მუნიციპალიტეტების მიერ საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვის პრაქტიკა

სიახლეები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 28 დეკემბერი 2022

2022 წლის 13 ოქტომბერს ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა. რეკონსტრუქციის შემდეგ გახსნილ შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია და მრავალი კითხვა გააჩინა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა თუ შესრულებული სამუშაოების კონტროლის და მათზე ზედამხედველობისა პრაქტიკასთან დაკავშირებით.

 

2022 წლის აპრილში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის აუდიტის ანგარიში (აღსანიშნავია, რომ ანგარიში არ მოიცავს თბილისის მერიის მონაცემებს). დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა არ უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო ხარისხიანად განხორციელებას. არ არსებობს მექანიზმი თავად მუნიციპალიტეტების მიერ საზედამხედველო კომპანიების მონიტორინგისათვის. ამასთან, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიები წარადგენენ გამოცდილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას, ხოლო მოგვიანებით, აღნიშნული პირების დიდი ნაწილი, რეალურად არ ასრულებს სამუშაოებს. შესაბამისად, ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი, რომ ზედამხედველობა შესაძლოა არ განხორციელებულა კვალიფიციური კადრების მიერ. 

 

მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აბაშის მუნიციპალიტეტისა, ერთნაირი პრინციპით და იდენტური ხელშეკრულებებით ახორციელებდნენ ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვას. თვითმმართველობებმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რა ობიექტური საჭიროებებით არის განპირობებული ყველა, 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროექტის მონიტორინგის მომსახურების შესყიდვა. აღსანიშნავია ასევე, რომ მერიებს არ აქვთ შემუშავებული სათანადო კონტროლის სისტემა იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად ხარისხიანად ასრულებენ ზედამხედველი კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში არ მოიცავს თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის შესახებ ინფორმაციას, IDFI-მ მერიიდან გამოითხოვა აუდიტის წლებში მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის შესახებ ინფორმაცია. მიღებული დოკუმენტაციის თანახმად ჩანს, რომ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია’’, რაც ნიშნავს, რომ ზედამხედველობის განხორციელებისათვის მერია არ ქირაობს გარე კომპანიას. რაც შეეხება თავად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო მომსახურების შესყიდვის მიმართულებით ჯამურად 2018-2021 წლებში 353 მლნ. ლარამდე ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდო. ამასთან, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ლაბორატორიამ აღნიშნული სამსახურის მიერ განხორციელებულ მხოლოდ 3 პროექტს გაუწია ზედამხედველობა, ესენია: ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ვარკეთილის ხევის მოწყობა. სხვა პროექტების შემთხვევაში კი ზედამხედველობას თავად შემსრულებლის მიერ დაქირავებული კომპანიები ახორციელებდნენ. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს თავად მომწოდებლის მიერ დამატებით საზედამხედველო კომპანიის დაქირავებას. მსგავსი ქვეკონტრაქტების რაოდენობასა და ღირებულებასთან დაკავშირებით თბილისის მერიას მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოუწოდებია. ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ზედამხედველობა განახორციელა როგორც მუნიციპალურმა ლაბორატორიამ, ისე შემსრულებელი კომპანიის (შპს გრინსერვის +) მიერ დაქირავებულმა საზედამხედველო კომპანია შპს „მშენ-ექსპერტმაც“.

 

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას, ის თბილისის მერიის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს მერიის სხვადასხვა სამსახურების დაკვეთით საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა, ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა. ასევე, ასფალტის, ბეტონის და ქვაფენილის საფარიანი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა, ასფალტ-ბეტონის ლაბორატორიული კვლევა, ავარიული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა (ვიზუალური დაკვირვების მეთოდი) და დასკვნების მომზადება, საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის და დასკვნების მომზადების მომსახურება. 2022 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნდა სტუდია მონიტორის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც ლაბორატორიის ხელმძღვანელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების მიხედვით, მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები სხვადასხვა დროს დასაქმებულები იყვნენ და არიან იმავე ფუნქციების მქონე კერძო კომპანიებში, ზოგიერთი მათგანი კი მმართველ თანამდებობებზე.

 

IDFI-მ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2021 წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის შესყიდული საზედამხედველო მომსახურების შესახებ. 63 მუნიციპალიტეტიდან და თვითმმართველი ქალაქიდან პასუხი 13-მა მათგანმა არ მოგვაწოდა (ხაშური, ყვარელი, საგარეჯო, მესტია, მარნეული, კასპი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ბორჯომი, ბოლნისი, ახმეტა, აბაშა). იმ 49 მუნიციპალიტეტიდან კი, რომლებმაც IDFI-ის ინფორმაცია მიაწოდეს, 15 მათგანის შემთხვევაში მონაცემები სრულყოფილი არ არის (ბათუმი, დმანისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თიანეთი, ლაგოდეხი, ლენტეხი, მარტვილი, ოზურგეთი, სამტრედია, სიღნაღი, ქუთაისი, შუახევი, ცაგერი, ხობი).  IDFI-მ დაამუშავა მიღებული ინფორმაცია, შეისწავლა ზედამხედველი კომპანიები და მათი დაქირავებისა და შესრულებული სამუშაოების პრაქტიკა. მიღებული პასუხებიდან რამდენიმე მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ მოუწოდებია, მათ შორის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, პრაქტიკა ცალსახად არაერთგვაროვანია. კერძოდ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საზედამხედველო მომსახურება საერთოდ არაა შესყიდული (მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მსგავსი შესყიდვა არ განუხორციელებია), ზოგ მუნიციპალიტეტში კი რამდენიმე კომპანიისგან  ხდება მსგავსი მომსახურების შესყიდვა. 

 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ძირითადი კომპანიები და მათთვის ანაზღაურებული თანხები შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

მუნიციპალიტეტებში 2021 წელსაც საზედამხედველო სამუშაოებისათვის უმეტესად ერთიდაიგივე კომპანიების დაქირავების პრაქტიკა აღინიშნება. რამდენიმე კომპანია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება, როგორც აღნიშნული მომსახურების შემსრულებელი არის შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი”, შპს “მშენექსპერტი”, შპს “რეალექსპერტი”, შპს “ქრიზოლითი +” და ა.შ. ძირითადი კომპანიების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდი თანხა მუნიციპალიტეტების მხრიდან კონცენტრირებულია ერთ კომპანიასთან - “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი”. ტენდერების მონიტორის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას ჯამურად 12 მილიონამდე ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული. ზედამხედველობის მომსახურება 2021 წლისთვის აღნიშნული კომპანიისგან შეისყიდეს თელავის, თერჯოლის, საჩხერის, ვანის, ბაღდათის, სიღნაღის, ქუთაისის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებმა. კომპანიის მფლობელებსა და მმართველებში არ ფიქსირდება მმართველი პარტიის შემომწირველი ან ხელისუფლებასთან სხვა გზით დაკავშირებული პირების ინტერესები. 

 

შპს მშენ-ექსპერტს ტენდერების მონიტორის მიხედვით, 1,7 მილიონამდე ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული და 900 ათას ლარამდე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები. სწორედ აღნიშული კომპანია იყო თბილისის მერიის მიერ ვაკის პარკში განხორციელებული შადრევნის რეაბილიტაციის ერთ-ერთი ზედამხედველი. ამ ეტაპზე კომპანიას გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. მხოლოდ 2021 წელს დუშეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში 50,000 ლარზე მეტი ღირებულების ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე აღნიშნულ კომპანიას აქვს დასკვნა გაცემული. მაგალითისათვის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მშენექსპერტს 16 პროექტზე აქვს დასკვნა გაცემული, მცხეთაში 9 პროექტზე, დუშეთში კი - 11 პროექტზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურები იმ ობიექტების ინსპექტირებას იწყებენ, რომლებზეც დასკვნა „მშენექსპერტს“ აქვს გაცემული. 

 

კომპანია “ქრიზოლითი +”-ის 75%-იან წილს ვანის ყოფილი გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი, მურად ახვლედიანი ფლობს, დარჩენილ 25%-იან წილს კი მისი შვილიშვილი, ნინო ახვლედიანი. არც ერთი მათგანი პოლიტიკური შემომწირველი არ არის. მურად ახვლედიანი აღნიშნულ თანამდებობას 2014 წელს იკავებდა. მისი კომპანიაც სწორედ 2014 წელს დაფუძნდა. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, ძირითადი შემსყიდველი კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტია. 

 

შპს რეალექსპერტის 10%-იანი წილის მფლობელი ცნობილი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილია. კომპანიას 2021 წელს 750,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობაში.

 

შპს ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინმა 2021 წელს 557 ათას ლარზე მეტი მიიღო. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება 1.5 მლნ ლარამდეა. კომპანია 2009 წელსაა დაფუძნებული და ტენდერებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიის დამფუძნებელი და ერთადერთი მეწილე ოთარ კერვალიშვილია. ის არ არის მმართველი პარტიის შემომწირველი ან რაიმე სხვა გზით დაკავშირებული ხელისუფლებასთან, თუმცა თავად კომპანიას, როგორც იურიდიულ პირს მმართველი პარტიისათვის 2021 წელს 5,000 ლარი აქვს შეწირული.

 

შპს ზიასი და კომპანია 2016 წელს დაფუძნდა და კვლავ იგივე მეწილე - ზაირა ფრუიძე - ჰყავს. 2021 წელს კომპანიას 400,000 ლარამდე აქვს მიღებული ლენტეხის, ტყიბულის, ქედის, ჩოხატაურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისგან. 

 

შპს “ოპტიმალ გრუპ +”-მა აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება - 9.6 მილიონამდე მიიღო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. 2021 წლის მონაცემებით კი კომპანია მხოლოდ წალკის მუნიციპალიტეტმა დაიქირავა და 173 ათასი ლარის მომსახურება დაუკვეთა. 

 

კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა ზაზა კვიციანი (10%), რომელიც 2021 წლის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო. კვიციანს საკუთარი წილის მართვა დათმობილი აქვს გიორგი შიოლაშვილისთვის. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ხელშეკრულებების სავარაუდო ჯამური ღირებულება 9 მლნ ლარამდეა, ძირითადი შემსყიდველი კი შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიაა. 

 

კომპანია შპს ,,ექსპერტჰაუსმა” 2021 წელს მხოლოდ 16,000 ლარამდე მიიღო ფოთის მუნიციპალიტეტისგან, თუმცა აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ჯამურად 2 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული.  კომპანიის ორი მეწილე კახაბერ გამისონია (32%) და მურად ჯობავა (5%) მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. კერძოდ, გამისონიამ ქართულ ოცნებას 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა, ხოლო ჯობავამ 2014, 2016 და 2017 წლებში ჯამურად 47,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა. კომპანიის 43%-იან წილს ოთარ ჯაფარიძე ფლობს, რომელიც ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პარტიული სიით პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილია. ჯაფარიძე ორჯერი იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატიც. მისი და მისი ოჯახის წევრები არაერთ კომპანიაში ფლობენ წილებს და იღებენ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსაც. ტენდერების მონიტორის მიხედვით, შპს “ექსპერტჰაუსის” მიერ მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 1.3 მილიონი ლარია. 

 

აღსანიშნავია, რომ დიდია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა, რომლებზეც არ მომხდარა საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა. მაგალითად, ხელვაჩაურის, ზუგდიდისა და ხონის მუნიციპალიტეტების პასუხების მიხედვით, საზედამხედველო მომსახურება 2021 წელს საერთოდ არ შეუსყიდიათ. ამასთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც მსგავსი მომსახურება 50,000 ლარზე მეტის ღირებულების პროექტებზე ჰქონდა შესყიდული, რვავე პროექტი, რომელზეც ზედამხედველობა არ განხორციელდა აჭარბებდა 50,000 ლარს. იმ მუნიციპალიტეტების მონაცემების მიხედვით, რომლებმაც ინფორმაცია სრულყოფილად წარმოადგინეს, ჯამურად ზედამხედველობა 50,000 ლარზე მეტი ღირებულების 817 პროექტზე განხორციელდა. ჩაშლილი ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც ზედამხედველობა არ განხორცილებულა, ბევრად ნაკლებმა მუნიციპალიტეტმა გაასაჯაროვა, თუმცა მიღებული მონაცემების თანახმად, ასეთი პროექტების ჯამურმა რაოდენობამ 2021 წელს 1,205-ს მიაღწია.

 

პრაქტიკა აქაც არაერთგვაროვანია, კერძოდ, ზოგ შემთხვევაში ასეთი პროექტების ღირებულება 50,000 ლარს არ სცდება, ზოგ მუნიციპალიტეტში კი 100,000 ლარსაც აჭარბებს. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პროექტი საზედამხედველო კომპანიების მიერ არ მოწმდება, დარღვევების მონიტორინგი და გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმების დაკისრება მაინც ხდება. 

 

მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2021 წელს შპს „ამაპოლასთან” გაფორმებული ხელშეკრულება შენობის დემონტაჟთან და ღობის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით არ მოხვდა ზედამხედველობის მომსახურების ჩამონათვალში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება 100,000 ლარს აჭარბებდა. მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია მაინც 9,150 ლარით დაჯარიმდა. ასევე დაჯარიმდა ინდივიდუალური მეწარმე ვასილ ივანიძე, რომელიც ერთ-ერთ სოფელში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნული ხელშეკრულება 198,500 ლარის ღირებულების იყო, მიუხედავად ამისა, მასზე ზედამხედველობა არ განხორციელებულა, ინდ.მეწარმე კი 3,970 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ფაქტები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს თავადაც აქვს მონიტორინგის შიდა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც გარე კომპანიის დაქირავების გარეშე ახერხებს დარღვევების გამოვლენას. თუმცა, მოწოდებული ინფორმაციიდან არ ჩანს, თუ რა სახის დარღვევების გამო დაჯარიმდნენ შემსრულებელი კომპანიები.

 

თელავის მუნიციპალიტეტში 45 ინფრასტრუქტურული პროექტიდან, რომლებზეც ზედამხედველობა არ განხორციელდა არც ერთი იყო 50,000 ლარზე მეტი ღირებულებისა. 

 

საინტერესოა ოზურგეთის მერიის მაგალითი, სადაც 50,000 ლარზე ნაკლები ღირებულების სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება არ განხორციელებულა, თუმცა მსგავს პროექტებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. კერძოდ, სახელშეკრულებო მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ საბოლოო ანგარიშსწორება მოხდებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.

 

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშების წარდგენის საშუალო პერიოდი 1 კვირაა, ძირითად დარღვევებად კი გეგმა-გრაფიკის დარღვევა ფიქსირდება. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტში 2021 წელს ზედამხედველობისას გამოვლენილი 70 შემთხვევიდან მხოლოდ ორის საფუძველია პროექტთან შეუსაბამობა, 68-ის კი  გეგმა-გრაფიკის დარღვევა.



შეჯამება

 

როგორც აუდიტის ანგარიშისა და IDFI-ის მიერ მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისათვის 2019-2021 წლებში მუნიციპალიტეტები ძირითადად ერთი და იმავე კომპანიებს ქირაობდნენ და ფაქტობრივად არცერთ წელს ბაზარზე ახალი მოთამაშეები არ ჩანან. 

 

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კომპანიების მომსახურება ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს შესაბამის სტანდარტებს და მათი ზედამხედველობით შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილია მრავალი ხარვეზი. ამასთან, აუდიტი მიუთითებს, რომ მსგავსი კომპანიების დაქირავების შემდეგ, თავად მუნიციპალიტეტები სამუშაოების მონიტორინგს არ ახდენენ, რაც ხელს უწყობს საბოლოო შედეგის დაბალ ხარისხს. მსგავსი გართულებების აღმოსაფხვრელად, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა მუნიციპალიტეტებმა დანერგონ დამატებითი კონტროლის მექანიზმები. 

 

ამავე დასკვნის მიხედვით, 7 მლნ ლარზე მეტის ღირებულების განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოა და ხშირ შემთხვევაში შემსრულებლებისათვის ვადები დაუსაბუთებლად არის გადაწეული. გარდა შიდა მუნიციპალური კონტროლის მექანიზმისა, მნიშვნელოვანია, საზედამხედველო კომპანიების სწორად შერჩევა, რისთვისაც შესაძლოა დამატებითი ხელშემწყობი გარემოება იყოს ბაზრის კვლევის ჩატარება. ამასთან, საზედამხედველო კომპანიების მოვალეობების დეტალური და ნათელი გაწერა და შესაბამისი კონტროლი, გააუმჯობესებს მათი მხრიდან შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფუნქციურ ჩართულობას. 

 

როგორც აუდიტის ანგარიშშია ხაზგასმული, არის შემთხვევები, როცა საზედამხედველო კომპანია საკუთარი თანამშრომლების სხვა მონაცემებს წარუდგენს შემსყიდველს, რეალურად კი ისინი არ საქმდებიან შესაბამის ობიექტებზე, რაც აჩენს ეჭვს, რომ აღნიშნული თანამშრომლები ფორმალურად არიან გაფორმებულნი კომპანიებში, რათა მოთხოვნილი გამოცდილების კომპონენტი დააკმაყოფილონ. მსგავსი ფაქტების მიმართ შემსყიდველი მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება და სანქცირება, ასევე, შეფასების ეტაპზე კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დეტალური შემოწმება, შეამცირებს საზედამხედველო კომპანიების მხრიდან მსგავს დარღვევებს.

 

მუნიციპალიტეტებში საზედამხედველო კომპანიების დაქირავების არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მათი მომსახურება ფორმალურ ხასიათს ატარებს, რაც ზრდის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების რისკებს. შესაბამისად, აუდიტის სამსახურისა და IDFI-ის რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს უკეთესი პრაქტიკის დამკვიდრებას და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფას. ამავე დროს, თბილისში დატრიალებული ტრაგედია, დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის სრული აუდიტის ჩატარების აუცილებლობას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023