12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან: რუსული დეზინფორმაცია და რეალური ფაქტები

მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 7 აგვისტო 2020

2020 წელს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. ისევე როგორც 2008 წელს, დღესაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აქტიურია რუსული პროპაგანდა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს დაარწმუნოს როგორც რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო ეთნიკური ოსების წინააღმდეგ, რომელთა „დასაცავადაც“ რუსეთი „იძულებული გახდა“ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გზით შემოსულიყო. რეალურად კი, აღნიშნულ კონფლიქტს გაცილებით ვრცელი ისტორია აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ომის ინიციატორი საქართველო არ ყოფილა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ერთეული აღიარა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად უარესდებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის ხელისუფლება, მართალია არაოფიციალურ დონეზე, თუმცა მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება, ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების გაჩენა საქართველოს ტერიტორიაზე და თავად დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის „სამშვიდობოს“ ან „მედიატორის“ როლის მორგება საუკეთესო საშუალება იყო რუსეთისთვის, რომ საქართველოზე კონტროლი შეენარჩუნებინა და სამხრეთ კავკასია, როგორც მისი „პრივილეგირებული გავლენის სფერო“[1] არ დაეკარგა. 2000 წელს, ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტების და, განსაკუთრებით, საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება დაიწყო.

 

ზოგადად, ფერად რევოლუციებს პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინის რეჟიმი პირად საფრთხედ განიხილავდა ისევე, როგორც მოგვიანებით - ევრომაიდანს უკრაინაში. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილის, მათ შორის საქართველოს მიერ არჩეული დემოკრატიზაციისა და დასავლეთთან ინტეგრაციის კურსი ნიშანი იყო რუსეთისთვის, რომ იგი გავლენას კარგავდა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ამიტომ თანდათანობით რუსეთის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ.[2] რუსეთმა აქტიურად დაიწყო სამხედრო ბაზების მშენებლობა თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, სეპარატისტების შეიარაღება და წვრთნა, 2006 წელს კი  რუსეთის ფედერაციის მთავრობამ საქართველოს ემბარგო დაუწესა და აკრძალა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი.[3] 

 

რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს, სიტუაციის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა მის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. მალევე, 6 მარტს რუსეთი გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 1996 წლის შეთანხმებიდან, რომლის თანახმადაც თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს ეკრძალებოდათ ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აფხაზ სეპარატისტებთან. 21 მარტს, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებდა, რომ მხარი დაეჭირა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, 3 აპრილს სეპარატისტებთან გაგზავნილ წერილში კი პუტინი მათ „პრაქტიკულ“ დახმარებას ჰპირდებოდა. ამის შემდგომ, 2-4 აპრილს, ბუქარესტში გამართულ NATO-ს სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ ისინი გახდებოდნენ NATO-ს წევრები, რამაც კიდევ უფრო მძაფრი რეაქციები გამოიწვია კრემლიდან, რასაც ოფიციალური მოსკოვი არც მალავდა. 8 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება NATO-ში და, ამასთან, გარდაუვალად დაკავშირებული ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ალიანსთან, მის წამყვან წევრებთან და ჩვენს მეზობლებთან“. 16 აპრილს კი პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმებთან პირდაპირი სამართლებრივი კავშირების დამყარება დაევალათ.  აღნიშნული ბრძანებით, ასევე მოხდა სეპარატისტული რეგიონების დოკუმენტებისა და უწყებების ოფიციალური აღიარება.[4] ამ ბრძანების ხელმოწერიდან მეორე დღესვე დაიწყო დამატებითი სამხედროებისა და შეიარაღების შეყვანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მიზანმიმართული სამხედრო პროვოკაციები, როგორიც იყო, მაგალითად, საქართველოს დრონის ჩამოგდება, რუსული სამხედრო თვითმფრინავების შემოჭრა ქართულ ავიასივრცეში, მასშტაბური სამხედრო სწავლების „კავკაზ-2008“ დაწყება, რომლის დროსაც რუს ჯარისკაცებში ვრცელდებოდა ფურცელი წარწერით: „მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე“, აფეთქებები, რომლის შედეგადაც დაიჭრნენ ქართველი პოლიციელები და ა.შ. ასევე, რუსეთმა აფხაზეთში გაგზავნა სარკინიგზო ჯარები, რომელთაც დაევალათ სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა, რითაც რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია.[5] 1 აგვისტოდან კი უკვე დაიწყო სიტუაციის სწრაფი ესკალაცია.

 

 

1 აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად მართვადი 2 ნაღმი აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. ამავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რის შედეგადაც 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიჭრა. 2 აგვისტოს, საპასუხო ცეცხლი გახსნა საქართველომაც, თუმცა მალევე შეწყვიტა მიღებული ბრძანების შედეგად. 2 აგვისტოსვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც 6 აგვისტომდე გაგრძელდა. 3 აგვისტოს, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ჯარები შეიყვანა. ამის პარალელურად კი ღამით, როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი. 4 აგვისტოს, ღამით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს. უკვე 5 აგვისტოს, განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა და რუსულმა მედიამ გადმოსცა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ჩავიდა 150-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამავე დღეს, როკის გვირაბი გადმოკვეთა რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40-მა ერთეულმა და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა. პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე როკის გვირაბთან მობილიზებული იყო 58-ე არმიის ნაწილები. 6 აგვისტოს, გაგრძელდა ქართული სოფლების დაბომბვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა კი უარი განაცხადა 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.[6]

 

 

უკვე 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ რუსეთის რეგულარული არასამშვიდობო ჯარები, რაც დღესდღეობით დასტურდება მრავალი წყაროთი: სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ეკუთვნის ცხინვალის რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებს[7]; რუსულ მედიაში გასული ინფორმაცია, რომელიც გადაურჩა რუსულ სამთავრობო „ფილტრს“ (მაგალითად, 2008 წლის 3 სექტემბერს ჟურნალმა „კრასნაია ზვეზდა“ დაბეჭდა სტატია, რომელშიც ერთ-ერთი პოლკის კაპიტანი აცხადებს, რომ 7 აგვისტოს მიიღო ბრძანება ცხინვალში გადასვლის თაობაზე)[8]; რუსული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც გაასაჯაროვა ფონდმა „დედის უფლება“ (ვლადიმირ სელიპტოვი იყო რუსი ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა 693-ე პოლკის მე-3 მოტომსროლელთა ბატალიონში. იგი 7 აგვისტოს დაიღუპა საქართველოს ტერიტორიაზე. ოფიციალური ინფორმაციით, მან თავი მოიკლა, თუმცა აღნიშნული მისმა ოჯახმა არ დაიჯერა და დაიწყო დიდხნიანი სამართლებრივი დავა); 2008 წლის 7 აგვისტოს სერგეი ბაღაფშის აღიარება ტელეკამერების წინ, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა.[9] ხოლო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია სახელმწიფო დაზვერვისგან, რომ რუსული ჯარები როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, გაიცა ბრძანება რუსული კოლონების შესაჩერებლად სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის თაობაზე, რის შემდეგაც ცხინვალის რეგიონში, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია.[10]სამხედრო მოქმედებებმა რეგიონში სულ 5 დღე გასტანა და დასრულდა 12 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს და განაგრძობს საქართველოს მცოცავ ოკუპაციას. 6-პუნქტიანი შეთანხმება მოიცავდა შემდეგ პირობებს:

 

1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა

2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა

3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა

4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში

5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს

6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ[11]

 

სამხედრო მოქმედებების დასრულებიდან მალევე, 2008 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის დუმის უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 26 აგვისტოს, მედვედევმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.[12] ამით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა გეგმა, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში შეინიშნებოდა.

 

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, იმას, რომ 2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია, ადასტურებს კიდევ არაერთი ფაქტი: უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა 2012 წელს ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საომარი გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს გააჩნდა - მაშინ, როცა იგი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს აშენებდა და ქვეყანას ემბარგოს უწესებდა.[13] პუტინმა თქვა: „გენერალური შტაბის მიერ გეგმა მომზადდა და სადღაც 2006 წლის ბოლოს თუ 2007 წლის დასაწყისში იგი ჩემ მიერ დამტკიცდა“.[14] აქვე, საინტერესოა ისიც, რომ როდესაც მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 2008 წლის მოვლენებში პირადი მონაწილეობის თაობაზე, მან განაცხადა, რომ იგი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევსა და თავდაცვის მინისტრს ესაუბრა ორჯერ 7 და 8 აგვისტოს და „განიხილეს პრობლემა“, რაც თავად მედვედევის განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელმაც მანამდე თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ საომარო მოქმედებების თაობაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო: „გულწრფელად გეტყვით, არავის არავისთვის არ დაურეკავს. მე მას [ვლადიმირ პუტინს] ერთი დღე-ღამის შემდეგ დავუკავშირდი. ყველა ბრძანება უკვე მქონდა გაცემული. იქ უკვე ყველაფერი იწვოდა.“[15]  

 

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერ კიდეც 2008 წლის აგვისტოს ომამდე არაერთი ქვეყნის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს გეგმავდა. მაგალითად, შვედეთის ერთ-ერთი სადაზვერვო უწყება - Sweden's National Defence Radio Establishment (FRA) 2008 წლის აგვისტომდე პროგნოზირებდა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს გეგმავდა.[16]

 

2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან - 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2,232-ს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაა 1,045. ამასთანავე, 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს 26,000 დევნილი შემატა. საერთო ჯამში კი, დღეს, საქართველოში სულ 263,598 დევნილია.[17]

 

რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას. 2011 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერი ბორდერიზაციის 155 შემთხვევა დაფიქსირდა. უკანონო ბორდერიზაცია არც 2020 წელს შეწყვეტილა.[18] შესაბამისად, საქართველო დღემდე რუსული აგრესიის ქვეშ იმყოფება, რაც ყველაზე უფრო მძიმედ აისახება საქართველოს იმ მოქალაქეების ყოფაზე, რომლებიც უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ.

 

წყარო: MCM.ge

 

იხილეთ IDFI-ის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.

 

___

 

[1] https://www.nytimes.com/2008/09/01/world/europe/01russia.html

[2] https://calhoun.nps.edu/handle/10945/52991

[3] https://forbes.ge/blog/93/ra-viswavleT-ruseTTan-savaWro-urTierTobebSi---martivi-statistika

[4] https://jamestown.org/program/russia-moves-toward-open-annexation-of-abkhazia-south-ossetia/

[5] 2008 წლის აგვისტომდე განვითარებული მოვლენების სრული და დეტალური ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ დავით ბატაშვილის ანგარიშში: https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/103-expert-opinion-geo.pdf

[6] 2008 წლის 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლის განვითარებულ მოვლენებზე დეტალუღი ინფორმაცია იხილეთ აქ: http://augustwar.ge/

[7] https://www.nytimes.com/2008/09/16/world/europe/16georgia.html

[8] Ibid.

[9] https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/103-expert-opinion-geo.pdf?fbclid=IwAR0PC3ML4pje1P_i-RIXnj8h4Dsmt3dIcK-06W0i7AjfAFFfD6vvBRo7RNY

[10] https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/103-expert-opinion-geo.pdf

[11] https://reliefweb.int/report/georgia/background-six-point-peace-plan-georgia-russia-conflict

[12] https://web.archive.org/web/20080902001442/http://www.kremlin.ru/eng/speeches/2008/08/26/1543_type82912_205752.shtml

[13] იხილეთ IDFI-ის სტატია: http://damoukidebloba.ge/c/news/August_2008_Putin

[14] https://www.radiotavisupleba.ge/a/putin-russia-georgia-war/24672139.html

[15] Ibid.

[16] https://sverigesradio.se/sida/artikel.aspx?programid=2054&artikel=5727212

[17] იხილეთ IDFI-ის ვიზუალიზაცია: https://idfi.ge/ge/russia-georgia-war-infographic

[18] მცოცავი ოკუპაციის დეტალური ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ The McCain Institute for International Leadership-ის, The Heritage Foundation-ისა და The Economic Policy Research Center-ის ინტერაქტიულ რუკაზე: https://uploads.knightlab.com/storymapjs/183ab9d69fc702c33a79bfcd27b7b4d8/russian-borderization-in-georgia/index.html

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024