27.07.2017
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი(შემადგენლობა) და პროცედურები. თუ კომისიის შემადგენლობა არსებითად ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები კვლავ რიცხობრივ უმცირესობაში მოექცევიან, ხოლო კომისია იმავე პროცედურით გააგრძელებს მუშაობას, კომისიის ჩართულობა შერჩევის პროცესში ისევ ვერ უზრუნველყოფს შესაფერისი კანდიდატების შერჩევას და წარდგენას სტრასბურგში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილი 3 კანდიდატიდან კომისიამ 2 დაიწუნა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეროვნულ დონეზე ჩატარდება ხელახალი კონკურსი შესაბამისი 2 კანდიდატის გამოსავლენად.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მონაწილეობდა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად შექმნილი კომისიების მუშაობაში. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კომისიაში ნომინალური იყო, თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ კოალიციის ჩართულობა შერჩევის პროცესის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი იქნებოდა.
კოალიციამ როგორც პირველი, ისე მეორე კონკურსის მიმდინარეობისას არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და გამოკვეთა ის ხარვეზები, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსის მიმდინარეობას ახლდა თან. კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ როგორც პირველი, ასევე მეორე კონკურსის დროს, თვალნათლივ გვაჩვენა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას. კოალიცია მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ყურადღებას ასევე ამახვილებდა კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მომწესრიგებელ კანონმდებლობასა და პროცესში გამოვლენილი ხარვეზებზე. აღნიშნული შენიშვნები და მოსაზრებები კოალიციამ ასევე გაუგზავნა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ როგორც პირველ, ისე მეორე კონკურსის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინა ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც, დიდი ალბათობით, თავიდან აგვაცილებდა სამკაციანი სიის ჩავარდნას.
ფაქტია, რომ კომისიამ მთავარ ამოცანას - მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც ევროპის საბჭოს რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა, უკვე მეორედაც ვერ გაართვა თავი.
კოალიციას მიაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი არის კომისიის დაკომპლექტების წესის (შემადგენლობის) ცვლილება და პროცედურების გადახედვა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გაუმართლებელია მოლოდინი, რომ მესამედ ამ შემადგენლობის პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის.
ვინაიდან საბოლოოდ სტრასბურგში გასაგზავნ სიაში კანდიდატების შერჩევა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, მიზანშეწონილია, უმრავლესობას (ან სრულად) კომისიას შეადგენდნენ არა ხელისუფლების შტოების წარმომადგენლები, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ კომისიის წევრებს ჰქონდეთ ვალდებულება, დაასაბუთონ მათ მიერ დაწერილი ქულები და ეს შეფასებები იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის, ასევე დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. სხვა შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში კოალიციის ჩართულობას, შესაბამისად, ჩვენ მესამე კონკურსში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.
აქვე, კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კომისიის დაკომპლექტების ახლებური წესის და პროცედურების შემუშავებაში.