კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი (შემადგენლობა) და პროცედურები

განცხადებები 27 ივლისი 2017

 

27.07.2017

 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი(შემადგენლობა) და პროცედურები. თუ კომისიის შემადგენლობა არსებითად ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები კვლავ რიცხობრივ უმცირესობაში მოექცევიან, ხოლო კომისია იმავე პროცედურით გააგრძელებს მუშაობას, კომისიის ჩართულობა შერჩევის პროცესში ისევ ვერ უზრუნველყოფს შესაფერისი კანდიდატების შერჩევას და წარდგენას სტრასბურგში.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილი 3 კანდიდატიდან კომისიამ 2 დაიწუნა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეროვნულ დონეზე ჩატარდება ხელახალი კონკურსი შესაბამისი 2 კანდიდატის გამოსავლენად.

 

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მონაწილეობდა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად შექმნილი კომისიების მუშაობაში. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კომისიაში ნომინალური იყო, თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ კოალიციის ჩართულობა შერჩევის პროცესის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი იქნებოდა.

 

კოალიციამ როგორც პირველი, ისე მეორე კონკურსის მიმდინარეობისას არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და გამოკვეთა ის ხარვეზები, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსის მიმდინარეობას ახლდა თან. კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ როგორც პირველი, ასევე მეორე კონკურსის დროს, თვალნათლივ გვაჩვენა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ  მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას. კოალიცია მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ყურადღებას ასევე ამახვილებდა კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მომწესრიგებელ კანონმდებლობასა და პროცესში გამოვლენილი ხარვეზებზე. აღნიშნული  შენიშვნები და მოსაზრებები კოალიციამ ასევე გაუგზავნა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს.

 

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ როგორც პირველ, ისე მეორე კონკურსის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინა ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც, დიდი ალბათობით, თავიდან აგვაცილებდა სამკაციანი სიის ჩავარდნას.

 

ფაქტია, რომ კომისიამ  მთავარ ამოცანას -  მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც ევროპის საბჭოს რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა, უკვე მეორედაც  ვერ გაართვა თავი.

 

კოალიციას მიაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი არის კომისიის დაკომპლექტების წესის (შემადგენლობის) ცვლილება და პროცედურების გადახედვა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გაუმართლებელია მოლოდინი, რომ მესამედ ამ შემადგენლობის პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის.

 

ვინაიდან საბოლოოდ სტრასბურგში გასაგზავნ სიაში კანდიდატების შერჩევა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, მიზანშეწონილია, უმრავლესობას (ან სრულად)  კომისიას შეადგენდნენ არა ხელისუფლების შტოების წარმომადგენლები, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ კომისიის წევრებს ჰქონდეთ ვალდებულება, დაასაბუთონ მათ მიერ დაწერილი ქულები და ეს შეფასებები იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის, ასევე დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. სხვა შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ  მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში კოალიციის ჩართულობას, შესაბამისად, ჩვენ მესამე კონკურსში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

 

აქვე, კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კომისიის დაკომპლექტების ახლებური წესის და პროცედურების შემუშავებაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024