2022 წლის 3 ოქტომბერს, ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ სცადა გაესაჯაროებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაგაულში სოციალური შემწეობის თანხებს ადგილობრივი მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები იღებენ, თუმცა ფაქტს ხმაური მოჰყვა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენელი სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მოგვიანებით, პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის შვილებისათვის სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, თავად თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება 3,000 ლარს აღემატება, ამასთან მისი მეუღლეც მერიაშია დასაქმებული. კიკნაძის მიერ ბოლოს შევსებულ თანამდებობის პირის დეკლარაციაში მას საკუთარი ანაზღაურება არ აქვს მითითებული. თუმცა ამ დოკუმენტის მიხედვით, მისი მეუღლე დადასტურებულად არის დასაქმებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსისტად. საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, დავით კიკნაძემ გასულ წელს მმართველ პარტიას 5,000 ლარიც შესწირა.
აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე, 2022 წლის აპრილში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაიცა მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნდათ. მუნიციპალიტეტში დასაქმებულები დახმარებას უმეტესად საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით ითხოვდნენ, თუმცა განცხადებების უმეტესობას არ ერთვოდა შესაბამისი დოკუმენტაცია (ცნობა, ხარჯების კალკულაცია, ა.შ.). დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თითოეულ მოთხოვნაზე გასაცემი თანხის მოცულობას ადგენს ქალაქის მერი, თუმცა აუდიტის დასკვნის მიხედვით, გაურკვეველია რა კრიტერიუმებით ხდება თანხების დადგენა. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს 20 მოსამსახურეზე და 2020 წელს 22 მოსამსახურეზე წლის განმავლობაში სოციალური დახმარება ორჯერ და მეტჯერ გაიცა, ამასთან იმავე წლებში 158 შემთხვევაში ერთსა და იმავე საჯარო მოსამსახურეზე გაიცა როგორც ფულადი ჯილდო, ისე სოციალური დახმარება.
ამავე წლებში ქუთაისში სოციალური დახმარებები გაცემულია მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიებისა და ფრაქციების თამჯდომარეებზე და ა.შ. კერძოდ, 2019 წელს 11 თანამდებობის პირზე გაიცა სოციალური დახმარება, 2020 წელს კი 17 მათგანზე დახმარება გაცემულია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
აუდიტის სამსახური თვლის, რომ არსებობს მაღალი რისკი, რომ აღნიშნული თანხები ფაქტობრივად დასაქმებულთა ფინანსური წახალისებაა და არა სოციალური დახმარება.
IDFI-მ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა 2019-2021 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მერიის თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებების ჩამონათვალი (სოციალური დახმარების გაცემის თარიღი, მისი მიზნობრიობა და თანხა) თანამდებობის პირების შემთხვევაში სახელის და გვარის მითითებით. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, სოციალური უზრუნველყოფა არის ტრანსფერი ფულადი ან სასაქონლო ფორმით, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის სოციალური რისკებისგან დაცვის მიზნით. სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, ასევე, ითვალისწინებს დამქირავებლის მიერ დასაქმებულზე გადახდილ სოციალურ ტრანსფერებსაც[1]. ასეთი დახმარებები მოიცავს სამედიცინო და სოციალურ კატეგორიას. როგორც წესი, სამედიცინო კატეგორიაში თანხები გაიცემა ოპერაციების, მედიკამენტების, გამოკვლევების, ქრონიკული ავადმყოფობების საჭიროებების, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების ხარჯების ანაზღაურებისათვის. სოციალურ კატეგორიაში მოიაზრება: შშმ პირის ფულადი დახმარება/გამოკვლევა, მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, ახალშობილზე ოჯახის დახმარება, მარჩენალდაკარგულთა სოციალური პროგრამა, მარტოხელა მშობლის სტატუსის დახმარება.
სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით IDFI-ს ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა 26-მა მუნიციპალიტეტმა, ხოლო 5-მა უარი განაცხადა მის გასაჯაროებაზე პერსონალური მონაცემების დაფარვის მოტივით. IDFI-ს ინფორმაცია არ მიაწოდა, მათ შორის, ქუთაისის მუნიციპალიტეტმაც, რომლის დარღვევებზეც წერდა აუდიტის სამსახური და ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, რომელსაც უკავშირდება ოქტომბრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია. 12-მა მუნიციპალიტეტმა განმარტა რომ 2019-2021 წლებში სოციალური დახმარება თანამშრომლებზე საერთოდ არ გაუცია.
დარჩენილ 20 მუნიციპალიტეტში საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული სოციალური დახმარებები წლების მიხედვით ჯამურად შემდეგნაირად განაწილდა:
20 მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით, თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, 2021 წელს 2019 წელთან შედარებით კი 17 ათას ლარზე მეტით გაიზარდა. ამასთან, 2019 წელს სოციალური დახმარება 9 თანამდებობის პირმა მიიღო, 2020 წელს 6-მა, ხოლო 2021 წელს არც ერთმა.
2019-2021 წლებში ჯამურად ყველაზე დიდი თანხა თანამშრომლების სოციალური დახმარებისთვის შემდეგმა მუნიციპალიტეტებმა გასცეს:
კვლევის პერიოდში გაცემული სოციალური დახმარებებიდან 2019 წელს ყველაზე დიდი ჯამური თანხა 12,074 ლარი ჭიათურის მერიასა და საკრებულოში გაიცა, საიდანაც 7,874 ლარი 13 თანამშრომლის სამედიცინო საჭიროების დაფინანსებას მოხმარდა, დარჩენილი თანხა კი - 3 თანამშრომლის კომპენსაციას, საიდანაც სამივე თანამდებობის პირი იყო.
ჯამური თანხიდან 4,700 ლარამდე საკრებულოს ფრაქციის ორ თავმჯდომარეზე გაიცა. ერთ-ერთი მათგანის, დავით ლაბაძის თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად 2021 წლის დეკემბრამდე ის საკრებულოში თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და მისი ანაზღაურება თვეში დაახლოებით 1,800 ლარს შეადგენდა, 2021 წლის დეკემბრიდან კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ლაბაძის 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების წელს (2019) 2 ავტომანქანის რეალიზაციით მან დამატებით 3000$-ის და 1300 ლარის ღირებულების შემოსავალი მიიღო, 765 ლარით კი მეგობარი დაეხმარა. აღნიშნული თანხების მობილიზება შესაძლოა უკავშირდებოდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რა საფუძვლითაც გაიცა სოციალური დახმარება.
რაც შეეხება საკრებულოს მეორე თანამდებობის პირს, მას ბოლო დეკლარაცია 2019 წლის თებერვალში აქვს შევსებული, სადაც შესაბამისი მონაცემები მითითებული არ არის.
მერიაში გაცემული სამი კომპენსაციიდან, სამივე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე იყო. მათგან ერთი პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ზურაბ წიქარიშვილი იყო, რომელსაც 1,600 ლარი ჩაერიცხა, ხოლო მეორე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს 1300-1300 ლარი. წიქარიშვილს ბოლო დეკლარაცია 2020 წლის თებერვალში აქვს შევსებული როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსს. დეკლარაციაში სწორედ იმ წლის მონაცემებია წარმოდგენილი, როცა წიქარიშვილმა სოციალური დახმარება მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, წიქარიშვილის მეუღლემ ამ წელს ერთ-ერთ კომპანიაში წილის ფლობით 24,000 ლარის შემოსავალი მიიღო, თავად მას კი ყოველთვიურად დაახლოებით 1,300 ლარამდე ანაზღაურება ერიცხებოდა.
2020 წელსაც ყველაზე დიდი სოციალური დახმარება ჭიათურის მერიასა და საკრებულოში (ჯამურად) გაიცა და 20,858 ლარი შეადგინა. ამჯერად აღნიშნული თანხა 18 თანამშრომელზე გადანაწილდა, საიდანაც 2 თანამდებობის პირი იყო. ყველაზე დიდი თანხა დეკრეტულ შვებულებაზე გაიცა 3,779 ლარის ოდენობით, რომლის შემდეგაც ავადმყოფობის ხარჯების ასანაზღაურებლად ყველაზე დიდი თანხა სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა გოცაძეს ჩაერიცხა. 2021 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, რომელიც 2020 წლის მდგომარეობას ასახავს, გოცაძეს მითითებული აქვს, რომ მან 26,000 ლარად მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz W204 შეიძინა, გასულ 2019 წელს კი 15,000 ლარად HYUNDAI SONATA. გოცაძის მამამ 2020 წელს 30,000 ლარის შემოსავალი მიიღო წილიდან, რომელსაც კომპანია შპს ბესტი 2015-ში ფლობს. გასული წლების დეკლარაციების თანახმად, ლაშა გოცაძე მუნიციპალიტეტში დაკავებული თანამდებობის პარალელურად მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში კარიერის ზედამხედველად და 1,200 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებდა.
2019 წლის დეკლარაციიდან
2020 წლის დეკლარაციიდან
ამასთან, 2021 წლამდე დეკლარაციებში არ იყო მითითებული მის მიერ მუნიციპალიტეტში დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი ანაზღაურება - 1,250 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი მხოლოდ თანამდებობის პირების შემთხვევაში. რაც შეეხებათ სხვა თანამშრომლებს, მათ შესახებ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. როგორც მოცემული მაგალითებიდან ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ლაშა გოცაძის შემთხვევაში, შესაძლოა საეჭვო იყოს სოციალური დახმარების გაცემის საჭიროება, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც თანამდებობის პირს საჯარო დეკლარაციაში თავად აქვს მითითებული. სავარაუდოა, რომ ასეთი შემთხვევები შესაძლოა იყოს არა მხოლოდ თანამდებობის პირების შემთხვევაშიც. ამასთან, მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ ცალსახად მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე. ეს გარემოება ასევე აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენდეს სოციალური დახმარებების გამოყენება თანამშრომლების ფინანსური წახალისების მიზნით.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის აუდიტის ანგარიშით გამოვლენილი ფაქტების, ოქტომბრის დასაწყისში ხარაგაულში განვითარებული მოვლენებისა და IDFI-ის კვლევით გამოვლენილი რამდენიმე შემთხვევის ფონზე, ნათელია, რომ საჭიროა აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს მუნიციპალიტეტების პრაქტიკა სოციალური დახმარებების თანამშრომლებზე გაცემის კუთხით და შესაბამისი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინოს რეაგირება, მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ თავად მუნიციპალიტეტებმა გააძლიერონ სოციალური დახმარებების გაცემის პროცედურების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მექანიზმები, რათა არ მოხდეს რეალური საჭიროებების მქონე პირების სოციალური დახმარებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის თანამდებობის პირების მიერ არაკეთილსინდისიერად გამოყენება.
[1] საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აპრილის №99 ბრძანება, დანართი №1.
_____
ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.