ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 იანვარი 2016

ღია მონაცემების (Open Data) კონცეფციას განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც ღია მმართველობაში, ისე ელექტრონული მთავრობის თანამედროვე მოდელებში. ამავე დროს, ღია მონაცემების კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ღია მონაცემების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სექტორის მონაცემების გამოქვეყნებას ღია, დამუშავებად და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატებში, რაც მოქალაქეებს, ბიზნესს, მასმედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები და მიიღონ სხვა სახის სარგებელი. ამ კონცეფციის განხორციელების თვალსაჩინო მაგალითებია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მიერ შექმნილი ღია მონაცემთა პლატფორმა www.data.gov, დიდი ბრიტანეთის ღია მონაცემთა პორტალი www.data.gov.uk, ევროკავშირის ქვეყნების ღია მონაცემთა ერთიანი პლატფორმა open-data.europa.eu. ამავე მიზნით, 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ შეიქმნა ღია მონაცემთა პორტალი www.data.gov.ge. 


2015 წლის 1 სექტემბრიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის “ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა წინამდებარე კვლევა - ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში.

 

IDFI- ის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, ღია მონაცემების პორტალზე დღეის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ღია მონაცემთა რაოდენობა (117 ღია მონაცემი) რეალურად არ შეესაბამება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული კუთხით არსებულ რესურსს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მოცემულობა, რომ მხოლოდ 72 საჯარო დაწესებულებიდან მათ გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ მოწოდებული მონაცემებიდან და ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგად IDFI-ის მიერ შეირჩა 162 იმგვარი მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის წარმოდგენილი და მიზანშეწონილია მათი ღია მონაცემების პორტალზე განთავსება.


www.data.gov.ge-ის შექმნიდან დღემდე აღნიშნულ პორტალზე მონაცემების განთავსების დაბალი მაჩვენებელი, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია შესაბამისი მექანიზმის დანერგვა, რომელიც საჯარო დაწესებულებებს დაავალდებულებს მათ გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზების აღნიშნულ პორტალზე განთავსებას. ამ მექანიზმის შემოღების წინაპირობას წარმოადგენს ის ფაქტიც რომ, IDFI-ის მიერ, საჯარო დაწესებულებებში ღია მონაცემების პორტალზე მონაცემების განთავსებასთან დაკავშირებით გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე, მთელმა რიგმა საჯარო დაწესებულებამ განმარტეს, რომ მათ საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნიათ. აუცილებლად, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო დროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად დამკვიდრდა ასეთი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნა. მაგალითად, უკრაინის, ხორვატიის, პაკისტანის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების ბოლო პერიოდში მიღებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონებში ცალკე არის გამოყოფილი ღია მონაცემთა პორტალების და მათზე ღია მონაცემთა განთავსების საკითხები. საქართველოში განსხვავებით უკრაინისა, არ არის განსაზღვრული არანაირი

პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების არ შესრულებისთვის, რაც ხშირად განსაზღვრავს იმას, რომ რიგი საჯარო დაწესებულებებისა საერთოდ არ ასრულებენ და მხოლოდ მოჩვენებითად ასრულებენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს, აგრეთვე ვალდებულებას ინფორმაციის ღია მონაცემების ე.ი. შესაბამის დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნებისა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნა ღია მონაცემთა ერთიანი პორტალი (www.data.gov.ge), თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ კვლევის შედეგების მიხედვით ვებ-პორტალი დღემდე არ არის სრულად შევსებული საჯარო მონაცემებით. აღნიშნული ნაწილობრივ სწორედ იმით არის განპირობებული, რომ არსებული კანონმდებლობა არ შეიცავს ინფორმაციის ღია მონაცემების ფორმატში გამოქვეყნების ვალდებულებას. როგორც ამას უკრაინის მაგალითი ცხადყოფს, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე მიღებულ იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს ღია მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დააწესებს შესაბამის სანქციებს. ამასთან აუცილებელია განისაზღვროს სახელმწიფო ორგანო, რომელსაც დაეკისრება ღია მონაცემთა გამოქვეყნების ვალდებულების შესრულებისა და ინფორმაციის სიზუსტის მონიტორინგის ვალდებულება. დარღევათა აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულ ორგანოს უფლება უნდა ქონდეს სანქციები დააკისროს კონკრეტულ პირებს.

აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება მიიღოს „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი. აღნიშნული კანონის პირველი პროექტი, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ (იუსტიციის სამინისტრო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ექსპერტები და IDFI-ი) მომზადდა 2014 წელს. კანონპროექტი მათ შორის ითვალისწინებს ღია მონაცემთა ტერმინის განსაზღვრას, ღია მონაცემთა ერთიანი პორტალის შექმნას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების კანონში გაწერას, აგრეთვე ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის სახით, შესაბამისი ზედამხედველი ორგანოს შექმნას. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საქართველოში არსებულ მდგომარეობას ღია მონაცემების სტანდარტების დამკვიდრებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით

საჯარო დაწესებულებებიდან მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ იდენტური შინაარსის მოთხოვნებზე მიღებული პასუხები, ნათლად აჩვენებს, რომ სხვადასხვა უწყებაში მნიშვნელოვნად განსხვავებულია მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების დეფინიციების აღქმა. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე მონაცემთა ერთობლიობას, ნაწილი დაწესებულებისა მიიჩნევს მათ გამგებლობაში დაცულ მონაცემთა ბაზად თუ რეესტრად, ხოლო ნაწილი არა. ხსენებული პრობლემას ეხმაურება აგრეთვე, ის ფაქტი, რომ მთელმა რიგმა საჯარო დაწესებულებებმა შესაბამის მოთხოვნაზე ინსტიტუტს განუმარტეს, რომ მათ გამგებლობაში მონაცემთა ბაზები და რეესტრები არ ირიცხება, თუმცა მათი ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგად ინსტიტუტის მიერ გამოაშკარავებულია მთელი რიგი მონაცემთა ბაზები თუ რეესტრები, რომლებსაც აღნიშნული უწყებები ფლობენ და აწარმოებენ.


მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოში არსებული ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ კანონის პრაქტიკაში ინპლემენტაცია. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2012 წლის შემდგომ საჯარო დაწესებულებების მიერ არ განხორციელებულა კანონის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურები. კერძოდ, ერთიან რეესტრში არ დარეგისტრირებულა მათ გამგებლობაში არსებული რეესტრები, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან არ გაგზავნილა რეესტრის შექმნასთან თუ გაუქმებასთან დაკავშირებით შეტყობინებები. 2015 წელს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებამ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაცია განახორციელა მხოლოდ, IDFI-ის მიერ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნის გაგზავნის შემდგომ.


ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ განხორციელებული გამოკითხვების თუ აღნიშნულ საკითხებთან ჩატარებული სამუშაო შეხვედრების მიხედვით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საზოგადოების ცნობიერება ღია მონაცემების პორტალთან დაკავშირებით საკმაოდ დაბალია და საჭიროებს შესაბამისი სამთავრობო თუ საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

 

საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კვლევაში განხილული პრობლემების აღმოსაფხვრელად ინსტიტუტის მიერ შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:

  • საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება სადაც განსაზღვრული იქნება საჯარო სექტორის ღია მონაცემების მართვისა და სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტები;

 

  • საქართველოს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ დააჩქარონ საქართველოს პარლამენტში „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონპროექტის წარდგენა სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოში ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები;

 

  • სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმძღვანელო და ტრენინგ პროგრამა, რომელიც საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს დაეხმარება მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების დეფინიეციების მკვეთრ განსაზღვრაში, ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულებაში, www.data.gov.ge-ზე ღია მონაცემთა გამოქვეყნების, განახლებისა და მართვის გაუმჯობესებაში;

 

  • საქართველოს მთავრობამ და სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ ღია მონაცემების პორტალის და მისი პოტენციური სარგებელის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია;

 

  • პორტალ www.data.gov.ge-ზე ღია მონაცემები გამოქვეყნდეს CSV, XML, Excel ფორმატში, რაც მომხმარებლებს მათ შორის დეველოპერებს მისცემს მეტ შესაძლებლობას შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები და მიიღონ სხვა სახის სარგებელი.

 

  • საჯარო დაწესებულებებმა მაქსიმალურად უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული და დაგეგმილი მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების იმგვარი ფორმირება და მართვა, რომ შესაძლებელი იქნას მათი ღია მონაცემების პორტალზე განთავსება;

 

  • საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზებიდან და რეესტრებიდან პერსონალური ან/და სხვა დახურული ინფორმაციის გამოცალკევება და ღია მონაცემთა ფორმატში მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა, ხოლო ტექნიკურად აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხევაში კონკრეტულ საკითხებზე აწარმოონ მაქსიმალურად დეტალური სტატისტიკა;

 

  • საჯარო დაწესებულებებმა შექმნან საზოგადოებრივი გამოკითხვის ელექტრონული მოდულები, რითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება უწყების საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მონაცემთა ღიაობასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კომუნიკაციის პროაქტიული სტრატეგია უნდა დაინერგოს ყველა საჯარო დაწესებულების შემთხვევაში;

 

  • ყველა საჯარო დაწესებულებამ, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ შედეგად იდენტიფიცირებული (დანართი 1 და დანართი 2) მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ღია მონაცემთა პორტალზე (www.data.gov.ge) განთავსება.

 

იხილეთ სრული კვლევა - ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში

 

/public/upload/IDFI/IDFI/OpenData in Georgia final report 2016.pdf

 

/public/upload/IDFI/IDFI/data base.pdf

 

გიორგი კლდიაშვილისა და ლევან ჯულაყიძის პრეზენტაცია

ლევან ავალიშვილის პრეზენტაცია

იხილეთ ფოტოალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024