OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 მარტი 2016

1 მარტს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ფინანსური თანადგომით, გაიმართა ვებ-კონფერენცია თემაზე ,,OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება“.


ვებ-კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: აბინავ ბალი, OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი და შრეია ბასუ, OGP-ის რეგიონალური კოორდინატორი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მათ განიხილეს ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ფორმატი, პროცესი და შინაარსობრივი მხარე, რათა სახელმწიფოებმა სწორი დაგეგმარებით შეძლონ უფრო მაღალი ხარისხის სამოქმედო გეგმების შემუშავება.


2016 წელს, 30 ივნისამდე 51 სახელმწიფო (საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ბულგარეთ, კანადა, კაბო ვერდეს რესპუბლიკა, ჩილე, კოტ დ ‘ივუარი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, დომინიკის რესპუბლიკა, სალვადორი, ესტონეთი, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონდურასი, ინდონეზია, ირლანდია, იტალია, იორდანია, ჯენია, ლიტვა, მაკედონია, მალავი, მექსიკა, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პარაგვაი, რუმინეთი, სერბეთი, სიერა ლეონე, ტანზანია, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ურუგვაი) შეიმუშავებს ახალ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო გეგმების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფოებს მაისში შეუძლიათ სამუშაო ვერსიის წარდგენა. ახალი სამოქმედო გეგმების განხორციელება 1 ივლისიდან დაიწყება.


ვებ-კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ სამოქმედო გეგმის ფორმატისა და სტრუქტურის განსასაზღვრად OGP-ის აქვს გზამკვლევი შემუშავებული და მასში შესულია, როგორც სამოქმედო გეგმის ნიმუშები, გზამკვლევი, კალენდარი, ისე სხვადასხვა სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკა და მაგალითები.


სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილონ ინოვაციური გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ადეკვატურად პასუხობს არსებულ პრობლემებს და შედეგად არის: ამბიციური (არ არის კონცენტრირებული სახელმწიფოში უკვე მიმდინარე პროექტებსა და რეფორმებზე), ასახავს საზოგადოების მოთხოვნას და რელევანტური (ემყარება OGP-ის სამ ძირითად ღირებულებას: გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამოქალაქო ჩართულობას).


ვებ-კონფერენციაზე OGP-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სამოქმედო გეგმის ვალდებულებების ხარისხს და აღნიშნეს, რომ სწორედ ხარისხი და არა რაოდენობა უნდა იყოს, სახელმწიფოებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ორიენტირი. სასურველია სამოქმედო გეგმა 5-დან 15 ვალდებულებით შედგებოდეს, თუმცა ეხებოდეს სახელმწიფოში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს და ანაწილებდეს პასუხისმგებლობას სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებზე. სამოქმედო გეგმა უნდა იყოს მარტივი ენით დაწერილი და შედეგზე ორიენტირებული.


მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ვალდებულებების შემუშავების პროცესში ე.წ. SMART პრინციპის გამოყენებაზე, რათა ვალდებულებები იყოს კონკრეტული, გაზომვადი, პასუხობდეს პრობლემებს, რელევანტური და განსაზღვრულ დროში შესრულებადი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული პირები შემოქმედებითად მიუდგნენ გეგმის შემუშავებას და იფიქრონ გლობალურად, მაგალითად, როგორ უკავშირდება ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემები საერთაშორისო საკითხებს, როგორ შეიძლება ეროვნული სამოქმედო გეგმა გამოიყენონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობის პროცესში და სხვა.


სასურველია სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სახელმწიფოებმა OGP-ის სხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითებს გადახედონ. 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმებში არსებული 328 ვალდებულებიდან მცირე რაოდენობაა (22 ვალდებულება) მაღალი ხარისხის, რომელიც OGP-ში “Starred Commitment”-ად (რჩეულ ვალდებულებად) იწოდება. ამგვარ რჩეულ ვალდებულებებს შორის მოხვდა საქართველოს ინიციატივა პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.


ასევე, რჩეული ვალდებულებაა უკრაინის ინიციატივა, რომელიც კომუნისტური ეპოქის არქივებზე ხელმისაწვდომობის დარეგულირებას ისახავს მიზნად. (საქართველოში კომუნისტური ეპოქის არქივებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 საქართველოს სამოქმედო გეგმით პასუხისმგებლობა აიღო მსგავსი დოკუმენტების დახარისხებასა და გამოქვეყნებაზე. სამოქმედო გეგმაში ,,ვალდებულება 24: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის შექმნა და გამოქვეყნება," რომლის ინიციატორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მითითებულია, რომ არქივებისადმი მაღალი საზოგადოებრივი და სამეცნიერო ინტერესის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა აიღო ზემოთ ხსენებული ვალდებულება, რათა მოეხდინა ყოფილი უშიშროების კომიტეტში დაცული დოკუმენტების დახარისხება თანამედროვე კატალოგიზაციის სისტემით).


სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მთავარია მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მთავრობა არა მხოლოდ კონსულტაციებს უნდა მართავდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან, არამედ რეალურად უნდა თანამშრომლობდეს და ერთიანი ძალებით უნდა ახდენდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებას. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მუდმივი დიალოგის პლატფორმას უნდა ემყარებოდეს და ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მიერ იყოს მართული. ამგვარი მიდგომის გამოყენების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა აუცილებლად იქნება რელევანტური და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი. ასევე, რეკომენდირებულია რომ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული, რათა ეფექტიანად მოხდეს სამოქმედო გეგმის განხორციელების ადვოკატირება.


მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ OGP-ში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა სამოქმედო გეგმის შემუშავებით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ გაგრძელდეს განხორციელების ეტაპზეც. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა ადგილობრივ დონეზე დანერგონ საჭირო მექანიზმები. მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად ვებ-კონფერენციაზე საქართველო დასახელდა, კერძოდ, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი. ფორუმი საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული და მისი უფლებამოსილებაა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და იმპლემენტაციის მონიტორინგი. ფორუმის თანათავმჯდომარეები არიან იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.


შრეია ბასუმ აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი კარგად გამოიყენა და მნიშვნელოვნად გააძლიერა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი. ვებ-კონფერენციაზე საქართველოს სამოქმედო გეგმაც განათავსეს მომხსენებლებმა და სახელმწიფოებს ურჩიეს დაუკავშირდნენ საქართველოს და გამოიყენონ მათი რეკომენდაცია, რათა ეფექტიანად დანერგონ მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების კომუნიკაციის მექანიზმები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024