ბოლო ორი წელია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკა იკლებს. ქვეყანამ 2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მლრდ დოლარი მიიღო - 15.6%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს. კლების დინამიკა გრძელდება 2024 წელსაც. წლის პირველ 9 თვეში FDI-ის მოცულობა (წინასწარი მონაცემები) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით არის შემცირებული. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 966.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 4%-ია. როგორც 2023, ასევე 2024 წელს FDI-ის წილი ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში მცირდება. შედარებისთვის, ამაზე დაბალ მაჩვენებელზე მშპ-სა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა ბოლო 10 წლიან პერიოდში, მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს იყო.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან სააქციო კაპიტალმა 319.4 მლნ დოლარი შეადგინა, - 698.7 მლნ დოლარით (-69% წ/წ) ნაკლები 2023 წელთან შედარებით, რეინვესტირება 878.9 მლნ დოლარი იყო - წლიურად 307 მლნ დოლარით (-25.9% წ/წ) ნაკლები. ამავე პერიოდში კომპანიების სავალო ვალდებულებები 232 მლნ დოლარით შემცირდა. წლის მე-3 კვარტალში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 55.2%-ით 197.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 10.3%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული შემცირება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სააქციო კაპიტალის (-78.1% წ/წ, 131.2 მლნ აშშ დოლარი) და რეინვესტიციების (-13.6% წ/წ, 358.4 მლნ აშშ დოლარი) კლებამ განაპირობა.
2024 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო სექტორი (211.6 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 21.9%), ელექტროენერგია (150.3 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 15.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (147 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 15.2%), ვაჭრობა (126.1 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 13.1%).
აღსანიშნავია, რომ გასულ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან გაიზარდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული FDI 3.1-ჯერ შემცირდა და 212 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის პირველ 9 თვეში ეს მონაცემი 663 მლნ დოლარს შეადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები დსთ-ს 86%-ით აღემატება, მაშინ როდესაც 2023 წელს სხვაობა 248%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის 9 თვეში დსთ-ს ქვეყნებიდან 114.3 მლნ დოლარის FDI განხორციელდა.
2024 წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული რუსული ინვესტიციების მოცულობაც, რომელიც 2023 და 2022 წელს პიკურ მაჩვენებელზე იყო. კერძოდ, რუსულმა ინვესტიციებმა წლის საწყის 9 თვეში 12.3 მლნ დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2023 წელს 6.4-ჯერ მეტი 79.8 მლნ დოლარი იყო. 2022 წელს, რუსული ინვესტიციების ზრდა ერთის მხრივ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ უკრაინაში ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ, რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა. კერძოდ, თუკი ომის დაწყებამდე საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით მხოლოდ 7,100-მდე კომპანია იყო რეგისტრირებული, ეს მაჩვენებელი 2024 წელს 20,100-მდე გაიზარდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) ოფიციალური განმარტებით ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობას და ამ საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირი ინვესტიციები მოიცავს არა მხოლოდ კაპიტალის ჩადების საწყის ოპერაციას, არამედ ყოველ შემდგომ ოპერაციას. იმისთვის, რომ ინვესტიცია FDI-იდ ჩაითვალოს არარეზიდენტი პირი ადგილობრივ კომპანიაში (მაგალითად, უცხოელი საქართველოში რეგისტრირებულ (რეზიდენტ) კომპანიაში) უნდა ფლობდეს საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს.
ტრადიციულად, საქართველოში FDI მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. მაგალითად, 2024 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, FDI-ის 87.7% მხოლოდ სამ ქვეყანაზე - ნიდერლანდებზე, ბრიტანეთსა და მალტაზე მოდის. პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 60.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა - 58.3 მლნ. აშშ დოლარით (29.5%), ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო - 55.0 მლნ. აშშ დოლარით (27.8%). ჯამურად წლის 9 თვეში კი ამ სამ ქვეყანაზე მთლიანი FDI-ის 46.4% მოდის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციები (115.3 მლნ აშშ დოლარი) 3.3-ჯერ ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებელს (387.6 მლნ აშშ დოლარი). ნიდერლანდურ ინვესტორ კომპანიებს შორის გვხვდება კომპანია „ბორჯომი“, რომელიც განხორციელებული ინვესტიციით უმსხვილესი კომპანიების სიაშია, თუმცა კომპანიის საბოლოო მფლობელი ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზეა რეგისტრირებული, რომელიც ქართული კანონმდებლობით, ოფშორულ ზონად მიიჩნევა.
საქართველოში წლებია FDI-ს მოცულობით მოწინავე ინვესტორ ქვეყნებს შორის არის გაერთიანებული სამეფო, რისი მიზეზიც საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განხორციელებული ინვესტიციებია. აღნიშნული კი ერთის მხრივ იმ ფაქტს უკავშირდება რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ხვდება მსხვილი ქართული ჰოლდინგები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეც ივაჭრებს, - ასე მაგალითად Georgian Capital - ყოფილი ბიჯეო ჯგუფი, რომლის მთავარი ინვესტორი “საქართველოს ბანკის ჯგუფია”.
წლების განმავლობაში FDI-ში მაღალია ოფშორული ქვეყნების წილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული უცხოური ინვესტიცია, შესაძლოა ისევ ქართულ კაპიტალს წარმოადგენდეს. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნებში, დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან. ამ გზით ბიზნესები გადასახადების შემცირებას ახდენენ. თუმცა, შესაძლოა, ხშირად FDI-ის უკან ისევ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ინვესტიცია ქვეყნიდან ჯერ გაიტანეს, შემდეგ კი უკან შემოიტანეს. ამის მაგალითია მიმდინარე წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სიაც, - 10-დან, 4 კომპანიის საბოლოო მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში წელს მალტას 11.1% უკავია, წლის პირველ 9 თვეში მალტიდან 107.7 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. მხოლოდ მესამე კვარტალში კი მალტა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა - 29.5%-იანი წილით (58.3 მლნ დოლარი). მალტადან ტოპ ინვესტორ კომპანიებში კი ტრადიციულად ხვდება „ალმა“, - კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ Meridian Malta-ს, ხოლო მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები ბიზნესმენები ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან.
მიმდინარე წლის I-III კვარტალში, იმ კომპანიების სიაში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა გვხვდება „თბილისი ენერჯი“ - ინვესტორ ქვეყნად კი მარშალის კუნძულები, სადაც „თბილისი ენერჯის“ 100%-ის მფლობელი კომპანია შპს „ვოლთბეი“ არის რეგისტრირებული. რეალურად კი "ვოლთბეის" აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარიაა, მეორე 50%-ის კი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვი. კერძოდ, კომპანიის აქციების მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კომპანიაა „Weco investment and Finance S.A.“, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. თავის მხრივ „Weco Investment and Finance S.A.“-ის 100%-ის მფლობელია შპს „HARRIMAN HOLDINGS“, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელი კი ნასიბ ჰასანოვია.
ოფშორულ ქვეყნებშია რეგისტრირებული “ქართული ცემენტი” და “ბორჯომიც”, რომლებიც ასევე გვხვდება წლის იმ უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. “ქართული ცემენტის”, ყოფილი “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მენეჯმენტი ოფიციალურად მიმდინარე წელს შეიცვალა. კომპანია გერმანულმა Heidelberg Materials-მა დატოვა, რაც გერმანიის ელჩმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ნიდერლანდებში მდებარე კომპანია „CaucasusCement Holding B.V.“ . მის აქციებს კი ფლობენ: ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „HeidelbergCement Central Europe East Holding B.V.“ (45%), ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „Cement Invest B.V.“ (45%), სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი, საქართველოს მოქალაქე (10%). 2023 წელს კი “ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის “ჰანიველ პარტნერზისა” და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „ჰაიდელბერგ მატერიალზ“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში. Cement Invest B.V-ის ერთობლივად აკონტროლებს კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული GCF L.P და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე დაფუძნებული Park Street Capital L.P.
რაც შეეხება კომპანია “ბორჯომს”, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებული ოლიგარქების - მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის "ალფა ჯგუფი" იყო. სანქციების გამო კი კომპანიის ოპერირება ფერხდებოდა, ბრენდის გადარჩენის მიზნით კი საქართველოს მთავრობამ ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი შეისყიდა.
ოფშორულ ინვესტიციებად მიიჩნევა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიც, რომელიც უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მეათე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, ისიც რომ წლების განმავლობაში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის გვხვდებოდა პანამა - ამის მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ბიზნესების ნაწილის პანამაში რეგისტრაცია წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა აქტივები ფონდ ქართუს გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა და თუკი მაგალითად 2019 წელს თითქმის 80 მლნ დოლარს აღწევდა, 2022 წელს 5.3 მლნ დოლარამდე შემცირდა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი პანამიდან მხოლოდ 77,300 დოლარი შემოვიდა.
კომპანიები, რომლებშიც 2024 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა
(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით;ინფორმაცია ინვესტორი კომპანიისა და ქვეყნის შესახებ მოწოდებულია საქსტატის მიერ; საბოლოო მფლობელის შესახებ კომპანიების ფინანსური ანგარიშგებიდან)
ბორჯომი
ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები
ინვესტორი კომპანია: აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი
საბოლოო მფლობელი: LLC IDS BORJOMI BEVERAGES CO.N.V - ნიდერლანდების ანტილის კუნძულები.
თბილისი ენერჯი
ინვესტორი ქვეყანა: მარშალის კუნძულები
ინვესტორი კომპანია: “ვოლთბეი”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელი არის შპს „ვოლთბეი“ რომლის აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარიაა. აქციების მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კომპანია Weco investment and Finance S.A.-ია, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco Investment and Finance S.A.“-ის 100%-ის მფლობელია შპს „HARRIMAN HOLDINGS“, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია ნასიბ ჰასანოვი, აზერბაიჯანის მოქალაქე.
სს ენერგო პრო ჯორჯია
ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი
ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.
შპს ქართული ცემენტი (ყოფილი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია)
ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები
ინვესტორი კომპანია: kaukasuscement holding BV
საბოლოო მფლობელი: CaucasusCement Holding B.V - კომპანიის უმსხვილესი მეწილე “ცემენტი ინვესტია”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახის იტერესს წარმოადგენს.
ტოიოტა კავკასია
ინვესტორი ქვეყანა: იაპონია
ინვესტორი კომპანია: “ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი”
საბოლოო მფლობელი: Toyota Tsusho Corporation (100%)
შპს აჭარა ტექსტილე
ინვესტორი ქვეყანა: თურქეთი
ინვესტორი კომპანია: “ს.ს აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელია ს.ს “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”, რომლის აქციონერები არიან: ჯემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%; ქემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%.
სს ბიჯეო ჯგუფი
ინვესტორი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
ინვესტორი კომპანია: Bank of Georgi Group PLC
საბოლოო მფლობელი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group plc).
სს ეპ ჯორჯია გენერაცია
ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი
ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი
ინვესტორი ქვეყანა: აზერბაიჯანი
ინვესტორი კომპანია: “სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს”
საბოლოო მფლობელი: შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს, აზერბაიჯანი.
მაგთი
ინვესტორი ქვეყანა: აშშ
ინვესტორი კომპანია: “ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ/ტელსელ უაიერლეს კომპანი”
საბოლოო მფლობელი: შპს „მაგთიკომი“-ს მფლობელები არიან ,,International Telcell Cellular, LLC“, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და „Telcell Wireless, LLC“, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელია.
ქვეყნის საგარეო კურსი - რისკი ინვესტორებისთვის
უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში ბიზნესის დაწყებამდე, ეკონომიკურ ინდიკატორებთან ერთად, აკვირდებიან მის საკრედიტო რეიტინგს. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა უკვე შეამცირა „ნეგატიურამდე“. კერძოდ, თუკი 2024 წლის იანვარში ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიური“ იყო, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების ფონზე ივნისში ის ჯერ „სტაბილურით“, მიმდინარე წლის დეკემბერში კი „ნეგატიურით“ შეიცვალა. გაუარესებული პერსპექტივის ძირითად მიზეზად კი მაღალი პოლიტიკური რისკი სახელდება. Fitch-ის აზრით, პოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, ძალიან მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ინვესტორების ნდობაზე.
„არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა რომ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესს მინიმუმ 2028 წლამდე აჩერებს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პროტესტი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთავრობა კონსტიტუციურად ვალდებულია ისწრაფოდეს ევროინტეგრაციისკენ. თუ დაპირისპირებები გამწვავდება, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების შემცირებას“, - მიიჩნევს Fitch.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითად წყაროს ევროკავშირი წარმოადგენს, მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება FDI-ის შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
ამასთან გაურკვეველია თუ რა გავლენა ექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს. წლების განმავლობაში, ივანიშვილის ბიზნესები უმსხვილეს ინვესტორ კომპანიებში ხვდებოდა, თუმცა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრების დასანქცირება ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.