2015 წელს (6 თვე) თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 16 დეკემბერი 2015

IDFI კვლავ აგრძელებს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის მონიტორინგს. ამჯერად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს სამინისტროების და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები ინსტიტუტის მიერ გაანალიზებულია 2015 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით.

საქართველოს სამინისტროებს შორის, 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას თავი აარიდეს მხოლოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. აღნიშული უწყებების შემთხვევაში ხელმისაწვდომია მხოლოდ თანამდებობის პირებზე გაცემული თანამდებობრივი სარგოების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ჯამური მონაცემები. შესაბამისად, შეუძლებელია მათთან არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ რეალური სურათის დანახვა.

როგორც, ჩვენს მიერ წარმოდგენილმა 2014 წელს საჯარო დაწესებულებებში პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკის შესახებ ანალიზმა აჩვენა, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემაზე დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა მთელ რიგ სამინისტროებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია. აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებულია 2015 წელსაც. კერძოდ, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 4 532 162 ლარი.

საქართველოს სამინისტროებს შორის, რომლებმაც ინსტიტუტს სრულყოფილად მოაწოდეს ინფორმაცია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს ერთადერთ უწყებას, სადაც 2015 წლის 6 თვის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო დანამატების ოდენობას. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ხსენებული სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებისათვის, გარდა მინისტრისა, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაწესებული არ არის.

 

2014 წლის მსგავსად, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაშიც სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 6 250 ლარს (თანამდებობრივი სარგო- 3540 ლარი და პრემიერ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატი - 2710 ლარი). მიღებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (3540 ლარი) პრემია მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს.

მინისტრის შრომის ანაზღაურებისგან კვლავ განსხვავებული მდგომარეობაა სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა, ყველა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულია ყოველთვიური სახელფასო დანამატი, თუმცა სხვადასხვა სამინისტროში იგივე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის ყოველთვიური სახელფასო დანამატი მნიშვნელოვნად გასხვავდება ერთმანეთისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იგივე ოდენობით (პირველი მოადგილე - 2 950 ლარი, მოადგილე - 2 720 ლარი), 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენდა 5 500 ლარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების - 4 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეების - 3 624 ლარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების 3 182 ლარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების 1 360 ლარს, ხოლო დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს.

ამასთან, სხვადასხვა სამინისტროში თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატებთან ერთად, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პრემიების გაცემის წესის შესაბამისად, გაიცემოდა პრემიებიც.

 

საჯარო დაწესებულებებში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინოა მთელი რიგი სამინისტროებს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მაგალითზე. აღნიშნული უწყებების შრომის ანაზღაურების ფონდი ფორმირდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე საკუთარი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან. შესაბამისად, საკუთარი საქმიანობის შედეგად, მაღალი შემოსავლების მქონე დაწესებულებებს საშუალება ეძლევათ მეტი თანხების მობილიზება მოახდინონ შრომის ანაზღაურების ფონდში პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების გასაცემად.

2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ვხდებით შემთხვევებს, როდესაც მინისტრის შრომის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება მის დაქვემდებარებულ უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირის ანაზღაურება.

მაგალითად, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურება - 81 301 ლარი დაახლოებით ორჯერ აღემატება იმავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შრომის ანაზღაურებას 37 260 ლარი. 

მაია მიმინოშვილის მიერ 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მიღებული 81 301 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურებიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 27 000 ლარს, პრემია - 6750 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 47 551 ლარს.

 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტებიდან ირკვევა, აღნიშნულ უწყებაში მაია მიმინოშვილის ბრძანების საფუძველზე 2015 წლის ივნისის თვეში სახელფასო დანამატები გაიცა 4-ჯერ. კერძოდ:

2015 წლის 5 ივნისის ბრძანება - სულ ცენტრის თანამშრომლებზე გაიცა 23 812 ლარის დანამატი საიდანაც მაია მიმინოშვილს მიღებულ აქვს 5000 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს დირექტორის თანაშემწის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ააიპ „მოქალაქესთან“ გაფორმებული ხელშკრულების საფუძველზე ივნისის თვეში ცენტრის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მთელი რიგი სამუშაოები, კერძოდ დაიგეგმა და გაიმართა ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, რისთვისაც უნდა გაიცეს დანამატი.
ინსტიტუტის მიერ გაუგებარი რჩება 5 დღის განმავლობაში ცენტრის ხელმძღვანელის მიერ რა სახის სამუშაოები იქნა შესრულებული მოსწავლეების დაჯილდოებასთან დაკავშირებით, რომ მან თავის თავზე გასცა მთლიანი თვის თანამდებობრივ სარგოზე მაღალი სახელფასო დანამატი.

2015 წლის 24 ივნისი ბრძანება N 182 - სულ გაიცა 23 812 ლარის დანამატი საიდანაც მაია მიმინოშვილს მიღებული აქვს 3 500 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს დირექტორის მოადგილის ივანე მინდაძის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დანამატის გაცემაგანპირობებულია 2-9 ივნისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეექვსე-მეცხრე კლასებში ტესტირების ორგანიზება- ჩატარებისათვის.

2015 წლის 24 ივნისი ბრძანება N 183 - 2015 წლის 24 ივნისს მაია მიმინოშვილის მიერ გამოიცა სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვით თანამშრომლებზე სულ გაიცა 43 062 ლარის ოდენობის დანამატი, საიდანაც მას მიღებული აქვს 6250 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს დირექტორის თანაშემწის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ააიპ „მოქალაქესთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ივნისის თვეში განხორციელდა მთელი რიგი სამუშაოები, კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში.

2015 წლის 25 ივნისი ბრძანება N186 - აღნიშნული ბრძანების მიხედვით დაანგარიშებული იქნა თანამშრომელთა მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოები. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, გამოანგარიშებული იქნა ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის 1.25-ის ოდენობით. მაია მიმინოშვილის ზეგანაკვეთური სამუშაოს ოდენობამ შეადგინა 9 საათი, რომლის ანაზღაურებაც განისაზღვრა 301 ლარით.

2015 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციაში ვხდებით, ჩანაწერს სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული თანხები გაცემულია ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან.

 

2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს, მისი დაქვემდებარებული უწყების შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს - თითოეულს 46 200 ლარი. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 15 600 ლარს, პრემია 3 600 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 27 000 ლარს.

როგორც ირკვევა შემოსავლების სამსახური უფროსის მოადგილეები ყოველთვიურად იღებენ 4500 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატს. ამასთან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის თითოეულ მოადგილეზე გაიცა 3 600 ლარის ოდენობის პრემია. შემოსავლების სამსახურის შემთხვევაშიც, როგორც აღნიშნულია ყოველთვიური სახელფასო დანამატი თუ სააღდგომო პრემია გაცემულია სამსახურის საკუთარი შემოსავლებიდან.

 

 

დამატებით წარმოგიდგენთ აგრეთვე, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა დამოუკიდებელი  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისა და სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას:

 

ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავ საჭიროებს მნიშნელოვან დარეგულირებას. 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში უმეტესწილად კვლავ შენარჩუნებულია2014 წელს არსებული პრაქტიკა. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში რჩება ინსტიტუტის მიერ 2014 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული იქნა საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელიც საქართველოს მთავარობას ავალდებულებს 2016 წლის პირველ სექტემბრამდე საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის მომზადებას. ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ აღნიშნული კანონპროექტი სრულად უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებში შრომის ანაზღაურების თითოეული ასპექტის მოწესრიგებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024