2014 წლის 5 მარტს საქართველოს პარალმენტმა მიიღო ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ცვლილება შევიდა ასევე რიგ კანონქვემდებარე აქტებში. აღნიშნული საკანონდებლო ცვლილებისა და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხარვეზებზე მიუთითებდა უცხო ქვეყნის მრავალი მოქალაქე, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ ცვლილებები. ამა წლის ოქტომბერში IDFI ასევე მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, ჩამოეყალიბებინა ისეთი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც არ იქნებოდა აღქმული როგორც პოლიტიკის გამკაცრება, არამედ დაარეგულირებდა და უკეთ მოაწესრიგებდა საქართველოში უცხოელთა კანონიერად შემოსვლისა და ყოფნის საკითხებს. უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 14 ნოემბერს მესამე მოსმენით მიღებული ცვლილება (რომელიც ძალაში 2014 წლის 26 ნოემბერს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების შემდეგ შევიდა) ნაწილობრივ ეხმაურება საზოგადოებაში გამოთქმულ წუხილს და შეშფოთებას.
კანონში ახლად შესული ცვლილებები აწესებს ახალ რეგულაციებს, როგორც საქართველოში ბინადრობის მოწმობის, ისე საიმიგრაციო ვიზის მიღებით დაინტერსებულ პირთათვის. აღსანიშნავია, რომ საიმიგრაციო (D კატეგორიის) ვიზა გაიცემა შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, ისევე როგორც საქართველოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად ჩამოსულ პირებზე. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ 2014 წლის 17 მარტის შემდეგ და რომლებიც კანონის მიღების დროისთვის იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.
საიმიგრაციო ვიზის მიღებით დაინტერესებული პირების შემთხვევაში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგეს ის, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად დარჩენის მიზნით, ანუ საქართველოს ვიზის მისაღებად, აღარ მოუწევთ საკუთარი წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნება და ვიზაზე განაცხადის გაკეთება იქ არსებულ საქართველოს საკონსულოში. ნაცვლად ამისა, კანონში ახლად შესული ცვლილების თანხმად, იმ პირებს, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, შეეძლებათ საიმიგრაციო ვიზის მიღების განცხადებით მიმართონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
საიმიგრაციო ვიზის მიღების შესახებ განცხადება უცხოელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა წარადგინოს საქართველოში მისი კანონიერად ყოფის პერიოდის ამოწურვამდე 45 დღით ადრე. რაც შეეხება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ 2014 წლის 17 მარტის შემდეგ, მათ 2015 წლის 1 მარტამდე უნდა მიმართონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო ვიზის მიღების შესახებ განცხადებით. აღსანიშნავია, რომ უცხოელს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. დაუშვებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გაძევება მანამ, სანამ არ მოხდება მათი გაცხადების განხილვის პროცედურის დასრულება.
ცვლილებებია ასევე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმართავენ საქართველოს მთავრობას ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადებით. ისინი, ისევე როგორც ვიზის მიღებით დაინტერესებული პირები, 2015 წლის პირველ მარტამდე თავისუფლდებიან საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან. ამასთან, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კვლავაც სურს დარჩენა საქართველოს ტერიტორიაზე, მან 2015 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ უნდა წარადგინოს განცხადება ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ ექვემდებარება სქართველოდან გაძევებას. პრობლემურია ის, რომ კანონის თანახმად მოცემული გამარტივებული პროცედურით ვერ ისარგებლებენ უცხოელები, რომლებსაც უარი ეთქვათ ბინადრობის მოწმობის მიღებაზე. აღნიშნული განსაკუთრებით, პრობლემატურია იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გამოთქმული იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დასაბუთების გარეშე ეთქვათ უარი ბინადრობის მოწმობის გაცემაზე. უარის მიზეზად კი შესაბამისი საფუძვლის გარეშე სახელდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნით საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ პრობლემატურად რჩება იმ უცხოელთა საკითხი, რომლებიც არ ხვდებიან კანონში ახლად შესული ცვლილებების მოქმედების სფეროში. ე.ი რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე კანონის ძალში შესვლის შემდეგ შემოვლენ. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც უფლება აქვთ უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
ჯამში ვფიქრობთ, რომ კანონპროექტში შესული ცვლილებები მაინც პოზიტიურად უნდა იქნეს შეფასებული. ჩვენი აზრით, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ ადეკვატური რეაქცია მოახდინა კანონთან დაკავშრებით სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმულ კრიტიკასა და შენიშვნებზე.