ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს საჯარო დაწესებულებებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციული რისკის მქონე უწყებაა, რომელიც ყოველწლიურად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს. კორუფციული რისკების შემცირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა და მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსის რაციონალური ხარჯვა.
წინამდებარე სტატიაში ჩვენს მიერ მიმოხილულია ქალაქ თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების მიერ, 2023 წლიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით, გზების შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელს შპს პარმა წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია 2003 წლის 12 ნოემბერსაა რეგისტრირებული და ამ მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან კომპანიის დირექტორი დავით თოფურიაა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრია.
სახელმწიფო ტენდერების პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრიდან, 2025 წლის მარტის ბოლომდე პერიოდში შპს პარმამ ქალაქ თბილისის მერიისა და თბილისის სხვადასხვა გამგეობის გამოცხადებულ 42 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 17 თბილისის მერიის მიერ იყო გამოცხადებული.
ამ პერიოდში შპს პარმასთან ქალაქ თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების მიერ დადებულია ჯამურად 62 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ხელშეკრულება. გარდა ტენდერებისა, დამატებით 2024 წლის 17 იანვარს შპს პარმასთან მერიის მიერ გაფორმებულია 5,611,283 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება #CMR240007530, რომელიც ტენდერის გარეშე გაფორმდა შპს პარმასთან, მას შემდეგ რაც მანამდე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დროულად ვერ დაასრულეს წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მერიამ მათთან ხელშეკრულება გაწყვიტა. აღნიშნული გამარტივებული შესყიდვა ითვალისწინებდა ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ (15 თებერვალს, 14 მარტს და 29 მარტს) შევიდა, რომელთა შედეგად სახელშეკრულებო ღირებულება 3,4 მილიონ ლარამდე შემცირდა, თუმცა განახლებული ხელშეკრულებით განისაზღვრა მნიშვნელოვნად განსხვავებული სამუშაოები. მაგალითად, განახლებულ ხარჯთაღრიცხვაში ვხვდებით დაახლოებით 750 ათასი ლარის ღირებულების ახალი სამუშაოების ჩამონათვალს, რომელთა განფასება გაკეთდა შპს „რეალექსპერტის“ ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე. თავდაპირველი ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, რომლის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა გასცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
შპს პარმას მოგებული ტენდერების დოკუმენტაციის შესწავლითაც ირკვევა, რომ ხელშეკრულებების მნიშვნელოვან რაოდენობაში სამუშაოების დაწყების შემდეგ შევიდა ცვლილებები. მაგალითად, ამ პერიოდში, შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 2023 წლის 17 მარტს გზების კაპიტალურ შეკეთებაზე გაფორმებული 5.1 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2023 წლის 11 ოქტომბერს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 509,581 ლარით (+10%-მდე). აღნიშნული ზრდა არ აჭარბებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ხელშეკრულების ფასის ზრდის 10%-იან ზღვარს, თუმცა ცვლილება დაკავშირებულია სრულიად ახალი 509,581ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარებასთან, რაც არ გამორიცხავს ახალი ტენდერის გამოცხადების შესაძლებლობას. ამ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით ასევე მნიშვნელოვნად დაკორექტირდა თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვის ნუსხა და სამუშაო მოცულობები.
2023 წლის 16 ნოემბერს შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებულ 3,759,930 ლარიანი ტენდერის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 255,507 ლარით. ასევე, მნიშვნელოვნად დაკორექტირდა თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვა, სადაც 109 განსხვავებული სამუშაო პოზიციიდან, თანხები 29 პოზიციაზე გადანაწილდა.
საინტერესოა თბილისის მერიის მიერ 2024 წლის 10 ივლისს გამოცხადებული ტენდერი თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესახებ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ ლარამდე იყო და მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. შემსყიდველისთვის წარდგენილი შეთავაზებები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
შპს პარმა ერთადერთია, რომელმაც ორი შეთავაზება წარადგინა და მეორე შემთხვევაში შეამცირა პირველ ჯერზე წარდგენილი თანხა, რითაც მოიპოვა უპირატესობა და გახდა გამარჯვებული. კომპანიას ხელშეკრულება 2024 წლის 21 აგვისტოს სწორედ 2,689,022 ლარზე გაუფორმდა. თუმცა მოგვიანებით, 2024 წლის 4 და 30 დეკემბერს ხელშეკრულებაში სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებული ცვლილებები შევიდა, რითაც საბოლოო, კორექტირებულმა თანხამ 2,950,246 ლარი შეადგინა და მკვეთრად გადააჭარბა შპს პარმას ორივე კონკურენტის მიერ შეთავაზებულ თანხას.
გარდა თბილისის მერიისა, შპს პარმა ასევე აქტიურად იგებს ქალაქ თბილისის რაიონული გამგეობების ტენდერებსაც. 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გამოცხადებულ 25 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 16-ში კონკურენტი არ ჰყოლია. თბილისის მერიის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ხშირია შემთხვევები როდესაც სამუშაოების დაწყების შემდეგ ხელშეკრულებაში შედის ცვლილებები და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია კორექტირდება.
ქალაქ თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების მიერ გზების შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერების ანალიზი აჩვენებს რომ, ხშირია შემთხვევები როდესაც სოლიდური ღირებულების სამუშაოების შესყიდვა ხორციელდება სათანადო კონკურენციის არარსებობის პირობებში. შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების სიმრავლე, ასევე სამუშაოების დაწყების შემდეგ ხელშეკრულების და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში შესული მასშტაბური ცვლილებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს კონკრეტული ტენდერების სამართლიან წარმართვასთან დაკავშირებით. მხოლოდ აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილ 42 შესყიდვაში, შპს პარმას 62 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გაუფორმდა, აქედან 27 შემთხვევაში ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო, პრეტენდენტთა საშუალო რაოდენობა კი შესწავლილ ტენდერებში 1,7-ია.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შპს პარმამ ხელშეკრულებების ცვლილების შედეგად ჯამში 2023 წლიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით 1 მილიონ 850 ათას ლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღო.
კონკურენცია საჯარო შესყიდვების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომლის მიზანია სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველყოფა. კონკურენცია ზრდის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ფასთა კლებისა და ბიუჯეტის დაზოგვის შესაძლებლობას, ამასთან, კონკურენციის არსებობა მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად სამართლიანი და რეალისტური პირობებითაა შედგენილი სატენდერო წინადადება.
კორუფციული რისკების კუთხით საყურადღებო გარემოებად ითვლება უკვე დადებული ხელშეკრულების შემდგომ სახელშეკრულებო თანხის ან შესრულების ვადების ცვლილება, რაც ასევე სამართლიან კონკურენციას უკავშირდება.
კერძოდ, თუ პრეტენდენტის შეთავაზება ყველაზე დაბალ ფასს წარუდგენს შემსყიდველს, ამით უპირატესობას იღებს სხვა პრეტენდენტებთან და იმარჯვებს ტენდერში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი მასში ცვლილება შედის, რომელიც სახელშეკრულებო თანხას მნიშვნელოვნად ზრდის, რიგ შემთხვევებში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასსაც აღემატება, სხვა მონაწილეებისათვის სამართლიანი კონკურენციის პრინციპი დარღვეულია. ასეთი გარემოებები აჩენს ეჭვს, შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობაზე.
მეორე მხრივ, თუ შესყიდვაში გამარჯვებულის გარდა სხვა პრეტენდენტი არ მონაწილეობს, ხელშეკრულების თანხის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესების დაზარალებასთან და შესაძლოა მიუთითებდეს ტენდერის არასწორ მენეჯმენტსა და სატენდერო წინადადების ხარვეზით მომზადებაზე.