2015 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის #195/3 ბრძანებით შეიქმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება საპარლამენტო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის ინიციატივა ეკუთვნის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI). IDFI, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ახორციელებდა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" პროექტს, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირებას. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016 ინტერფრაქციული და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგად და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ 2015 წლის 17 ივლისს.
აღსანიშნავია, რომ IDFI-ის აქტიური ადვოკატირების შედეგად საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულება საპარლამენტო საბჭოს შექმნის თაობაზე.
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა არის საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქმედო გეგმის პირველი განხორციელებული ვალდებულება. საპარლამენტო საბჭო კოორდინაციას გაუწევს საქართველოს პარლამენტის მიერ OGP-ის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესს.
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრთა შემადგენლობა განსაზღვრულია ინტერფრაქციული პრინციპების საფუძველზე. ამავდროულად საპარლამენტო საბჭოს წევრია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
საპარლამენტო საბჭოს შექმნის სამართლებრივი საფუძველი გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით - 76 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - მიიღო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ემატება ,,უ2“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობა და დებულება მტკიცდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 2831).
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო ჯგუფის მიზანია მხარი დაუჭიროს საპარლამენტო საბჭოს დასახული მიზნების განხორციელებაში.
ამჟამად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.