საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვა 2021 წელს

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 8 ივლისი 2022

ძირითადი მიგნებები:

 

- 2021 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში ფონდის მიზნებთან და პრინციპებთან.

 

- 2021 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესობის ბიუჯეტში გათვალისწინება შესაძლებელი იყო.

 

- 2017-2021 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ფულადი ჯილდოებით (პრემია) წახალისებისთვის  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ჯამურად 20.5 მილიონი ლარი.

 

- 2021 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები 2020 წელთან შედარებით 2.4 მლნ ლარით შემცირდა და 16 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის ნოემბერში ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის დამატებით 3 მილიონ ლარამდე გამოიყო.

 

- სარეზერვო ფონდების ხარჯვაზე არ ვრცელდება საჯაროობის რიგი სტანდარტები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯვისას სავალდებულოა, შესაბამისად ასეთ დროს არსებობს სახსრების არაეფექტიანი განკარგვის მაღალი რისკი.

 

- IDFI-მ დამატებითი ინფორმაცია 7 უწყებიდან გამოითხოვა, საიდანაც პასუხი მხოლოდ 3 მათგანისგან მიიღო. მოთხოვნები უპასუხოდ დატოვეს და ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს პროკურატურამ და  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.




საქართველოს კანონმდებლობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად. 

 

„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები განისაზღვრა 40 მილიონი ლარით. ამასთან, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 დეკემბრის N2314 განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები გაიზარდა 5 მლნ ლარით. 2021 წლის ბოლოსთვის ფონდის მოცულობა განისაზღვრა 45 მლნ ლარით.

 

2021 წელს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 განკარგულება გამოსცა, რომელთა მიხედვით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 44.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ 43.1 მლნ ლარი. უწყებების მიხედვით თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

 

 

გაცემული თანხები შემდეგი მიზნობრიობით განაწილდა:

 

 

ჯამურად გამოყოფილი თანხების 38.5% მთავრობის ადმინისტრაციაზე გაიცა (17.3 მლნ ლარი), საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 8.2 მლნ ლარი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით (64 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ჩასატარებელი საახალწლო და წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვისთვის იყო გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ იდენტური მიზნობრიობით 282,000 ლარი სარეზერვო ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც გამოეყო. მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი თანხებიდან 3.7 მლნ ლარამდე გათვალისწინებული იყო ლობისტურ მომსახურებაში - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პროცესის მხარდასაჭერად, ასევე აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენის პროცესში დახმარების მიზნით აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად; დამატებით 1,9 მლნ ლარამდე კი - საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურებისათვის. 

 

3 მილიონ ლარამდე გამოიყო თავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ყველაზე მცირე თანხა, 40,000 ლარი გამოიყო 2021 წლის 7 აპრილს ოკუპაციის ხაზთან  მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ტრაგიკულად დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარების მიზნით (თითოეული გარდაცვლილი პირის ოჯახისათვის 10 000 ლარის ოდენობით). მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სარეზერვო ფონდიდან მიღებული თანხებიდან 516,000 ლარზე მეტი საიდუმლო ხარჯად არის კლასიფიცირებული, შესაბამისად არ არის ხელმისაწვდომი თუ რა მიზნობრიობით დაიხარჯა აღნიშული თანხები. IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციიდან დამატებით გამოითხოვა სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში და საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ხელშეკრულებები,  ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში გაწეული ხარჯების ჩამონათვალი და სხვა, თუმცა, სამწუხაროდ ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია.

 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციისთვის ყველაზე დიდი თანხა ისეთი აქტივობების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი, რომლებიც თავისი შინაარსით, გაუთვალისწინებელ ხარჯს არ წარმოადგენს (საახალწლო ღონისძიებები), შესაბამისად, შესაძლებელია ასეთი ღონისძიებების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილი 10 მლნ ლარი, სულ გამოყოფილი თანხების 23% 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის დაფინანსებისთვის იყო გამიზნული.

 

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ჯამური თანხების 12%-მდე გამოეყო, 5.3 მილიონი ლარიდან 5 მილიონი თანამშრომლებისათვის ფულადი ჯილდოების გაცემისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო დარჩენილი 300,000 ლარი - ცხელი ხაზის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ფულადი ჯილდოებისთვის გამოყოფილი 5 მილიონი ლარი, სამინისტრომ თითქმის სრულად აითვისა (საკასო შესრულება 4,998,950 ლარი). IDFI-მ შსს-დან დამატებით გამოითხოვა სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ერთეულებზე და რამდენ თანამშრომელზე გადანაწილდა აღნიშნული თანხა. ამასთან, იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალი, რომლებმაც მიიღეს ფულადი ჯილდო, შესაბამისი თანხის მითითებით.  აღნიშნული მოთხოვნის  პასუხად, სამინისტრომ IDFI-ს მოაწოდა მხოლოდ ჯამური მონაცემები და არ გაასაჯაროვა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობის პირების (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მიხედვით) მიხედვით ფულადი ჯილდოების გადანაწილების შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია. კერძოდ, სამინისტროს განმარტებით აღნიშნული თანხიდან 171,150 ლარი  გაიცა თანამდებობის პირებზე, ხოლო 3,434,900 ლარი - სხვა თანამშრომლებზე. ამასთან, სამინისტროს განმარტებითვე, ეს მონაცემები არ მოიცავს სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლებზე გაცემული ფულადი ჯილდოების  შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დანარჩენი 1.4 მილიონი ლარი, სწორედ მსგავსი  უწყებების თანამშრომლებზე გადანაწილდა. 

 

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის  ფულადი ჯილდოებისთვის თანხის გამოყოფის პრაქტიკას ასევე ვხვდებით განვლილ წლებში. ბოლო ხუთ წელიწადში, 2020 წლის გარდა, ყოველი წლის მიწურულს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შსს-ს თანამშრომლების ფულადი ჯილდოებისთვის გამოიყოფა დაახლოებით თანაბარი 5 მილიონი ლარი. შედეგად 2017-2021 წლებში ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ჯამურად 20.5 მილიონი ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისიწინებული შრომის ანაზღაურების ხარჯები  შეადგენს ასეულობით მილიონ ლარს (მაგალითად 2021 წლის შსს-ს შრომის ანაზრაურების ხარჯია 526.5 მილიონი ლარი) შესაბამისად, მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება სამინისტროსთვის ყოველი წლის მიწურულს ფულადი ჯილდოებისთვის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 5 მილიონი ლარის გამოყოფის მიზნობრიობასთან და მსგავსი მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 4.2 მილიონ ლარამდე გამოეყო, რომელიც საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების და მასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების სრული მოცულობა მოქალაქეებისათვის შეუფერხებელი ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფისათვის იყო გამიზნული. მათ შორის, თანხები გამოიყო 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქეებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხები მკვეთრადაა შემცირებული. კერძოდ, 2020 წელს სამინისტროსათვის 4 მილიონი ლარი გაიცა, რომლის უდიდესი ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდა. შესყიდული პროდუქცია უმეტესად სპეციალური დაცვის აღჭურვილობა იყო, რომელიც კოვიდ კლინიკებში მომუშავე ექიმებისათვის გამოიყენებოდა. ამასთან თანხების ნაწილი სადეზინფეციო საშუალებებსაც ითვალისწინებდა. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კორონავირუსთან დაკავშირებული მომსახურებების შესაძენად 2020 წელს თანხები გამოეყო საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასაც, რომლის ფარგლებშიც უმეტესად საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაფინანსდა. 

 

მიუხედევად იმისა, რომ პანდემია 2021 წელს საკმაოდ მძიმედ გაგრძელდა, არც ერთი უწყებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ მიზნობრიობით თანხები აღარ გამოყოფილა. 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის “FITUR 2021”-ის მსვლელობისას ქვეყნის მარკეტინგული კამპანიის დაფინანსებისათვის 890,000 ლარამდე თანხა გამოეყო. IDFI-მ ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნული გამოფენა-ბაზრობის მარკეტინგული კამპანიის ხარჯების შესახებ, მიღებული პასუხის თანახმად, „FITUR 2021”-ის ორგანიზატორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა ვალდებულებას კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, ხოლო რადგან მეორე მხარემ უარი განაცხადა ხელშეკრულებაში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროვებაზე, შესაბამისად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ეკონომიკის სამინისტრომ ვერ შეძლეს მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება.



საქართველო იუსტიციის სამინისტროსათვის 2021 წელს გამოყოფილი თანხების 100% პროცენტი, 91,000 ლარზე მეტი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის მიზნით განხორციელებული პროცედურის დასაფინანსებისათვის იყო გამიზნული. ამავე სამინისტროსათვის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს კი 22.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რაც სრული ფონდის ყველაზე დიდ წილს - 37%-ს წარმოადგენდა. აღნიშნული თანხები სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე დაიხარჯა, რაზეც IDFI-მ სამინისტორდან დამატებით მოითხოვა ინფორმაცია, თუმცა პასუხი არ მიუღია. ის ფაქტი, რომ აღნიშნული მიზნობრიობით 2021 წელს თანხა არ გამოყოფილა, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მსგავსი ხარჯების გათვალისწინება მოხდა სამინისტროს ბიუჯეტში, რაც მისასალმებელი პრაქტიკაა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან 1.4 მლნ ლარზე მეტი გამოეყო, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - 26 მაისისადმი - მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსებას ითვალისწინებდა. აღნიშნულ შემთხვევაშიც ცხადია, რომ მსგავსი ღონისძიებების მოწყობის ხარჯები სრულად შეიძლება იქნეს დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტშის ფარგლებში, რაც შესაძლებებლს გახდის უწყებამ თავიდან აიცილოს თანხების დაჩქარებულ რეჟიმში ათვისება და ხარჯვის პროცესში შეძლოს კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა.

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილი 1,150,000 ლარიდან 150,000 ლარი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების კომუნალური ხარჯების დაფარვისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა მისი ათვისება არ მომხდარა. დარჩენილი 1 მლნ ლარი კი საიდუმლო ხარჯადაა კლასიფიცირებული. 

 

საინტერესოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 1 მილიონი ლარი, სრულად მოხმარდა მოსამსახურეთათვის კანონით დადგენილი დანამატების გაცემას. სამსახურმა IDFI-ის დამაზუსტებელი შეკითხვა დანამატების განაწილებასთან დაკავშირებით, უპასუხოდ დატოვა. 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯებმა 88 მილიონი ლარი შეადგინა. Შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება, სარეზერვო ფონდიდან დამატებით სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონი ლარის გამოყოფის მიზანშეწონილობასთან  დაკავშირებით.

 

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სისხლის სამართლის დარგის უცხოელი სპეციალისტისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, მისი საქართველოში ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად საქართველოს პროკურატურას 175,000 ლარი გამოეყო. ხარჯების დეტალური ჩაშლის შესახებ IDFI-ის მოთხოვნა საქართველოს პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა.

 

საქართველოს საგარეო სამინისტროსთვის 2021 წლის სარეზერვო ფონდიდან 482,000 ლარზე მეტი გამოიყო, საიდანაც 200,000 ლარი ისრაელის სახელმწიფოში ქართული დიასპორისა და საქართველოს საელჩოს საჭიროებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული 3 შენობა-ნაგებობის დავალიანების დაფარვას ითვალისწინებდა, ხოლო დარჩენილი 282,000 ლარი - საიინფორმაციო პორტალ EURACTIV.COM-ის მომსახურების შესყიდვას.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1,135,000 ლარი გამოეყო.

 

2021 წლის 45 მილიონი ლარის მოცულობის სარეზერვო ფონდიდან რეალურ გადაუდებელ აუცილებლობას 900,000 ლარი მოხმარდა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების ნაწილობრივი თანადაფინანსების განხორციელების მიზნით გამოიყო.



IDFI-მ დამატებითი ინფორმაცია 7 უწყებიდან გამოითხოვა, საიდანაც პასუხი მხოლოდ 3 მათგანისგან მიიღო. მოთხოვნები შეეხებოდა თითოეული უწყების შემთხვევაში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების დეტალურ მონაცემებს. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის შემთხვევაში, ორგანიზაციამ მოითხოვა ადმინისტრაციის გამართულ ფუნქიონირებასთან დაკავშირებული, საახალწლო და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან - იმ მოსამსახურეთა ჯამური რაოდენობა, რომლებზეც გაიცა კანონით დადგენილი დანამატები, მათი პოზიციების ჩამონათვალი, თითოეულზე გაცემული დანამატის ოდენობის მითითებით და ა.შ

მოთხოვნები უპასუხოდ დატოვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს პროკურატურამ და  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. 



დასკვნა

 

2021 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის ანალიზი აჩვენებს, რომ როგორც გასულ წლებში, ამ პერიოდშიც სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ხშირად ნაკლებად არის შესაბამისობაში ფონდის მიზნებთან და პრინციპებთან. კერძოდ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. თუმცა, როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2021 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესობის ბიუჯეტში გათვალისწინება შესაძლებელი იყო. მაგალითად, საახალწლო ღონისძებებისა და 26 მაისის ზოგიერთი ღონისძიების დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან ჯამურად 10 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 

 

განსაკუთრებულ პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ფინანსური წახალისებისთვის, სარეზერვო ფონდებიდან თანხების დაუსაბუთებელი გამოყოფის არსებული მანკიერი პრაქტიკა, რაც ერთი მხრივ ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ ზრდის ძალოვან უწყებებზე პოლიტიკური ზეგავლენის რისკებს.  

 

სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ხარჯების გაწევას შესაძლებელს ხდის არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც არ ზღუდავს ფონდის გადაუდებელი აუცილებლობისა გარეშე გამოყენებას.

 

მნიშვნელოვანია, რომ წლის ბიუჯეტით კონკრეტული უწყებისთვის გათვალისწინებული ხარჯები შესაძლოა შემცირდეს, თუმცა მოგვიანებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს უწყების ფუნქციონირებისათვის საჭირო თანხები. მაგალითად, 2021 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები, 2020 წელთან შედარებით, 2.4 მლნ ლარით შემცირდა და 16 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის ნოემბერში ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის დამატებით 3 მილიონ ლარამდე გამოიყო.

 

მნიშვნელოვანია, რომ სარეზერვო ფონდი ასრულებდეს ფუნქციას და გამოიყენებოდეს ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს უწყებების მხრიდან ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას. ამასთან, სარეზერვო ფონდების ხარჯვაზე არ ვრცელდება საჯაროობის რიგი სტანდარტები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯვისას სავალდებულოა, შესაბამისად ასეთ დროს არსებობს სახსრების არაეფექტიანი განკარგვის მაღალი რისკი.

 

___

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023