რას უნდა ველოდოთ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტიდან?

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 დეკემბერი 2021

ღია მმართველობის პარტნიორობა“(OGP) წარმოადგენს გლობალურ მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვა. სხვა მსგავსი ტიპის გლობალური ინიციატივების მსგავსად, OGP-ის წევრი ცენტრალური ხელისუფლებები, საკანონმდებლო ორგანოები, თუ ლოკალური თვითმმართველობები ნებაყოფლობით კისრულობენ ვალდებულებებს დასახული მიზნის მისაღწევად. OGP არის ერთადერთი გლობალური პლატფორმა, რომელიც მუშაობს ღია და კარგ მმართველობის საკითხებზე და მათ შორის ვალდებულებებზე, რომელიც მოიცავს ისეთ რეფორმებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას, დემოკრატიული მმართველობისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, კორუფციის რისკების შემცირებასა და აღმოფხვრას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით სახელმწიფო მომსახურების სფეროს განვითარებას და საზოგადოების ჩართულობის ამაღლებას საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში.

 

2019-2021 წლების განმავლობაში ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა საკმარისი პოლიტიკური ნების არარსებობა და გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა იყო. შესაბამისად, აუცილებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს მხრიდან დამატებითი ზომების მიღება ადვოკატირების პროცესის გასააქტიურებლად.

 

2021 წლის დეკემბერში OGP 10 წლის ხდება. 10 წლის წინ, 2011 წლის სექტემბერში, სახელმწიფოების მეთაურებმა და სამოქალაქო საზოგადოებების დამფუძნებელმა ლიდერებმა ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნით საფუძველი ჩაუყარეს ღიაობისა და გამჭვირვალობის ახალი ეპოქას. ამ დროისთვის, ინიციატივის ფარგლებში გაერთიანებულია 78 ეროვნული და 76 ადგილობრივი წევრი და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ათწლიანი ერთობლივი შრომის შედეგად, OGP-ის ფარგლებში განხორციელდა 4500-ზე მეტი ინიციატივა, რომელმაც რეალური გავლენა იქონია უამრავი მოქალაქის ცხოვრებაზე. OGP ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადების ერთობლივი შრომა გამოცდილების გაზიარებასა და ანგარიშვალდებულების წახალისებას. 

 

Covid-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიღწეული წარმატებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

 

პანდემიის დასაძლევად დაწესებულმა შეზღუდვებმა, რეალურად, მთავრობებს მიანიჭა საბიუჯეტო სახსრების განკარგვის გაზრდილი ბერკეტი და შეასუსტა საზედამხედველო მექანიზმები. ამავდროულად, შემცირდა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კავშირი და ჩართულობა. პანდემიის შემსგომი კრიზისის დასაძლევად და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებისათვის, დღეის მდგომარეობით, აუცილებელია ინიციატივისა და მასში ჩართული სახელმწიფო და სამოქალაქო აქტორების გადახალისება და ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. დეკემბრის გლობალური სამიტი სწორედ იმ ცვლილებების პლატფორმად უნდა მოგვევლინოს, რომელიც ხელს შეუწყობს OGP-ის შემდგომი განვითარებისათვის ახალი ამბიციური იდეების ფორმირებას.

 

რას უნდა ველოდოთ OGP-ის გლობალური სამიტისგან?

 

OGP-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი გლობალური სამიტი მიზნად ისახავს ღია მმართველობის საზოგადოების მობილიზებას, შემართების ამაღლებას და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებისათვის ძლიერი გლობალური საფუძვლის ჩამოყალიბებას. გლობალური სამიტის ფარგლებში განსახილველ ძირითად თემებს შორის არის კორუფციასთან ბრძოლა, სახელმწიფო შესყიდვების ღიაობა, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის ხელშეწყობა, ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობა, ციფრული მმართველობის განვითარება და საზოგადოების მონაწილეობის ამაღლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

OGP-ის გლობალური სამიტი, როგორც ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო დონის ღონისძიება, დაინტერესებულ მხარეებს სამ უმთავრეს შესაძლებლობას სთავაზობს.

 

პირველ რიგში, სამიტი ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებში დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით ინიცირებული რეფორმების მნიშვნელობის გაზრდას. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას OGP-ის პრინციპების მხარდაჭერისა და ღიაობისკენ გადადგმული ნაბიჯების მხრივ, რაც მნიშვნელოვნად წაახალისებს სამომავლო ამბიციური ვალდებულებების აღებასა და რეფორმების გატარებას.

 

რა შედეგები შესაძლოა მოუტანოს OGP-ის გლობალური სამიტმა წევრებს პოსტ-პანდემიურ პერიოდში?

 

რასაკვირველია, მხოლოდ სამიტი ვერ გახდება ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც 2021 წელს პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ საჯარო მმართველობაში დამკვიდრებულ უარყოფით ტენდენციებს მიმართულებას შეუცვლის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გამჭვირვალობის ამაღლებისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცების მიმართულებით. პანდემიური და ეკონომიკური კრიზისებიდან გამომდინარე, მთავრობების უმრავლესობის ძირითადი მიზანი კოვიდ-19-ის შეჩერებისათვის არსებითი ფინანსების მობილიზება იყო. ფინანსების განკარგვის გაზრდილი უფლებამოსილებებისა და ნაკლები გამჭვირვალეობის პირობებში, მთელი რიგი სახელმწიფოების მთავრობების გარსემო აგორდა კორუფციული სკანდალი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საზოგადოების საჯარო პროცესებზე დაკვირვებისა და მონიტორინგის დონე.

 

მომავალი სამიტი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას უფრო გაბედული და მრავალმხრივი გაერთიანებების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით. აუცილებელია ამაღლდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის სურვილი და არსებობდეს შესაბამისი პოლიტიკური ნება. დაგეგმილი ღონისძიება, ღიაობის ვალდებულებების გარშემო გაერთიანებული სახელმწიფოების ჩართულობით, შესაძლებელია გახდეს მამოტივირებელი ძალა დემოკრატიული კრიზისის დაძლევის გზაზე და მოქალაქეთა ჩართულობით, ხელი შეუწყოს ერთობლივი ინოვაციური რეფორმებისა და დღის წესრიგის შემუშავებას. 

 

OGP უკეთ მუშაობს ისეთ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური გაერთიანებები არსებობს. მთავრობები უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ მსგავს გაერთიანებებთან თანამშრომლობის საკითხებს და უზრუნველყონ ანგარიშვალდებულების სტანდარტების დაცვით ინფორმაციის თავისუფლების კუთხით  პრიორიტეტული მიზნების, წესებისა და გამოწვევების შესრულება.

 

სამიტზე განხილულ საკითხებს შორის პრიორიტეტული ადგილი უნდა ეკავოს იმ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მთავრობების ღიაობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ისეთ პროცესებში, სადაც მათ გააჩნიათ როგორც ინტერესი, ისე შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ საჯარო და პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობას. ღია მმართველობა გულისხმობს არა მხოლოდ მთავრობათა გამჭვირვალობის ზრდას, არამედ ისეთი ტიპის მთავრობების ჩამოყალიბებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მოქალაქეებთან და მოქალაქეთა გაერთიანებებთან საერთო გამოწვევების დასაძლევად. შესაბამისად, ინიციატივა უნდა გადავიდეს წევრ სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ერთობლივი სტანდარტების შემუშავების ეტაპზე. COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ გადაუდებელი აუცილებლობის ქვეშ დააყენა დემოკრატიული და ღია მმართველობის ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობის აუცილებლობა. 

 

ინფორმირებულობის ნაკლებობიდან გამომდინარე, მოქალაქეთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა OGP-ის ფარგლებში დაგეგმილ ნებისმიერი რანგის შეხვედრაში და არ სმენია OGP-ის შესახებ. ცნობიერების ამაღლება პირდაპირ უკავშირდება აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, თუმცა, OGP-ის როლი პოლიტიკურ პროცესებში ჯერ კიდევ არ არის საინფორმაციო საშუალებების ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი.  მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია, რომ OGP განვითარდეს ჯანსაღი, პროდუქტიული გზით ადგილობრივ დონეზე, იმ შემთხვევაში, თუ იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება  და მთავრობები ხელს შეუწყობენ მთელი რიგი პოლიტიკური და პირადი ანგარიშვალდებულებების დაკისრების ფორმით მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას OGP-ის პროცესებში.

 

ციფრული უფლებების დაცვა 

 

OGP-ის ვალდებულებების შემუშავებისას ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა მთავრობათა ღიაობისა და მოქალაქეთა პირდაპირი ჩართულობის პროცესების დაჩქარება. თითქმის ყველა რეფორმას გააჩნია ციფრული ელემენტი, იქნება ეს თანამშრომლობის წახალისების მიზნით ტექნოლოგიების გამოყენება, მოქალაქეთა მხრიდან საჯარო სერვისების შესახებ უკუკავშირის ონლაინ მიღება, თუ ღია მმართველობის პრინციპების ონლაინ სივრცეებში დანერგვა. ყოველივე ციფრული სფერო არ უნდა განიხილებოდეს საერთო რეფორმისგან განცალკევებულად. ტექნოლოგიების მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა პანდემიური შეზღუდვები. ცხადი გახდა, რომ ერთი მხრივ აუცილებელია ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის გაძლიერება, ხოლო მეორე მხრივ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისას შესაბამისი დემოკრატიული პრინციპების გამოყენება, რათა მოხდეს ციფრული ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებისგან დაცვა. სამიტი აუცილებლად გახდება მთავარი პლატფორმა ისეთი გაერთიანებების ჩამოყალიბებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ ციფრული უფლებების დაცვასა და მათი განხორციელებისას შესაბამისი დემოკრატიული  პრინციპების დანერგვას.

 

მიუხედავად ყოველივე ზემოხსენებულისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გადაწყვეტილებათა მიმღებებს მოუწევთ ისეთი ციფრული საფრთხეების შესახებ მსჯელობაც, როგორიცაა, დეზინფორმაციის გავრცელება, უკანონო თვალთვალი და მოსმენა, მოქალაქეთა პერსონალურ ინფორმაციაზე თავდასხმა. OGP-ის მოუწევს იპოვოს პასუხი აღნიშნულ პრობლემათა გადასაჭრელად. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მომსწრეა ბევრი მსგავსი მაგალითისა, დაინტერესებულმა მხარეებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ სამოქალაქო თავისუფლების დაცვას ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით უზრუნველყონ კონფიდენციალურობის შენარჩუნება.

 

ღია მმართველობის მნიშვნელობის ზრდა ეროვნულ დონეზე 

 

ღია მმართველობის პარტნიორობა უკვე 10 წელია, რაც არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფოებმა და მოქალაქეებმა უნდა დაინახონ პარტნიორობის წევრობის კონკრეტული შედეგები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებები უნდა იყოს გაზომვადი და მათი ხელმისაწვდომობა გარანტირებული უნდა იყოს მონაცემთა ღიაობის უზრუნველყოფით. კორუფციასთან ბრძოლა და მართლმსაჯულების ღიაობა გარდამტეხი ვალდებულებებია. სამიტმა წინა ფონზე უნდა წამოწიოს ისეთი არსებითი რეფორმები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება მთელ მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ხაზგასასმელია ბრძოლა ელიტურ კორუფციასთან. ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობა არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი, შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინია, რომ სამიტზე მხარეები იმსჯელებენ ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის მნიშვნელობაზე, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების თვალსაზრისით.

 

OGP-ის ვალდებულებები თანხვედრაში უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების შესაძლებლობებთან, რათა მოხდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ისე მარეგულირებელ ორგანოებში. 

 

სინერგიის ზრდა სხვა საერთაშორისო აქტორების ჩართულობით

 

OGP-ს ფუნდამენტური პრინციპების იმპლემენტაცია მხარს უჭერს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პრიორიტეტული მიმართულებების განმტკიცებას. ინიციატივა ასევე ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებას როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე გლობალური მასშტაბით. ასევე, უმნიშვნელოვანესია OGP–ის როლი გლობალური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით: გამჭვირვალეობის სტადარტის ამაღლებისკენ მიმართული ინოვაციური ელექტრონული მექანიზმების დანერგვა ინიციატივის ფარგლებში, ეხმარება კორუფციის რისკების პრევენციასა და აღმოფხვრას.

 

ინიციატივის გლობალური მასშტაბი და სხვა პლატფორმებთან სინერგია OGP-ის განვითარების კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც სამიტის დღის წესრიგში უნდა დადგეს. სინერგიის გაძლიერების მიმართულებით აღებული ვალდებულებები, რეალურად, ზრდის წევრების მხრიდან ამბიციური ინიციატივების წარდგენისა და იმპლემენტაციის შესაძლებლობებს. ამავდროულად, სინერგიის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები გაზრდის სხვა საერთაშორისო პლატფორმებსა და ინიციატივებში სახელმწიფოების ჩართულობის შესაძლებლობასა და აუცილებლობად.

 

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის დეკემბრის გლობალური სამიტი, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისათვის, წარმოადგენს უფრო მეტად წარმატებული 2022 წლის მოლოდინს, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიხატება პოსტ-კოვიდურ სამყაროში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაძლიერებასა და მთავრობების მხრიდან OGP-ის სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში.

 

OGP-ის გლობალური სამიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

 

აღსანიშნავია, რომ მიღწეული წარმატებისა და OGP-ის ფარგლებში გატარებული რეფორმების საფუძველზე, საქართველო ორჯერ აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად - 2014-2016 და 2019-2022 წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ 2017 წელს გადმოიბარა OGP-ის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან და 2018 წლის ივლისში უმასპინძლა ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს.[1] ინიციატივის ფარგლებში მოპოვებული პოზიცია და მიღწეული პროგრესი, ბუნებრივია, უნდა გამხდარიყო უფრო ამბიციური ვალდებულებების აღებისა და ღიაობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების საფუძველი.

 

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ OGP-ის გლობალურ პლატფორმაზე გაწევრიანდებიდან მოყოლებული, საქართველო გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, როგორც სამთავრობო, ისე საკანონმდებლო და ადგილობრივ დონეზე, 2018 წლიდან დაიწყო ღია მმართველობის პროცესის ცხადი კრიზისი. 2018 წლიდან დღემდე, პოზიტიური ცვლილებად შეგვიძლია განვიხილოთ მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე დაფუძნებული ახალი ფორმატის – ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება და ღია მმართველობის პროცესის მაკოორდინებელ უწყებად მთავრობის ადმინისტრაციის განსაზღვრა. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ღია მმართველობის პროცესი საქართველოში თითქმის შეჩერებულია. საქართველომ ჩააგდო სამოქმედო გეგმის სრული ციკლი და ორი წელია ქვეყანას OGP-ის ფარგლებში არცერთი რეფორმა არ დაუგეგმავს და არ განუხორციელებია.[2]

 

შედეგად, საქართველოს მთავრობის უმოქმედობიდან გამომდინარე, ქვეყნის OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობის პირობებში, უხეშად ირღვევა როგორც ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებულ პრინციპები, ისე OGP-ის ღირებულებები. სამწუხაროა, რომ შეჩერებული პროცესი უარყოფითად აისახება საქართველოს, როგორც მმართველი კომიტეტის წევრის რეპუტაციაზე, რამდენადაც 2021 წლის 13-17 დეკემბერს დაგეგმილ ღია მმართველობის სამიტზე საქართველო ვერაფრით წარსდგება.

 

ვიმედოვნებთ, OGP-ის 2021 წლის გლობალურ სამიტზე განხილული ახალი სტანდარტები სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობასთან, აქტიურობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებით, გახდება ქვეყანაში ღია მმართველობის პროცესის აღდგენისა და კრიზისის დაძლევის საფუძველი. 

 

____

 

[1] იხ. IDFI-ს სტატია „სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში“, https://idfi.ge/ge/regress-of-the-government-of-georgia-towards-implementation-of-ogp-principles

[2] იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეჩერებული პროცესი საქართველოში, https://idfi.ge/ge/ngos_joint_statement_937352

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024