კოალიციის განცხადება სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე

განცხადებები 22 სექტემბერი 2015

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც წარმოაჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან აშკარა უპატივცემლობას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

 

2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მედია საშუალებებთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ გახშირდა ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რაც გამოიხატება მოსამართლეების სახლებთან შეკრებილ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის განცხადებებში ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის მიზეზად პაპუაშვილი ასახელებს გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას. ვრცელდება ასევე საზოგადოებრივი გაერთიანებების ცალკეულ წარმომადგენელთა მუქარის შემცველი განცხადებებიც მოსამართლეთა წინააღმდეგ.

 

აღნიშნული შემთხვევების პარალელურად, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა მხრიდან უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისმის სხვადასხვა ტიპის განცხადებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი მხრიდან კანონის უზენაესობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემის საკითხს.

 

გიორგი უგულავას საქმის კონტექსტში სასამართლოზე ზემოქმედების მინიშნება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა: „ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.“

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გარდა, სიტყვიერი თავდასხმის ხშირი ობიექტები არიან საერთო სასამართლოების მოსამართლეებიც, რომელთა მიმართ ისმის არაეთიკური და შეურაცხმყოფელი შეფასებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისა და პროცესის მონაწილეთა მხრიდან.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებისა და ცალკეულ შემთხვევებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ მყიფე რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა. სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის მიღწევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შექმნას და მათ პატივისცემას პრაქტიკაში.

 

კოალიცია პატივს სცემს შეკრების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, გააზრებული აქვს პოლიტიკური შეფასებების თავისუფლად განხორციელების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა, ამ უფლებებით სარგებლობამ არ უნდა წაახალისოს მუქარა და ძალადობრივი ქმედებები მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.

 

მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და საჯარო პირებმა, გააცნობიერონ, რომ კანონის უზენაესობის პრინციპისადმი ერთგულება გულისხმობს მის პატივისცემას მაშინაც, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მათი კერძო თუ პარტიული ინტერესებისგან. შესაბამისად, მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებისას.

 

სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და არგუმენტირებული დისკუსიის წარმოება მართლმსაჯულების პრობლემატიკასთან დაკავშირებით და არა – ძალადობრივი და მუქარის შემცველი აქტივობები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასამართლო სისტემას და კიდევ უფრო მეტად მყიფე გახადოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.

 

კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ აღკვეთონ ძალადობის რეალური საფრთხეები.

 

ამასთან, კოალიცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც იწვევს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას და შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მოსამართლეებზე ზემოქმედების ან მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა, ვინაიდან აღნიშნული კიდევ უფრო მეტად აღვივებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი უპატივცემლობას, აკნინებს მის მნიშვნელოვან როლსა და რეპუტაციას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024