუდგინონ.

 

ევროსაბჭოს კონვენციაზე ხელმოწერით სახელმწიფოებმა გამოხატეს მზაობა, რომ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ და განავითარებენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით. მთავრობების მიერ ეროვნულ დონეზე დოკუმენტის რატიფიცირების შემთხვევაში მას სავალდებულო ხასიათი მიენიჭება. კონვენციის თანახმად, თოთოეულ მხარეს მოეთხოვება შექმნას ზედამხედველობის დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს კონვენციასთან შესაბამისობას, ასევე, პასუხისმგებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, წაახალისებს ფაქტებზე დაფუძნებულ საჯარო დისკუსიებს და ჩაატარებს დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსულტაციებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებად დაასახელა, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში სამინისტრომ ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრის გახსნა დააანონსა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024